,,მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც რომ შეგეძლოს საყოველთაო წესად აქცევდი“ - კანტის მოსაზრება ჩემთვის საინტერესოა, რადგან მიჩნდება კითხვები. ნუთუ შესაძლოა თანამედროვე საზოგადოება ერთ წესსა და კანონს დაუქვემდებარო, ნუთუ მართებულია გვინდოდეს ერთნაირი ადამიანები საერთო ქცევითა და მისწრაფებებით. თუ დავუშვებთ, რომ შესაძლებელია ასეთი სამყაროს შექმნა, ადამიანის მთავარი მახასიათებელი-ინდივიდუალური ბუნება სად გაქრება, ან რატომ უნდა გვინდოდეს რომ ის აღარ არსებბდეს.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს გვესმის სხვადასხვა რელიგიური შეგონება. ათი მცნება ალბათ ძალიან მკაფიოდ გადმოგვცემს რა უნდა და რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ კანტი მისი ოჯახისაგან განსხვავებით, მორწმუნე არ ყოფილა, მას კარგად ესმოდა რელიგიის გავლენა ადამიანებზე და სურდა ეს მოძღვრებები თავისი შეხედულებით ჩაენაცვლებინა.
,,მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა როგორც შენი, ისე ყველა პიროვნების სახით მუდმივად შენთვის იყოს მიზანი და არასოდეს საშუალება“, შესაბამისად ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და გათვალისწინებას იმ ფაქტისა, რომ მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ. კანტის ეს მოსაზრება ქრისტეს შეგონებას მახსენებს ,,გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა, ვითარცა თავი შენი“. გერმანელი ფილოსოფოსის მოსაზრება მარტივად აღსაქმელია, იმ იდეაზეც ვთანხმდებით, რომ სიძულვილით სავსე სამყარო ნამდვილად არ წარმოადგენს სასურველ რეალობას, მაგრამ მიჩნდება კითხვები. იმანეულ კანტის მოსაზრებას თუ გავყვებით, ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა და ინდივიდები იმსახურებენ, რომ მათ გადაწყვეტილებასა და არჩევანს პატივი ვცეთ. ამის პარალელურად, კანტი ავითარებს მოსაზრებას, რომ ადამიანები უნდა მოქმედებდნენ კონკრეტული წესებისა და ნორმების შესაბამისად, მაშინ სადღა არის ჩვენი არჩევანი. იქნებ ადამიანობის მთავარი ნიშა სწორედაც ის არის, რომ ,,ყოველი კაცი ცრუ არს“, იქნებ სამყარო არაფრისმომცემი, უინტერესო და ერთფეროცანი იქნება თუ მე და თქვენ საერთო ინტერესები, არჩევანი და ცხოვრება გვექნება.
სწორედ იმიტომ რომ ადამიანები გონიერი, რაციონალური არსებები, ამ ქვეყნად ცხოვრების პირველივე დღიდან გვაქვს შანსი და მეტიც, უფლება თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება. თუ საზოგადოება პროგრესული უნდა იყოს, ინდივიდები სრულყოფილებისაკენ, სამყარო კი იდეალურობისაკენ ისწრაფვოდეს-არის კი შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა უშეცდომო ინდ ივიდებით. ადამაინს ადამიანად ხომ დაბრკოლებები, შეცდომები, დამარცხება აქცევს.
იმერატივების მორჩილება ჩემთვის პირველი თაობის უფლების- თავისუფლების უფლების შეზღუდვაა. არც ის მგონია, რომ სამყარო უკეთსი იქნება თუ ყველა ერთნაირად მოიქცევა, თუ ყველას ერთი მორალი გვექნება, რასაკვირველია, სწრაფვა უკეთესისაკენ ერთგვარი მისიაც კია ადამიანისა, მაგრამ ის გზა, რომელიც ნამდვილ ,,მე“-სთან, საკუთრი თავის უკეთს ვერსიასთან მიმიყვანს, არ უნდა იყოს კონკრეტული შემუშავებული წესებით კონტროლდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ადამიანად ამქვეყნად მოვლინებას, მყოფობასა და პირად ისტორიას აზრი ეკარგება.
,,მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“-ჩემთვისაც, ისევე, როგორც ალბათ ბევრი ადამიანისათვის, ეს სიტყები მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, არავის გვინდა ვიყოთ მსხვერპლი, დაჩაგრული, დატანჯული, მაგრამ მგონია, რომ ეს შეგნება ადამიანში ისედაც დევს და არ არის აუცილებელი რაღაც კანონი და ნორმა არსებობდეს, რომ გავიაზროთ ვინ ვართ და როგორი გვინდა რომ ვიყოთ. ჩემთვის იმპერატივიზმი არ არის რაციონალური ,,მეს“ ხმა. ადამიანი თავისი ცხოვრებით, არჩევანით, გადაწყვეტილებით უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ სხვის ადგილას შეიძლება თავადაც აღმოჩნდეს. კონკრეტული, ვიღაცის მიერ შემუშავებული სწორი თუ არასწორი ქცევის ნიმუშები ჩემთვის ადამიანის, როგორც გონიერი არსების მნიშვნელობას საერთოდაც ეჭქვეშ აყენებს, რადგან თუ ყველა ერთნაირი იქნება, თუ ყველა ერთნაირად მოიქცევა როგორღა გავარკვევთ რა ცუდია და რა კარგია, რა სწორი და რა მცდარი. დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ,,ყოველი კაცი ცრუ არს“, და მანკიერების აღმოფხვრას საკუთარ თავზე დაკვირვება, მისი შემეცნება უფრო სჭირდება ვიდრე საზოგადო წესები.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.