იმისთვის, რომ გავარვკიოთ არის თუ არა კანონი თავისუფლების შემზღუდავი, კარგი იქნება თუ ავხსნით რა არის თავისუფლება და რა არის კანონი. თავისუფლება ერთი გაგებით შესაძლებლობაა გააკეთო ის რაც გინდა და გააკეთო ისე, როგორც გსურს. იცხოვრო კონტროლისა და შეზღუდვების გარეშე. თუმცა, როგორი თავისუფლებაც აქვს ერთ ინდივიდს, ისეთივე აქვს მეორეს, ამ გაგებით კი თავისუფლება შეზღუდულია იმდენად, რამდენადაც ის გასცდება თავის უფლებებს და შეეხება მეორისას. კანონი კი ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილი აქტია, რომლის თავდაპირველი მიზანი იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების დარეგულირება , ადამიანებისათვის უსაფრთხოების შექმნა და რა დონითაც პარადოქსულად უნდა ჟღერდეს, კანონი შემზღუდველია იმისთვის, რომ არ შეიზღუდოს სხვისი თავისუფლება და ასევე დაცული იქნას ადამიანის პირადი თავისუფლება. კანონი კი თავის მხრივ უნდა იყოს , შემოწმებული და გამჭირვალე.
თუმცა კანონმა შექმნამდე დიდი გზა გაიარა და საინტერესოა გავიხსენოთ თუ საერთოდ რატომ მოუნდათ ადამიანებს მისი შექმნა, ამისთვის კი სახელმწიფოს წარმოშობის თეორია, ან უფრო სწორად, სახელმწიფოს არსებობის გამართლება, ე.წ სოციალური კონტრაქტი უნდა გავიხსენოთ. ლოკის, ჰობსისა და ჟან-ჟაკ რუსოს თეორიის მიხედვით, ადამიანები სახელმწიფოს შექმნამდე იმყოფებოდნენ ბუნებრივ მდგომარეობაში, განუსაზღვრელი პირადი თავისუფლებით. ეს მდგომარეობა კი იწვევდა „ ყველას ომს ყველას წინააღმდეგ“ და პოტენციას სრული განადგურებისა. შედეგად ადამიანებმა განადგურების თავიდან ასაცილებლად გააფორმეს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“, თავიანთი სურვილით თქვეს უარი გარკვეულ უფლებებზე და შექმნეს სახელმიწოფო, რომლის ვალად უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახეს.
როგორც ვახსენეთ კანონის გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია, რადგან თავის მხრივ არც ერთ მართველ ორგანოს არ უნდა გააჩნდეს შეუზღუდავი მართველობა და ძალაუფლება. ცხადია, დემოკრატიული სახელმწიფოს არსეობისთვის აუცილებელია მთავრობის კონტროლი, რათა ხელისუფლებამ თავისი თავდაპირველი მოვალეობა არ დაივიწყოს და შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. ადამიანების ინტერესები ინდივიდუალურია და თუ გვინდა, რომ კანონმა თითოეული ინდივიდის ინტერესი ერთნაირად გაითვალისწინოს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი შესაძლებლობაა ავირჩიოთ პარტია, რომლის იდეებსაც ვიზიარებთ. თუმცა, როგორც ვთქვი, ადამიანთა ინტერესთა სფერო განსხვავებულია, ხოლო ამ ადამიანთა აზრის გათვალისწინების საუკეთესო საშუალება პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნებია.
რომ დავუბრუნდეთ თავისუფლებას, რეალურად შეუძლებელია უარვყოთ ფაქტი, რომ თავისთავად კანონი ზღუდავს თავისუფლებას, კითხვა ალბათ უფრო ისაა საერთოდ საჭიროა თუ არა კანონები და სწორია თუ არა ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა იმ დონეზე, როგორადაც იზღუდება. თუმცა, ადამიანის აზრიც ამ თემაზე სუბიქტურია. თუ ადამიანები ვთანხმდებით და შევთანხმდებით თავისუფლების იმ გაგებაზე, რომ თავის თავში იგი მოიცავს თავშეკავების არსებობასა და ამავდროულად განუსაზღვრელ შეუზღუდავ შესაძლებლობებსაც, მაშინ კანონის არსებობას აზრი არ ექნებოდა, თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, „ბუნებრივ მდგომარეობაში“ ყოფნას განადგურებისკენ მივყავართ. კანონის არსებობის პირობებშიც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მაგალითად ჩაიდინოს მკვლელობა, ან გაძარცვოს ბანკი, თუმცა ჩადენილ ქმედებს შესაბამისი დასჯაც მოჰყვება.
ხოლო რაც შეეხება სათაურს, კანონი თავისუფლების შემზღუდავია თუ ხელის შემწყობი, ალბათ პრობლემაც და პასუხიც თავად კანონის ხარისხიანობაში უნდა ვეძებოთ. ხარისხიანობის შემდეგ კი მის ხელისუფლების მიერ აღსრულებაში. დღესდღეობით უამრავი მაგალითი არსებობის კანონით მინიჭებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და არცაა გასაკვირი ადამიანების უნდობლობა კანონების მიმართ. ზოგჯერ ხელისუფალთ ავიწყდებათ, რატომ მიენიჭათ ძალაუფლება და ხელში ჩავარდნილი ძალაუფლებით პატარა ნაბიჯია „ჯანსაღი“ ხელისუფლებიდან ავტორიტარული მართველობისაკენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.