ადამიანის ძირითადი უფლებების არსისა და მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს ფილოსოფიური მოძღვრებებიდან, რომლის პოლიტიკურ-სამართლებრივმა აზროვნებამ საფუძველი ჩაუყარა ბუნებითი სამართლის იდეას. ბუნებითი სამართლის მოძღვრების მიხედვით, ყველა ადამიანი ფლობს თანდაყოლილ და გაუსხვისებელ უფლებას, რომლის ქონაც გამომდინარეობს მხოლოდ მისი ადამიანური საწყისებიდან და სახელმწიფოს არ აქვს მისი მინიჭების თუ ჩამორთმევის უფლება. ბუნებითი სამართლის შემუშავების და მისი კოდიფიცირების შემდეგ კი დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ პოზიტიურ სამართალთან ერთად არსებობდა რაღაც ისეთი ბუნებრივი უფლებები, რომელიც გააჩნია ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანია და ამ უფლებების ჩამორთმევა არის დაუშვებელი, თუმცა შეიძლება შეიზღუდოს. ამ ძირიტად უფლებებს განეკუთვნება სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები.
თუმცა, ამ ძირითადი უფლებების შეზღუდვა ხდება კანონების საშუალებით. თუ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, ამას მოყვება ის, რომ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება შეიმუშავოს ორგანიზებული, საერთო ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ უფლებების მუდმივ დაცვას. ასეთ ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს კანონი. მაგრამ რა ხდება, როცა კანონს ვაძლევთ საშუალებას შეზღუდოს ჩვენი საკუთრების უფლება? შესაძლებელია თუ არა, კანონს გააჩნდეს ძარცვის ლეგალიზების პოტენციალი? განვიხილოთ კანონი, რომელიც კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ართმევს იმას, რაც მისი საკუთრებაა და აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც ეს არ ეკუთვნის და ამის მოპოვება მხოლოდ და მხოლდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ დანაშაულს არ ჩაიდენდა - არ გაძარცვავდა მის მფლობელს. ამაში ვგულისხმობ გადასახადებს, რომელიც შემდგომ ბიუჯეტის დაგეგმარების და გადანაწილების შედეგად გადაეცემა სხვადასხვა ჯგუფს თუნდაც სუბსიდიის, რაიმე ბენეფიტის სახით, ჯანდაცვის სფეროს, საჯარო სკოლებს და ა.შ. ანუ ადამიანის საკუთრება კანონის აღსრულების შედეგად ხმარდება ისეთ პიროვნებებს, რომელთაც ეს არ ეკუთვნოდათ.
ეს საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ კონსეკვენციალიზმის ფილოსოფიის ჭრილიდანაც. ამ ფილოსოფიის მიხედვით, მოქმედების მორალურობასა და სისწორეს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მისი შედეგი. კონკრეტული ქმედება აუცილებლად უნდა ახდენდეს საზოგადო ბედნიერების, საყოველთაო კეთილდღეობის მაქსიმიზებას. შესაბამისად, ამ დოქტრინიდან გამომდინარე, თუ ჩავთვლით, რომ კანონი რომელიც ლეგალურად უწესებს გადასახადებს მოქალაქეებს თავიანთ საკუთრებაზე, უზრუნველყოფს ადამიანთა იმ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ბედნიერების მაქსიმიზებას, ვისაც მართლაც ესაჭიროება ამგვარი დაფინანსება, მაშინ ამგვარი კანონი ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და საერთო ბედნიერების მაქსიმიზებას.
თუმცა, შეგვიძლია კონსეკვენციალისტურ ფილოსოფიას დეონტოლოგიური მოძღვრება დავუპირისპიროთ, რომელიც ქმედების სისწორეს განსაზღვრავს არა შედეგის, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ის იმპერატიული ხასიათის ნორმების ერთობლიობას. მთავარი დატვირთვა მიზეზებსა და მოვალეობებზეა. თუ იმ ადამიანთა ჯგუფის დახმარება, რომელთაც მართლაც სჭირდებათ ამ დაფინანსების მიღება იმპერატიული ხასიათისაა, ეს ქმედება მორალურად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, საინტერესოა თავად ამ ქმედების მიზანი. როდესაც კანონი ვალდებულს ხდის ადამიანებს, გადაიხადონ საკუთრებაზე დაწესებული მაღალი გადასახადი და ასე დააფინანსონ სხვები, ასეთ დროს ხომ არ მოდიფიცირდება მოქმედების მიზანი. ამ დროს ჩემი ქმედების მიზეზი მხოლოდ რაღაც იძულებითი მდგომარეობაა და არა ის მორალური ვალდებულება, რომ დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ვალდებულებითმა კანონმა, რომელიც აიძულებს ადამიანებს საკუთრებაზე დაწესებული მაღალი გადასახადებით დააფინანსონ სხვა ჯგუფები, ართმევს ადამიანს თავისუფალ ნებას და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ასეთი იძულებითი მდგომარეობა კი ადამიანის საკუთრებასთან ერთად უკვე მის თავისუფლებასაც შეზღუდავს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე საკუთარი მორალური ჭრილიდან გამომდინარე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.