ENG GEO

Search form

მონათმფლობელი დამნაშავეა... ალბათ

მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელე უფრო მეტად აგენტებზეა ორიენტირებული, ის გარკვეულწილად მაინც განიხილავს პოტენციურ მორალურ ვალდებულებებს, რომლებიც ქმედებებთან შეიძლება ასოცირდებოდნენ. იგი გვთავაზობს საქციელთა ორ კატეგორიას: ნებაყოფლობითსა და არანებაყოფლობითს. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქცევები, რომლებზეც გავლენა იქონია ძალდატანებამ ან უვიცობამ, თუმცა უვიცობა აუცილებლად არ ანიჭებს ლეგიტიმაციას საქციელს, რომელიც მის გარეშე ამორალურად შეიძლება ჩაგვეთვალა. ამ ბლოგში მინდა განვიხილო ერთი მაგალითი, რომლის მეშვეობითაც უვიცობის განსაზღვრის სირთულის პრობლემაზე ვისაუბრებ.

არისტოტელეს მიაჩნდა, რომ უვიცობა გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგენტს მისთვის თავის არიდება არ შეეძლო. მაგალითად, თუ სტუმრისთვის ჩაიში შაქრის ჩაყრა გინდოდა და ვიღაცამ შაქარი საწამლავით ჩაანაცვლა, შენ კი ის სასმელში გაურიე, დამნაშავე არ ხარ, რადგან შეუძლებელია ამაზე გცოდნოდა. 

დასაბუთება მისაღები ჩანს, მაგრამ რა მოხდება, თუ უფრო რთულ მაგალითს მოვიყვანთ?  წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების ბატონი, რომელიც მონებს ფლობს. მას სჯერა, რომ მისი საქციელი ნორმალურია, რადგან მის კულტურაში ასეა მიღებული, მის გარშემო მყოფი საზოგადოება ამას არასწორად არ მიიჩნევს. თუ ზემოთ ნახსენებ ლოგიკას გავყვებით, იგი შეიძლება გავამართლოთ უვიცობით, რადგან, სავარაუდოდ, მას არ შეეძლო მისთვის თავის არიდება. მისი მორალური შეხედულებები მონათმფლობელობას ვერ შეეწინააღმდეგებოდა და ვერც გარშემო იპოვიდა ისეთ ადამიანს, ვინც საპირისპიროს დაუმტკიცებდა. შესაბამისად, არასწორია მისგან მოვითხოვოთ, რომ საკუთარ შეხედულებათა სიმცდარე გაიაზროს.

რა მოხდებოდა, თუ დავუშვებდით, რომ მის კულტურაში მონათმფლობელობა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა სხვა, შორეულ კულტურებში - არა? მაშინ მონათმფლობელს თეორიულად ჰქონდა შანსი, გაეგო მის კულტურაში დამკვიდრებული ნორმის არასწორობაზე, თუმცა ბუნდოვანია, რა შემთხვევაში არის საკმარისი ეს გარემოება მის დასადანაშაულებლად და რა შემთხევაში არა. მაგალითად, თუ ის ხშირად მოგზაურობდა და სხვა კულტურებთან გაცნობის მრავალი შანსი ჰქონდა, მაშინ შეგვიძლია მისი დადანაშაულება, მაგრამ თუ მას არასდროს დაუტოვებია საკუთარი ქალაქი? რამდენად საკმარისია ეს პირობა განაჩენის გამოსატანად? ალბათ, არ არის, თუმცა, თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია ბრალის პოვნა - მას ხომ შეეძლო დაეტოვებინა საკუთარი ქალაქი და გასცნობოდა განსხვავებულ შეხედულებებს? ან, საერთოდაც, საკუთარ ქალაქში შეხვედროდა ვინმე ტურისტს, რომელთან საუბრის შემდეგადაც, შესაძლოა, მონათმფლობელობის მორალურ მხარეზე დაფიქრებულიყო? 

რეალურად, საკმაოდ ბუნდოვანია, რა გარემოება აკისრებს ბატონს მორალურ პასუხისმგებლობას, სად გადის საზღვარი, რაც ამ გზით შეფასების ერთ-ერთი პრობლემაა, თუმცა სადაც არ უნდა გადიოდეს, საერთოდ, რაიმე დამატებითი გარემოება რომ არის საჭირო მონათმფლობელის გასამტყუვნებლად, უკვე შეიძლება ამ შეფასების სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

მიმაჩნია, რომ არც ისე უსამართლო იქნება მოვთხოვოთ ბატონს იცოდეს თუ მონობის არა, მასთან ახლოს მყოფი საქციელების ამორალურობის შესახებ. მაგალითად ისეთის,  როგორიცაა ადამიანისათვის ტკივილის მიყენება და მისი ტანჯვის გამოწვევა. ის ფაქტი, რომ ის მაინც ვერ აანალიზებს საკუთარი ქცევის არასწორობას, ჩემი აზრით, არ შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს.

საბოლოოდ, მონათმფლობელის მაგალითის ბევრი ვარიაციის განხილვაა შესაძლებელი, რომლითაც შეიძლება როგორც გაამართლო, ისე გაამტყუვნო იგი. ვფიქრობ, საკმაოდ ძნელია ზუსტი საზღვრის პოვნა - რა დონის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს, რომ უვიცობა მორალური პასუხისმგებლობის ასარიდებელ გამართლებად აღარ ჩაითვალოს. მგონია, რომ სწორედ ესაა საქციელის ამ გზით შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.










 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.