თავისუფლების ცნება ალექსის დე ტოკვილისთვის, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სამ ძირითად ელემენტს მოიცავს: პიროვნული დამოუკიდებლობის სურვილს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასა და თანასწორ უფლებებს ყველა ადამიანისთვის. ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული საზოგადოების საწყისი წერტილია - სწორედ თანასწორობამ, რომელიც ამერიკაში, პირობითად საფრანგეთისგან განსხვავებით, რევოლუციების გარეშე ჩამოყალიბდა, წარმოშო შემდგომში თავისუფლების, როგორც უმთავრესი ღირებულების იდეა და მოქალაქეთა ინდივიდუალური უფლებები. თუმცა ამავდროულად, თანასწორმა პირობებმა, ადამიანებს საშუალება მისცა, ჰქონოდათ საკმარისი განათლება თუ ეკონომიკური მდგომარეობა, რათა არ ყოფილიყვნენ სხვებზე დამოკიდებულნი. ამ დროს, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების წევრები იწყებენ დამოუკიდებლად ზრუნვას საკუთარ თავზე, იქმნება მდგომარეობა, როცა მათ არც არავისი ჰმართებთ და არც არაფერს ელიან სხვისგან - როგორც ტოკვილი წერს: „მათი ხვედრი მთლიანად მათ ხელთაა“. სწორედ ამგვარი ვითარება შეიძლება გამოხატავდეს იმას, რასაც „ინდივიდუალიზმის“ ცნება გულისხმობს. მართალია, ინდივიდუალიზმს დემოკრატიული დასაბამი აქვს, მაგრამ ტოკვილის მიხედვით, ის გარკვეულ საფრთხესაც წარმოშობს ტირანიის სახით და თავად დემოკრატიულ სისტემას უქმნის პრობლემებს.
ალექსის დე ტოკვილი, ინდივიდუალიზმის მნიშვნელობის უკეთ გამოსახატავად, ადარებს დემოკრატიულ საზოგადოებას არისტოკრატიულ წყობას, რომლის დროსაც ადამიანებს საზოგადოებაში განსაზღვრული და ფიქსირებული ადგილი თუ ფუნქცია აქვთ კლასობრივად ზემდგომისა თუ ქვემდგომის მიმართ. ამასთანავე, მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სხვა ადამიანებთან თუ სამოქალაქო მოვლენებთან - ამიტომ, ბუნებრივია, ისინი ხშირად ივიწყებენ საკუთარ, პირად ინტერესებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში, უკვე აღარ არსებობს არანაირი ჯაჭვი, ადამიანებს შორის კავშირები მკვეთრად სუსტდება და იზოლირებული ერთეულები ხდებიან. „დემოკრატია გამუდმებით აიძულებს ადამიანს - იფიქროს საკუთარ თავზე; ამასთან, ემუქრება კიდეც, რომ საბოლოოდ მთლიანად საკუთარი სულის მარტოობაში გამოამწყდვდევს“ - წერს ტოკვილი ნაშრომში „დემოკრატია ამერიკაში“.
