ENG GEO

Search form

ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტები მარიამ ტაგანაშვილი და მარიამ ბიბილური საკონსტიტუციო ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო უფლებებისთვის“ გამარჯვებულები გახდნენ. ამასთან, მარიამ ტაგანაშვილი დასახელდა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) რჩეულად და სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება. მარიამ ბიბილური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის რჩეული გახდა, ის საიაში სტაჟირებას გაივლის. გამარჯვებულ გუნდს კონსულტაციას უწევდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და მოწვეული ლექტორი მარინე კაპანაძე.

კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდა თავისუფალი უნივერსიტეტს სტუდენტების მეორე გუნდიც. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამოავლინა თავისი რჩეული ნიტა ქოროღლიშვილი, რომელიც ფონდში სტაჟირებას გაივლის. საუკეთესო სპიკერის ჯილდო გადაეცა ელეონორა ფუთურიძეს. ელეონორა ფუთურიძის და ნიტა ქოროღლიშვილის გუნდის მწვრთნელი მარინე კაპანაძე იყო.

კონკურსი ჩატარდა 10-12  დეკემბერს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით. ოლიმპიადაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იღებდნენ.