ENG GEO

Search form

კანონი - თავისუფლების შეზღუდვის მორალური გზა?

ჩვენმა წინაპრებმა, სულ სულ პირველმა ადამიანებმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეთმოთ თავისუფლების გარკვეული ნაწილი, გადაეცათ ის ხელისუფლებისთვის, სანაცვლოდ კი ხელისუფლება უზრუნველჰყოფდა სხვადასხვა სიკეთეებს, როგორებიცაა წესრიგი, უსაფრთხოება, უფლებების დაცვა. 

 

საინტერესოა, რამ შეიძლება კანონს მორალური ღირებულება მიანიჭოს, რამ შეიძლება ის აქციოს მორალური ღირებულების მქონე აქტად? ამის გასარკვევად უნდა დავაკვირდეთ კანონის მიღების პროცესს. ქვეყანათა უმეტესობაში საკანონმდებლო ფუნქცია პარლამენტს აკისრია, ანუ პარლამენტის წევრები იღებენ კანონებს, ჩვენთვის კი მათი შესრულება სავალდებულოა. ამის შემდეგ ჩნდება კითხვა, იღებს პარალამენტი ყოველთვის ისეთ კანონებს, რომელთაც საზოგადოება მორალურად მიიჩნევს? თუ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, მაშინ ჩვენ, საზოგადოების წევრებმა, როგორ უნდა „ვაიძულოთ” ეს ორგანო, რომ მიიღონ ისეთი კანონები, რომელთაც, თუნდაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედების შემთხვევაში მორალურად მივიჩნევთ?

 

პირველ რიგში, იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თუ კანონებმა ხალხის ნდობა გამოიწვოს, აუცილებელია, რომ მის დაკომპლექტებაში მონაწილეობა საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა რაოდენობამ მიიღოს და მათი გადაწყვეტილება პროპორციულად აისახოს. ამის მიზეზი, ვფიქრობ, ცხადია - რაც მეტი ადამიანის ხმა გადანაწილდება პარლამენტში, მით მეტი ინტერესი იქნება დაცული. თანაც, ამომრჩეველი არაპირდაპირ იღებს მონაწილეობას კანონების მიღების პროცესში. 

 

ხშირად, ამომრჩევნლის ნება პარლამენტში პროპორციულად არ აისახება, რის გამოც ამ ორგანოს მიერ მიღებულ კანონს სახალხო ლეგიტიმაცია არ აქვს. მაგალითად, განვიხილოთ ერთი ქვეყნის შემთხვევა, რომელშიც 10 000 ადამიანი ცხოვრობს. არჩევნებზე ჩართულობის მაჩვენებელი 100%-ს უტოლდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში კი მათი ხმები არაპროპორციულად გადანაწილდა და მოხვდა მხოლოდ ორი პარტია, რომელთაც 7 000 ხმა დააგროვა. ანუ, პარალამენტში ხმები პროპორციულად არ განაწილდა, იმ 3 000 ადამიანის ხმა, რომელთაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა უგულებელყოფილია, შესაბამისად მათი ინტერესების დამცველი პარლამენტში არავინ იქნება. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები ამ ადამიანთათვის მიუღებელი იქნება. ანუ, როდესაც ამომრჩეველთა გადაწყვეტილება პარლამენტში პროპორციულად ნაწილდება, მის მიერ მიღებული კანონსაც უფრო მეტი სახალხო ლეგიტიმაცია და მორალური ღირებულება აქვს. 

 

არსებობს განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც კანონი შინაარსობრივად არ არის მორალური, თუმცა სახალხო ლეგიტიმაცია აქვს. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში ითვლება კანონი მორალურად? ჩემი აზრით კი, ამ პასუხის მიზეზს კი ამ ბლოგის დასაწყისში იპოვით. როდესაც ჩვენ, ადამიანებმა, კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით თავისუფლების გარკვეული ნაწილი დავთმეთ, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს კანონები ჩვენს წინაამღდეგაც იქნებოდა გამოყენებული. ამიტომ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს ლეგიტიმაცია, მაშინ ის მორალურ სტანდარტებს არ ეწინააღმდეგება, თუნდაც მაშინ, როცა ადამიანის თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს. 

 

ვფიქრობ, არჩევნებზე გააზრებული ნების დაფიქსირება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიეცემა ლეგიტიმური უფლება, უსაფუძვლოდ შეზღუდოს ადამიანთა უფლება. ადამიანებმა სახელმწიფოს გაარკვეული თავისუფლება დავუთმეთ სხვადასხვა სიკეთეებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონები სწორედ ამ სიკეთეებზე იყოს ორიენტირებული და არა ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვაზე. 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.