კანონისა და სახელმწიფოს იდეა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ადამიანების უსამართლობისგან დაცვას უნდა ემსახურებოდეს, ვინაიდან, სწორედ ამისთვის შექმნეს კანონი და სახელმწიფო თავად ადამიანებმა.
ძარცვა ერთ–ერთი იყო იმ უსამართლობათაგან, რომლისგანაც ადამიანებს დაცვა დასჭირდათ. სწორედ ამიტომ, შექმნეს ინსტიტუტი, სახელად სახელმწიფო, რომელიც მეტ–ნაკლებად ნდობით აღჭურვილ, მათი აზრით, სამართლიან ადამიანებს ჩააბარეს და კანონების შექმნაც მათ მიანდეს. კანონი უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლევამოსილი იარაღი უსამართლოთა წინააღმდეგ. კანონი უნდა ყოფილიყო ის, რაც ძარცვას გახდიდა იმაზე რთულსა და მტანჯველს, ვიდრე შრომაა.
ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში, სახელმწიფომ, ანუ იმ ადამიანებმა, ვის ხელშიც კანონთა შექმნა და აღსრულება იყო, გადაწყვიტეს, რომ მათი ფუნქციები, და, შესაბამისად, ძალაუფლება, გაეფართოვებინათ. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მისი ფუნქცია არამხოლოდ ადამიანთა დაცვა იყო იმ რიგი უსამართლობებისგან, რომლებიც მათგან დამოუკიდებლად ხდებოდა, არამედ ამ ადამიანების „ყოფის გაუმჯობესებაც“.
სწორედ ამგვარმა მიდგომამ შექმნა ეგრეთ წოდებული „მზრუნველი მთავრობის“ იდეა, რომელიც, ერთი შეხედვით, მრავალ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე, თუმცა, რეალურად, ყველა ეს აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ემსახურება ერთადერთ რამეს – ადამიანთა ძარცვას.
ზემოთ აღნიშნული რომ უკეთ განვმარტოთ, განვიხილოთ ეგრეთ წოდებული პროგრესული გადასახადები. ერთ დღესაც, სახელმწიფო მიხვდა, რომ მას ხალხისგან იმხელა ძალაუფლება ჰქონდა მინიჭებული, რომ შეეძლო იმ საზღვრებსაც გასცდენოდა, რომელიც, თავის დროზე, ადამიანებმა დაუწესეს. ანუ, არა მხოლოდ დაეცვა ადამიანთა თავისუფლება და დაესაჯა ყველა, ვინც ამ თავისუფლებას შეზღუდავდა, არამედ თავად შეეზღუდა ადამიანების თავისუფლება და ამით მოგება ენახა, თუმცა, ცხადია, ამგვარი ქცევა მაცდურად უნდა შეენიღბა და მომხიბვლელი გაეხადა ადამიანთა უმრავლესობისთვის, ანუ მათთვის, ვისაც შრომა ეზარება. სწორედ „ამ მიზნით“, სახეწლმწიფო იწყებს კანონის უზენაესობისა და ძალაუფლების გამოყენებას და ამის მეშვეობით ადამიანებს, რომლებიც შრომობენ და საკუთარი შრომის ხარჯზე მდიდრდებიან, ართმევს კუთვნილ ქონებას. ართმევს იმ საბაბით, რომ დაეხმაროს სხვებს. მათ, ვინც ნაკლებს შრომობს და, შესაბამისად, ნაკლებად მდიდარია. ერთი შეხედვით, სახელმწიფოს ამგვარი ქცევა კეთილ ზღაპრად შეიძლება მოგვეჩვენოს. რა შეიძლება იყოს იმაზე კეთილშობილური საქციელი, ვიდრე გაჭირვებულის დახმარებაა, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იქ, სადაც ერთს ვეხმარებით, ვძარცვავთ მეორეს, სავალდებულო ქველმოქმედების სახელით. ანუ, სახელმწიფო, კანონის სახელით, ძარცვავს მას, ვისგანაც ის შეიქმნა და შეიქმნა სწორედ ძარცვისგან თავდასაცავად.
საქმე არ არის მხოლოდ პროგრესულ გადასახადებსა და სხვის დახმარებაში. ადამიანთა გასაძარცვად სახელმწიფომ კიდევ ბევრი რამ გამოიგონა და მათ შორის ყველაზე ეფექტური თავად გადასახადების გადამხდელებზე ზრუნვის მოტივი აღმოჩნდა. დღეს სახელმწიფო გვეუბნება, რომ ის ვალდებულია მოგვცეს განათლება, ვალდებულია დაგვაწყებინოს სამსახური, განსაზღვროს ჩვენი მინიმალური ხელფასი, რათა „მონურად“ არ ვიმუშავოთ და ასე შემდეგ. ანუ, დღეს სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც მისი საქმე არ არის, რისთვისაც ის არ შექმნილა და სწორედ ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, ის ამას აკეთებს უხარისხოდ. სამაგიეროდ, გვართმევს ფულს, რომლის მხოლოდ ნაწილს თუ იყენებს ჩვენზე „ზრუნვაში“. დანარჩენი კი უბრალოდ ძარცვაა, რადგან სინამდვილეში, ერთადერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფოს აქვს, ადამიანთა თავისუფლების დაცვაა. იქნება ეს ეკონიმიკური, სოციალური თუ პოლიტიკური თავისუფლება.
სამწუხაროდ, სახელმწიფომ და მისმა იდეამ დიდი ხანია გადაუხვია მისი რეალური მოვალეობების აღსრულების გზას. დღეს ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ სახელმწიფოსგან იძარცვებიან, თანაც კანონის ძალით. ანუ, სახელმწიფომ ძარცვა თავის სასარგებლოდ დააკანონა და შედეგად გააუკუღმართა კანონი, რომელიც ადამიანებს, თავის დროზე, უსამართლობისგან, მათ შორის ძარცვისგან, თავდასაცავად დასჭირდათ, და შექმნა მისგან იარაღი, რომელიც ყველაზე ეფექტურად ძარცვავს იმავე ადამიანებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.