ENG GEO

Search form

ბენტამის სარგებლიანობის პრინციპი კარტელის მაგალითზე

თანამედროვე უტილიტარიზმის ფუძემდებლის, ჯერემი ბენტამის განმარტებით, ბედნიერებისკენ ინდივიდუალური სწრაფვა არ/ვერ შეფასდება სწორ ქმედებად, რადგან, როგორც წესი, ინდივიდების ბედნიერებას მოაქვს დიდი ტკივილი და ნაკლები ბედნიერება საზოგადად სოციუმისათვის. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ  ასეთი შემთხვევების საბოლოო შედეგში, უარყოფით კოეფიციენტთა ჯამი აღემატება დადებით კოეფიციენტთა საერთო რაოდენობას. აქედან გამომდინარე კი ირღვევა „უტილიტარისტული მორალი,“ რადგან თავად ამ ცნების შინაარსიც იმაზეა კონცენტრირებული, რომ ჯამში მიღებულ იქნას არსებული სიტუაციის შესაბამისი მაქსიმალური სარგებელი (შედეგად, კი - ბედნიერება).

ბენტამის მოსაზრების გამყარება, რომელიც ბედნიერებისაკენ ინდივიდუალური სწრაფვის არაეფექტურობას უსვამს ხაზს, ერთ-ერთი ეკონომიკური მოდელის შესაბამისი მაგალითის განხილვის მეშვეობითაა შესაძლებელი. განვიხილოთ კაპიტალისტური მონოპოლია, კერძოდ - კარტელის მოდელი, რომლის სტრუქტურული შინაარსიც შემდეგია: მსხვილი მეწარმეები თანხმდებიან თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ მიიღონ იმაზე მეტი (ხშირად, გაცილებით მეტი) სარგებელი, ვიდრე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ეკონომიკური ქცევით იღებენ. კარტელის მოდელის განხილვისათვის, მნიშვნელოვანია ორი განსხვავებული სიტუაციის ეკონომიკური გაანლიზება, რაც შინაარსობრივად, ტექნიკური დეტალების გამოკლებით, ბენტამისეულ უტილიტარიზმის პრინციპს ცხადად და პირდაპირ ასახავს. აღნიშნული სიტუაციებია: 1. როცა ბაზარზე ფირმები მოქმედებენ ინდივიდუალურად (ცალ-ცალკე); 2. როცა ბაზარზე ფირმები მოქმედებენ შეთანხმებულად (ყალიბდებიან კარტელად მოგების მაქსიმიზებისათვის). სიტუაციათა გაანალიზება გულისხმობს ფირმების ეკონომიკური მოგებების დათვლას ორივე შემთხვევაში და შემდგომში მათ შედარებას. ამისათვის საჭიროა ე.წ. „პატიმრის დილემის“ სტრუქტურული მოდელის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა დავინახოთ განსხვავებული შედეგები განსხვავებული წინაპირობების შესაბამისად. მისი ზოგადი შინაარსი, ცხადია, კვლავ მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევას უკავშირდება: მოთამაშეები (ამ შემთხვევაში - ფირმები) მიისწრაფვიან სარგებლის მიღებისაკენ ერთმანეთთან თანამშრომლობითა თუ თანამშრომლობის გარეშე, თუმცა წონასწორობის წერტილი მხოლოთ ერთ-ერთ მათგანს ემთხვევა.

