Homo Sapiens ლათინური სიტყვაა და გონიერ ადამიანს ნიშნავს. შედარებით განვითარებული გონითი შესაძლებლობებია ის ძირითადი განმასხვავებელი თვისება, რაც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განასხვავებს. ანტიკური ხანიდან ადამიანი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობებით დააკვირდეს, შეიმეცნოს და შესაბამისად სათავისოდ გამოიყენოს ბუნება. შემეცნების პროცესის გასამარტივებლად ის ყოველთვის ცდილობს მოვლენების აღწერასა და მათ გამარტივებას უმარტივეს საწყისამდე, სწორედ პირველსაწყისის ძიებაა ის, რაც ადამიანს საუკუნეებია ასე ძალიან აინტერესებს და რითაც ცდილობს ახსნა მოუძებნოს ყველაფერს, რასაც ის გარშემო ხედავს. ძველ ბერძენი ფილოსოფოსებიდან მოყოლებული დღემდე თითქმის ყველა დიდი მოაზროვნეს საკუთარი საწყისი, „თეოსი“ (ეს შეიძლება ყოფილიყო სტიქია, გონება თუ პიროვნული ღმერთი) ქონდა. თალესი საწყისად წყალს მიიჩნევდა და ამბობდა, წყალი უფორმოა, მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია შესაბამისად ყველაფრის საწყისიც წყალი უნდა იყოს, ანაქსიმენი მიიჩნევდა ჰაერს, ანაქსიმანდრე-აპეირონს, ჰერაკლიტე-ცეცხლს და ამბობდა ყველაფრის დასაბამი ცეცხლია, შესაბამისად ყველაფერი ცეცხლში უნდა შთაინთქმას, პითაგორასთვის საწყისი ერთია, პლატონი შემოქმედს დემიურგს უწოდებდა, არისტოტელე მივიდა უძრავი-მამოძრავებლის იდეამდე და ასე შემდეგ. ისინი საწყისის ძიებით ცდილობდნენ ეპოვათ მყარი წერტილი სამყაროში, რომელსაც დააყრდნობდნენ მთელ მათ ფილოსოფიას.
სხვა ფილოსოფოსების მსგავსად გამონაკლისი, არც თომა აქვინელი იყო. მან ახალი პირველ საწყისის გამოგონება საჭიროდ არ ჩათვალა და დასჯერდა ბიბლიურ ღმერთს, რომელსაც მაშინდელი დასავლური ცივილიზაცია აწ უკვე კარგად იცნობდა. მან შექმნა სამართლის სისტემა, რომელსაც „ბუნებითი სამართალი“ უწოდა. აქვინელის სამართლის სისტემის მთავარი იდეა ეფუძნება ღმერთის ნებას, რომელმაც სამყარო „ბუნებითი სამართლის“ შესაბამისად შექმნა და მასში მყოფი არსებებისთვის გაიმეტა ყველაფერი ის, რასაც ისინი საუკეთესოდ გამოიყენებდნენ, მაგალითად წყალი მისცა თევზებს, მზე მცენარეებს, სტაფილო კურდღელს და ასე შემდეგ. გამომდინარე აქედან ღმერთის არსებობა აქვინელის შემოქმედებაში ცენტრალურ საფუძველს წარმოადგენს, ხოლო იმისათვის, რომ მისი მსჯელობა მყარი ყოფილიყო საჭირო გახდა ღმერთის, როგორც მისი შემოქმედების ცენტრალური აქტორის არსებობის დამტკიცება.
