ENG GEO

Search form

ყველას თავისი სიმართლე როდი აქვს(?)

    ადამიანური სამართალი უდავოდ პირობით ხასიათს ატარებს, ვინაიდან იგი სუბიექტურ მორალურ საძირკველზეა დაშენებული. ასეც იტყვიან: “რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიმართლეა”. ეს ფრაზა როდია მოკლებული საღ აზრს; მართლაც, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მუდამ ვხვდებით ადამიანური საზომებით განსჯის საგნებსა თუ მოვლენებს, და რაც მთავარია, ამგვარი ადამიანური სუბიექტური განსჯა თითოეული ჩვენგანის თვისებაა. მაგრამ საკითხავია, რამდენად ვენდოთ ხსენებულ წმინდად სუბიექტურ ფენომენს და რამდენად ღირს, მისი ხელმძღვანელობით ვიმოქმედოთ ცხოვრებაში - როგორც პირად ყოფაში, ისე სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისას... 

    ადამიანური მორალურ-ეთიკური განსაზღვრებების ფარდობითობა და ის ფაქტი - რომ ყოველი პიროვნება ერთნაირი არსითა და ბუნებითაა შექმნილი და ერთნაირი მონაცემები გააჩნია - მაფიქრებინებს, რომ კაცობრიობას რა კანონიც კი გამოუგონია ადამიანურ განსჯაზე დაყრდნობით - სოციალურ-პოლიტიკური იქნება ეს თუ მორალურ-ეთიკური და დაუწერელი - ეს ყველა კანონი თავისი არსით თანასწორია, ვინაიდან თითოეული გახლავთ ადამიანის მიერ ნააზრევი და შექმნილი. ეს მოცემულობა, შესაძლოა, ითქვას, მაიძულებს, ვაღიარო, რომ ადამიანის მიერ შექმნილ უამრავ კანონს არ აქვს ავტორიტეტი, რადგანაც მრავალი კანონი - რომელიც დაწესებულია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურისა თუ აზროვნების წესის გათვალისწინებით - ზოგჯერ ეწინააღმდეგება ერთმანეთს; მაშასადამე, რა კრიტერიუმით უნდა განვარჩიოთ, თუ რომელია უფრო მართებული და რომელმა უნდა გადასწონოს მეორე? ვინაიდან ორივე ადამიანის მიერაა გამოგონილი და დადგენილი…

    ამის საფუძველზე ვიტყოდი, რომ არც ჩემი პირადი სამართალი არ აღემატება სხვა რომელიმე ადამიანის სამართალს, რადგანაც მათ ადამიანური საწყისები გააჩნიათ და არ შეიძლება, ერთმა მეორე გადასწონოს. ამიტომ, საჭიროა იმგვარი კანონის დადგენა და შემოღება, რომელიც ნებისმიერ გარემოებაში უცვლელია და რომელიც დროსა თუ სივრცეს გაუძლებს. ამგვარი კანონები უნივერსალურ ხასიათს ატარებს და იწოდებიან, როგორც Ius Naturale. ეს ბუნებითი სამართალი ყოველი ადამიანისათვის ერთი და იგივეა და ვერსად გაექცევა მათ. ბუნებითი სამართლის კანონებიდან განსაკუთრებით გამოვყოფ ღმერთის რწმენასა და თაყვანისცემას. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს უფლება, მისდიოს და დაემორჩილოს მხოლოდ იმ მცნებებს, რომელიც დადგენილია არაადამიანურის, ზეადამიანურის - ამ შემთხვევაში, ღმერთის - მიერ. ამ სახის კანონები სწორედ ის კანონები გახლავთ, რომელთა სამართლებრივობაც აღემატება ადამიანურ საზომებსა და განსჯას (თუმცაღა შესაძლოა, ადამიანური და ღმერთისმიერი სამართლის პრინციპები ერთმანეთს დაემთხვეს). 

    აქედან გამომდინარე, ადამიანს სრული უფლება აქვს, არ დაემორჩილოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კანონებს, რომელი სახელმწიფოს ხელისუფლება - სასამართლო ორგანო - სწორედაც რომ ადამიანებისაგანაა შემდგარი. ნებისმიერი მორალური დადგენილება, ნებისმიერი სამართლებრივი კანონი - თუნდაც ისეთი, რომელიც კრძალავს მკვლელობას, გაუპატიურებას, საკუთრების ხელყოფასა და მითვისებას - წარმოადგენს ერთ ჩვეულებრივ პირად სპეკულაციას და არ აქვს რაიმე წონა, ვინაიდან ჩამოთვლილი უბრალოდ სუბიექტური პრინციპებითაა შექმნილი. 

მაგრამ თუკი ადამიანს არ სწამს არავითარი მიღმიერი ძალისა და ღმერთის არსებობის, მაშინ რა პრინციპებიდან გამომდინარე დაადგენს იმ კანონებს, რომლებიც მისთვის მართებულია და მიზანშეწონილი? ამ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი, სავარაუდოდ, საკუთარი სინდისის ხმას მოუსმენს და ამისდა მიხედვით გადაწყვეტს, რომელი კანონები აღიაროს და დაემორჩილოს. თუმცა საბოლოო ჯამში, ვერც მის მიერ მიჩნეული და განსაზღვრული კანონები ვერ იქნება წონადი და ავტორიტეტული, რადგანაც ხსენებული სინდისიც ადამიანური გახლავთ და იგი წარმოშობილია და აღზრდილი გარემოვითარებებისა და კულტურული ფენომენების ზეგავლენის გამოისობით. 

    გვსურს თუ არა ეს, იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ სამყაროში ქვეყნების მოსაწყობად ობიექტური მდგენელი მხოლოდ ის ფენომენია, რაც ყოველივე ადამიანურის მიღმაა. რამდენად ავტორიტეტულია ეგრეთ წოდებული “ზეადამიანური” ძალების მიერ მოცემული მცნებები და კანონები ადამიანისათვის და რამდენად დაემორჩილება მათ - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ერთია: ადამიანის მიერ განსაზღვრული კანონებისადმი დამორჩილება მეორე ადამიანის მხრიდან არ უნდა იყოს სავალდებულო იმდენად, რამდენადაც ყოველი ადამიანის სიმართლეს ერთი და იგივე  წონა აქვს ურთიერთთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით - ისინი უბრალოდ ადამიანები არიან თავიანთი პირობითი და სუბიექტური ადამიანური განსჯებით (ასე ვთქვათ, ერთი თიხისაგან არიან გამოძერწილნი).

    ჩემი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალი და ორიენტირი ზეადამიანურ და უნივერსალურ კანონებში უნდა მოიძებნოს (სახელდობრ, ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში - თუ რა არის სწორი და რა - არასწორი). სხვა ნებისმიერი დადგენილება - რომლის მიხედვითაც ქვეყნები თუ სახელმწიფოები მოქმედებენ და აიძულებენ სხვა ყველა ადამიანს, დაემორჩილოს მათ მიერ შექმნილ კანონებსა თუ აკრძალვებს - გახლავთ უფასური და უწონადო, რა დადგენილებებსაც თავიანთი არასტაბილურობისა და ფარდობითი ხასიათის გამო მუდამ, მთელი ისტორიის მანძილზე, რეფორმაცია და გადახალისება ესაჭიროება.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.