მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ფილოსოფოსი, არისტოტელე, რომლის შეხედულებებსაც უამრავი ადამიანი იზიარებდა და იზიარებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ცალსახად გაუმართლებელ და ამორალურ საკითხს - მონობას, გამართლებულად მიიჩნევდა. საინტერესოა, რა საფუძველი ჰქონდა არისტოტელეს, რომ ასე ეფიქრა და რამდენად ლოგიკურია მისი მტკიცებები?
არისტოტელე ფიქრობდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი განსჯის უნარის გარეშე დაიბადოს. ასეთ ფენომენს იგი „ბუნებით მონობას“ (natural slavery) ეძახის, როდესაც ადამიანებმა იციან, რა არის რაციონალურობა, მაგრამ თავად განსჯის უნარის ნაკლებობას განიცდიან და შესაბამისად, არ იციან როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება. არისტოტელეს აზრით, ასეთი ადამიანისთვის უმჯობესიც კია, რომ მონობაში იყოს, ანუ ჰყავდეს კარგი პატრონი, რომელიც მის მაგივრად განსაზღვრავს, რა არის მისთვის უკეთესი.
თუ ვიგულისხმებთ, რომ არისტოტელე თავისი მსჯელობისას იმდროინდელი ათენის მდგომარეობას ითვალისწინებდა, რთული დასაჯერებელია, რომ რომელიმე ბატონს მონისთვის კარგი უნდოდა. მონებზე განუწყვეტლივ ძალადობა და მათი პირადი სარგებლისა თუ სიამოვნების მისაღებად გამოყენება ამის ნათელი მტკიცებულებაა. მეორე მხრივ, მონების არსებობა ერთგვარად აუცილებელიც კი იყო სახელმწიფოსთვის, ვინაიდან მათ სამუშაო ძალად იყენებდნენ. არისტოტელეს აზრით, მონებს მხოლოდ მოვალეობების შესასრულებლად საკმარისი აზროვნების უნარი გააჩნდათ.
არისტოტელე ბუნებითი მონობისგან განასხვავებდა სამართლებრივ მონობას (legal slavery), მაგალითად, ომში დატყვევებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარ უფლებებს კარგავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ განსჯის უნარით დაიბადნენ. არისტოტელეს აზრით, სამართლიანი იქნებოდა ყველა სამართლებრივი მონის განთავისუფლება, ბუნებით მონების კი პირიქით, დატყვევება.
არისტოტელე ამბობს, რომ ძირითად შემთხვევებში დაბადებით მონები არაბერძნები, ბარბაროსები უნდა იყვნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბარბაროსი განსჯის უნარის გარეშე იბადება ან რომ რაციონალური აზროვნების უნარის ქონა მემკვიდრეობითია. სავსებით შესაძლებელია ბუნებით მონას ბუნებით თავისუფალი შვილი ჰყავდეს და პირიქით. შესაბამისად, ამ მსჯელობის მიხედვით გამოდის, რომ მონობის მემკვიდრეობითობა გაუმართლებელია.
ბუნებით მონა შეგვიძლია ბავშვს შევადაროთ ან მენტალური დაავადების მქონე, ქმედუუნარო ადამიანს, რომელსაც სჭირდება, რომ სხვამ წარუმართოს ცხოვრება, რადგან დამოუკიდებლად არ შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანი განსჯის უნარის გარეშე დაიბადოს და სამუდამოდ ასეთად დარჩეს?
ბუნებითი სამართლის მიხედვით, როგორც დანას აქცევს დანად საგნების გაჭრის უნარი, ყვავილს კი ყვავილად ის, რომ აყვავება შეუძლია, იმავენაირად, იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანად ჩაითვალოს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განსჯის უნარი. რაციონალური აზროვნების შესაძლებლობა ადამიანობის განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ეს განასხვავებს ჰომო საპიენსს ჰომოს გვარის სხვა წარმომადგენლებისა თუ სხვა ცხოველებისგან.
ამგვარად, ის მტკიცება, რომ ზოგიერი ადამიანი განსჯის უნარის გარეშე იბადება და ბუნებით მონაა, თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. ერთი მხრივ, არისტოტელე ამბობს, რომ მონაც ადამიანია, მეორე მხრივ კი ამტკიცებს, რომ მას რაციონალური აზროვნების უნარი არ აქვს. ამ მოსაზრებას იგი ემპირიულ ფაქტად იღებს, ყოველგვარი არგუმენტების მოყვანის გარეშე. სინამდვილეში კი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ისეთ მინიმალურ დონეზე აზროვნება, რასაც განსჯის უნარის ქონა მოიაზრებს. რეალური სამყაროს მაგალითს თუ მოვიყვანთ, ცხადია, მონებს არ ჰქონდა განათლება და თვითგანვითარების შესაძლებლობა იმ პირობების, გამო, რომელშიც ცხოვრება უწევდათ, თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ ბატონზე უკეთ არ შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების წარმართვა და თავიანთთვისვე სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება.
ქრისტიანული რწმენა ადამიანის პიროვნულობის შესახებ ასევე უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ზოგიერთ ადამიანს რაციონალური აზროვნების უნარი არ მისცეს ღმერთმა. თუ ასე მოხდება, ასეთი ადამიანი პიროვნებად ვერ ჩაითვლება, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, აშკარაა, რომ არისტოტელეს მტკიცება, რომ შესაძლებელია ზოგიერთი ადამიანი განსჯის უნარის გარეშე დაიბადოს, ბუნებისა და ლოგიკის კანონებს არ ეთანხმება და რთული წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.