სამართლისა და სამართლიანობის ცნების არსი ის საკითხია, რომლის გარშემოც მრავალ ფილოსოფოსსა თუ მოაზროვნეს უსაუბრია, უკამათია და უმსჯელია. ბუნებითი სამართალი იმგვარი სისტემაა, რომელიც ეფუძნება თანდაყოლილ ღირებულებებს და შეუძლია არსებობა პოზიტიური სამართლისგან, ანუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონებისაგან დამოუკიდებლად. ბუნებითი სამართლის მიხედვით, ადამიანის ბუნებას საფუძვლად ედება imago dei, ანუ ღმერთის ხატი. ამგვარად მყარდება სამყაროში უფლისმიერი მარადიული სამართალი, რომლის ნაწილსაც, განმახორციელებელ ,,იარაღსაც“ წარმოადგენს ადამიანი. თომა აკვინელისათვის ბუნებითი სამართალი არის ადამიანის - როგორც რაციონალური არსების მონაწილეობა და ადგილი მარადიულ სამართალში. სწორისა და არასწორის, მორალურისა და ამორალურის ცნებები არაა დამოკიდებული ადამიანზე, ეს ღმერთის მიერ დაწესებული სამართალია. ის, რომ ადამიანთა კვლა ბოროტებაა, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ყველგან, ყველასთვის და ნებისმიერ ეპოქაში. არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანი ეთანხმება თუ არა მას, ის მაინც იმ პრინციპით უნდა გასამართლდეს, რომ კაცთა კვლა ცუდი, ამორალურია. თომა აკვინელი ფიქრობდა, რომ ყოველი ადამიანური წესი და კანონი, თუ გნებავთ პოზიტიური სამართალი, დაფუძნებული უნდა იყოს ბუნებითი სამართლის ზოგად პრინციპებზე. თუ, პირობითად, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია იმგვარი კანონი, რომელიც ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება, თომა აკვინელი მას დამახინჯებულ სამართალს უწოდებდა და უეჭველად გააკრიტიკებდა.
იმის მიუხედავად, რომ ბუნებითი სამართლის იდეა მრავალი საუკუნის წინ ჩაისახა, ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მეორე მსოფლიოს დასასრულს ეს საკითხი უფრო საინტერესო გახდა, ვინაიდან სწორედ ბუნებითი სამართლის პრინციპებით გამოუტანეს 11 განსასჯელს სასიკვდილო განაჩენი. არსებობს იმგვარი მოსაზრებაც, რომ პროცესი იქცა იარაღად გამარჯვებულთა ხელში, მაგრამ, ამავე დროს, უმრავლესობისთვის რთულია იმის უარყოფაც, რომ განსასჯელები იმსახურებდნენ უმკაცრეს სასჯელს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებათა გამო. ვფიქრობ, საინტერესოა, თუ როგორ დაუპირისპირდა პოზიტიური სამართალი ბუნებით სამართალს ნიურნბერგის პროცესის მაგალითზე, ამასთან ტრიბუნალის მოტივების ახსნა ნაცისტთა დასჯისას, გაამარტივებს გავიგოთ ბუნებითი სამართლის არსი.
უნდა ითქვას ის, რომ ნაცისტების უფლებადამცველები აპელირებდნენ პოზიტიურ სამართალზე. ისინი ამბობდნენ, რომ იმ მომენტში და იმ ადგილას, სადაც განხორციელდა ტრიბუნალის მიერ დასახელებული ყოველი ბრალდება, იყო კანონიერი. განსასჯელები ასრულებდნენ დიქტატორის ბრძანებას. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ნაცისტთა მიერ ჩადენილი ქმედებები არათუ სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც კი იყო. ადვოკატები ცდილობდნენ მთელი პასუხისმგებლობა გადაეტანათ ჰიტლერზე და აღენიშნათ, რომ ქვეშევრდომებს სხვა გზა არ ჰქონდათ სასტიკი მმართველისა და მის მიერ მიღებული კანონების გამო, ისინი უბრალოდ ასრულებდნენ ,,ზემოდან“ მიღებულ ,იმ დროისთვის კანონიერ, ბრძანებებს. nullum crimen, nulla poena sine lege praevia - არანაირი სასჯელი კანონის გარეშე. სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენდა ნაცისტებისთვის მთავარ თავდასაცავ ძალას. ამ, საზოგადოების ნაწილისთვის, რაციონალური არგუმენტის გაბათილება შესალებელი გახდა ბუნებითი სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონი არის დამახინჯებული და უსამართლო, თუ ის ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პრინციპებს. კაცთა კვლა, სიძულვილი, ადამიანთა სინდისის, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა და მრავალი სხვა, ის ზოგადი პრინციპებია, რომლებსაც უგულებელყოფდა ჰიტლერული გერმანიის კანონმდებლობა. ნაცისტებმა შეურაცხყვეს, გათელეს ადამიანთა ის უფლებები, რომლებიც მათ გამოჩენამდე არსებობდა და რომლებიც მუდმივად იარსებებენ ჩვენგან დამოუკიდებლად, სწორედ ისე, როგორც ამას ბუნებითი სამართალი ქადაგებს. მოსაზრება, რომ პრინციპის nullum crimen, nulla poena sine lege praevia დარღვევა მოხდა, ამ ყველაფრის ფონზე აბსურდულია ბუნებითი სამართლის მომხრეებისთვის. ამასთან ,ფულერი ამტკიცებდა, რომ ნაცისტური სისტემა არა მხოლოდ არაეფექტური იყო, არამედ აკლდა სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველა პროცედურული სტანდარტი. მისი აზრით, ამგვარი სტანდარტების დარღვევა იწვევს მორალურად უსამართლო,ბუნებითი სამართლისთვის მიუღებელი კანონების მიღებას. ნაცისტური გერმანიის პირობებში კი დარღვევები იმდენად სერიოზული ხასიათის იყო, რომ სამართლებრივმა სისტემამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, ჩემი აზრით, ტრიბუნალს მხედველობაში არ უნდა მიეღო ნაცისტური კანონები.
