ENG GEO

Search form

თავისუფლება და კანონი

 

კანონის განმარტება გვეუბნება, რომ იგი შედგენილია სახელმწიფოსა და საზოგადოებას და ამავე დროს, საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად.

რა იგულისხმება დარეგულირებაში?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავიხსენოთ რა არის ბუნებითი მდგომარეობა თომას ჰობსის მიხედვით. იგი ამბობს, რომ ბუნებითი მდგომარეობისას ადამიანი არსებობს ისეთ წარმოსახვით გარემოში, სადაც სახელმწიფო და კანონი არ არის, ანუ, არ არსებობს არანაირი მარეგულირებელი ძალა, რაც მის უფლებებსა და თავისუფლებებს განკარგავს. მაშასადამე, მას აქვს ყველაფრის უფლება, დაქორწინდეს მასზე ვიზეც უნდა, გააკეთოს ყველაფერი რაც მოესურვება, მათ შორის, შეიჭრას სხვის საკუთრებაში, დაარღვიოს დანარჩენების უფლებები, მოკლას ვინც მოუნდება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ვხედავთ, რომ გარდა იმ დადებითი მხარისა, რომ თითოეული ადამიანი სრულიად თავისუფალია, ის საფრთხეშია, რადგან როგორც ის სარგებლობს სრული თავისუფლებით, ასე სარგებლობენ დანარჩენი მისნაირი ადამიანებიც. არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რაც მას დაიცავს და გარანტიას მისცემს, რომ მის საკუთრებას, სიცოცხლესა თუ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. აქ კი ვაწყდებით ამ პრობლემის გადაჭრის გზას, კერძოდ კი კანონის შემოღებას. კანონია სწორედ ის მარეგულირებელი მექანიზმი, რომელსაც ადამიანი ბუნებითი მდგომარეობიდან გამოჰყავს, სახელმწიფო კი ის ორგანო, რომელიც მის აღსრულებას უწყობს ხელს.

ყველა ადამიანს ღმერთისგან მონიჭებული აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი, ქონება და თავისუფლება დაიცვას.  ეს სამი ურთიერთგადაჯაჭვული უფლებაა, რომელთაგან თითოეულის დაცვა დანარჩენების დაცვასაც გულისხმობს. მაგრამ რა იგულისხმება დაცვაში? ის რომ ძალის გამოყენებით სხვას მივაყენო ზიანი ჩემი თავისუფლების დასაცავად? რა თქმა უნდა არა. კანონი არეგულირებს სწორედ იმ უფლებებს, სადაც მე ვარ თავისუფალი, მაგრამ ისე, რომ მე ამავე დროს არ ვზღუდავ ვინმე სხვის უფლებასა თუ თავისუფლებას. კანონი ამ შემთხვევაში მეც მზღუდავს, მაგრამ იგივენაირად ზღუდავს სხვასაც, ჩემს დასაცავად. სწორედ აქ ჩნდება კითხვა არის თუ არა კანონი რეალურად ჩემი დამცველი თუ ის მხოლოდ ჩემს უფლებებს ზღუდავს?

ჯონ ლოკი ფიქრობდა(და ბუნებითი სამართალიც სწორედ ამ იდეას ქადაგებს), რომ ადამიანის თავისუფლება შეუძლებელია სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. თუ ადამიანი თავისუფალია და იმის გაკეთება შეუძლია რაც უნდა, მაშინ გამოდის, რომ ვიღაცეების სურვილი უფრო ძლიერი შეიძლება იყოს და დომინირება მოახდინოს დანარჩენების სურვილზე. შედეგად კი ვიღებთ მონობას. თავისუფლებას კი განმარტავს როგორც კანონქვემდებარე ქმედებას, რომელიც აძლევს საშუალებას სხვებს თავად განკარგონ საკუთარი თავი და ღირსებები ისე, რომ ეს ყოველივე შესაბამისობაში იყოს  სხვების თავისუფლებასთან.

