ENG GEO

Search form

Individual VS Society ანუ რა არის ბოროტმოქმედება - ნებაყოფლობითი ქმედება თუ საზოგადოების იძულებით ინდივიდის მიერ ჩადენილი დანაშაული

არისტოტელეს „დიდი ეთიკა“ ტელეოლოგიური მოძღვრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სწამდა მიზნის, ფუნქციის, ტელოსის, რომელიც ყველა საგანში არსებობს. არისტოტელე ევდემონიზმს აღიარებდა და მიაჩნდა, რომ ადამიანის მთავარი მისწრაფება ბედნიერებაა. ამ მოძღვრების თანახმად, თუ ვიცხოვრებთ ამ მიზნის შესაბამისად და შევასრულებთ ჩვენს ფუნქციას, ჩვენი ქცევა ავტომატურად აირეკლავს ჩვენს პიროვნულ ღირსებებსა და სათნოებებს.

მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელეს ეთიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ადამიანის თვისებებზე, ვიდრე ცალკეული ინდივიდების ქმედებებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმედებებს მნიშვნელობა არ ენიჭება. ქმედებები ადამიანის თვისებებისა და გადაწყვეტილებების პრაქტიკაში განხორციელების გზაა. არისტოტელე ქმედებებს ორ კატეგორიად ყოფს - ესენია ნებაყოფლობითი და უნებლიე. იგი განმარტავს, რომ ქმედება ნებაყოფლობითია მანამ, სანამ მასზე არ იმოქმედებს რაიმე გარეგანი ძალა ან უცოდინრობა. ნებაყოფლობითი ქმედების განხორციელებისას, ცხადია, ადამიანს ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, რადგან ეს ქმედება მისი თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. იმ ქმედებაზე კი, რომლის განხორციელებაც ინდივიდს რაღაც ფაქტორმა აიძულა, მას მორალურ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ.

ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ ინდივიდს საზოგადოება აქცევს დამნაშავედ. ამბობენ, რომ სწორედ საზოგადოებისგან გარიყული, დაჩაგრული ადამიანები ხდებიან დამნაშავეები და საზოგადოების დამოკიდებულება უჩენს მათ სურვილს, ზიანი მიაყენონ სხვებს. საინტერესოა, რომელ კატეგორიას მივაკუთვნებთ ამ დროს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს - ნებაყოფლობითი თუ უნებლიე ქმედებების? საზოგადოებამ აიძულა ისინი, ჩაედინათ დანაშაული თუ ეს მათი პირადი ნების გამოხატულება იყო? ეკისრება თუ არა მორალური პასუხისმგებლობა მოძალადეს, რომელზეც წარსულში ძალადობდნენ? თავისუფლდება თუ არა იგი მორალური პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წარსულში იგი თავად იყო მსხვერპლის როლში?

შესაძლოა, განვიხილოთ ორი შემთხვევა. პირველი, როდესაც ჩადენილი დანაშაული თავდაცვასა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უწევს, ერთ წამში მიიღოს გადაწყვეტილება. და მეორე - ბოროტმოქმედება, რომელსაც უფრო გრძელვადიანი ხასიათი აქვს და განპირობებულია (ან არ არის განპირობებული) ინდივიდის წარსულით.

ზემოთ ნახსენები ორი შემთხვევა რომ ერთმანეთს შევადაროთ, აშკარად დავინახავთ, რომ ორივე შემთხვევაში საკმაოდ განსხვავებულ არჩევანთან გვაქვს საქმე. პირველ შემთხვევაში, როცა დანაშაულის ჩადენა თავდაცვას ემსახურება, სასწორის ერთ-ერთ პინაზე თავად ამ ინდივიდის სიცოცხლე დევს და ალბათ, მას რთულად თუ გადაწონის რაიმე. იგი იძულებულია, არჩევანი გააკეთოს. იძულებულია, აირჩიოს დანაშაული. ამ დროს მას ვერანაირ მორალურ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ, რადგან მას არ ჰქონია განზრახული სხვისთვის ზიანის მიყენება. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ფაქტად რჩება ის, რომ ინდივიდს კონკრეტულ მომენტში არავინ აიძულებს, ჩაიდინოს დანაშაული და ამას ვერ ცვლის ის, რომ წარსულში, იგი თავად იყო მსხვერპლი. დანაშაულის ჩადენა, ამ მოცემულობით, მისი სურვილი, მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულმა გამოცდილებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად, კატალიზატორის როლი ითამაშოს, ვფიქრობ, ეს მაინც არ ცვლის იმას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ინდივიდმა საკუთარი ნებით, სხვისი ზეწოლის გარეშე მიიღო. შესაბამისად, მას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულზე.

თომა აქვინელის ორმაგი ეფექტის დოქტრინა რომ მოვიშველიოთ, იმისთვის, რომ ადამიანს ჩადენილ დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, განზრახვა უნდა იყოს კარგი, ქმედება წინ უნდა უსწრებდეს შედეგს და ამ ქმედების განხორციელების მიზეზი სერიზული უნდა იყოს. ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, შესაძლოა, მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყოს, თუმცა რაც შეეხება დანარჩენ კრიტერიუმებს, ისინი ვერ სრულდება. ამ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის მიზანი არის შურისძიება, საკუთარი ბრაზის გამოხატვა, თანაც, ქმედება წინ კი არ უსწრებს შედეგს, არამედ მოსდევს მას. ანუ, დამნაშავე თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ვერ ცვლის იმ შედეგებს, რომლებიც წარსულში უკვე მიიღო.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით მახსენდება ფილმი „ჯოკერი“, რომლის მთავარი პერსონაჟი, არტური, შეუმდგარი კომიკოსია. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანებისგან მხოლოდ დაცინვასა და უხეშ მოპყრობას იღებს. საბოლოოდ კი დამნაშავედ ყალიბდება. ფილმის დასასრულს იგი პირდაპირ ეთერში კლავს მიურეის - ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება აღმერთებდა და რომლისგანაც, სხვა ადამიანების მსგავსად, მხოლოდ დამცირება მიიღო. ცხადია, არტურს კონკრეტულად ამ დანაშაულზე, მკვლელობაზე, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა მის ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში საზოგადოებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. არტურს ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ მომენტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მის ასეთ პიროვნებად ფორმირებაზე? ალბათ, საზოგადოებას.

ვფიქრობ, მიუხედავად საზოგადოების როლისა ინდივიდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, იმ ქმედებაზე, რომელსაც ეს ინდივიდი მოცემულ მომენტში სხვისი ძალდატანების გარეშე ახორციელებს, მორალური პასუხისმგებლობა თავად მას ეკისრება. თუმცა საზოგადოების დამოკიდებულებას ინდივიდების მიმართ შეუძლია, შეცვალოს მოცემულობა, საერთო სურათი, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს კონკრეტულ შემთხვევებზე. ამ ზოგად საქმეში კი საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.