ENG GEO

Search form

ყოველწლიური შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს გუნდების რეგისტრაციას კლიენტთა კონსულტირების ყოველწლიური შეჯიბრის ეროვნულ რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.

ზოგადი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ

შეჯიბრის მიზნებია: 1) სტუდენტებისთვის კლიენტთა კონსულტირების მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, რომელიც ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია და 2) სტუდენტებისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის მიცემა და ამ უნარების დახვეწის შესაძლებლობა.

კლიენტთა კონსულტირების შეჯიბრი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ტრენინგი(სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული)

ტრენინგი ემსახურება სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს. ტრენინგი ჩატარდება ლექციებისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირების ფონზე. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ კლიენტთა კონსულტირების სიმულაციურ სესიებში და მოისმინონ ექსპერტების შეფასება. 

ტრენინგი ჩატარდება 2023 წლის 18-19 თებერვალს. ტრენინგში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა გუნდისთვის.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ შეჯიბრის ეტაპზე.

შეჯიბრი (სამუშაო ენა: ინგლისური)

შეჯიბრზე თითოეული გუნდი შეასრულებს ადვოკატის როლს სიმულირებულ იურიდიულ ფირმაში. გუნდებს აქვთ 45 წუთი, რათა შეხვდნენ ახალ კლიენტს, გამოარკვიონ კლიენტის პრობლემა, მისცენ რჩევა, გაუწიონ კონსულტაცია და ჩაებან კონსულტაციის შემდგომ დისკუსიაში.  შესაბამის უნარ-ჩვევათა ეფექტურობა  შეფასდება  მოსამართლეების მიერ.  გამარჯვეული გუნდი დასახელდება ეროვნულ ჩემპიონად. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრზე (შეჯიბრის ორგანიზატორი არ უზრუნველყოფს ეროვნულ რაუნდში გამარჯვებული გუნდის საერთაშორისო შეჯიბრზე გამგზავრებას. აღნიშნული წარმოადგენს გამარჯვებული გუნდის პასუხისმგებლობას).

შეჯიბრი ჩატარდება 2023 წლის 4-5 მარტს.

გუნდების რეგისტრაცია

ერთი უნივერსიტეტიდან შეიძლება წარმოდგენილ იქნეს არაუმეტეს 2 გუნდი. თითოეული გუნდი შედგება 2 ძირითადი და 1 სათადარიგო მონაწილისგან. სათადარიგო მონაწილე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას, თუ გუნდის ძირითადი წევრი რაიმე ობიექტური ან საპატიო მიზეზის გამო ვერ ახერხებს შეჯიბრში მონაწილეობას. გუნდის წევრის ცვლილება უნდა მოხდეს შეჯიბრის დაწყებამდე, შეჯიბრის მსვლელობის დროს ცვლილება არ დაიშვება. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა გუნდის მწვრთნელიც.

გუნდის წევრები უნდა იყვნენ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. შეჯიბრში მონაწილეობა არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები ან გადიან ადაპტაციის პროგრამას, ასევე იმ პირებს, რომლებიც ეწევიან იურიდიულ პრაქტიკას და ამ პრაქტიკის ერთ-ერთი კომპონენტი კლიენტთან კონსულტირებაა.

გუნდი უნდა დაკომპლექტდეს შეჯიბრის წესების სრული დაცვით და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც თითოეულ გუნდს, ასევე გუნდის წარმდგენ უნივერსიტეტს. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს გუნდის დისკვალიფიკაციას. არც შეჯიბრზე და არც ტრენინგზე არ დაიშვებიან ის სტუდენტები, რომლებსაც ანალოგიურ შეჯიბრში გასულ წლებში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის გუნდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.

შეჯიბრში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს რვას, რაც გულისხმობს, რომ რეგისტრაციის ვადა არის საორიენტაციო და შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან. 

ინფორმაცია საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.brownmosten.com/iccc2023.