ყველა ადამიანის უფლებაა იყოს თავისუფალი, ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება.
ეს ორი წინადადება იმდენადაა გამჯდარი ჩვენში, რომ ხანდახან არც კი ვიაზრებთ, როდესაც ვამბობთ.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებები და ერთ-ერთი უმთავრესია თავისუფლება. ანუ იგი კანონით გვენიჭება. დაბადებიდანვე ვიღებთ ამ უფლებას და მთელი ცხოვრება გვაქვს. მაგრამ თუ თავისუფლები ვართ, კანონი უნდა მოქმედებდეს ჩვენზე? უნდა ვემორჩილებოდეთ მას? შეიძლება თუ არა კანონისა და თავისუფლების თანაარსებობა.
სანამ ამ საკითხზე დავიწყებთ საუბარს უნდა განვმარტოთ თვითონ კანონი და თავისუფლება. კანონი არის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო თავისუფლება არის შესაძლებლობა, გააკეთო ისე, რაც გსურს. თანამედროვეობაში თავისუფლება მიღებულია, როგორც საზოგადოებაში კონტროლისა და რეპრესიული შეზღუდვების გარეშე ცხოვრება. მაშინ კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლებას?
ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ვიყოთ ერთმანეთის გარემოცვაში. მეცნიერულად დამტკიცებულიც არის, რომ ადამიანს დიდი პერიოდის განმავლობაში მარტო ცხოვრება არ შეუძლია, ის უნდა იყოს კოლექტივის ნაწილი. ამისთვის კი ჩამოყალიბებული უნდა გვქონდეს ჯანსაღი საზოგადოება. ფუნქციური და არსებობის შესაძლებლობის მქონე საზოგადოებისთვის კი აუცილებელია წესები, კანონები. მათ გარეშე ცხოვრება დაემსგავსებოდა ქაოსს, სადაც ადამიანები ფოკუსირებულები არიან მხოლოდ საკუთარ თავზე და უგულებელყოფენ სხვების ცხოვრებას. კანონები გვეხმარება შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წესრიგი. რომ არა ისინი ჩვენ არ გვეცოდინებოდა თავშეკავება, ამის გარეშე კი ჩამოყალიბდებოდა „ბუნებითი მდგომარეობა“ (ჰობსის მიხედვით ეს არის მდგომარეობა , როდესაც ადამიანი არაფერზეა დამოკიდებული და იქმნება სრული ქაოსი). როდესაც ადამიანები ვემორჩილებით კანონს, ამ დროს ჩვენ თავისუფლების გარკვეულ ნაწილს „ვწირავთ“ გამართული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.
„ადამიანის თავისუფლება დაცულია“ (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 13, პირველი პუნქტი). აქ ჩნდება უკვე პარადოქსული სიტუაცია. თუ კანონითაა შემოღებული, რომ ადამიანის თავისუფლება დაცულია და ჩვენ მას ვემორჩილებით, ეს ამასთანავე ნიშნავს , რომ ჩვენი თავისუფლების ნაწილს ვთმობთ, რანაირად გამოდის ეს ორივე სწორი. კი მართალია, რომ ადამიანი თავისუფალია, მაგრამ მთავარი , რაც ადამიანებს მხედველობიდან რჩებათ, არის ის, რომ ადამიანი თავისუფალია იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას არ ეხება. ყველანი , რომ უკიდეგანოდ თავისუფლები ვიყოთ, მაშინ აუცილებლად დაირღვევა თითოეული ჩვენგანის სხვადასხვა უფლებები. მაგალითად , თუ მე „მთლიანად“ თავისუფალი ვარ და არ მზღუდავს არანაირი კანონი, მაშინ შეიძლება, რომ ერთ დღეს გავიღვიძო და გადავწყვიტო, რომ ჩემს მეზობალს თავში ქვა ჩავარტყა და მოვკლა. ვიტყვი, რომ ვერავინ დამიშლის ამას, მე ვარ ჩემი თავის უფალი და გადავწყვიტე ასე მოქცევა, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც, რომ ჩემი საქციელით იზღუდება ჩემი მეზობლის უფლებები. ამიტომ გვჭირდება მესამე პირი, რომელიც ამ ყველაფერს დააბალანსებს. სწორედ აქ შემოდის სახელმწიფო და ის აწესებს კანონებს, რომელსაც ვემორჩილებით , გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არა ეს ყოველივე, რადგან შევძლოთ თანაცხოვრება და ჩვენი საქციელებით არ შევლახოთ სხვისი ცხოვრება.
ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს არ უნდა ვუპირისპირებდეთ კანონსა და თავისუფლებას. ვერასდროს გადავწყვეტთ, რომელია ჩვენთვის უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში არ გვაქვს საშუალება ავირჩიოთ ერთი და მივყვეთ მას. როგორც უკვე ვთქვი თავისუფალნი ვართ დაბადებისთანავე, მაგრამ ჩვენი ამ ყოფით არ უნდა შევეხოთ სხვას. საზოგადოებაში ცხოვრება ნიშნავს დათმობას, გაერთიანებას იმისთვის, რომ გვქონდეს წესრიგი და მშვიდი ცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ სრულად უგულებელვყოთ ჩვენი უფლებები. ჩვენ ვართ თავისუფალნი და ამავე დროს ვემორჩილებით კანონს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.