ბუნებითი სამართალი არის ფილოსოფიური თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები, მორალური ღირებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც თანდაყოლილია ადამიანური ბუნებისათვის. ბუნებითი სამართალი არის ფილოსოფიური და ეთიკური თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანები ფლობენ თანდაყოლილ ღირებულებებს, რომლებიც მათ განსჯასა და ქცევას განსაზღვრავენ. იგი გულისხმობს, რომ წესები ,,კარგისა“ და ,,ცუდის“ შესახებ არის მემკვიდრეობითი ადამიანებში და არ არის შექმნილი სოციუმისა თუ სახელმწიფოს მიერ. ბუნებითი სამართალი გვეუბნება, რომ არსებობს უნივერსალური მორალური სტანდარტები, რომლებიც კაცობრიობას იმანენტურად გააჩნია და ამ სტანდარტებმა უნდა აქციოს საზოგადოება სამართლიანად. ადამიანები არ სწავლობენ ბუნებით სამართალს ,,per se”, არამედ მათი აღმოჩენა ხდება ყოველთვის, როცა ადამიანები სიკეთეს ამჯობინებენ ბოროტებას. ბუნებითი სამართლის მიხედვით ადამიანებს აქვთ გარკვეული უფლებები, მორალური ღირებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც თანდაყოლილია ადამიანური ბუნებისათვის.
აუცილებელია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბუნებითი და პოზიტიური სამართალი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა განიმარტოს. პოზიტიური სამართალი გულისხმობს ადამიანის მიერ მიღებულ კანონებს. იგი მორგებულია შესაბამის სოციუმსა და სახელმწიფოზე და უზრუნველყოფს ინდივიდუალური ადამიანების უფლებათა დაცვას, დისპუტთა გადაჭრასა და წესრიგისა და სიმშვიდის დამყარებას სოციუმში. ბუნებითი სამართალი სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონები არაა, არ არის მოპოვებადი ან განვითარებადი, მას ლეგიტიმაციას საკანონმდებლო აქტი კი არა, თავად ადამიანური ბუნება ანიჭებს.
ზემოაღნიშნული მრავალი ადამიანისათვის მისაღებია, თუმცა, ვფიქრობ, ბუნებით სამართალს აქვს ხარვეზები. მაგალითად, დებულება, რომ მკვლელობა ცუდია, ყველა ადამიანისათვის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი და სარწმუნოა, ამ აპრიორულ წესს კაცობრიობის უმეტესობა მიჰყვება. ბუნებითი სამართალი გვეტყვის, რომ იგი თანდაყოლილია. კონტრ-არგუმენტი ამასაც მოეძებნება. თუკი თომას ჰობსის მსჯელობას მივყვებით, იგი გვეუბნება, რომ ადამიანისთვის კი არავის ჩაუგონებია, რომ კაცის კვლა ცუდია, არამედ ეს უკანასკნელი შეძენილია. მას შემდეგ, რაც სხვებისათვის სიცოცხლის წართმევა ყველას ნებისმიერ დროს შეეძლო, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა გაქრა და ადამიანებს შიში დაეუფლათ. ისინი სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფა მიუღებელია, როცა მათ პირად სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე. ანუ ეს იდეა თანდაყოლილი კი არა, შეძენილი გამოდის. აზრები იმის შესახებ, თუ რა არის ბუნებითი და რა არა, თაობათა მონაცვლეობასთან ერთად იცვლება სხვადასხვა კულტურაში. ხანდახან, რთულია ერთამენეთისაგან გამიჯნო ის, თუ რა არის ნამდვილად ბუნებითი და რა კულტურის, ტრადიციისა თუ სხვა ფაქტორების ზეგავლენით შეძენილი და ჩამოყალიბებული.
როგორ ხდება ადამიანური ბუნების მნიშვნელოვანი ან მორალურად ღირებული თვისებების დეტერმინირება? ტრადიციული ბუნებითი სამართლის თეორია ირჩევს პოზიტიურ თვისებებს, როგორიცაა სიმართლის ცოდნის სურვილი, კარგის არჩევის უნარი და ა.შ მაგრამ უამრავი ფილოსოფოსი, (თუნდაც ისევ ჰობსი), ადამიანური ბუნების მთავარ მახასიათებელ თვისებად ეგოიზმს მიიჩნევდა. კითხვას ბადებს ის, რომ ბუნებასთან თანმხვედრი ქცევა მორალურია და მასთან დაპირისპირებული - არასწორი? თუ ასეა, თუკი აღმოჩნდება, რომ ადამიანი ბუნებით აგრესიულია, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ აგრესიული ქცევა, ბრძოლა, ომიც მორალურად სწორია?
კიდევ ერთი წინაღობა ისაა, რომ ბუნებითი სამართალი არის იმ უნართა ერთობლიობა, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა, მაგალითად ცუდისა და კარგის გარჩევის უნარი. თუ მე არ მწამს ღმერთის, შესაბამისად არ მჯერა იმისა, რომ იგი დამიდგენდა კანონებსა და წესებს, რომლებიც რაღაცის ჭეშმარიტებაზე მიმითითებს. ბუნებით სამართლის მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება ღმერთის არსებობაში დაეჭვებულ ადამიანს უჭირს. ამასთან, ეუთიპროს დილემაც არსებობს, რომელიც კიდევ უფრო მეტ საფიქრალს აჩენს : ან ღმერთი გვიბრძანებს იმის გაკეთებას რაც მორალურად სწორია, რადგან ეს მართლა სწორია, თუ რაღაც ხდება სწორი ღმერთის ბრძანების გამო. თუ რაღაც იმიტომაა სწორი, რომ ღმერთი ბრძანებს ასე, მაშინ ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს სწორი: ბავშვების მკვლელობაც შეიძლება მორალურად სწორი გახდეს. თუკი ღმერთი გვიბრძანებს იმის გაკეთებას, რაც ისედაც სწორია, მაშინ გაურკვეველია რატომ არის რაღაც სწორი.
ამრიგად, შორიდან ბუნებითი სამართალი მარტივ და ლოგიკურ ფილოსოფიურ თეორიად მოჩანს, თუმცა სიღრმეში მას უამრავი ხარვეზი აქვს. მთავარი და ყველაზე მნიშნველოვანი, ვფიქრობ, ისაა, რომ შეუძლებელია გაიგო რა არის მორალურად სწორი და რა - არა, შესაბამისად, ბუნებითი სამართლის ვალიდურობა ეჭვქვეშ დგება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.