კანტი ნაშრომში „ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება“ აღნიშნავს, რომ კეთილი ნება კეთილია არა იმის გამო, რასაც ის აღწევს, ან რასაც ასრულებს, არა თავისი გამოსადეგობით დასახული მიზნის მიღწევაში, არამედ მარტოოდენ ნებების მეშვეობით, ანუ თავისთავად. შესაბამისად, თუნდაც, ამ ნებას არ შესძლებოდა თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა და ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავი, იგი მაინც ყოველივეზე მაღლა დადგებოდა და ექნებოდა სრული ღირებულება საკუთარ თავში, რომლისთვისაც ჩრდილის მიყენებას კანტიანური ეთიკის პრინციპის დარღვევად მივიჩნევდით.
აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსეკვენციალიზმში ვხვდებით უტილიტარისტულ ლოგიკას, რომელიც სიამოვნების მაქსიმიზაციისაკენაა მიმართული და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ შედეგში მიღწეულ სარგებლიანობას ამართლებს - განსჯას აფუძნებს იმ მარტივ პრინციპზე, რომელიც ნებისმიერი ქცევის ავკარგიანობას განსაზღვრავს შედეგად მიღებული სარგებლიანობისა და დანახარჯის თანაფარდობით.
დეონტოლოგიური მიდგომის თანახმად, ეს უკანასკნელი გამორიცხავს მორალურობასთან შეთავსებადობას (ცხადია, არა კონსეკვენციალისტური გაგებით). მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ქცევის ეკონომიკის კონკრეტული მაგალითების განხილვა საშუალებას იძლევა, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუთავსებელი მიდგომები, სიტუაციური მოცემულობის მიხედვით, გავაერთიანოთ და მათთვის დამახასიათებელი პრინციპების წინააღმდეგობრიობა ქცევის მოტივისა და შედეგის თავისებურების მიხედვით დავძლიოთ. კონკრეტულად, თანაკვეთის შინაარსი შემდეგია: ორივე მიდგომის თვალსაზრისთა განხილვა, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების ერთსა და იმავე ვარიანტს გვთავაზობს.
განვიხილოთ პოლიტიკური პროცესის მუშაობის ორი სიტუაციურად განსხვავებული შემთხვევა და შემდეგ, დავასაბუთოთ ქცევის მართებულობა სხვადასხვა პერსპექტივით. სუტიაციები შემდეგია: როდესაც მოსახლეობაზე 1.სარგებლიანობა კონცენტრირებულია, ხოლო დანახარჯები - განფენილი; 2.სარგებლიანობა განფენილია, ხოლო დანახარჯები - კონცენტრირებული.
დავუშვათ, მთავრობას ერთ კონკრეტულ ქალაქში უნდა ქარხნის აშენება. ამ ქარხნის ასაშენებლად მთავრობა ფულს ბიუჯეტიდან იღებს. ქარხნის აშენებით მიღებული სარგებელი (ათასებში გაზომილი) იქნება +40, ხოლო დანახარჯი იქნება -110. გამომდინარე იქიდან, რომ სარგებლიანობა კონცენტრირებულია, სარგებელს იღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იმ ქალაქში ცხოვრობენ, რომელშიც ქარხანა შენდება; დანახარჯების განფენილობა კი იმას მოიაზრებს, რომ ქვეყნის მთელი მოსახლეობა, რომელთა შემოსავლების ნაწილიც ბიუჯეტშია განთავსებული, აფინანსებს ქარხნის მშენებლობას, რომელსაც თავად, დიდი ალბათობით, ვერ/არ გამოიყენებს (რადგან, ბუნებრივია, მთელი მოსახლეობა ამ ერთ კონკრეტულ ქალაქში არ ცხოვრობს).
მთავრობა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მისი რენტის მაძიებლური ბუნებიდან გამომდინარე: ხარჯის განფენილობა ნაკლებად იმოქმედებს მთელი მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, ხოლო სარგებლის კონცენტრირებულობა ლოკალურ მცხოვრებთა კმაყოფილებას საგრძნობლად გაზრდის. შედეგად, მთავრობა ააშენებს ქარხანას, რადგან ასეთი ქცევა უზრუნველყოფს მოსახლეობის კონკრეტული სეგმენტის საკმაო კმაყოფილებას, ხოლო მოსხლეობის დარჩენილი ნაწილი ნეიტრალურ პოზიციაში დარჩება (რადგან ხარჯის აღქმადობა, მისი სიმცირის გამო, ძალიან დაბალია). ამ სიტუაციაში პოლიტიკური პროცესი იმუშავებს ცუდად, რადგან პროექტი, რომელიც +40 სარგებელს და -110 დანახარჯს იძლევა, არ არის კარგი პროექტი, თუმცა იგი მაინც ხორციელდება მთავრობის რენტის მძიებლური ბუნებიდან გამომდინარე.
მეორე შემთხვევა, რომელიც სიტუაციურად პირველის საპირისპიროა, საბოლოოდ, ანალოგიურ შედეგს იძლევა. დავუშვათ, მთავრობა განიხილავს ჰესის პროექტს, რომლის დანახარჯიცაა -40 (კონცენტრირებული) და +110 (განფენილი). მთავრობის პერსპექტივა, ამ შემთხვევაში, შემდეგია: მთლიანი მოსახლეობა სარგებელს დიდად ვერ ამჩნევს, თუმცა მათი ნაწილი დანახარჯების მიმართ ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი; შესაბამისად, მთავრობის რეიტინგს, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს არჩევნებისათვის. ამიტომ, სუბიექტური აღქმით, პოტენციური პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მთავრობა ამ პროექტზე უარს იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ სარგებელი საგრძნობლად აღემატებოდა ხარჯს (იყო კარგი პროექტი). შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი ამ შემთხვევაშიც ცუდად მუშაობს, კვლავ მთავრობისთვის დამახასიათებელი რენტის მაძიებლობის გამო.
