ENG GEO

Search form

ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისკენ ისწრაფვის

„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი“ (არისტოტელე) 

 

ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით, არსებობს კანონთა და სამართლებრივ პრინციპებთა ერთგვარი კრებული, რომელიც ბუნებრივად თანდაყოლილი და განუყოფელია თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნისა, მათ შორის იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რომელი იურისიდიქციის კონტროლქვეშაა ის, როგორც არისტოტელე იტყოდა, ბუნებით კანონებს ყველგან ერთი ძალა აქვს, როგორც ცეცხლს, რომელიც სპარსეთსა და საბერძნეთში ერთნაირად წვავს.  ბუნებრივი სამართლის თეორეტიკოსები, იქნება ეს თომა აკვინელი, რომელიც სამყაროს ამ კანონზომიერებას, კოსმიურ კანონებს ღმერთის ნებას მიაწერს, თუ, მაგალითად, ჰუგო გროციუსი ან განსაკუთრებით სამუელ პუფენდორფი,  რომლებიც ამავე პრინციპების მიღმა სხვა ძალებისა და ფაქტორების  არსებობასაც  განიხილავენ, ერთიანდებიან იმ ძირეული უფლებების დაცვისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ადამიანს იმთავითვე განესაზღვრა, საფუძვლად დაედო მის რაციონალურობას. ერთ-ერთი ასეთი საყოველთაო ღირებულება, ცოდნის მიღება, შემეცნების უფლებაა. შევეცადოთ, ავხსნათ, რა კოსმიური, ძირითადი, დატვირთვა აქვს მას ისეთი, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელონის უფლებების გვერდზე პატიოსნად დგომის პრივილეგიას, უზენაეს პრიცნიპთა თანასწორუფლებიანობას მიუსადაგებს.

  ადამიანს შემეცნებისკენ სწრაფვის უნარი ბუნებრივად მოსდგამს დაბადებიდან, ამას მოწმობს არისტოტელეც, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ასახელებს ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულს შეგრძნებების მიმართ, რომლებიც, თავის მხრივ, საგანთა თვისებებს ცხადყოფს და აფართოებს  ცოდნის პერიმეტრს. შემეცნებას ადამიანთა ოთხთაგან ერთ-ერთ მთავარ ბუნებრივ სიკეთედ განიხილავს თომა აქვინელიც, მისი თქმით, ცოდნა განასხვავებს ადამიანს გარშემო არსებულთაგან, მას განიხილავს სწორედ სულიერების მთავარ გამოხატულებად, ორივე მათგანის აზრით, სწორედ შემეცნების ძალით მაღლდება ადამიანი ამქვეყნიურ სენსუალიზმზე და მიისწრაფის მიღმიერისკენ. 

 არსებობისთვის ბრძოლის ჟინი, სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი ნებისმიერ ცოცხალ არსებას, მათ შორის, უმარტივესებსაც ახასიათებთ, უმთავრესი ღირებულება, რომელსაც მხოლოდ ადამიანს მივაკუთვნებთ, რაციონალური განსჯის უნარია, რაც, თავისმხრივ, ცოდნის მიღების საფუძველზე ყალიბდება. უკეთ აღქმისთვის დავუშვათ საწინააღმდეგო, შევუზღუდოთ ადამიანს განათლების მიღება, რაც დაგვეხმარება,  უკეთ  წარმოვაჩინოთ ამ მიდგომის ფატალური შედეგები. ხშირად ადამიანი იძულების ძალით თუ უბრალოდ გამაბრუებელი ეფექტით  მნიშვნელოვნად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ დაწყებული ახლობელთა წრიდან დამთავრებული უფრო ფართომასშტაბიანი სისტემების მეშვეობით. პატარა ასაკიდან თავს ახვევენ ვიწრო დისციპლინარულ მსოფლაღქმას, იქნება ეს იდეოლოგია თუ გავრცელებული რწმენა-წარმოდგენები, უხსნიან და, თავისმხრივ, უსაბუთებენ, რომ მოცემულის წინააღმდეგ გალაშქრება, ნორმიდან გადახვევის ტოლფასი და დამღუპველიც კია, რაც თავისთავად  უბიძგებს მსხვერპლს ერთი მიმართულებით იაზროვნოს და ართმევს მას ჭეშმარიტებაზე წვდომის უფლებას.  მარტივი მაგალითისთვის, შუა საუკუნეებში იკრძალებოდა ანტიკური ფილოსოფია, მიიჩნეოდა, რომ ის აბინძურებდა ადამიანის სულიერ და გონებრივ უნარებს, დაიგმო ჯორდანო ბრუნოს შეხედულება იმისა, რომ დედამიწას ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით, აიკრძალა კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორია და სხვა მრავალზე მრავალი, რომლელთა ჭეშმარიტებაც შემდეგ კაცობრიობამ ერთხმად აღიარა, რომ არა ვიწრო თვალსაწიერი, ამავე თეორიებს საუკუნეებით ადრე ვირწმუნებდით.... სახელმწიფოთა ნაწილში, სამწუხაროდ, დღესაც კი, ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ხელმისაწვდომი, მზამზარეულია, არაქვთ წვდომა სიახლეზე, როგორც ფრენსის ბეკონი იტყოდა, მათ ახასიათებთ „ნამცხვრის მჭრელის“ მენტალიტეტი, რაც გულისხმობს ვიწრო მომზადებისა და დისციპლინის შედეგად მოვლენების შეკვეცას, დამახინჯებულ აღქმას, ამ დროს გონებას ერთგვარი კალაპოტი ენიჭება, რომელსაც იმდენად ეჩვევა და ეკედლება, რომ ნელ-ნელა კარგავს კიდეც შეცნობის, დაკვირვების, განსჯის  შესაძლებლობას, საბოლოოდ, კი, ამ ყველაფრის შედეგად, იფლანგება უამრავი ადამიანური რესურსი, ილახება ის უმთავრესი ღირებულება, რაც წარმოადგენს სწორედ, როგორც ვახსენეთ, ადამიანურ საზომს. თუ მე ვმოქმედებ სხვათა ხედვის, იძულების  შესაბამისად „დაპროგრამებულად“,   ჩემი ნებისმიერი გადაწყვეტილება არარაციონალური და აბსოლუტურად უაზროა.  ცოდნას მოკლებული ადამიანის სხეული, ფიხტეს თქმით, ემსგავსება უმოქმედო, უსარგებლო მატერიის გროვას, შეკოწიწებულ ქოხს, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს. განუზომელია, რა პოტენცია შეიძლება  დაკარგოს კაცობრიობამ თუნდაც ერთი ადამიანის განათლების უფლებების შეზღუდვით. 

  შემეცნებისკენ სწრაფვის  უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერც ვერასდროს  გასცდებოდა გამოქვაბულს, ვერ მოაღწევდა აქამდე, ცეცხლის გარშემო გათბებოდა და ამით დაიკმაყოფილებდა საწადელს. ცოდნის დაგროვების, განსჯის ბუნებით მინიჭებული უნარი დაგვეხმარა მოვსულიყავით აქამდე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჩანაფიქრშიც არ არსებობდა. ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა ზოგადად ადამიანური მოდგმის თავისთავადი და განუყოფელი უნარი, ის ძირეული ბუნებითი უფლებაა, რომელიც არ უნდა შეიზღუდოს. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.