ENG GEO

Search form

ისტორია, რომელიც წამართვეს

მუდამ მიხაროდა იმაზე ფიქრი, რომ ადამიანებს ყოველთვის გვრჩება გულში ის მოგონებები, რომლებიც ბავშვობაში ან თუნდაც, თინეიჯერობის წლებში შევაგროვეთ. მეც ბევრი კარგი მოგონება დავაგროვე, მათგან უმეტესობა კი ჩემს ქვეცნობიერში გადავმალე. მახსოვს, როგორ მიხაროდა სოფელში ჩასვლა და იქ ბებია-ბაბუასთან ერთად დროის გატარება. მაგრამ რატომღაც გარკვეული ტკივილი მუდამ აღწევდა ჩემში ამაზე ფიქრისას და ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ამისთვის ყურადღება. ვიხსენებდი მხოლოდ იმას, თუ რა სიხარულით მივდიოდი იქ, რომ სანუკვარი წუთები დამეგროვებინა, მაგრამ არ ვიხსენებდი, თუ როგორ ვბრუნდებოდი იქიდან 2008 წლის ზაფხულში. არ ვიხსენებდი იმას, რომ შესაძლოა მე იქიდან ვერც დავბრუნებულიყავი.

მე ეს არ გამიხსენებია. გავიზარდე იმ ფიქრით, რომ პოლიტიკა და ის ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა, ჩემზე გავლენას არ ახდენდა, ამიტომაც საჭიროც კი არ იყო, რომ მასზე მეფიქრა. თუმცა ზოგჯერ მწვავე გარემოებები გვაიძულებს, რომ შევიცვალოთ. დაიწყო სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციები, რომლებშიც ვხედავდი იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ გაღიმებული მინახავს, ახლა კი ცრემლების გარეშე ვეღარც წარმოვიდგენდი. მეც იქ ვიდექი და შევყურებდი, თუ როგორ კარგავდა შვილებდაკარგული ადამიანების სიცოცხლე აზრს. მაგრამ დრო გავიდა და ესეც ხომ დავივიწყე. მე ამ ყველაფერს მხოლოდ შორიდან შევყურებდი, ეს მე არ მეხებოდა.

არც ეს არ გამიხსენებია. მე ხომ იმ სახელმწიფოში ვცხოვრობდი, რომელიც ჩემს უფლებებს იცავდა და არ მჩაგრავდა, ამიტომაც სხვა ადამიანებისადმი არსებული დიდი ემპათიის მიუხედავად, მწუხარებისა და თანაგრძნობის გამოხატვის მეტი არაფერი შემეძლო. არც ის არ გამიხსენებია, თუ როგორ ვიდექი გავრილოვის ღამის დროს მეც იქ იმ ხალხთან და რამხელა მწუხარებითა და სევდით შევყურებდი ისევ შორიდან იმ დაჩაგრულ ხალხს, რომელთანაც მე კავშირი არ მქონდა. ვხედავდი, თუ რა სისასტიკით ექცეოდა ჩვენი საყვარელი სახელმწიფო თავის საყვარელ მოქალაქეებს და ამისთვის არანაირ პასუხს არ აგებდა.

მაგრამ არც ეს არ ყოფილა ჩემი ისტორია. არც ის არ იყო ჩემი ისტორია, რომ უდანაშაულო ადამიანები დაიჩაგრნენ, მათზე იძალადეს, ზოგი სასიკვდილოდაც კი გაწირეს, მათი მკვლელები და მჩაგვრელები კი ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და დანაშაულის გამოსყიდვის გარეშე ამნისტიით ციხიდან გამოუშვეს. ეს მე არ მეხებოდა, მხოლოდ შორიდან შემეძლო მოვლენების შეფასება და შემდგომში ამ ამბების დავიწყება, რაც არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა.

ახლა კი ჩემს ბევრ კარგ და ცუდ მოგონებასთან ერთად ვცხოვრობ იმ სახელმწიფოში, რომელშიც ადამიანები ისევ კვდებიან, ისევ შიმშილობენ, ისევ ჩაგვრის მსხვერპლები არიან, ისევ ყველანაირ ტკივილს განიცდიან და ისევ ბოლო არარეალურ იმედს ებღაუჭებიან. ვცხოვრობ იქ, სადაც სახელმწიფო უნდა მიცავდეს და ზრუნავდეს ჩემზე, თუმცა ამის სანაცვლოდ მე მეშინია, რომ ჩემი ნებისმიერი ქმედება და ჩემი უფლებების თავისუფლად გამოყენება შესაძლოა ჩემთვის ბედკრული ნაბიჯი და სავალალო შედეგებისკენ მიმავალი გზა აღმოჩნდეს. მაგრამ ეს ხომ უკვე მართლა მე მეხება. ეს კი მართლა ჩემი ისტორიაა. მაგრამ რეალურად აქამდე რაც ხდებოდა, ის ყველაფერიც მეხებოდა მე. ისევე როგორც შენ. ეს ყველა ჩვენთაგანის ისტორიაა, რომელზეც რატომღაც თვალებს ვხუჭავთ და ვივიწყებთ იმის გამო, რომ ვგრძნობთ, რომ არაფრის შეცვლის საშუალება არ გვაქვს.

ბავშვობაში გავიგე სიტყვა „ტირანიის“ მნიშვნელობა და თავიდანვე მესმოდა, თუ რამხელა უარყოფით მნიშვნელობას ატარებს ის. სულ წარმომედგინა, რომ ეს ტირანია სადღაც ჩემგან ძალიან შორს იმალებოდა და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობდი, მივიჩნევდი, რომ ტირანიასთან არანაირი შეხება არ მქონია. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ უარყოფითი სიტყვა არაა. ტირანია ხომ დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმია, რომელიც თავისი უზომო სისასტიკით გამოირჩევა. იმის გამო, რომ დიქტატორი კონსტიტუციით შეზღუდული არაა და მისი ძალაუფლება ძალზედ დიდია, ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს დიქტატორულს არ ვეძახით - მაგრამ ესეც ხომ სიცრუეა. უბრალოდ ამაზეც თვალები დაგვახუჭინეს. მე ვცხოვრობ იმ სახელმწიფოში, რომელშიც გარკვეული ზემდგომი პირები იღებენ იმ კანონებს, რომლებიც მათ ახალი არაკონსტიტუციური კანონების მიღების საშუალებას აძლევს. ისინი იღებენ იმ კანონებს, რომლებიც მე არ მიცავს და მხოლოდ მაჩუმებს.

ეტაპობრივად ვხედავ იმ ახალ კანონებს, რომლებმაც მე მოქმედების საშუალება უნდა დამაკარგვინონ. როდის უნდა განვაცხადო, რომ ეს ტირანიაა ისე, რომ ამის არ შემეშინდეს? რამდენი დრო დამრჩენია იქამდე, სანამ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მე ამის უფლება აღარ მაქვს? იქნებ, ახლაც არ მაქვს და უბრალოდ არ ვიცი ამის შესახებ. იქნებ, ეს უფლებაც მხოლოდ ფურცელზე გაწერილი ფორმალობაა, რომელსაც ჩვენ ყველას გასაჩუმებლად იყენებენ. შეგვიძლია, ვიდავოთ და ამას „ტირანია“ არ დავარქვათ, თუმცა ის ყველაფერი, რაც „ტირანიის“ უკან იმალება, მაინც დარჩება აქ, ჩვენს საყვარელ სახელმწიფოში. რამდენიც არ უნდა ვეცადო, რომელ ფილოსოფიასაც არ უნდა მოვარგო, ვერ შევძლებ ამ თავბრუდამხვევი რეალობის გამართლებას. ვერც არისტოტელე, ჰობსი, ავგუსტინე თუ სხვა ფილოსოფოსები ვერ დამაჯერებენ, რომ ან მოქმედებაა თავისგვარად კარგი, ან მიზანია ლეგიტიმური და სასიკეთო. კანტი ამბობდა, რომ ადამიანებმა ისე უნდა იმოქმედონ, როგორც სურთ, რომ ყველა ადამიანმა იმოქმედოს. ეს უნდა ყოფილიყო უნივერსალური კანონი. მაგრამ მე არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანს, რომელიც ჩემს სახელმწიფოში გადაწყვეტილებებს იღებს, სურს, რომ ყველამ მისნაირად იმოქმედოს. მე მჯერა, რომ მათ უნდათ ისევ შორიდან ვუცქირო მოვლენებს, დავსევდიანდე, შევწუხდე, ენერგიისგან გამოვიცალო, თუმცა მაინც ვერაფერი შევცვალო. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი ისტორია, რომელსაც შორიდან მაყურებლის სახით არ შეხედავს. აქამდე ყველაფერს შორიდან ვუყურებდი და მაჯერებდნენ, რომ ეს მე არ მეხებოდა. თუმცა ეს მართლაც ჩემი ისტორია იყო. და შენიც. და იმისიც, ვინც ამას არ კითხულობს. ეს ყველას ისტორია იყო, რომელიც წაგვართვეს და არც არასდროს დაუბრუნებიათ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.