ENG GEO

Search form

თავისუფლება და კანონი

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების არსებობას საფუძველი საუკუნეების წინ ჩაეყარა დღესაც, ტექნოლოგიური განვითარების და პროგრესის სამყაროშიც ისმის კითხვა - როგორი უნდა იყოს ადამიანთა ის კავშირი, ასოციაცია, რომელიც დაიცავს პიროვნებას, მის საკუთრებას და ამავე დრო თანაცხოვრების პირობებში მიანიჭებს მას თავისუფლებას. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებლობად მიიჩნევდა, რომ ასოციაციის ყოველმა წევრმა რაღაც უნდა დათმოს, უარი უნდა თქვას თავის პირად უფლებებზე მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. აღარ უნდა არსებობდეს კერძო ნება, აღარ უნდა არსებობდეს ცალკეული ნებანი, იარსებებს მხოლოდ საერთო, ზოგადი ნება. ნუთუ ყველაფერი ასეთი რადიკალურია. შეგვიძლია იმის თქმა, რომ როცა ადამიანი საკუთარ გულის თქმას ემორჩილება, მაშინ ის მონაა, და როცა ემორჩილება კანონს, რომელიც თავის თავს ოდესღაც თვითონ დაუწესა საზოგადო სიკეთისთვის, თავისუფალია?

დავიწყოთ თავიდან. საერთოდ რაში გვჭირდება შემზღუდველი კანონი რომელიც ჩვენს თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. მოგეხსენებათ თვითგანვითარება და თვითგადარჩენა ადამიანისთვის დამახასიათებელი მისწრაფებაა. წარმოვიდგინოთ, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად გამოიყენოს თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და შრომის ნაყოფი, მაშინ ალბათ უწყვეტ, შეუქცევად და უნაკლო სოციალურ პროგრესს მივიღებდით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს რაციონალურ არსებას ვუწოდებთ, მას ერთი მნიშვნელოვანი მიდრეკილება ახასიათებს. როცა კი შესაძლებლობა გამოჩნდება, იგი აუცილებლად ეცდება სხვის ხარჯზე განცხრომით ცხოვრებას. ამან განაპირობა კაცობრიობის ისტორიაში არსებული არაერთი ომი, მასობრივი მიგრაცია, რელიგიური დევნა, მონობა, უპატიოსნო ვაჭრობა, მონოპოლია და ასე შემდეგ. ეს დამღუპველი სურვილი თავად ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს. სწორედ იმ საყოველთაო, პირველყოფილი და უდრეკი ინსტიქტისგან, რომელიც აუცილებელს ხდის ადამიანთა მხრიდან ეგოისტურად მხოლოდ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილების დაუცხრომელი სურვილის მოთოკვას. ხანდახან ამ ქმედებას თავისუფლების შეზღუდვასთან ვაიგივებთ. წესრიგს, სახელმწიფოს, კანონებს ვადანაშაულებთ იმ თავისუფლების შეზღუდვაში, რომლის რაციონალურად და სამართლიანად გამოყენებას ქონის შემთხვევაში ალბათ ვერც კი შევძლებდით.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცალკეული პიროვნება არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით, საკუთარი არჩევანის საფუძველზე აბატონებს ხალხის სუვერენობას და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ახერხებს საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ქცევას. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და ამიტომაც არის, რომ მშობელსაც კი არ აქვს უფლება ეს ხელშეკრულება ძალაუფლებასთან და კანონთან შენს მაგივრად გააფორმოს. რადგან ყველა დაბადებიდანვე არის თავისუფლად შობილი, თავისუფლება მათივე საკუთრებას წარმოადგენს პირველივე წამიდან. მანამ სანამ შვილები სრულწლოვანებას მიაღწევენ მშობელს შეუძლია შვილის სახელით შეთანხმება დადოს, ცხადია მათივე არსებობის უზრუნველყოფისა და კეთილდღეობისთვის. თუმცა ეს პროცესი დროებითია და ამგვარი შეთანხმების დადება შენს გარდა სამუდამოდ და უპირობოდ არავის შეუძლია. ამის გამოა, რომ ყოველი თაობის ადამიანი თავად არის უფლებამოსილი მიიღოს მმართველობა ან უარყოს იგი. მმართველობა, რომელიც გვიწესებს კანონებს, რომლების დაცვაც არა მონებად და თავისუფლება „გასხვისებულ“ სუბიექტებად, არამედ მოწესრიგებული საზოგადოების წევრებად გვაყალიბებს. ასეთი მმართველობა, თუნდაც უფლებამოსილი, ვერასდროს იქნება თვითნებური.  

კანონი არ ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, იგი ადამიანებს სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება სხვადასხვა სისტემებთან. სისტემებთან რომლებიც ვერ იარსებებდნენ მაწესრიგებელი კანონის გარეშე. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასამართლო სისტემებს, შრომით თუ სხვა სახის ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის, სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გვჭირდება, სწორედ რომ კანონები აწესრიგებენ. შესაბამისად კანონი წარმოადგენს ჩვენი მიზნების ეფექტურად მიღწევისა და ყოველდღიური აქტივობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების საშუალებას. კანონივე უზრუნველყოფს რომ თითოეული სისტემით სარგებლობა სამართლიანობის დაცვით განხორციელდეს და არ დაირღვეს ის, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ - თანასწორობა. რათქმაუნდა რადგანაც კანონების მიერ შექმნილი სისტემურობა ისეთ ციხესიმაგრეს ემსგავსება, რომლის შიგნით ოპერირების საშუალება გვაქვს, მის გარეთ კი ქმედება გვეზღუდება, გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი თავისუფლება ამ სისტემურობის გავლენით იზღუდება. თუ კანონებით შეზღუდული თავისუფლებით სარგებლობა უსამართლობად გვეჩვენება მაშინ წარმოვიდგინოთ სამყარო სადაც არც განათლება, არც ეკონომიკა არც შრომითი ურთიერთობები ან სხვა ნებისმიერი სისტემა, არ წესრიგდება არანაირი კანონით. მაშინ აბსოლუტური თავისუფლების მქონე ადამიანებს მოგვიწევდა არა ჩვენი მიზნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებაზე (როგორც ეს ახლა „შეზღუდული თავისუფლების“ პირობებში ხდება), არამედ ელემენტარული წესრიგის დამკვიდრებაზე ზრუნვა ქაოსით მოცულ ურთიერთობებში. ჩვენი შესაძლებლობების ამაზე დახარჯვა და „პირველად მდგომაროებაში“ დაბრუნება უფრო დიდ უსამართლობად მეჩვენება, ვიდრე „შემზღუდველი“ კანონების პირობებში ქონა შესაძლებლობისა განვახორციელო ჩემი მიზნები მაქსიმალურად ეფექტიანად. 

ამრიგად, თანამედროვე საზოგადოებრივ წყობაში, თუ ადამიანები დავრჩებით ისეთები, როგორებიც ვართ, ხოლო კანონები იქნებიან იმგვარნი, როგორადაც ყოფნაც შეუძლიათ - შესაძლებელია მმართველობის ისეთი კანონიერი და მყარი წესების არსებობა, რომელიც ჩვენს თავისუფლებას „შეზღუდავენ“ მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საზოგადოებაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შევძლოთ. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.