ENG GEO

Search form

Is assisted death against the natural law ?

 

რა მოხდება თუ ერთ მშვენიერ დღეს თვალს გაახელთ  და აღმოაჩენთ რომ თქვენ, ადამიანს, ორ ფეხზე მოსიარულე არსებას, რომელიც  მუდმივი მოძრაობითა და ფუსფუსით უმკლავდებოდით ცხოვრების ქაოსურობას, სხეულის თითოეული ატომი აგიჯანყდათ, ამ ჯანყმა კი  სივრცეში გაყინულ, უძრავ წერტილად გადაგაქციათ. კაცობრიობის ისტორიაში მილიონობით ადამიანი აღმოჩენილა ამ სიტუაციაში, თუმცა ჩვენი ბლოგისთვის საკმარისია დავასახელოთ მხოლოდ ორი, ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი თეორეტიკოსი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგია, მეორე კი დენ ქრიუ, 27 წლის ბიჭი, რომელიც 3 წლიდან სრულიად პარალიზებულია და რომელიც ,, ღირსეულ სიკვდილს”, ევთანაზიას ითხოვს.  ამ ორი ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის მსგავსების მიუხედავად, განსხვავებულია  ყველაზე მთავარი, არჩევანი და ის ღირებულება, რომელიც  სიცოცხლეს მათთვის გააჩნდა.  

 

არ ვისაუბრებ სტივენზე, რომელსაც  მრავალჯერ აღუნიშნავს თუ რა ძვირფასია მისთვის სიცოცხლე თავისთავად, ვფიქრობ ეს  უშუალოდ მისი ბიოგრაფიიდანაც მშვენივრად ჩანს. მე დენისნაირი ადამიანები მაინტერესებს, ისინი ვინც  დარჩენილ სიცოცხლეს სრულიად პარალიზებულები ატარებენ, უყურებენ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვერასდროს შეძლებენ ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვას, ზოგჯერ კი მათ ფიზიკურ მყოფობასაც კი ვერ შეიგრძნობენ. ასე, სხეულის ტუსაღად ქცეული გონებით განსჯიან საკუთარ არსებობას და ყოველ წამს უბრუნდებიან ფიქრს, რომლის თანახმადაც მათთვის ცხოვრება იმად არ ღირს რომ ბოლომდე გალიონ. მათ ევთანაზია, არსებობის დასრულება სურთ.  

 

ევთანაზიას მომხრეებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ისინი რელიგიური, ეთიკური თუ სხვა რამ მიზეზთა გამო უარყოფენ ამ პროცედურის აუცილებლობას და მის დადებით მხარეებს.  მიუხედავად იმისა რომ თომა აქვინელის დროს ევთანაზია, როგორც თავისთავადი ფენომენი საერთოდ არ განიხილებოდა, მისი მოძღვრებიდან გამომდინარე მსურს დავადგინო როგორ მიემართება ევთანაზია ბუნებით სამართალს. 

 

აქვინელი მსჯელობას მარადიული კანონით იწყებს, რომლის მიხედვითაც,  შესაქმისას ღმერთი მოქმედებს გარკვეული გეგმით და მიზნით. ნებისმიერ არსებულს აქვს თავისი დანიშნულება, ტელოსი. ის ვინც აღასრულებს თავის მიზანს, ტელოსს ეხმიანება მარადიულ კანონს.  ღმერთის მიერ მოწყობილ წესრიგში ადამიანი პასიურად არ მოქმედებს, იგი ჩვეულებრივ,  განსჯას იყენებს და ყოველთვის როცა განსჯის თუ რა არის მისთვის მართებული, იგი მონაწილეობს ბუნებით სამართალში. 

 

აქვინელის მიხედვით არსებობს რაციონალური განსჯით მიღებული შეხედულებები, რომელიც უნივერსალურია, საერთოა ნებისმიერი ადამიანისთვის და მათ პირველად წესებს, მცნებებს უწოდებს.  ეს მცნებები 4 პოსტულატს მოიცავს, რომლის თანახმადაც მიშვნელოვანია:

1.     ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება

2.     რეპროდუქცია და ზრუნვა მომავალი თაობის განათლებასა თუ კეთილდღეობაზე 

3.     ღმერთის აღიარება და ღვთისმსახურება

4.     საზოგადოების ნაწილად ყოფნა.