უფრო კონკრეტულად, რატომ შეიძლება იყოს ინდივიდუალიზმი პრობლემური? ტოკვილის მიხედვით, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები მოიპოვებენ თავისუფლებას, შემდგომში მიდრეკილნი არიან ნაკლებად გამოხატონ ინტერესი სხვა ადამიანების მდგომარეობის მიმართ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ასევე, დაზუსტებისთვის, აღსანიშნავია, რომ ტოკვილი ერთმანეთისგან გამიჯნავს ეგოიზმსა და ინდივიდუალიზმს. ეგოიზმი მისთვის ვნებებისადმი ძლიერ სიყვარულს გულისხმობს, რომელიც ადამიანს აიძულებს მუდმივად მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოიაზროს ყველაფერი. ინდივიდუალიზმი კი გამოხატავს გააზრებულ მდგომარეობას, რომელიც ადამიანს განარიდებს სამოქალაქო საზოგადოებისგან, კეტავს ვიწრო წრეში (იგულისხმება ოჯახის წევრები, მეგობრები, ე.წ. „პატარა საზოგადოება“) და ინდიფერენტულს ხდის ამ საზღვრის მიღმა არსებული მოვლენებისადმი. შეიძლება ითქვას, დემოკრატია ერთგვარად თანასწორობის წიაღში მოქალაქეებს უჩენს იზოლაციის ძლიერ განწყობას. თავის მხრივ, ამგვარი განცალკევება ხელს უწყობს დესპოტური მმართველობის დამყარებასა და განვითარებას, რომელიც უფრო მეტი სიმყარისთვის აღმართავს ბარიერებს ადამიანთა შორის, არღვევს კავშირს და გულგრილს ხდის ერთმანეთის მიმართ. ამით, ცხადია, ქრება თავისუფლების დაცვის მიზნით ტირანიის წინააღმდეგ გაერთიანების უნარი თუ შესაძლებლობა. საზოგადოებაში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი და ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ადამიანთა ინტერესების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული. შედეგად კი რჩებიან იზოლირებული და თავიანთ წრეებში ჩაკეტილი ადამიანები, რომელთაც ეზღუდებათ თავისუფლება. ტოკვილის აზრით, დემოკრატიულ საზოგადოებაში რთულად იქმნება პოლიტიკური ასოციაციები და ისევ არისტოკრატიულ წყობას ადარებს, სადაც არისტოკრატის სოლიდური ძალა მარტივად აერთიანებს ხალხს კონკრეტული მიზნის გარშემო. ვფიქრობ, ტოკვილის მსჯელობაში ნათელი ხდება ის მთავარი საფრთხე, რომელსაც თავად დემოკრატია და თანასწორობა შეიძლება წარმოშობდეს თავისივე თავის წინააღმდეგ.
მოცემული ვითარების საპირისპიროდ, როცა სახელმწიფოს საზოგადოებრივი აზრი მართავს და ადამიანები ერთობლივად განიხილავენ საკითხებს ან ჩართულნი არიან სამოქალაქო პროცესებში, თითოეული მათგანი იაზრებს სოციალური კეთილგანწყობის მნიშვნელობასა და ხელსაყრელობას, ხვდება, რომ რეალურად ის თავის მსგავსთაგან არც თუ ისე დამოუკიდებელია. ასევე, იკვეთება ის მჭიდრო კავშირი, რომელიც საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და პირად მიზნებს შორის არსებობს. შესაბამისად, საბოლოოდ ინდივიდუალური ინტერესები თუ ამბიციები ხშირად მეორეხარისხოვანი ხდება და ადამიანები უფრო მეტად არიან მოტივირებულნი, საზოგადოებრივ პროცესებში ჩაერთონ. ტოკვილისთვის დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასოციაციების შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელზედაც ყველა მნიშვნელოვანი სფეროს პროგრესია დამოკიდებული - „იმ კანონთა შორის, ადამიანთა საზოგადოებებს რომ მართავენ, არის ერთი - ყველაზე ზუსტი და ცხადი: იმისათვის, რომ ადამიანები დარჩნენ ან გახდნენ ცივილიზებულნი, აუცილებელია, რომ უნარი მათი გაერთიანებისა ვითარდებოდეს“. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის ხსენებაც, რომ ტოკვილისთვის ინდივიდუალიზმი სრულიად ნეგტიურ ცნებას სულაც არ წარმოადგენს, მისთვის ეს მისაღები და დასაშვებია იქამდე, სანამ ეს კრიტიკული განსჯისა და ანალიზის საშუალებას წარმოადგენს და არა -სამოქალაქო ცხოვრებისგან და საზოგადოებისგან განცალკევებას.
შეიძლება ითქვას, რომ ალექსის დე ტოკვილი ნათლად გამოკვეთს იმ საფრთხეს, რომელსაც თანასწორობის შედეგად წარმოქმნილი ინდივიდუალიზმი აჩენს - ადამიანთა შორის ჩამოყალიბებულ ბარიერებსა და იზოლირებულობას. აღნიშნული მდგომარეობა კი ძლიერ დასაყრდენს ქმნის დესპოტური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად, ტოკვილი ხაზს უსვამს ადამიანთა გაერთიანების მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებში, რომელსაც ხშირად ინდივიდუალისტური მიდგომა აბრკოლებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.