ვფიქრობ, საინტერესოა ისიც, თუ რატომ მიიჩნევს მკვლევართა ნაწილი, რომ ტრიბუნალი ემსახურებოდა მოკავშირეთა მიერ შუარისძიებას და გამსჭვალული იყო ,,გამარჯვებულთა მართლმსაჯულების“ სულისკვეთებით. დავის საგანს წარმოადგენს ისიც, შეიძლება თუ არა ბუნებითი სამართლის გამოყენება ერთგვარ იარაღად დამარცხებულთა წინააღმდეგ. წესით, ეს შეუძლებელი უნდა იყოს, ვინაიდან ბუნებითი სამართლის მიხედვით ,ზოგადი პრინციპები და კანონები ვრცელდება ყველასა და ყველაფერზე, ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში, როგორც დამარცხებულზე, ისე გამარჯვებულზეც. იმ ფაქტის მიღება, რომ ნაცისტებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, შესაძლებელია. ბევრი ამ მოსაზრებას ალბათ არც ეწინააღმდეგება, მაგრამ, რატომ არ უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ არც გამარჯვებულ მხარეს ჩაუდენია ნაკლები სიმძიმის დანაშაული. ნუთუ განვითარებული სამყაროსთვის არ იყო შემაშფოთებელი სსრკ-ში ჩადენილი დანაშაულებები?! ბუნებითი სამართლის ზოგადი პრინციპების დაცვის კუთხით, რითი განსხვავდებოდა მისი კანონმდებლობა ნაცისტთა კანონმდებლობისგან? თუ მხოლოდ იმან შეძლო ტოტალიტარული რეჟიმის გამართლება, რომ გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა სხვა 2 სახელმწიფოსთან ერთად? სწორედ ამიტომ მგონია, რომ ბუნებითმა სამართალმა ერთდროულად იმუშავა და არ იმუშავა კიდეც ნიურნბერგის პროცესზე. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ სამართლის ამ სისტემამ გამარჯვებულს მისცა მორალური უფლება, გაესამართლებინა დამარცხებული. ის, რომ ნაციტთა ქმედებები მიუღებელია, ჩემთვის ცხადია, თუმცა არაა ნათელი ის, თუ რატომ ჰქონდა მორალური უფლება, იმავე ბუნებითი სამართლს პრინციპების გათვალისწინებით, გამარჯვებულ მხარეს, განაჩენი გამოეტანა ნაცისტი განსასჯელებისათვის. საკითხს ამგვარად თუ შევხედავთ, მოგვიწევს იმის თქმა, რომ ბუნებითი სამართალი ხანდახან წარმოადგენს იარაღს გამარჯვებულთა ხელში. რთული სათქმელია, ეს ბუნებითი სამართლის ნაკლია თუ თავად ადამიანების, რომლებიც ცდილობენ კანონები და ხანდახან მორალიც კი საკუთარ ნება-სურვილსა და მისწრაფებებს მოარგონ. ნიურნბერგის პროცესის შემთხვევაშიც მგონია, რომ სამართლიანობა აღდგა მხოლოდ ერთი მხარისათვის, პასუხისმგებლობაც მხოლოდ დამარცხებულებს დაეკისრათ, ბუნებითმა სამართალმაც მხოლოდ გამარჯვებულთათვის იმუშავა.
ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ ნიურნბერგის პროცესმა და მასში ბუნებითი სამართლის გამოჩენამ უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის ბუნებითი უფლებების გადაფასებასა დასაერთაშორისო სამართლის განვითარებასა და სრულყოფაზე, ნაცისტთა ქმედებები კი აღიარებულიქნა დანაშაულად მთელი კაცობრიობის წინაშე, რაც ,ჩემი აზრით, დიდი მონაპოვარია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.