მარტივად ჩანს, რომ კონსეკვენციალისტური მიდგომით ზემოთ აღწერილ ორივე შემთხვევაში, მთავრობის ქცევა გაუმართლებელია, რადგან ეს მიდგომა, ქცევის მართებულობის განსაზღვრისას, კონცენტრირებულია სარგებლის მაქსიმიზებაზე: პირველ შემთხვევაში ხარჯი აღემატებოდა სარგებელს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა; მეორე შემთხვევაში კი - სარგებელი აღემატებოდა ხარჯს, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რატომ შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის ქცევა მორალურობასთან შეუსაბამოდ დეონტოლოგიური მიდგომის გათვალისწინებით.
ამისათვის, საკითხი განვიხილოთ უშუალოდ მთავრობის ეთიკიდან გამომდინარე: კანტის მიხედვით, არსებობს ღირსეული მიზნის იდეა. გონება ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი და არა ბედნიერებისთვის, რის გამოც, ხსენებული მიზანი, როგორც უმაღლესი პირობა, უმეტესწილად წინ უნდა დავაყენოთ ადამიანის კერძო მიზნებთან შედარებით. მთავრობის კერძო მიზნები, ამ შემთხვევაში, არჩევნებში წარმატების მიღწევა/რეიტინგის შენარჩუნებაა (შესაბამისად, მეტი სარგებლის მიღება). მისი ქცევის თავისებურება სწორედ ამ მოტივიდან გამომდინარეობს. ამასთან, კანტი ხაზს უსვამს მოვალეობის ცნებას - ზნეობრივი სიკეთეა ის, რომელიც მოვალეობის საფუძველზეა ჩადენილი და არა მიდრეკილების გზით.
როდესაც მთავრობა წყვეტს ქარხნის აშენებას პირველ შემთხვევაში, ეს პირადი გამორჩენის მიზნით ხდება და მოვალეობის კარნახით არაა ჩადენილი. ანუ, პირად ბედნიერებას ხელი ეწყობა მიდრეკილების და არა მოვალეობის კარნახით. ქმედება არ ხორციელდება ნდომის ძალის ყველა საგნისგან დამოუკიდებლად, რადგან მოვალეობის გამო ჩადენილი ქმედების ზნეობრივი ღირებულება მდგომარეობს არა იმ მიზანში, რაც ამ ქმედების მეშვეობით უნდა იქნას მიღწეული, არამედ - მაქსიმაში (ნებების სუბიექტური პრინციპი), რომლის მიხედვითაც ასეთი ქმედება გადაწყდა.
შესაბამისად, უნივერსალური მორალის კანონი არ ამართლებს მთავრობის გადაწყვეტილებას. მისი მაქსიმა, ამ შემთხვევაში, არაა სასურველი გახდეს საყოველთაო კანონი, რადგან იგი თავის თავში მოიაზრებს პროფესიონალური ეთიკის დარღვევას (რომლის დაურღვევლობის პირობადაც ზემოთ მივიჩნიეთ ეკონომიკურად „კარგი პროექტის“ განხორციელება), რაც საყოველთაოობის შემთხვევაში, აბსურდულ ვითარებას წარმოშობდა. ანალოგიური ლოგიკა მოქმედებს მეორე სიტუაციაშიც, რადგან მთავრობა კვლავ პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებს და არა პროფესიონალური ეთიკის შესაბამისად.
ბიუკენენის ლოგიკა, რომელიც რაციონალური ეგოისტურობის პრინციპს ეყრდნობა, ასაბუთებას „არაეთიკური ქცევის“ (დეონტოლოგიური გაგებით) მიზეზებს. იგი აღნიშნავს, რომ პირის პირველი ინსტინქტი არის გადაწყვეტილების მიღება პირადი ინტერესიდან გამომდინარე: გადაწყვეტილების მიმღები პირი ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ ახასიათებს მთავრობას ახლომხედველობის ეფექტი. პოლიტიკოსები მიდრეკილები არიან იმისაკენ, რომ დღეს მიიღონ დიდი სარგებელი, თუნდაც, მომავალში დანახარჯები იყოს ძალიან დიდი.
მაგალითისათვის, თუ მთავრობა აიღებს მილიარდი ლარის ვალს, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში იგი არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ეს თანხა დღეს იქცევა ვიღაცის შემოსავლად, კმაყოფილების დონე გაიზრდება, რაც მთავრობის პოლიტიკაზე დადებით გავლენას იქონიებს; ამის საპირისპიროდ, ვალს, რომელიც დღეს -10 მილიონ დანახარჯს მოიტანს, ხოლო მომავალში +100 მილიონ სარგებელს, მთავრობა არ აიღებს, რადგან მოსახლეობა დღეს დაინახავს დანახარჯებს, რაც მთავრობის რეიტინგზე იმოქმედებს და მომავალ არჩევნებზე ხმებს დააკარგვინებს, სამაგიეროდ, კი, მომავალი მთავრობის პერიოდში მოიტანს სარგებელს, რაც დადებითად არა წინა (რომელმაც „კარგი“ ვალი აიღო), არამედ ამჟამინდელი მმართველი ძალის პოლიტიკაზე აისახება. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგება რაციონალური ეგოისტურობის პრინციპს, ხოლო მიღებული დანაკარგი ვერ გადაწონის ეთიკური, მორალური პრინციპების დაცვის პოტენციურ სურვილს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.