ბუნებითი სამართლის პრინციპი არის დაფუძნებული იდეაზე, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში არსებობს, ემორჩილება გარკვეულ წესებს და მათი განვითარების გზა განსაზღვრულია ამ ბუნებითი სამართლის მიერ. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აღნიშნული ტერმინიდან გამომდინარე ბუნებითი კანონების ცნება თავის თავში აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ის შეცნობადი უნდა იყოს ადამიანის გონების მიერ. ამავდროულად, ის სამართალსა და მორალს არ გამიჯნავს ერთმანეთისგან. ეს ფილოსოფია ოდითგანვე აქტუალური იყო; აღნიშნული გვხვდება ჯერ კიდევ ანტიკური დროის მოაზროვნეებთან: არისტოტელესა და პლატონთან. მოგვიანებით კი თომას აქვიანელთან, თომას ჰობსთან და ა.შ. დღემდე საკამათოა, თუ რა არის ბუნებითი სამართლის „საწყისი“; ნაწილი აღნიშნულს ბუნებას უკავშირებს, ნაწილი - თავად ადამიანს, ზოგი კი ამომავალ წერტილად ღმერთს მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწყისის ძიება მართლაც ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ, აღნიშნული კონცეპტი მაინც მეორეხარისხოვანია; განსაკუთრებით კი იმ იდეასთან მიმართებით განხილვისას, რომელსაც ბუნებითი სამართალი, როგორც ცნება, თავის თავში გულისხმობს - და ეს იდეა, პრინციპი არის უნივერსალურობა. მიმაჩნია, მთავარი „ხიბლი“, რაც აღნიშნულ ტერმინსა და იდეას გააჩნია, არის სწორედ ის, რომ ის ყველას აერთიანებს; ეხება ყველას - განიხილება კაცობრიობის მთლიანი მოდგმის კონტექსტში და ამ დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ინდივიდის ეთნიკურ, ასაკობრივ, რელიგიურ თუ ა.შ ბექრაუნდს. ბუნებით სამართალზე საუბრისას კიდევ უფრო ყურადღებაგასამახვილებელია „წესების“ კონცეპტი. როგორც ყველასთვის ცნობილია, ადამიანები ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებებშიც კი გარკვეული წესების შესაბამისად მოქმედებდნენ. ეს წესები განსხვავდებოდა დროისა და ადგილის, სივრცის მიხედვით; რა საკვირველია, არ იყო ყველგან და ყოველთვის, ყველასთვის ერთნაირი; ამას კი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორი და ღირებულებები, გარემო განაპირობებდა. თუმცა, არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვით, რომ ადამიანის მიერ დაწესებულ კანონებს არ ძალუძთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის ყველა ასპექტით „დაკმაყოფილება“; ამან კი დიდწილად განაპირობა იმ ფენომენის „ჩამოყალიბება“-განვითარება, რაც რწმენის სახელით არის ცნობილი. არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემის გზად ადამიანებმა რაღაც ზებუნებრივ ძალებს მიმართეს; ამ ზებუნებრივ ძალაში კი, როგორც წესი, ძირითადად ღმერთი/ღმერთები იგულისხმება. აღნიშნული თემატიკა ძალიან საინტერესოა და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი განხილვა მაშინ, როცა საუბარია ბუნებით სამართალზე, ვინაიდან ამ უკანასკნელის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი დაფუძნებულია იდეაზე, რომ სწორედ ღმერთმა მისცა ადამიანს უნარი რაციონალური განსჯისა.
და კიბატონო, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ბუნებითი სამართლის მთელი ფილოსოფიის რამდენიმე პრინციპთაგან - სიცოცხლის შენარჩუნება, გამრავლება / განათლება, საზოგადოებასთან თანაცხოვრება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი ადგილი ღმერთის ცნებას უკავია. თუ ადამიანი დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში, მაშინ ზემოთ განხილული მსჯელობა მისთვის სრულიად მისაღებია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ეჭვი ეპარება ღმერთის არსებობაში; არ ესმის რამდენად რაციონალურია იმის დაჯერება, რომ იქ სადღაც არსებობს რაღაც ზებუნებრივი, უზენაესი ძალა, ცნობილი ღმერთის სახელით, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს ყველაფერს და აწესებს იმას, თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი; თუ რა უნდა გვჯეროდეს - გვინდოდეს კარგი და არ გვინდოდეს ცუდი; თუ საერთოდ რას ნიშნავს ეს „კარგი“ და რას ნიშნავს „ცუდი“; როგორ გავიგო; ან ვის ან რატომ დავუჯერო და ვენდო ამ შეცნობის გზაზე. ეს ნამდვილად საკამათო პრობლემაა, რომელზე მსჯელობაც, ამავდროულად, პირადად მე, უშედეგოდ და არასაჭიროდ მიმაჩნია, ვინაიდან ჭეშმარიტ პასუხამდე მისვლა არ მგონია შესაძლებელი, თუმცა ბუნებითი სამართალი სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ზემოთ აღნიშნული პრინციპები და იდეები, რასაც ის ეფუძნება, არის, კიდევ ერთხელ, უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ უ რ ი. საზოგადოება, მგონი, თანხმდება, რომ ადამიანის სიცოცხლე და მისი შენარჩუნებისთვის მცდელობა საჭიროა; რომ მნიშვნელოვანია განათლების მიღება-გადაცემა და არსებული ციკლის გასაგრძელებლად გამრავლება; რომ პირადი და ჯგუფური კეთილდღეობისთვის მომგებიანია საზოგადოებასთან თანაცხოვრება; და ამ იდეებზე საუბრისას ჩვენ უკვე მგონი, რომ აღარ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამ პრინციპების ასაღიარებლად აუცილებელია ღმერთის არსებობისა თუ უღმერთობის დადგენა.
როგორც ციცერონი იტყოდა, ბუნებითი სამართალი ძლიერი საშუალებაა კაცობრიობის გაუმჯობესებისა. მისივე თქმით, ადამიანის გონს შესწევს ბუნების „ნათქვამის გაგება“ და შეუძლია იმოქმედოს მისი გათვალისწინებით; და ზოგადად სტოიკოსებს მიაჩნდათ, რომ მათი იდეალის - ავტარქიის (თვითკმარობა) მიღწევისა და დაუფლების გზაზე ბუნებითი სამართალი, მისი პრინციპების გააზრება ადამიანს დიდად დაეხმარებოდა. და მთავარიც ხომ სწორედ ეს არის? საკითხავიც აი ეს არის…
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.