ENG GEO

Search form

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მორალური გამართლება

დეონტოლოგია კონცენტრირებულია ეთიკურ ვალდებულებებზე და კონკრეტული ქმედების ბუნებაზე. ქემდება შეიძლება იყოს ან სწორი ან არასწორი. თუ რამდენდად სარგებლიანი ან საზიანო შედეგი მოჰყვება მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის იყოს მორალურად გამართლებული. ამასთან მიმართებით საინტერესოა, მიიჩნევა თუ არა აბორტი მორალურად გამართლებულ ქმედებად. 

დეონტოლოგიის გადმოსახედიდან აბორტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია დავადგინოთ, თუ ზოგადად რა შეიძლება ჩაითვალოს მორალურად გამართლებულ ქმედებად. ამისათვის შეგვიძლია იმანუელ კანტის კატეგორიული იმპერატივები განვიხილოთ. კატეგორიული იმპერატივი გვიდგენს მორალურ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი სურვილების და მოთხოვნილებების მიუხედავად უნდა ვემორჩილებოდეთ. კანტის თანახმად, ქმედება შეგვიძლია ჩავთვალოთ მორალურად გამართლებულად, თუ მისი მამოძრავებელი პრინციპი შესაძლოა იყოს უნივერსალური და გარდა ამისა უნდა გვინდოდეს, რომ ის იყოს უნივერსალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ქმედება, რომელიც წარმოუდგენელია რომ ყველაზე გავრცელდეს და მხოლოდ ჩვენ სასარგებლოდ გვინდა მისი გამოყენება ვერ იქნება მორალურად გამართლებული. ასევე დაუშვებელია, რომ ადამიანის გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალებად, ის უნდა წარმოადგენდეს თავისთავად და ძირითად ღრებულებას. თუ კი ჩვენ ადამიანს არა მთავარ მიზნად, არამდე სხვა მიზნის მიღწევის საშუალებად გამოვიყენებთ, ამით ჩვენ უარვყოფთ მის რაციონალურობას და ვლახავთ მის ღირსებას, რაც მორალურად გაუმართლებელია. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე აბორტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ფეტუსის მორალური სტატუსის განსაზღვრა. 

ფეტუსი ბიოლოგიურად ადამიანს წარმოადგენს, შესაბამისად ისიც ისეთივე თავისთავადი ღირებულებაა, როგორც ზრდასრული ადამიანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი არ უნდა გამოვიყენოთ როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, რადგან ასეთი ქმედება მორალურად გაუმართლებელი იქნება. გამოდის, რომ როგორც ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს, ფეტუსსაც აქვს უფლებები, მათ შორის სიცოცხლისა და ღირსების უფლება. შესაბამისად, ისევე როგორც ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის, ფეტუსის მოკვლაც არასწორია. გარდა ამისა, რადგან ფეტუსის, ანუ ადამიანის სიცოცხლეს ვიყენებთ დედის ავტონომიურობის უზრუნველსაყოფის საშუალებად, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მორალურად გაუმართლებელი ქმედებაა. 

მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისები, როდესაც შესაძლოა ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, მაგალითად თავდასხმის შემთხვევა. სწორედ ამიტომ, აბორტი გამართლებულად ჩაითვლება, თავდაცვის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აუცილებლობისას. თუ ფეტუსი დედის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, მაშინ დასაშვებია მისი მოკვლა, ისევე როგორც იმ ადამიანს მკვლელობა, რომელიც თავს გესხმის. ამრიგად, მხოლოდ იშვიათ შემთვევბში იქნება აბორტი მორალურად გამართლებული, თუ კი აბორტის მოწინააღმდეგეთა პოზიას გავითავლისწინებთ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ სხვების მიმართ არამედ საკუთარი თავის მიმართაც ამ წესის დაცვას. დაუშვებელია ადამიანმა ისეთი ქმედება განახორციელოს, რომლითაც საკუთარ ღირსებას შელახავს და უარყოფს თავის რაციონალურობას. ამ მიდგომიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ ქალს ექნება ისეთი წინააღმდეგობა ორსულობის მიმართ, რომელიც გამოიწვევს მისი ღირსებისა და რაციონალურობის შელახვას, მაშინ ის იქნება ვალდებულო საკუთარი თავის მიმართ, რომ ხელოვნურად შეწყვიტოს ორსულობა. ეს გამორიცხავს აბორტის აკრძალვის უნივერსალურ პრინციპად ჩამოყალიბებასაც, რადგან დაუშვებელია უნივერსალური პრინციპი ვინმეს ღირსებასა და რაციონალურობას უარყოფდეს. შესაბამისად, აბორტის აკრძალვა შეუძლებელია მორალურად გამართლებული იყოს. მართალია, მორალურად პრობლემატური საკითხია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, თუმცა, მიუხედავად ამისა ის მორალურად გამართლებული და სავალდებულოც არის იმ შემთხვევაში თუ ქალი საკუთარი თავის მიმართ იმ  ვალდებულებას იცავს, რომლებიც მის ღირსებასა და რაციონალურობას შეეხება.

ამრიგად, არ არის გასაკვირი, რომ აბორტის გარშემო ორად არის გაყოფილი მოსაზრებები. ამ უთანხმოებას იწვევს ის, რომ ორივე პოზიციის მტკიცებაა შესაძლებელი სხვადასხვა გადმოსახედიდან. თუნდაც დეონტოლოგიის შემთხვევაში და კანტის კატეგორიული იმპერატივების გაზიარებისას გვიყალიბდება არა ცალსახა მოსაზრება აბორტის მორალურ გამართლებასთან დაკავშირებით, არამედ განსხვავებული პოზიციის სამტკიცებლად საჭირო არგუმენტები გვიყალიბდება. შეგვიძლია ვამტკიცოთ როგოც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მორალური გამართლება ქალის მიერ თავისი თავის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენების დაუშვებლობის გამო, ასევე აბორტის დაუშვებლობის მორალური გამართლებაც ანალოგიურ საფუძველზე.



 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.