ENG GEO

Search form

აკო აკოფიანისა და გუგა ბურდულის მორიგი სტატია IEEE ჟურნალში

თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების კურსდამთავრებულებმა აკო აკოფიანმა და გუგა ბურდულმა ამერიკის ელექტრო ინჟინერიის საზოგადოების - IEEE ჟურნალში სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს. ნაშრომის სათაურია: "Analysis of Electromagnetic Scattering in Post-Wall Waveguides and Its Application to Optimization of Millimeter Wave Filters".
 
ნაშრომი ეხება გენეტიკური ალგორითმის საშუალებით თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრას. წარმოდგენილი მეთოდი საშუალებას აძლევს ინჟინრებს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოახდინონ სასურველი ოპტიმალური პარამეტრების შერჩევა. აღნიშნული მეთოდის საშუალებით შეგვიძლია მიზნის მიღწევა 40-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდება დღესდღეობით ფართოდ გამოყენებული კომერციული სოფტების საშუალებით. კვლევაში მონაწილეობენ პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ), დუისბურგ-ესენი უნივერსიტეტის (გერმანია), Pohang University of Science and Technology (სამხრეთ კორეა) და ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (იაპონიის) სამეცნიერო ჯგუფები.
 
აკო და გუგა უკვე 2 წელზე მეტია ჩართულნი არიან საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებში, რომელთა საერთო ბიუჯეტი 600 000 ლარია. ისინი იყვნენ მიწვეული მომხსენებლები არაერთ პრესტიკულ საერთაშორისო ღონისძიებაზე. მათი ნაშრომების და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.