რაში გვჭირდება სახელმწიფო და რა არის მისი ლეგიტიმაციის წყარო ? ამ კითხვამ დიდი ინტერესი გამოიწვია ფილოსოფოსებსა და მოაზროვნეებს შორის, ბუნებრივია, რომ მათ ნააზრევს შორის არსებობს მსგავსებები და განსხვავებები ორივე, როგორც საჭიროების ისე ლეგიტიმაციის მიმართულებით. ვინაიდან ყველა შესაძლო ფილოსოფიური პრიზმიდან ამ საკითხის განხილვა ამ ეტაპზე ძალიან დიდ დროს წაიღებს, შევეცდები რამდენიმე ფილოსოფოსისა თუ მოაზროვნის პრიზმიდან განვიხილო თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფოს შექმნის საჭიროება და რა შეიძლება ჩაითვალოს მის ლეგიტიმაციად.
იმისათვის, რომ სახელმწიფოს საჭიროებაზე ვისაუბროთ, უპრიანი იქნება თუ წარმოვიდგენთ ისეთ მდგომარეობას სადაც სახელწმიფო, შესაბამისად კანონები არ არსებობს და ადამიანებიც სრულიად თავისუფლები არიან. ერთი შეხედვით ალბათ იდეალური იქნებოდა, მაგრამ თუ დავეყრდნობით ბუნებითი მდგომარეობის თეორიას, მაშინ პირიქით, ზემოთხსენებული ვითარება იდეალურისგან ძალიან შორს იქნება და საზოგადოებისთვის მინიმალური სიკეთეების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ. აქ ჩნდება სახელმწიფოს აუცილებლობა, როგორც ადამიანთა ურთიერთობაში მესამე, ნეიტრალური და სხვებზე აღმატებული პირის, რომელიც საზოგადოებისთვის აუცილებელი სიკეთეების დაცვას უზრუნველყოფს. Მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ლეგიტიმაციის პრობლემა, კერძოდ რა დგას სახელმწიფოს შექმნის უკან. რა არის ის, რაც სახელმწიფოს არსებობას, შესაბამისად კი თავისუფლების თუნდაც მინიმალურ შეზღუდვას მისაღებს ხდის. არის ეს თავისუფალი ნება ? რაციონალი ? ღმერთი ?
თავდაპირველად შევხედოთ სახელმწიფოს შექმნას უტილიტარიანიზმის პრიზმიდან. Რა შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფოს შექმნის საფუძველი ამ ეთიკის თანახმად. უტილიტარიანიზმი ამაზე ნათელ პასუხს იძლევა, კერძოდ ამბობს, რომ ადამიანს აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვა და ყველაფერი რასაც ის აკეთებს არის ბედნიერებისკენ მიმართული. ასევე უტილიტარიანისტული ეთიკის თანახმად, ის ქმედება არის მორალური რასაც ყველაზე მეტი ადამიანისთვის ყველაზე მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ სახელმწიფოს შექმნას უტილიტარიანისტული პრიზმიდან შევხედავთ, და ბუნებით მდგომარეობაში უტილიტარისტულ დაშვებებს ავიღებთ, მაშინ მის ლეგიტიმაციად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა საჭიროება, კერძოდ მათი სწრაფვა ბედნიერებისკენ და იმის გაკეთება, რაც ყველაზე მეტ ადამიანს მოუტანს ყველაზე მეტ სიკეთეს.
კანტიანური ეთიკის თანახმად ადამიანი არის რაციონალური არსება, შესაბამისად მისი გადაწყვეტილებებიც გონებაზე და რაციონალზე არის დაფუძნებული. თუ ჩვენ კანტიანური ეთიკის პრიზმიდან დავინახავთ ბუნებით მდგომარეობას, მაშინ სახელმწიფოს შექმნის მიზეზად და ლეგიტიმაციად ადამიანის რაციონალური არჩევანი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რის შედეგადაც ადამიანმა გადაწყვიტა რაღაც უფლებებისა და თავისუფლებების დათმობა, რადგან ჩათვალა, რომ ასე უფრო რაციონალური იქნებოდა.
ორივე ზემოთხსენებული ეთიკა შედარებით ახალია, განმანათლებლობის შემდგომ დაწერილი, რაც კაცობრიობის აზროვნებაში დიდი გარდატეხის მომხდები ცვლილება იყო, ამიტომ ვფიქრობ საინტერესოა განვიხილოთ ისეთი მოაზროვნეებიც, რომელიც განმანათლებლობის ეპოქამდე მოღვაწეობდნენ. Ნეტარი ავგუსტინე იყო ერთერთი მოაზროვნეთაგანი, რომელსაც სახელმწიფოს არსებობასა და მის ლეგიტიმაციაზე აქვს ნაწარმოები. ალბათ სიტყვა “ ნეტარის “ წაკითხვის შემდეგ აღარ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ ის ყველაფრის ლეგიტიმაციას ღმერთში ხედავდა. ის ადამიანს მანკიერ არსებად განიხილავდა, რომელიც ძალიან იშვიათად თუ მიაღწევდა ბედნიერებას და როცა მიაღწევდა ისიც მცირე ხნით და ძირითადად უბედურების ხარჯზე. მისი აზრით ადამიანებს არ ძალუძთ საკუთარი ძალებით სახელმწიფოს შემქნა ან ყოველ შემთხვევაში ისეთი სახელწმიფოს, რომელიც ქმედითია და სიკეთეს ემსახურება, მათივე მანკიერები/ნაკლული ბუნების გამო. ის ამას “მიწიერ ქალაქს” უწოდებს, რომლის შექმნასაც საკუთარი თავის სიყვარულს მიაწერს და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა ამიტომაც მიიჩნევს მას ა პრიორი განწირულად. Მისი აზრით ნამდვილი სახელმწიფო შეიძლება ეწოდოს “ზეციურ ქალაქს” სადაც თითქმის ყველაფერი “მიწიერი ქალაქის” საპირისპიროდ ხდება. ზეციური ქალაქი ღმერთის სიყვარულმა შემქნა, შესაბამისად ის უკეთესი და თითქმის სრულყოფილია, რადგან სრული კონცენტრაცია ღმერთზე ხდება, რაც მას ყოველგვარი მიწიერი მანკიერებისგან თავისუფალს ხდის.
საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთჩამოთვლილი შეხედულებები არასრულია და რა თქმა უნდა არსებობს კიდევ უამრავი ფილოსოფია და შეხედულება ამ საკითხზე: ნომინალიზმი, რეალიზმი, ვოლუნტარიზმი, სქოლასტიკა, ანარქია… ყველა მათგანი ბუნებით მდგომარეობასა და სახელმწიფოს შექმნას სხვადასხვა პრიზმიდან უყურებს და სხვადასხვა დასკვნები გამოაქვს, შესაბამისად არ არსებობს საერთო და შეთანხმებული პოზიცია ამ საკითხის მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს სახელმწიფოები ყველგან არსებობს, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი ლეგიტიმაციის წყაროსა და უფლება-მოვალეობების განსაღვრა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.