ENG GEO

Search form

არის თუ არა დეონტოლოგია მორალის მთავარი სახელმძღვანელო

“როგორ უნდა მოვიქცეთ? რა არის მორალის ის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებას ყოველ ცალკეულ შემთვევაში, როდესაც არჩევანს ვაკეთებთ?”  

დეონტოლოგია, კერძოდ კი კანტის მოძღვრება კატეგორიული იმპერატივის შესახებ, წინააღმდეგობასა და მრავალმხრივობაში განიხილავს ადამიანის მორალურ ცნობიერებას და  გვთავაზობს ეთიკური აზრის განვითარების გარკვეულ კანონზომიერებას. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანდასახულობაა, ადამიანებმა გააცნობიერონ ის, რომ თითოეულ ჩვენი მოქმედება არის სწორი ან არასწორი მიუხედავად ჩვენი მისწრაფების, გრძნობისა თუ იმ შედეგისა, რომელსაც ეს გამოიწვევს. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვერ შემოგვთავაზებენ მორალურ წესებს ყოველი კონკრეტული სიტუაციისთვის, ეთიკური წესების შემუშავება უნდა მივანდოთ ცალკეულ ადამიანს - მაძიებელ გონებას, რამდენადაც ის, პირველ რიგში, მორალურ არსებაა. მორალურია არა იმიტომ, რომ აქვს გარკვეული სწრაფვები თუ სურვილები, არამედ იმიტომ რომ ის რაციონალურია. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, რომ მას ძალუძს საკუთარი სუბიექტური განცდები დროებით დაივიწყოს და უფრო ფართო სურათს შეხედოს, შესაბამისად, გადაიაზროს რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ. სწორედ ობიექტურ პირობებში, იმგვარ არჩევანსა და ქმედებას, რომელიც ნაკარნახევია კეთილი ნებითა და შინაგანი ხმით, რომელიც საზოგადოდ სამართლიანია დეონტოლოგია მიიჩნევს როგორც მორალურად ღირებულს, ამის შემდეგ კი თითქოს ცდილობს შეიმუშაოს იმგვარ ლოგიკურ სქემა, რომელიც ამ ფასეულობამდე შეძლებს მიიყვანოს თითოეული ინდივიდი.

კატეგორიული იმპერატივის ცნებაც სწორეც ამ უკანასკნელის ემყარება, კერძოდ იმას, რომ ცალკეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილება უნდა განიხილოს როგორც უპირობო, უნივერსალური და ამასთანავე იმგვარი, რომ ყოველ მსგავს სიტუაციასა თუ შემთხევევაში ნებისმიერს შეეძლოს იხელმძღვანელოს ამ პრინციპით. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ თუ რაიმე შემთხვევა კატეგორიული იმპერატივის  უნივერსალურობის, საყოველთაოობის ფარგლებში ვერ მოექცევა, ან თავისი შინაარსით იქნება წინააღმდეგობრივი, ამგვარი ქმედება არამართებულიც იქნება. 

თავის მხრივ, ცხადია კატეგორიული იმპერატივებით ხელმძღვანელობა ხშირ შემთხვევაში მართლაც მორალურად “სწორ” გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს, შესაბამისად, ცალკეული წესების შემუშავებისას დაგვეხმარება ჩვენი ქმედება რაციონალურად ავხსნათ, რომელიც ამავდროულად უნივერსალურად ეთიკურიც იქნება და წინააღმდეგობას არ გამოიწვევს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს უკანასკნელი უპირობოდ ყველაზე გავრცელდება. თუმცა ერთის მხრივ, ამგვარი უნივერსალიზმისა და საყოველთაოობისას, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანური ბუნების მრავალფეროვნებისა თუ უნიკალურობისგან გამომდინარე, კეთილსინდისიერად მოაზროვნე მაძიებელ გონებასაც თავისდა უნებურად ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს ცალკეული ინდივიდუალური მახასიათებლები, რამდენადაც დეონტოლოგია მკაცრი უნივერსალურობის დროს ნაკლებადაა ორიენტირებული  რასაზე, გენდერზე, ეთნიკურობასა თუ სხვა ნებისმიერ ისეთ ნიშნანზე, რომელიც ერთ ინდივიდს მეორისაგან განასხვავებს, ეს კი გულისხმობს იმას, რომ რიგ შემთხვევებში არსებითად თანასწორ სიტუაციაში არათანასწორი პირები დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი გახდებიან. საკამათოა სწორედ ის, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, ამ “კანონების” შემუშავებისას უთანასწორობა თავიდან აირიდოს და შესაბამისად, თითოეული წესის შემუშავებისას ინდივიდმა გადაწყვეტილება მოარგოს ყოველ ისეთ მახასიათებელს, რომლის უპირობოდ შესრულება ამავდროულად საზოგადოც იქნება და ინდივიდუალურიც. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი უნივერსალიზმისა და თანასწორობის პირობებში, ინდივიდუალიზმის უგულებელყოფა, რამდენადაც რა გასაკვირია, რომ ერთმა ინდივიდმა ცალკეულ შემთხვევაში შეძლოს  მაქსიმის ფორმულირება ისე, რომ ვინც ზუსტად მსგავს სიტუაციაში მოხვდება ყველა ამ წესით სარგებლობისას სამართლიან შედეგს იღბდეს. რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ის, რომ ეს ბარიერი არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი, შესაბამისად, განვიხილავთ ისეთ შემთხვევას, როდესაც ინდივიდი ზედმიწევნით მიჰყვება კატეგორიულ იმპერატივებს, თუმცა არასაკმარისი გამოცდილება, ინფორმაციის ნაკლებობა თუ სხვა ნებისმიერი ფაქტორი გახდეს ამ შედეგის გამომწვევი მიზეზი და მეტიც, ინდივიდისგან დამოუკიდებლად და გაუაზრებლად, შემუშავებული თითქოსდა უნივერსალური წესი თავისი არსით კატეგორიული იმპერატივიზმის საწინააღმდეგო და მიკერძოებული აღმოჩნდეს.  

ამგვარად, ზემოაღნიშნულ კითხვაზე პასუხი თავად მკითხველმა უნდა გასცეს - 

როგორ უნდა მოვიქცეთ? ღირს თუ არა რაციონალურ ადამიანს მივანიჭოთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსალურად განსაზღვროს არაუნივერსალური წესი? 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.