ჯონ სტიუარტ მილის მიხედვით, რომელიც უტილიტარისტი იყო, მთავარია ადამიანის თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, აკეთოს ის რაც უნდა, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება სამყაროში, რათა ბედნიერებას მიაღწიოს, მაგრამ იქამდე, სანამ მისი საქციელი არ შელახავს სხვის ბედნიერებასა თუ თავისუფლებას. იგი თავის ესეში „თავისუფლების შესახებ“ წერს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დართოს მოქალაქეებს თვითგანვითარებისა და ინდივიდუალური თავისუფლების ნება, მაგრამ იგი ვერ ასაბუთებს თუ რატომაა ეს ორი ღირსება ასეთი მნიშვნელოვანი. უტილიტარიზმის მიხედვით, მხოლოდ იმიტომაა მნიშვნელოვანი თავისუფლება, რომ ის ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.

დეონტოლოგიური ეთიკა კი გვეუბნება, რომ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება უნდა იყოს დაცული არა იმიტომ, რომ საბოლოოდ სასურველი და ამავე დროს დადებითი შედეგი მივიღოთ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამნიანისთვის. გარდა ამისა დეონტოლოგიაში სადავოა დახმარების საკითხი. მათი აზრით ის, რომ სახელმწიფო ხალხს დაეხმაროს იგივეა, რაც პოლიო ვაქცინა, რომელიც უბრალოდ ახალისებს ჩვენს სუთნქვას(“like a polio vaccine that freshens your breath”). მათი აზრით, ბონუსი კარგია, მაგრამ არა აუცილებელი. აქ მართალია ვხედავთ თავისუფლების იდეის დაცვას, მაგრამ ვაწყდებით უფლების შელახვასაც.

მაგრამ კანონის მიხედვით, მე როგორც ინდივიდს სხვა დანარჩენ უფლებებთან ერთად მაქვს უსაფრთხოების, განათლებისა და თვითრეალიზების უფლება, და თუ სახელმწიფომ არ შემიწყო ხელი ამის გახორციელებაში, უკვე ჩემი უფლებები იზღუდება. სწორედ ამიტომაა საჭირო სახელმწიფოსგან პენსიები, სტიპენდიები თუ სხვა დახმარების პაკეტები. სახელმწიფო ამით უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის შესაძლებლობების გაზრდას, (ანდაც გათანაბრების მცდელობას იმ ინდივიდებთან, რომელთაც ამის საშუალება აქვთ) რათა მან მოახდინოს თვითრეალიზაცია სამყაროში. უტილიტარიზმს უნდა უდანაკარგოდ ყოველგვარი სარგებლის მიღება, რაც შეუძლებელია, კანონი კი გვთავაზობს იმგვარ შეთანხმებას, სადაც მე ვთმობ რაღაცას, ამ შემთხვევაში ჩემს ისეთ უფლებებს, რომელიც სხვის თავისუფლებას არღვევს, მაგრამ სანაცვლოდ ვიღებ უფრო მეტ სარგებელს. ჩემი, როგორც ინდივიდის უფლება, თავისუფლება, საკუთრება და უსაფრთხოება კანონის ფარგლებშია დაცული ისე, რომ პარალელურად არცერთი სხვა ინდივიდის იგივე ღირსებები არ ილახება. სწორედ ამას გვთავაზობს კანონი.

მაშასადამე კანონი შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ერთგვარი შეთანხმება ადამიანსა და სახელმწიფოს შორის, რომ მე შევიზღუდავ რაღაც უფლებებს, მაგრამ სანაცვლოდ სამართალმა უნდა დამიცვას მე, უზრუნველყოს ჩემი უფლებების, თავისუფლებებისა და საკუთრების დაცვა. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ კანონი გარკვეულწილად კი მზღუდავს, მაგრამ უფრო მეტად მიცავს, რადგან ეს ყოველივე ჩემივე კეთიდლღეობისა და უფრო მეტი სარგებლისთვისაა განპირობებული და გარდა ამისა, მარტო მე კი არა, არამედ თითოეული ადამიანია ასე შეზღუდული.

 

 

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.