ENG GEO

Search form

კანტი, ბნელი რაინდი და კარგი არჩევნის ფილოსოფია

იმანუელ კანტის ეთიკა, იგივე დეონტოლოგია, ჯერემი ბენტამის უტილიტარიზმისთვის გამოწვევა გახდა. როდესაც საუბარია კანტის ფილოსოფიაზე, აქ მნიშვნელოვანი ხდება მის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, მათ შორის ერთ-ერთია პრინციპი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მორალურად კარგ ქცევად.

კანტისთვის მოქმედება კარგია იმ შემთხვევაში, თუ მისი გამომწვევი განზრახვაა კარგი. შესაბამისად დეონტოლოგია, განსხვავებით უტილიტარიზმისგან, მნიშვნელობას არ ანიჭებს შედეგს. გარდა ამისა, დეონტოლოგიის თანახმად, მოქმედება კარგია თუ შესაძლებელია მისი საყოველთაო წესად ქცევა, ამას კანტის ეთიკის თანახმად კატეგორიული იმპერატივი ეწოდება.

საბოლოოდ, კანტს მიაჩნია, რომ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ იყოს მორალურად კარგი და ის ყოველთვის თავისუფალად უნდა ირჩევდეს რომ მისი ქმედებები იყოს მორალურად კარგი. მორალურად კარგი ადამიანის სამაგალითო ნიმუშია კომიქსების ცნობილი პერსონაჟი ბრიუს ვეინი, იგივე ბეტმენი. ფილმი - ბნელი რაინდი კი თავის მხრივ მრავალ ფილოსოფიურად საინტერესო მესიჯს შეიცავს. საინტერესო იქნება ფილმის პერსონაჟებისა და მათი მოქმედებების განხილვა კანტის ფილოსოფიის საფუძველზე.

ფილმში - "ბნელი რაინდი" ვაწყდებით რამდენიმე დეონტოლოგიურ დილემას. კერძოდ, პროტაგონისტი, მორალური ადამიანის სანიმუშო მაგალითი, ბეტმენი, დგას რამდენიმე საშინელი არჩევნის წინაშე. თავდაპირველ “თამაშში” მან უნდა აირჩიოს, ვინ უნდა გადარჩეს, მისი საყვარელი ქალი, რეიჩელ დევისი, თუ ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ მთელ გოთემს მხსნელად მოევლინოს, იგივე ჰარვი დენტი (ქალაქის მერი). ვინაიდან, ცნობილია ბეტმენის მიდრეკილება მორალურად გამართლებულ საქციელსა და სამართლიანობისაკენ, ეს მიდრეკილება მიუძღვის მას, რომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც მთელი ქალაქის გადარჩენას შეძლებს. ბეტმენის არჩევანი, გაწიროს სიყვარული მისთვის უფრო მაღალი იდეალისათვის, სამართლიანობისთვის, სიმამაცისთვის, ხალხთა კეთილდღეობისთვის წარმოადგენს წმინდად კატეგორიულ იმპერატივს, რისი ამოსავალი წერტილია შემდეგი სიტყვები: “მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.”

ბეტმენი განიზრახავს, რომ აირჩიოს ადამიანი, რომელიც მის ქალაქში კეთილშობილურ სისტემას დაამკვიდრებს. ბეტმენი ირჩევს ჰარვი დენტს. როგორც შემდეგში ჩანს, დენტისთვის გაკეთებული არჩევანი არ არის საუკეთესო, რადგან რეიჩელი, სიდიადისთვის გაწირული ქალი, მასაც უყვარდა და დგება ისეთი შედეგი, სადაც დენტი ხდება გოთემის არა მხსნელი, არამედ ახალი, ორსახა ბოროტმოქმედი. ბეტმენის არჩევანი მორალურად კარგი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვა მას. მისი განზრახვა რომ გოთემი გადარჩენილიყო, იყო კეთილშობილური, მაგრამ ამის შესაძლებლობა მის საყვარელ ქალთან ერთად მოკვდა. თუმცა, როგორც შევთანხმდით, დეონტოლოგიისთვის მთავარია მიზანი და არა შედეგი, თუმცა იგივეს ფიქრობს თუ არა ბეტმენიც?

ფილმში აღნიშნულ დილემას სწორედ ჯოკერის პერსონაჟი წარმოშობს, რომელიც კანტის ფილოსოფიის ანტითეზას წარმოადგენს. მისი მოქმედებები და განზრახვები ბოროტია და ერთადერთი, რაც მას სურს, ქაოსია. ის აიძულებს ბეტმენს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისი საკუთარი მესიჯი, რისთვისაც რეიჩელს და დენტს იტაცებს. ის არამარტო აიძულებს ბეტმენს, მორალურად კარგი ან ცუდი არჩევანი გააკეთოს, არამედ მის ორ პიროვნებას, ბრიუს ვეინსა და ბეტმენს შორის გააკეთოს არჩევანი. ჯოკერის განზრახვა საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს კანტის ფილოსოფიას და მას ნიჰილიზმამდე მივყავართ.

უფრო მეტიც, ჯოკერი ახალ მორალურ დილემას ბადებს, ახალ დანაშაულს ჩადის. ის გოთემის მოსახლეობას აიძულებს ახალი არჩევანი გააკეთონ, ხალხით სავსე გემსა და ვიცე ვერსას, ქალაქის სიცოცხლეს შორის, რაც დეონტოლოგიას კიდევ ერთ თავსატეხს უჩენს. ჯოკერი კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ კატეგორიულ იმპერატივს ( ვის ენდომებოდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ირჩევს ადამიანებით სავსე გემის ჩაძირვას). აქ უტილიტარიზმიც ეჭვქვეშ დგება. არის თუ არა ყველაზე კარგი ურიცხვი ადამიანების გადარჩენა სისხლიანი შედეგის ფასად.

საბოლოოდ, ბეტმენი პოულობს გამოსავალს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ იმას, თუ რის ფასად ხდება ეს, სპეციალური მოწყობილობის, რომელიც გოთემის მთელ მოსახლეობას კვალდაკვალ აკონტროლებს.

კანტის მოვალეობის ცნება ფილმში მრავალეტაპიან ტესტს გადის. ბეტმენს აქვს პასუხისმგებლობა, დაამარცხოს ჯოკერი, რადგან გადარჩეს გემში მყოფი ხალხი, გადარჩეს მოსახლეობა და, საბოლოოდ, დასრულდეს ქაოსი, მაგრამ რამდენად შორს შეუძლია მოვალეობას წავიდეს. არ დაგავიწყდეთ ბეტმენის მორალური ღირსებები და ის, რომ მას არ შეუძლია მკვლელობა, ანუ მას სურს, რომ ყველაფერი გამოსწორდეს ისე რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე, თუნდაც ეს ადამიანი ჯოკერი იყოს. ის მისთვის მორალური მოქმედების ჩასადენად ხელყოფს ადამიანების პირადი ცხოვრების თავისუფლებას, აკონტროლებს მათ სპეციალური მოწყობილობით და საბოლოოდ, ახერხებს საკუთარი განზრახვით მოქმედებასაც.

სხვაგვარად რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ბეტმენის მორალური არჩევანი, დავსვათ შეკითხვა: ვინ ისურვებდა ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ბოროტის დამარცხების ერთადერთი საშუალება პირადი სივრცის ხელყოფაა?

თუმცა დღევანდელ სამყაროში, შეიძლება, ეს აღარც წარმოადგენდეს მხოლოდ ჰიპოთეტური შეკითხვას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.