ENG GEO

Search form

პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიული იმპერატივების სისტემაში

კანტისეული ეთიკის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის კატეგორიული იმპერატივები. ასე უწოდებს კანტი იმ ნორმებს, რომელიც არის უზენაესი ყველაფერთან მიმართებით და რომელიც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს მიუხედავად მეორე პინაზე არსებული სიკეთისა. კანტი ასევე აყალიბებს პრინციპს თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ეს კატეგორიული იმპერატივები. ის ამბობს, რომ კონკრეტული საქციელის კატეგორიულ იმპერატივად ქცევა შესაძლებელია მას შემდეგ რაც ის გაივლის სპეციალურად ამისთვის შედგენილ ტესტს, კერძოდ ეს უნდა აკმაყოილებდეს 2 ძირითად კომპონენტს, ესენია: იმისათვის, რომ ქმედება კატეგორიულ იმპერატივად ვაქციოთ საჭიროა მისი უნივერსალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მსოფლიოში ყველა ადამიანი ყოველთვის ამ ქმედებას ჩაიდენს ეს რა შედეგზე გაგვიყვანს. თუ შედეგი არ იქნება უარყოფითი მაშინ ნორმა ამ ტესტის პირველ ეტაპს გაივლის. მეორე ეტაპის თანახმად ნორმა არ უნდა იყენებდეს ადამიანს საშუალებად ამ ადამიანისვე თანხმობის გარეშე, არამედ უნდა აქცევდეს მას საბოლოო მიზნად. თუ კონკრეტული ნორმა ამ ორ წინაპირობას დააკმაყოფილებს, მაშინ კანტის აზრით ის შეგვიძლია ვაქციოთ კატეგორიულ იმპერატივად, რომელიც არასოდეს და არცერთ ვითარებაში არ უნდა დავარღვიოს ადამიანმა.

ბუნებრივია, რომ კანტს არ ჰქონია იმის ილუზია, თითქოს ამ კატეგორიულ იმპერატივებს მართლაც ყველა ადამიანი დაიცავდა. მისთვის ნათელი იყო, რომ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაციები, როდესაც რომელიმე ადამიანი ამ იმპერატივს დაარღვევდა და ამით საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად საზოგადოებას. მიუხედავად ამისა კანტი მაინც არ ამართლებს არცერთ ადამიანს, რომელიც იმპერატივს დაარღვევს, თუნდაც გაცილებით უფრო დიდი სიკეთის გამო. ამ ბლოგში მე შევეცდები ავხსნა კანტისეული ხედვა თუ როგორ და რა მიზეზით ანაწილებს ის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ადამიანი კატეგორიულ იმპერატივს დაარღვევს.

კანტი იმ ადამიანს მორალურ პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში არ დააკისრებდა, რომელიც კატეგორიულ იმპერატივს ემორჩილება, ვინაიდან კანტი თვლის, რომ კატეგორიული იმპერატივი არის უზენაესი ღირებულება, რომელთან მიმართებითაც შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ის, რომ კანტისეული ფილოსოფია იმპერატივის დამცველს მორალურ პასუხისმგებლობას არცერთ შემთხვევაში არ დააკისრებდა შეგვიძლია ვივარაუდოთ კანტისვე პასუხიდან, თავისი კრიტიკოსის ბენჯამინ კონსტანტისადმი. Კანტმა მის კრიტიკას, რომელიც კატეგორიული იმპერატივების აბსოლუტურობას და შესაბამისად მის არაელასტიურობას დიდ პრობლემად მიიჩნევდა უპასუხა, რომ თუ ადამიანი იქნება იმპერატივების ერთგული მასზე არ გავრცელდება არანაირი მორალური პასუხისმგებლობა იმ შედეგისთვის, რისი თავიდან აცილებაც მას იმპერატივის დარღვევით შეეძლო და ამავე პასუხში არაერთხელ იმეორებს, რომ ადამიანი, რომლის მიერ იმპერატივის ერთგულების გამო სხვა ადამიანს რაიმე დაუშავდება, ეს იქნება ზიანი რომელიც კონკრეტულმა შემთხვევამ (casus) გამოიწვია და იმპერატივის დამცველის ბრალი ამ შემთხვევაში საერთოდ არ განიხილება. კანტი ფიქრობდა, რომ ადამიანი ვინც იმპერატივს დაარღვევდა ის ამით აზიანებდა არამხოლოდ იმ პირს ვისაც უშუალოდ მიადგა ზიანი ამ იმპერატივის დარღვევით, არამედ მთლიანად კაცობრიობას. მისი აზრით თუ პირობითად სიმართლე იქნებოდა კატეგორიული იმპერატივი, რომელიც არ უნდა დავარღვიოთ და ადამიანი უფრო დიდი სიკეთის გადასარჩენად მოიტყუება მაშინ ჩვენ ამ საქციელით ვუშვებთ ტყუილის ნორმალიზებას უნივერსალიზაციის პრინციპის საფუძველზე, რაც თავის მხრივ ყველა სახის კონტრაქტსა თუ დეკლარაციას გააბათილებს. Საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კანტი არ აღიარებს გამონაკლის შემთხვევებს და პინაზე არსებული სიკეთეების პროპორციას, მისი აზრით ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ადამიანი კატეგორიულ იმპერატივს დაარღვევს, მაშინ მას სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა არამარტო იმპერატივის დარღვევით ჩადენილ ქმედებაზე, არამედ იმ შედეგზეც რომელიც, ადამიანის მიერ ამ ქმედების ჩადენას მოჰყვება მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.