 

იმის დასადგენად თუ როგორ მიემართება ევთანაზია ბუნებით სამართალს, კვლევას ნუ დავიწყებთ პირველივე პუნქტიდან, არამედ განვიხილოთ მეოთხე, ბოლო პუნქტი. აქვინელი, არისტოტელეს მსგავსად, ადამიანს „ სოციალურ ცხოველად“ აღიქვამს და სოციუმთან ინტერაქციას ადამიანის ცნობიერების, ჭეშმარიტების დადგენის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ აღიქვამს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი,  ვისაც „ადამიანური კანონით“ ეკუთვნის ევთანაზია, არიან ინდივიდები, რომლებსაც ხშირად არ შეუძლიათ ასე ჩვეულებრივად აღქმულ ურთიერთობებში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს ვერბალური კომუნიკაციის, ინტერაქციის უმთავრესი მექანიზმის, უნარიც კი არ აქვს. ეს კი  აპრიორი გამორიცხავს ან სულ მცირე, აფერხებს საზოგადოების ნაწილად ყოფნას. 

 

რაც შეეხება რწმენას, მაშინაც კი თუ ადამიანთა ამ კატეგორიას სწამს ღმერთის, მათ არ შეუძლიათ სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა, ღმერთისთვის პატივის მიგება. ასევე ბათილდება მეორე პუნქტი, რადგან ქრონიკული, განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი,  ჩვეულებრივ ვერ ახერხებს რეპროდუქციაში მონაწილეობის მიღებას და რაც ყველაზე მთავარია, ვერ ზრუნავს მომავალი თაობის კეთილდღეობაზე. 

 

განსახილველი რჩება ერთადერთი პუნქტი, კერძოდ ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება. ევთანაზია ცხადია პირდაპირ გამორიცხავს სიცოცხლის შენარცუნებას, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ბუნდოვანია რა იგულისხმება ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და შენარჩუნებაში, რადგან თუ პიროვნებებს ინდივიდუალურად ვკითხავთ თუ რა ახასიათებს ადამიანის სიცოცხლეს, მივიღებთ უნივერსალურ, მაგრამ მაინც მეტისმეტად კონკრეტულ მახასიათებლებს, რომლითაც ჩვენ უნებურად განვსაზღვრავთ სიცოცხლეს. ეს მახასიათებლები არ შემოიფარგლება ცხადი, მარტივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებით და უფრო მეტიც, შეგვიძლია თამამად განვცაცხადოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის განსაზღვრისას, მეტისმეტად მცირე ნაწილი თუ დააკავშირებს მას მხოლოდ სუნთქვასთან, გაღვიძება- დაძინებასთან თუ კვებასთან.  ნიცშეს არ იყოს, ადამიანებს მხოლოდ სიცოცხლე არ ჰყოფნით მათ ღირსეული ცხოვრება სურთ, აქვინელთან მიმართებით კი ეს ღირსეული სიცოცხლე შეგვიძლია აღვიქვათ ტელოსის შესრულბად, რომლის უნარიც ამ ადამიანებს არ აქვთ. 

 

განხილულიდან გამომდინარე, თუ დავუბრუნებით ჩვენი ბლოგის სათაურს, ვფიქრობ ევთანაზია არ ეწინააღმდეგება ბუნებით სამართალს, რამეთუ წინააღმდეგობისთვის აუცილებელია პოტენციურად მაინც არსებობდეს დაქვემდებარების შესაძლებლობა, ობიექტი კი თავისი ნებითვე უარყოფდეს ამ შესაძლებლობას. იმ ადამიანს კი, ვინც ევთანაზიას ითხოვს, ბუნებითი კანონისთვის დამახასიათებელი ნიშნულები უბრალოდ არ გააჩნია, იგი ბუნებითი კანონის მიღმაა, შესაბამისად, შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს მას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.