თომა აქვინელი გვთავაზობს ღმერთის არსებობის დამადასტურებელ ხუთ გზას (ლათ: Quinquae Viae). პირველი სამი არგუმენტი ემყარება მოძრაობისა და მიზეზობრიობის ურთიერთკავშირს, იწყება ზოგადი ჭეშმარიტებით ბუნებრივი მოვლენების მიმართ და მიდის სამყაროს საბოლოო შემოქმედებით წერტილამდე, რასაც ის ღმერთთან აიგივებს. აქვინელი ღმერთის არსებობის პირველ დემონსტრაციაში ფაქტობრივად იზიარებს არისტოტელეს აზრს პირველსაწყისზე. უძრავი მამოძრავებლის მსგავსად აქვინელი ამბობს, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს მოძრაობის მიზეზი, სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ და ჯაჭვური პროცესით იწვევენ მათ გადახრას წონასწორული მდგომარეობიდან. მაგრამ პირველი დებულების მიხედვით არსებობს მთავარი მამოძრავებელი ანუ სახარებისეული ღმერთი, რომელიც არის სხვა ყველაფრის მამოძრავებელი მიზეზი, თვითონ კი მუდამ უძრავია.
მეორე არგუმენტში იგი ღმერთის არსებობას ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პარადიგმით. ის არისტოტელეს მსგავსად ამბობს, რომ ყველაფერს აქვს საკუთარი ეფექტური მიზეზი, რომელიც არის მის შეცვლაზე პასუხისმგებელი მთავარი სუბიექტი, მაგალითისთვის ეს იქნება მშობელი, რომელიც აჩენს შვილს, მოქანდეაკე, რომელიც აქანდაკებს ქვას და ა.შ. ხოლო იმ დაშვებით, რომ ყველაფერს ყავს საკუთარი შემოქმედი და ეს არაა უსასრულო პროცესი, შესაბამისად არსებობს პირველ მიზეზი, პირველ შემოქმედი, რომელიც არის ღმერთი.
მესამე არგუმენტი გამომდინარეობს არსებობა არ არსებობიდან. არსებობს საგნები, რომელთა არსებობაც ისევეა შესაძლებელი, როგორც არ არსებობა, მაგრამ არსებობენ სუბსტანციები, რომლებისთვისაც არსებობის მდგომარეობა აუცილებლობაა. გარკვეულწილად მათ არ შეუძლიათ არ არსებობა. აქვინელის აზრით ასეთი სუბსტანცია ერთია, ისაა ერთგვარი წყარო ყოველგვარი არსებობის, რომელიც ისევ და ისევ ღმერთის ორგანული, ბუნებრივი მდგომარეობაა.
მეოთხე არგუმენტი ემყარება მშვენიერების ხარისხს. ყველაფერი არსებობს მშვენიერების მეტ-ნაკლები შემცველობით, მაგრამ უნდა არსებობდეს უმაღლესი, სრულყოფილი მშვენიერება, რომელსაც სხვა სხეულები მიესწრაფებოდნენ. აქვინელის სისტემაში კი უმაღლეს მშვენიერებაში მყოფი არსებაა ღმერთი.
და ბოლოს, მეხუთე მტკიცებაშიც აქვინელი იზიარებს არისტოტელეს აზრს სხეულების ტელოსების შესახებ, ის ამბობს, რომ ყველა სხეულს აქვს თავისი მიზანი, ტელოსი და ესწრაფვის მას, მაგრამ ბუნებრივ სხეულებს არ გააჩნიათ ინტელექტი იმისათვის, რომ თავისით განსაზღვრონ საკუთარი ეგზისტენციური მიზანი, შესაბამისად მათ სჭირდებათ გონიერი ხელმძღვანელი, რომელიც არის ღმერთი.
ასე რომ თომა აქვინელი აყალიბებს ერთგვარ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლითაც ცდილობს დაამტკიცოს ღმერთის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსმა თანმიმდევრულმა მსჯელობამ შეიძლება მიგვიყვანოს გარკვეულ დასკვნამდე, რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ლოგიკური წრე, რომლის მიზანიც სრულყოფილებამდე მისვლაა თავის თავშივე წინააღმდეგობას შეიცავს. მითუმეტეს მეოთხე და მეხუთე არგუმენტიდანაც ეს გამომდინარეობს, რომ ადამიანი არაა სრულყოფილი არსება შესაბამისად მის მიერ შექმნილი თუნდაც ლოგიკური, მაგრამ აპრიორი არასრულყოფილი სისტემა განტოლების ბოლოს ღმერთამდე ვერ მიგვიყვანს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.