სტრუქტურა შემდეგნაირია: განიხილება ორი ფირმა მათი გადაწყვეტილებების განსხვავებული კომბინაციით. შესაბამისი მონაცემები ცხრილის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ოთხი უჯრისაგან შედგება. თითოეული უჯრა კონკრეტული სიტუაციის ამსახველია. სიტუაცია შეიძლება იყოს ოთხნაირი: ფირმები თანამშრომლობენ; ფირმები არ თანამშრომლობენ (ე.წ. „ღალატი“); ერთი ფირმა თანამშრომლობს, ხოლო მეორე - არა; მეორე ფირმა თანამშრომლობს, ხოლო პირველი - არა. შესაბამისად, პატიმრის დილემის სტრუქტურაზე დაყრდნობით (რიცხობრივ მონაცემთა სპეციფიკური განაწილების პრინციპის გათვალისწინებით), აღნიშნულ ფირმათა მოგებები (ათასებში გამოსახული) შესაბამის სიტუაციებში, პირობითად, იქნება: (200;200), (180;180), (220;170), (170;220). გამომდინარე იქიდან, რომ კარტელის მოდელში ფირმები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მოგებათა შესაბამისი უჯრა იქნება (200;200), ხოლო იმ შემთხვევას, როდესაც ფირმები აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებენ (წონასწორობის წერტილი პატიმრის დილემაში) შეესაბამება უჯრა (180;180). ეს უკნაკასკნელი გამოიყვანება უშუალოდ პატიმრის დილემის შინაარსობრივ ლოგიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც განიხილება თითოეული ფირმის პერსპექტივა იმ შემთხვევებში, როდესაც მეორე ფირმა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იღებს - ითანამშრომლოს, თუ - არა თავის კონკურენტთან. ლოგიკა შემდეგშია: მაშინ, როდესაც პირველი ფირმა ირჩევს თანამშრომლობას, მეორესაც შეუძლია აირჩიოს თანამშრომლობა ან ე.წ. „ღალატი“, ამ შემთხვევაში მისთვის ღალატი უკეთესი ვარიანტია, რადგან შესაბამისი მოგება (220 ათასი) მეტია თანამშრომლობის შემთხვევაში მოსალოდნელ მოგებაზე (200 ათასი); თუ პირველი ფირმა აირჩევს ღალატს, მეორე ფირმისთვის ვარიანტთა მოცემულობა კვლავ იგივე დარჩება, და ამ შემთხვევაშიც, იგი არ გადაწყვეტს თანამშრომლობას, რადგან ამ უკანასკნელის შესაბამისი მოგება (170 ათასი) ნაკლებია ღალატის შესაბამისი უჯრის მოგებაზე (180 ათასი). ანალოგიური შედეგი მიიღება მეორე ფირმის პერსპექტივის განხილვის დროსაც და შესაბამის შედეგთა გადაკვეთაზე (180;180) ვიღებთ ორი „ღალატის“ კომბინაციას. ამ შემთხვევაში ორივე ფირმის ჯამური მოგება ნაკლებია ჯგუფური წარმოების შედეგად მიღებულ ერთიან მოგებაზე, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კარტელის მოდელი, რომელიც ფირმათა შეთანხმებულ, არაინდივიდუალურ, არაგანცალკევებულ ეკონომიკურ ქცევას ემყარება, გაცილებით მომგებიანია მხოლოდ პირადი ინტერესის გათვალისწინების შემთხვევაში მიღებულ შედეგთან მიმართებით. სარგებლიანობის პრინციპის განმარტებისას ბენტამიც სწორედ ამ სიტუაციურ მოცემულობაზე საუბრობს ტკივილისა და ბედნიერების ტერმინთა, ზარალისა და მოგების ცნებებთან ურთიერთშენაცვლებით.

ჯგუფური წარმოება, სარგებლის მიღებისაკენ ინდივიდუალური სწრაფვის საპირისპირო მოდელია, რომელიც, საბოლოო შედეგზე დაყრდნობით, პრაქტიკაში განხორციელებად ვარიანტთაგან მაქსიმალური მოგების მიღების კრიტერიუმით საუკეთესო შესაძლებლობას ამოარჩევს. საზოგადოებრივად ეფექტიანი სწორედ ეს კონკრეტული შესაძლებლობაა, რადგან ჯამური ეკონომიკური მოგება მეტი სარგებლის, შესაბამისად, სიამოვნების უფრო მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა, რაც უტილიტარისტული მორალით მკაცრადაა „გამართლებული“.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.