ENG GEO

Search form

უმრავლესობამ უკეთ იცის!

„რომელი სახელმწიფოა უფრო მეტად სამართლიანი, რომელიც იცავს დემოკრატიულ სამართლიანობას, თუ რომელიც მისდევს ხალხის ნება სურვილს? ამბობენ, რომ დემოკრატიული სამართალია მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება გამოაქვთ უმრავლესობის თვალსაზრისის მიხედვით.“

როგორც არისტოტელე აღნიშნავს საკუთარ წიგნში „პოლიტიკა“, დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომელიც ეფუძნება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და განმსაზღვრელ პრინციპს, როგორებიცაა თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლება. საინტერესოა, რომ თანასწორობის გაგებისთვის არისტოტელე ხაზს უსვამს იმას, რომ ამ სიტყვაში ისინი გულისხმობენ ღარიბი ფენის ბატონობას, ანუ დაბალი ფენის მაქსიმალურ გათანასწორებას მაღალთან, ხალხის ერთ დონეზე დაყვანას  და მათ მასაში მოქცევას. თავისუფლებაში იგულისხმება ის, რომ საკუთარ ნებასა და სურვილებს შეგიძლია დაემორჩილო, ადამიანი აღარ წარმოადგენს მონას, უუფლებო და ცხოველდამსგავსებულ არსებას. მიუხედავად ამგვარი განმარტებებისა, არისტოტელე მაინც აღნიშნავს, რომ ამგვარი ფენომენების შესახების რთულია რაიმე უნივერსალური ჭეშმარიტებების დადგენა, მაგრამ ერთი კი ნათელია - თანასწორობა და სამართლიანობას ესწრაფვის მხოლოდ სუსტი და ის, ვინც თავს რაღაც მხრივ ჩაგრულად გრძნობს, არახელსაყრელი ცხოვრებით ცხოვრობს.

როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, დემოკრატიული მმართველობის ერთი-ერთი, ჩემი აზრით, უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სამართლიანობა, ან, როგორც არისტოტელე თავად აკონკრეტებს ამ სიტყვის განმარტებას, დემოკრატიული სამართლიანობა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღებასა და ცვლილებების შეტანას იმის მიხედვით, თუ როგორ მიაჩნია სწორად მოსახლეობის უმრავლესობას. ამ ყველაფრის მიხედვით, დემოკრატია სამართლიანია იმიტომ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილმა მოიპოვა რაოდეონბრივი უპირატესობა მეორე ნაწილზე და ამის გამო მათ მიენდო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საქმე. ერთი შეხედვით, ეს იდეა საკმაოდ ინტუიციურ რამეს წარმოადგენს: სავარაუდოდ, ამ მრავალჯერნახსენებ უმრავლესობაში მოცული იქნება მაქსიმალურად მრავალფეროვანი იდეებისა და ღირებულებების ადამიანები, რომლებიც საბოლოო შეთანხმებამდე მიდიან და იღებენ რაღაც ერთობლივ გადაწყვეტილებას, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ შედეგი არ იქნება ჩემთვის, საშუალო ადამიანისთვის, დამღუპველი. მაგრამ მეორე მხრივ, კონკრეტულად რის საფუძველზე იღებს უმრავლესობა გადაწყვეტილებებს და რამდენად რაციონალურია მხოლოდ და მკაცრად რაოდენობრივი გადაწონის გამო მათ მივანდოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და არჩევნების გაკეთების შესაძლებლობა.

კონკრეტული მაგალითისთვის ავიღოთ არჩევნები, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იმის საჩვენებლად, როდესაც გადაწყვეტილება გამოტანილია უმრავლესობის თვალსაზრისის მიხედვით.  არჩევნები თითოეული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უმნივნელოვანესი მოვლენაა, მიუხედავად იმისა, რომ გარედან, თუნდაც მოქალაქეების ინტერესსა ან ძალისხმევას თუ დავაკვირდებით, ამას ასე ნამდვილად ვერ აღვიქვამთ.  სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობა (და მათ შორის მეც) არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს ბევრად უფრო ინტუიციურად უყურებს და განიხილავს, ვიდრე მიზანშეწონილია. რეალურად, მოქალაქეების უმრავლესობა წარმოადგენს ზარმაც, არჩევნებით დაუინტერესებელ საზოგადოებას, რომლებიც „ვალის მოხდის“ მიზნით მიდიან არჩევნებზე და უმეტეს შემთხვევაში ბრმად, მინიმალური ინფორმირებულობისა და ძალისხმევის ხარჯზე წყვეტენ ქვეყნისა და საკუთარ მომდევნო რამდენიმე წელიწადის განვითარებას. არჩევნებზე წასვლის წინ ძალიან ცოტა თუ ხარჯავს საკუთარ დროს იმაზე, რომ არა მხოლოდ თითოეული კანდიდატის, არამედ თავის მიერ არჩეული პოლიტიკოსის საარჩევნო პროგრამას გაეცნოს, მოიძიოს ინფორმაცია მის წარსულზე თუ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს ჩაუღრმავდეს. უმრავლესობისთვის მისაღებია ის, რაც ყველაზე პრაქტიკული, კომპაქტური და ხელსაყრელია - ანუ დროის მინიმალური დანახარჯი. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკოსთა მიერ ლამაზად შეფუთული სიტყვები და დანაპირებები და თუ ამას ბევრი მოკრავს ტელევიზორში ყურს, მაშინ ეს ყველაფერიც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ უმრავლესობის ხმა მოიპოვო. ხალხთა მასის მოზიდვა ძალიან მარიტივია თუ ხარ ქარიზმატული ლიდერი და კარგად შეგიძლია საუბარი - ამით შესაძლებელია დაიმსახურო უმრავლესობის ბრმა ნდომა იმ კომფორტის (ანუ ნაკლების შრომის გამო), რაც მათ შეუქმენი. მარტივია მასებით მანიპულირება მაშინ, როდესაც ისინი მინიმალურ ინფორმაციას ფლობენ და სწრაფ გამოსავალს ეძებენ, ამიტომ რამდენად გამართლებულია ადვილად სამართავი უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობის მიბარება?

თუ ამ, რეალობასთან ძალიან ახლო მდგომ მაგალითს გავითვალისწინებთ, რატომ უნდა მიიღოს ამგვარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ზარმაცმა, მაგრამ ჩემზე ძალიან დიდმა ხალხის მასამ? დემოკრატიისთვის დამახასიათებელი რაოდენობრივი ფაქტორი, რომ რადგანაც ერთი ხალხის დაჯგუფება მეტია მეორეზე, სულაც არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ დიდი ჯგუფი მიიღებს უფრო ინფორმირებულობასა და რაციონალურ აზროვნებაზე დაყრდნობილ სწორ გადაწყვეტილებას. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.