კონსეკვენციალიზმი ერთ-ერთი წამყვანი ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც თანამედროვე სამყაროშიც არ კარგავს თავის აქტუალურობას. პირველ რიგში, მოკლედ განვმარტავ მის ძირითად მოძღვრებას - კონსეკვენციალისტური შეხედულებით, მოქმედების მორალურობასა და სისწორეს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მისი შედეგი. ამავდროულად, ესა თუ ის მოქმედება აუცილებლად უნდა ახდენდეს ღირებულების მაქსიმიზებას. ღირებულების მაქსიმიზებაში კი იგულისხმება საერთო, საზოგადო ბედნიერებისა და კეთილდღეობის მაქსიმალურად გაზრდა. ერთი შეხედვით, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საკმაოდ მომხიბვლელი თეორიაა და ღირს ჩვენი მორალური კომპასის მისკენ მიმართვა. თუმცა, მისი გაანალიზებისას გადავაწყდებით გარკვეულ ხარვეზებსა და წინააღმდეგობრიობებს. არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ საერთო, ჯამურ ბედნიერებაზე ზრუნვამ შეიწიროს ინდივიდები და საფუძველი ჩაუყაროს უმრავლესობის დიქტატურის დამყარებას? სწორედ ეს კითხვა იქნება ჩემი ბლოგის ამომავალი წერტილი.
საერთო საზოგადო ბედნიერების უმთავრეს პრიორიტეტად დასახვა თავის თავში გარკვეულ საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს. თუ ის გულისხმობს ცალკე აღებული ინდივიდების ბედნიერების შეგრძნებათა ჯამს, უნდა დავუშვათ თუ არა მორალურად, რომ ერთი ინდივიდის ტანჯვას და უბედურებას გადაწონის ათასობით, ან თუნდაც მილიონობით ადამიანის ჯამური სიამოვნება და ბედნიერება? როგორ შეიძლება შევაფასოთ და სასწორზე დავდოთ ან დავახარისხოთ სხვადასხვა ადამიანის სიამოვნებები. კონსეკვენციალიზმს ხშირად უტილიტარიზმის მაგალითზეც განმარტავენ, რომელიც ასევე მიგვითითებს, რომ უნდა ვკონცენტრირდეთ საზოგადოების საერთო კეთილდღეობაზე. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ტერმინები „საზოგადო კეთილდღეობა“, „საერთო ბედნიერება“ უკვე უზუსტობების საფუძველი და ბუნდოვანი განსაზღვრებებია, ვინაიდან არ გვაქვს აბსოლუტური და უტყუარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შევაფასებთ ამ საერთო მოცემულობას. საერთო ბედნიერება, როგორც მთავარი მორალური ღირებულება კონსეკვენციალისტური ფორმულირებით შეიძლება იქცეს გამამართლებელ საბაბად ისეთი შემთხვევების დროს, როცა ადგილი აქვს ადამიანების სიცოცხლის განადგურებასაც კი, იმის მტკიცებით, რომ ამ ინდივიდების ხარჯზე გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი საერთო, ჯამური ბედნიერება მაქსიმიზდება. თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და არ შეგვიძლია ის განვსაზღვროთ და მსხვერპლად შევწიროთ რაიმე აბსტრაქტულ სამომავლო კეთილდღეობის ცნებას. მასათა პოტენციური ბედნიერება, რომელიც საბოლოოდ იდეის დონეს ვერ გასცდება, უპირისპირდება ინდივიდების გარდაუვალ ტანჯვას. ამ ქმედების მორალურ ჭრილში საერთო ბედნიერების ხარჯზე გამართლების შემთხვევაში კი ადგილი ექნება უმრავლესობის დიქტატურის დამყარებას. ამგვარ სისტემაში, სადაც უმთავრესი მასობრივი, ბედნიერებათა ჯამია, უმცირესობათა ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხე ემუქრება. მაგალითად ავიღოთ ადამიანის აბსოლუტური უფლება - წამების აკრძალვა. განვიხილოთ შემთხვევა, როცა საზოგადოების ინტერესში შედის ისეთი ინფორმაციის ფლობა, რომელიც თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში „საერთო ბედნიერების“ მაქსიმიზებას მოახდენს და საზოგადოების კეთილდღეობას გაზრდის. კონსეკვენციალისტური გადმოსახედიდან, ერთი ინდივიდის გაწირვა ტანჯვისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს მასათა ბედნიერების გაზრდას, სწორ ქმედებად უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან ამ პოზიციის დამცველები კონცენტრირდებიან კონკრეტული ქმედებების შედეგებზე. თუმცა, რა კრიტერიუმებით შეგვიძლია შევაფასოთ ამ ერთი ინდივიდის ტანჯვის ხარისხი და მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობა, შეგვიძლია თუ არა ასე მარტივად სასწორის ორ მხარეს მოვათავსოთ და გავზომოთ, გადაწყვეტილება კი იმის მიხედვით მივიღოთ, თუ რომელი მხარე გადაწონის? ვფიქრობ, რომ არა. ამგვარი მიდგომა ინდიფერენტულობასაც კი ემსგავსება. კონსეკვეციალიზმის მოძრვრების ხარვეზიანობა შეიძლება განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითის საფუძველზე, რაც ადამიანის შემდეგ აბსოლუტურ უფლებას ეხება - მონობის აკრძალვას. თუ იმავე პრინციპს მივყვებით და დავუშვებთ, რომ ერთი ადამიანის დამონებით გამოწვეულ უბედურებას ინდივიდების ბედნიერებების შეჯამების შედეგად მიღებული მასობრივი კეთილდღეობა გადაწონის, კვლავ დგება საფრთხე ადამიანის ფუნდამენტური უფლების შეზღუდვისა.
საბოლოოდ, თუ კონსეკვენციალისტურ შეხედულებას მთავარ მორალურ ორიენტირად ვაქცევთ, აუცილებლად გადავაწყდებით იმგვარ დილებემს, როდესაც საფრთხე დაემუქრება ჩვენს ინდივიდუალურ ფუნდამენტურ უფლებებს. კონსეკვენციალიზმი კი, რომელიც ღირებულებას ანიჭებს მხოლოდ ქმედების შედეგს, საფუძველს ქმნის უმრავლესობის დიქტატურის დამყარებისა, სადაც იმ ერთი განწირული მსხვერპლის ადგილას შეიძლება ნებისმიერი აღმოვჩნდეთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.