ENG GEO

Search form

კანონი, როგორც თავისუფლების არასრულყოფილი გარანტი

ცივილიზებულ სამყაროში თავისუფლების მრავალი გაგება არსებობს, ბევრისთვის ის ცხოველურ მდგომარეობას წარმოადგენს, ზოგისთვის ის თანდაყოლილი უნივერსალური კანონია, ნაწილისთვის კი ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული ღირსება, რომელსაც ყოველწამიერი დაცვა სჭირდება. თუმცა ამ მოსაზრებების აბსოლუტური უმრავლესობა, ვფიქრობ დაიყვანება ერთ მარტივ დეფინიციამდე, თავისუფლება ესაა მქონდეს არჩევანის უფლება, პირობითად ავირჩიო A ან ავირჩიო ნებისმიერი სხვა, რომელსაც მე ჩავთვლი ჩემთვის საუკეთესოდ. მაგრამ ცხადია თავისუფლების ამგვარი გაგება ძალიან არასრულყოფილია იმასთან, რასაც დღეს დასავლური, ინდუსტრიული საზოგადოება იზიარებს და რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. დღევანდელი ცივილიზებული დემოკრატიული კულტურისთვის თავისუფლება არ მოიაზრებს არჩევანის წინაშო თავშეუკავებელ მდგომარეობას, რომელსაც საზოგადოებრივად არასასურველ შედეგებამდე მივყავართ, არამედ თავისუფლებაა, როცა ადამიანი აზროვნების გზით მიდის კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. აქ კი გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა შესაძლოა გონივრულ თვითშეზღუდვაზეც გადიოდეს, რაც თავისუფლების ამგვარ გაგებასთან ჰარმონიაშია.

თუმცა რა ხდება მაშინ, როცა საქმე არა ინდივიდთან არამედ საზოგადოებასთან გვაქვს? ვინ უნდა ადგენდეს აქ მსგავს „გონივრულ თვითშეზღუდვებს“, რათა შეზღუდულ იქნას ვინმეს მიერ არჩევანის უფლების ბოროტად გამოყენება, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადო კეთილდღეობას? ან ვინ განსაზღვრავს რა იგულისხმება და რა არა არჩევანის უფლების არა კეთილსინდისიერად გამოყენებაში? და საერთოდ აქვს კი ვინმეს მსგავსი შეზღუდვების დაწესების ლეგიტიმაცია? იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს უკეთესი იქნება ამ უკანასკნელით დაწყება. როგორც ჰობსი იტყოდა ადამიანები ურთიერთშეთამხმების საფუძველზე „სოციალური კონტრაქტის“ თეორიის მეშვეობით აფუძვნებენ საზოგადოებას. ისინი ნდობას უცხადებენ ხელისუფალს, რომელსაც ლეგიტიმაციის წყარო ხალხია. სახელმწიფოს აქვს საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვის ექსკლუზივიც, რაც გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას იმისათვის, რომ დაცული იქნას საერთო თავისუფლება. იმისათვის, რომ კანონმა სრულყოფილი სახე მიიღოს აუცილებელია მისი ლოგიკური კავშირი იმ „გონივრულ თვითშეზღუდვასთან“, რაც ბლოგის დასაწყისში უკვე ვახსენე. მაშასადამე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაიცავს ინდივიდების უფლებებსა და თავისუფლებას, რაც კანონების დაკანონებით მიიღწევა, მაგრამ აქ წარმოიშობა აწ უკვე ნახსენები ლეგიტიმური კითხვა, იმ ფონზე როცა არ გვაქვს თავისუფლების საყოველთაოდ მიღებული განმარტება, მეტიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური თავისუფლება განსხვავებული გამოცდილებაა, როგორ უნდა განისაზღვროს კანონები, რომლებიც ერთ, უნივერსალურ საზოგადო თავისუფლების სამსახურში იქნება? ვინაიდან დასაწყისშივე თავისუფლების დემოკრატიული საზოგადოების ჭრილში განხილვა დავიწყე ამ კითხვასაც ამ კუთხით ვუპასუხებ. დემოკრატიულ სამყაროში სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროცესები არჩევითობის პრინციპით იმართება, რაც ყველა მოქალაქის საარჩევნო პროცესებში ჩართულობასა და მისი ხმის გათვალისწინებას გულისხმობს, ამ პროცესებით უმრავლესობის არჩევანი მთელის არჩევანსაც გულისხმობს. მაშასადამე იმ ამომრჩევლის, რომლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში, აპრიორი ხდება ამ კანდიდატის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის მომხრეც. მაგრამ მეორესმხრივ იმ ელექტორატის ნება, რომელსაც პირობითად გამარჯვებამდე ერთი ხმა დააკლდა, ხდება მსხვერპლი იმ დემოკრატიული სტანდარტებისა, რომელიც სახეზე გვაქვს. შესაბამისად ხელისუფლების მიერ განსახორციებელი საკანონმდებლო პროგრამა საზოგადოების უმრავლესობისთვის შეიძლება გარანტი იყოს ინდივიდუალური თავისუფლების, მაგრამ მეორესმხრივ სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოების ასევე მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ თავისუფლებზე.

და ბოლოს მინდა გავიხსენო ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამის ჯეიმს მედისონის სიტყვები: თუ ადამიანები იქნებოდნენ ანგელოზები, არც მთავრობის არსებობის საჭიროება იქნებოდა. (“if men were angels, no government would be necessary”) ვფიქრობ ეს იდეა მკაფიო დადასტურებაა ამ თემის მთავარი სათქმელის, რომ საჭიროება ექსკლუზიურად საკანონმდებლო საქმნიანობით აღჭურვილი სახელმწიფოსი აშკარაა, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს სახელმწიფო ორგანო და მის მიერ თავისუფლების სახელით განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობა იქნება ისეთივე ნაკლულევანი, როგორც ადამიანი ანგელოზის წინაშე.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.