ENG GEO

Search form

კანონი გვზღუდავს თუ გვათავისუფლებს?

საინტერესოა, კანონი იცავს ადამიანის თავისუფლებას თუ პირიქით ზღუდავს მას? ამ კითხვაზე მსჯელობის გასაგრძელებლად აუცილებელია განვმარტოთ, თუ რა არის კანონი და რა შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლებად, რაც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში თუ რამდენად თავსებადია სრული თავისუფლება კანონმორჩილობასთან.

ადამიანები, როგორც კი ერთად დასახლებას და საზოგადოებრივი დაჯგუფებების წარმოქმნას იწყებენ, პარალელურად ქმნიან გარკვეულ სავალდებულო წესებს. ეგრეთ წოდებული ,,სოციალური კონტრაქტიც’’ სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ინდივიდებმა გარკვეული თავისუფლებები დათმეს და ხელისუფლებას გადასცეს სხვადასხვა სიკეთის შესანარჩუნებლად, როგორიც არის უსაფრთხოება, წესრიგი და უფლებების დაცვა. 

მარტივად რომ განვმარტოთ, თავისუფლება არის ნებისმიერი იძულებითი ან შემზღუდავი ფაქტორის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. კანონი კი სწორედ ნორმებსა და რაციონალურ ქცევის წესებს ადგენს, რომელიც თავისთავად ზღუდავს და ფარგლებს უწესებს ადამიანებს. შესაბამისად, კანონის არსებობა ავტომატურად ნიშნავს თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვას. 

თუ კი ყველა ადამიანს ექნება ყველაფრის უფლება, მაშინ გამოდის რომ ყველას აქვს შეუზღუდავი თავისუფლება, რაც მოიცავს მათ შორის ისეთ მორალურად გაუმართლებელ ქმედბებს როგორიც არის მკვლელობა, ტყუილი, ქურდობა და ა.შ. სწორედ ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ადამიანები თმობენ თავისუფლებას უსაფრთხოების სანაცვლოდ. ადამიანი, როდესაც მორალურად გაუმართლებელ ქმედებას ჩაიდენს, შესაძლოა ინდივიდუალურად სარგებლიანი შედეგის მომტანი იყოს ეს მისთვის. თუმცა, თუ კი მის მიმართაც გამოიყენებს სხვა მორალურად გაუმართლებელი ქმედების თავისუფლებას, მისგან გამოწვეული შედეგი ბევრად უფრო უარყოფითი შედეგის მომტანია, ვიდრე პირველად განხილული შემთხვევის სარგებელი. შესაბამისად, აშკარაა, რომ ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნიათ დათმონ გარკვეული თავისუფლებები კანონის არსებობის სანაცვლოდ.

კანონის გარეშე შეუძლებელია ცივილიზებული საზოგადოების თანაცხოვრება და ინდივიდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანის თავისუფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ამ პრინციპის მიზანს წარმოადგენს არა თავისუფლების შეზღუდვა, არამედ უფლებების დაცვა. ამისთვის კი ერთადერთ ეფექტურ მექანიზმს სწორედ თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ შეუძლებელია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა იმ კანონების გარეშე, რომლებიც ერთი შეხედვით სწორედ მისი შეზღუდვის საფუძველზე არსებობენ. ბუნდოვანებას იწვევს სწორედ ის, რომ კანონი არსებობს თავისუფლების დაცვისთვის, ეს კი მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვით არის შესაძლებელი. შრომითი უფლებები, რომლებიც დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია, მსგავს პრობლემას უკავშირდება. ერთი მხრივ გვაქვს კანონი, რომელიც მობილიზებულია ადამიანის თავისუფლების დაცვაზე, რათა არ მოხდეს ტრაგიკული ისტორიის განმეორება და რათა მონობისგან დაცული იყოს საზოგადოება, თუმცა მეორე მხრივ, ეს კანონი პირდაპირ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. კერძოდ, ინდივიდის თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ აკეთოს ის, რაც უნდა. შრომა არის მორალურად გამართლებული ქმედების ერთობლიობა, რისი უფლებაც გარანტირებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. თუმცა, შრომითი უფლებების დაცვა გულისხმობს შრომის მაქსიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრას, რაც აშკარად წარმოადგენს მორალურად გამართლებული ქმედების აკრძალვას მიუხედავად იმისა, რომ ის სხვის თავისუფლებებს არ ხელყოფს. სწორედ მსგავს საკითხებზე მსჯელობის დროს ხდება აქტუალური კანონის არსზე მსჯელობა და მისი თავისუფლებასთან თავსებადობის განსაზღვრა.

რა საკვირველია, ზემოთ განვითარებული მსჯელობა ეფუძვნება არა კანონის ფორმალურ გაგებას, რომელიც უბრალოდ კანონმდებლის მიერ დადგენილი რეგულაციებით შემოიფარგლება, არამედ ისეთ კანონებს, რომელიც არის საყოველთაო, საჯარო, განჭვრეტადი, სამომავლო, არაორაზროვანი და სტაბილური რაციონალური ქცევის წესებით წარმოდგენილი. 

ბალანსი პიროვნულ თავისუფლებასა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის არის ის ოქროს შუალედი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია კანონის მიერ ზემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმების ზედმიწევნით გათვალისწინებით. 

ჯონ ლოკის სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, კანონი არსებობს არა თავსიუფლების შესაზღუდად ან გასანადგურებლად, არამედ მის დასაცავად და შესანარჩუნებლად. შესაბამისად, იქ სადაც არ არის კანონი ვერც თავისუფლება იარსებებს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.