სანამ კონკრეტულად იმის განხილვას შევეცდებოდე, უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში არის თუ არა შემდეგი ორი ცნება - თავისუფლება და კანონი - ერთმანეთის მიმართ, მანამდე, ვფიქრობ, საჭიროა, შევთანხმდეთ მათ დეფინიციაზე. უზუსტობათა მაქსიმალურად თავიდან არიდების მიზნით თავდაპირველად აუცილებელია შეძლებისდაგვარად აკურატულად განვსაზღვროთ ისინი და წამოჭრილი საკითხის შესახებ საუბრისას მხედველობაში არ გვქონდეს ისეთი მახასიათებლები, რაც, რეალურად, აღნიშნულ ცნებებს არ ახასიათებს.
კანონის განმარტება შემდეგნაირად არის მოცემული - სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. თავისუფლება კი თავის თავში გულისხმობს მოიქცე ისე, როგორც გსურს. ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია - დიახ, ეს ხელოვნურად შექმნილი წესების სისტემა ზღუდავს პირის თავისუფლებას; თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი ზედმეტად კომპლექსური ხასიათისაა იმისათვის, რომ ერთი შეხედვით გამოტანილი მსჯელობის საფუძველზე დავასკვნათ რამე.
ჩემი აზრით, აღნიშნულ თემაზე საუბრისას ყველაზე დიდ გაუგებრობას ქმნის კანონის „არასწორი“ გაგება; როგორც წესი, მის გაგონებაზე ადამიანებს უაზრო, არასაჭირო, მათი თავისუფლების შემზღუდველი წესების ერთობლიობა წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ; და ეს გასაგებიცაა, ვინაიდან თანამედროვე სამყაროში, მართლაც, ძალიან ხშირად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვაწყდებით ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ კანონის ცუდად, ბოროტულად, პირადი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტებს. ასეთი „კანონი“, უდაოდ, გაუმართლებელი, მიუღებელია და ნამდვილად ზღუდავს თავისუფლებას, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფორმითა და შინაარსით გაგებული „კანონი“ არ არის ის, რასაც „კანონი“ რეალურად გულისხმობს. ჩვენ უნდა განვიხილოთ კანონი მისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე და არა იმ დამახინჯებული გაგებით, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე.
ეს უკანასკნელი კანონი კი ემსახურება სტაბილურობის შექმნას, საზოგადოების წესრიგის უზრუნველყოფასა და ინდივიდთა კეთილდღეობას. კანონის მორჩილება მაინც და მაინც ვინმეზე დამოკიდებულას არ ნიშნავს. ამ დროს ადამიანი თმობს საკუთარი თავისუფლების რაღაც ნაწილს უფრო დიდი მასშტაბის სარგებლის მიღების მიზნით; რაც მას აძლევს საშუალებას, იცხოვროს უფრო უსაფრთხო გარემოში, სადაც, შესაბამისად, ექნება მეტი თავისუფლებაც, ვინაიდან მოწესრიგებულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში მას უკვე ექნება გამოხატვის, განათლების მიღების, სიტყვის და ა.შ თავისუფლება. აქ, ფაქტობრივად, მოქმედებს კონსეკვენციალისტური პრინციპი - „უდიდესი ბედნიერება უდიდესი რაოდენობისთვის“ (“greatest good for the greatest number”). ჩვენ ვთმობთ თავისუფლების რაღაც ნაწილს იმ შედეგისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი (ბედნიერება) მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ადამიანი თავისუფალი სწორედ კანონების არსებობის შემთხვევაშია.
დეონტოლოგია კი საერთოდ იმისათვის, რომ განსაღვროს თუ რა არის სწორი საქციელი და განასხვავოს ის არასწორისგან, იყენებს წესებს. განმარტავს, რომ უბრალოდ უნდა დავემორჩილოთ კანონებს და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. აქ კი, ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ყოველი შეზღუდვა, რაც კანონის არსებობას სდევს თან, უნდა იყოს აუცილებლად რაციონალური, ინდივიდთა თავისუფლების გარანტის წინაპირობა და არ უნდა გადაიზარდოს პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით აღმოცენებულ სისტემაში, რომელიც ახდენს კონკრეტული სუბიექტების დისკრიმინაციას. ჰობსის ე.წ ბუნებითი მდგომარეობის ფენომენის განხილვის შემთხვევაშიც უფრო ნათელი ხდება სურათი - „სახელმწიფოს“, სადაც არ არსებობს კანონი, არ არსებობს წესრიგი, ქაოსი მოიცავს და აქ არ იქნება შესაძლებელი ადამიანთა ჰარმონიულად თანაცხოვრება, სადაც თავისუფლებას ფასი ექნება.
აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს, რომ კანონი და თავისუფლება მაშინ არის უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში ერთმანეთთან და მაშინ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, როცა ხდება კანონის დამახინჯებულად გაგება და თავისუფლებით არასწორი სარგებლობა; სხვა შემთხვევაში კი კანონი არ ეწინააღმდეგება თავისუფლებას; პირიქით - შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კანონების არსებობა აყალიბებს თავისუფალ გარემოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.