დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომელიც იყენებს წესებს, რათა განასხვაოს კარგი ცუდისგან. თეორიის თანახმად ქმედებები, რომლებიც ემორჩილებიან დადგენილ წესებს არის ეთიკური, შესაბამისად რომლებიც არ ემორჩილებიან - არაეთიკური. დეონტოლოგიური თვალსაზრისით, შედეგები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განმსაზღვრელი. უფრო მეტიც, მორალი განისაზღვრება მოქმედების თვისებების საფუძველზე და არსებობს წესები, რომლებიც განასხვავებს დასაშვებ და დაუშვებელ მოქმედებას. ეს თეორია ხშირად ასოცირდება ფილოსოფოს იმანუელ კანტის სახელთან. კანტს სჯეროდა, რომ ეთიკური ქმედებები მიყვებოდა უნივერსალურ მორალურ სამართალს, როგორიც იყო “არ თქვა ტყუილი”, “არ იქურდო”, “არ ითაღლითო”, დეონტოლოგიის პრინციპი მარტივია, ეს მხოლოდ მოითხოვს იმას, რომ ხალხი დაემორჩილოს წესებს და შეასრულოს თავისი ვალდებულებები. კანტის მოსაზრებით ზოგიერთი ქმედება მაგალითად ქურდობა, ტყუილი ან მკვლელობა არსებითად არასწორია და ზოგადად დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მართალია ეწინააღმდეგება კანონს თუმცა კარგი შედეგის დადგომას ემსახურება. კონსეკვენციალიზმისაგან განსხვავებით დეონტოლოგია არ მოითხოვს სიტუაციისა და ქმედებების ღირებულებისა და სარგებლიანობის, ასე რომ ვთქვათ, “აწონვას”. დეონტოლოგია თავიდან იცილებს სუბიექტურობასა და გაურკვევლობას, რადგან პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ წესების დამორჩილება უწევს. დეონტოლოგიის მოძღვრების თანახმად შესაძლებელია დადგეს ისეთი შედეგი, რომელიც მრავალი ადამიანისთვის მიუღებელია.
რელიგია როგორც წესი ასოცირდება დეონტოლოგიურ განსჯასთან. დეონტოლოგია მრავალი პრინციპისგან შედგება და შეიძლება ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს.
2010 წელს არიზონას შტატში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ფენიქსის წმინდა ჯოზეფის საავადმყოფომ 116 წლიანი კავშირი გაწყვიტა კათოლიკურ ეკლესიასთან, მხოლოდ იმის გამო, რომ მან უმკურნალა ახალგაზრდა ქალს, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ. ოთხი შვილის დედა 11 კვირის ორსული იყო, როდესაც იგი მძიმე სამედიცინო მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ვარაუდით ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში როგორც დედის, ასევე ბავშვის გარდაცვალების ალბათობა 100%-ს უტოლდებოდა. პაციენტთან და მის ოჯახთან კონსულტაციების შემდეგ ექიმებმა ქალს აბორტი ურჩიეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. საავადმყოფოს ეთიკის კომიტეტმაც, რომლის წევრს მარგარეტ მაკბრაიტი, კათოლიკე მონაზონი წარმოადგენდა, დასაშვებად სცნო აბორტის გაკეთება. გადაწყვეტილების შემდეგ საავადმყოფომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ არ არსებობს რაიმე კათოლიკური მკაფიო ინსტრუქცია, მას ეკისრება ვალდებულება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება სიცოცხლის გადასარჩენად. ამის საპასუხოდ რომის კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ეს იყო დაუშვებელი აბორტი, რის გამოც განკვეთა დედა მარგარეტ მაკბრაიტი. ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამედიცინო პერსონალი აუცილებლად უნდა შეეცადოს ორსული ქალის გადარჩენას, მაგრამ ამის ხარჯზე არ უნდა მოხდეს მისი ჯერ არ დაბადებული შვილის მკვლელობა, ანუ მიზანი არ ამართლებს საშუალებას.
რელიგიური პირები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში მსგავსი მორალური კონფლიქტის წინაშე დგანან რელიგიურად შთაგონებულ წესებსა და შედეგეს შორის. ამ შემთხვევაში წამოჭრილია საკითხი ზოგადად მორალური განსჯისა და რელიგიის როლის შესახებ. რელიგიური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ქმნიან წესებზე დაფუძნებულ, ანუ დეონტოლოგიურ განსჯებს, რაც ხშირად, ჩემი სუბიექტური აზრით, გაუმართლებელია. მაგალითად, რომ განვიხილოთ ისევ 11 კვირის ორსული ქალის ქეისი ამ შემთხვევაში, ექიმების თქმით, თითქმის 100%-ს უტოლდებოდა დედისა და ჩანასახის დაღუპვის რისკი, მაგრამ რელიგიური მოძღვრების მიმდევრები მაინც ერთგვარ ჩარჩოში იყვნენ მოქცეულნი და ამბობდნენ, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას და არაზნეობრივ ქმედებას ვერ გაამართლებ შედეგით. კერძოდ აბორტი არის არა ზნეობრივი ქმედება მათი მოსაზრებით და რაც არ უნდა დიდი სიკეთე მოყვებოდეს შედეგად არის გაუმართლებელი, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, ართვევს ზნეობრივ, მორალურ და ეთიკურ წესებს. დეონტოლოგიაში კი ერთ-ერთი ფუნდამენტი არის სწორედ წესების მკაცრად დაცვა და პირნათლად შესრულება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.