ENG GEO

Search form

აკადემიური კონფერენცია

ორშაბათი, 29 მაისი, 2023

2023 წლის 29 მაისს 16:30 საათზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართავს აკადემიურ კონფერენციას თემაზე „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები”.

სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ მზარდი ინტერესი მეტ საზოგადოებრივ დისკუსიას საჭიროებს. ამ ფონზე აქტუალობას იძენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის თაობაზე აკადემიური მსჯელობა. აკადემიური დისკუსია დამატებითი კვლევებისთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის და უზრუნველყოფს მეტი სტუდენტის და აკადემიური პერსონალის დაინტერესებას სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლით. გაზრდილი სამეცნიერო და აკადემიური ყურადღება კი, მრავალი საკითხის გარშემო თემატური, ჩაღრმავებული და შედარებით-სამართლებრივი კვლევების წინაპირობა იქნება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ ქვეყანაში სახალხო დამცველის ფუნქციების უზრუნველსაყოფად რამდენიმე ორგანო არსებობს.

აკადემიური კონფერენციის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის როლის გააზრება და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის მოხსენებების მოსმენა მის საქმიანობაზე. გაიმართება მსჯელობა და დისკუსია სახალხო დამცველის კონსტიტუციურ როლსა და მისი საქმიანობის სფეროებზე. კონფერენციის მომხსენებლები აკადემიური პერსპექტივიდან კრიტიკულად გააანალიზებენ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მომწესრიგებელ ჩარჩოს, მის დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ამასთანავე, მსჯელობა შეეხება სახალხო დამცველის როლს ადამიანის უფლებების შინაარსის დადგენის პროცესში.

კონფერენცია შედგება 2 პანელისაგან. კონფერენციის მომხსენებლები არიან: გიორგი მშვენიერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ნონა ქურდოვანიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თეიმურაზ ტუღუში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

კონფერენციას მოდერაციას გაუწევს გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე (2017-2023).

კონფერენცია ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში, საკონფერენციო დარბაზში (მე-200 აუდიტორია).

დასწრება თავისუფალია.

Send notification via e-mail: