ENG GEO

Search form

“Maybe there is a beast… maybe it’s only us.”

მსოფლიო შუაგულ ომშია ჩაფლული. თვითმფრინავი, რომელიც 13 წლამდე ასაკის ბავშვების ევაკუაციის მიზნით აფრინდა, უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდა. გადარჩენილებს შორის მხოლოდ არასწრულწლოვანი, მოზარდი ბიჭები არიან და არც ერთი ზრდასრული. იქმნება ბუნებითი მდგომარეობა. ირთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი. უნდა შემუშავდეს გადარჩენის გეგმა და დამყარდეს წესრიგი. როგორი იქნება ბავშვების მიერ შემუშავებული სამართალი?
ამ კითხვაზე პასუხი უილიამ გოლდინგმა გასცა თავისი ნაწარმოებით „ბუზთა ბატონი“. მწერალმა ბიჭები დაუსახლებელ კუნძულზე გარიყა და ზრდასრულ ადამიანებს, მმართველ ძალასა და ცივილიზაციას ჩამოაშორა. ბავშვების, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც უცოდველ, წმინდა, სათნო არსებებად, მიერ შექმნილი წესები თითქოს ყველაზე სამართლიანი უნდა იყოს. თუმცა ამ ნაწარმოებში გოლდინგმა სრულიად საპირისპირო სურათი დაგვიხატა. მან წარმოაჩინა ის, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში და როგორ ხორციელდება ასეთ დროს ბუნებითი სამართალი.
უფროსების გარეშე დარჩენილი ბიჭები თავდაპირველად ბედნიერები არიან, ისინი აღარ არიან ვინმეს ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა, მეორე მხრივ, მათ თავი უნდა დააღწიონ ამ უკაცრიელ კუნძულს და სანამ მათ მიერ დანთებული კოცონიდან ამომავალი კვამლი სხვა გემებისთვის შესამჩნევი გახდება, მათ მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ წესრიგი და გადარჩნენ. რა თქმა უნდა, სჭირდებათ ლიდერი. ამ პოზიციისთვის ორი ბიჭი იბრძვის - რალფი და ჯეკი. საინტერესოა, თუ რა სწრაფად მყარდება დემოკრატიული პრინციპები მათ შორის. ჯეკი პირდაპირ ამბობს კიდეც: „ჩვენ უნდა გვქონდეს წესები და დავემორჩილოთ მათ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ველურები არ ვართ. ჩვენ ინგლისელები ვართ და ინგლისელები ყველაფერში საუკეთესოები არიან“. სიტყვის თავისუფლებისა და თანასწორობის სიმბოლოდ ერთი უბრალო ნიჟარა იქცა - მის მფლობელს ენიჭება სიტყვის უფლება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა რამდენი ხნით გააგრძელებენ მათში არსებული მორალური ღირებულებები შეურყვნელად არსებობას? რამდენი ხანი შეძლებენ ბუნებრივი სამართლის პრინციპების პატივისცემასა და შენარჩუნებას?
ბუნებითი სამართალი მოიცავს იმ უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობას, რომელთაც ადამიანი ფლობს დაბადების მომენტიდან. ესენია სიცოცხლის, თანასწორობის, თავისუფლების, კერძო საკუთრებისა და ბედნიერების უფლება და ა. შ. ეს უფლებები უპირველესია, საყოველთაოა, მათი დარღვევა კი - დიდი დანაშაული. ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის მიხედვით, ბუნებითი მდგომარეობის დროს ყველა ადამიანი არის თავისუფალი. ამ დროს ადამიანს გააჩნია რაციონალურად აზროვნების უნარი და ყველაზე მთავარი - მორალი: არ დაარღვიონ სხვისი ბუნებითი უფლებები და ამასთანავე, აქვთ უფლება, დასაჯონ ის პირი, ვინც მათი უფლებები დაარღვია. ლოკისგან განსხვავებით, თომას ჰობსი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მდგომარეობა ნიშნავს ყველას ომს ყველას წინააღმდეგ. ამ დროს ადამიანის მთავარი მამოძრავებელი არის არა მისი შინაგანი მორალი, ღირსება და ღირებულებები, არამედ შიში იმისა, რომ სხვა ხელყოფს მის სიცოცხლეს. ამ ქმედებას კი არავინ დაუშლის მათ. ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ამიტომ გადადიან თავდაცვის ინტინქტზე და ცდილობენ, თავად დაესხან თავს სხვებს და ამით მოახერხონ გადარჩენა. აქ უკვე აღარ მოქმედებს მორალური წესები, ბუნებითი სამართლით გათალისწინებული უფლებები მარტივად ირღვევა იმ მოტივით, რომ შეინარჩუნონ საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება. და სწორედ ეს ომი იწყება ორ ბანაკად გაყოფილ ბიჭებს შორის, ბრძოლა თვითგადარჩებისთვის, ძალაუფლებისთვის, ბუზთა ბატონის სიამოვნებისთვის. ბავშვები კარგავენ ცივილიზებულ ბუნებას და ველურები ხდებიან, არღვევენ კერძო საკუთრების უფლებას (ერთ-ერთ პერსონაჟს, ღუტას, სათვალეს პარავენ), ბოლოს კი სამი ბიჭის სიცოცხლესაც იწირავენ. ბუნებითი უფლებები ირღვევა. მაშ, ვინ არიან ადამიანები ბუნებით, მორალური თუ ველური არსებები?
ბუნებითი სამართლის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ადამიანებში არსებობს უნივერსალური მორალური ღირებულებები, რომლებიც თანდაყოლილია. მათ გააჩნიათ განსჯა და შეუძლიათ კეთილისა და ბოროტის გარჩევა. თუმცა გოლდინგი ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ. ვფიქრობ, მისი პოზიცია აზრს მოკლებული სულაც არ არის, მაგრამ არც ასეთი უბედურება დატრიალდებოდა რეალურ ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ადამიანებს მართლაც გვაქვს რაციონალური განსჯის უნარი, რომელიც გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა არის კარგი და რა - არა. ადამიანები უპირველესად შეთანხმების გზით მივიდნენ ბუნებითი უფლებების საყოველთაობის, უნივერსალურობის აღიარებამდე და ასე დაუდეს საფუძველი ცივილიზებულ სამყაროსა და პოზიტიურ სამართალს. თუმცა აქამდე გრძელი, ხანგრძლივი გზა განვლეს, რადგან თუ თანდაყოლილი მორალის პრინციპების მიხედვით იმოქმედებდა ყოველი ადამიანი, კონფლიქტები არც იარსებებდა, რადგან ყველა ბუნებითი სამართლის პრინციპით იმოქმედებდა: დაიწყებდნენ სწრაფვას კეთილისკენ და უარყოფდნენ ბოროტს. ასე რომ, ვფიქრობ, ადამიანებმა გამოცდილებასა და რაციონალურ განსჯაზე დაყრდნობით შეძლეს მორალური ღირებულებებისა და სამართლის შემუშავება. „ბუზთა ბატონის“ გმირებმა კი ეს ვერ შეძლეს, მათში ველურმა ინსტინქტებმა უფრო იმძლავრეს და უარყვეს ბუნებითი უფლებები და სრულად ჩაახშვეს რაციონალური განსჯა.
და მაინც, არაფერია იმაზე ირონიული, ვიდრე ღუტას მიერ წარმოთქმული სიტყვები: “We did everything adults would do. What went wrong?”

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.