XIX საუკუნის ინგლისერი ეკონომისტი და ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი ამბობდა, რომ ადამიანმა ყოველივე უნდა განსაზღვროს პირადი ბედნიერების მოტანის შესაძლებლობის კუთხით, მხოლოდ იმგვარად, რომ სხვა ადამიანი არ დააზარალოს.
თანამედროვე ლიბერალიზმი და ჰუმანისტური მიმდინარეობები ზემოთქმული მოსაზრების მიხედვით ხელმძღვანელობენ ასე თუ ისე; მსოფლიოში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკურად განვითარებული სახელმწიფოები სწორედ ამგვარი გამატონებული აზრით, ე.წ. “მეინსტრიმით”, იმართება. კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მიილტვის საკუთარი ბედნიერებისაკენ და დღესდღეობით ადამიანს ჩააგონეს, რომ მისი ბედნიერება უსაზღვრო უნდა იყოს, გარდა ერთისა - იგი არ უნდა ჰკვეთდეს ზღვარს, რომელსაც სხვა ადამიანის თავისუფლება (თუნდაც სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისთ.) ეწოდება. თანამედროვე ადამიანს სიხარულით ატყობინებენ, რომ მას აქვს ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება (ისე, თითქოს აქამდე არ ჰქონია ეს უფლება და ახლა მიიღო) და შეუძლია, როგორ და რა გზითაც სურს, ისე მიაღწიოს მას, მაგრამ სხვას არ ავნოს.
აი, ეს “მაგრამ” გახლავთ ყველა პრობლემის არსი და უდიდესი ოქსიმორონი... მაშინვე ჩნდება კითხვა: როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, თუ ეს უკანასკნელი სხვისი დაზარალების გზით მიიღება, რაც მე მეკრძალება? თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად ესმის ბედნიერების არსი, რომელიც საერთოდ არ გამორიცხავს სხვაზე ძალადობას. მაშ, გამოდის, რომ ვინც ადამიანის ტანჯვა-წამებით ბედნიერობს, იგი ვერც ვერასოდეს გახდება ბედნიერი (ყოველ შემთხვევაში, იდეაში მაინც), მხოლოდ იმიტომ, რომ ასე დააწესა კანონად რამდენიმე ადამიანისაგან შემგარმა ხელისუფებამ...
აქ აქცენტი როდია გაკეთებული ძალადობის შეწყნარებასა თუ მოწონებაზე, არამედ მთავარი არსი ისაა, რომ მგელი ცხვრის შესამოსელშია გადაცმული - სადაც ცხვარი ერთი შეხედვით თავისუფლება და უსაფრთხოებაა; ნამდვილად კი, ეს მგელი უდიდესი შემზღუდავია თავისუფლებისა.
რომ დავუფიქრდეთ, ბედნიერება უმეტესწილად სხვა ადამიანების დაზარალების ხარჯზე მიიღწევა, და ეს გზა თუ გამოვრიცხეთ, მაშინ ბედნიერების მომტანი საშუალებებიდან ძალზე მცირეღა თუ დარჩება ლეგიტიმური. ამ ყოველივეს გამო, ინდივიდი თავისუფლების სახელით მოღვაწე მსოფლიო ხელისუფლებების უდიდესი ტყვეა. ადამიანში ჩაკლეს ნებისმიერი სახის ბრძოლისუნარიანობა, თავდაცვის შნო, პირადი ინიციატივის გაქანება; ამის მაგივრად თანამედროვე ჰუმანიზმი გვეუბნება, რომ ჩამოთვლილთაგან ყოველივეს თავად გააკეთებს და მოაგვარებს - სახელმწიფო სტრუქტურა დაგიცავს ძალადობისაგან, მას ეღვიძება შუაღამით შენ მაგივრად, იგი ადევნებს თვალყურს შენს მტრებს (თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ ფუნქციასაც ვერ ასრულებს იგი რიგიანად)...
... და ადამიანიც ბედნიერია; მას ჯერ არაფრისათვის მიუღწევია და უკვე ბედნიერია, ვინაიდან იცის, რომ რაღაც ძალოვანი სისტემა მასზე ზრუნავს; სინამდვილეში კი, ეს სისტემა მხოლოდ მის სიცოცხლესა და ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს(?)... განა მხოლოდ სიცოცხლესა და ფიზიკურ ჯანმრთელობამდე უნდა დაიყვანებოდეს ბედნიერება?
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის თავისუფლება - არამედ ეს გახლავთ “თავისუფლების” ბუტაფორია. კაცობრიობას პრეტენზია აქვს, ყოველმხრივ შეუქმნას ადამიანს თავისუფლად მოქმედების პირობები, თუმცა არც ეს უკანასკნელია ნამდვილი (თავისი არსით) და არც პირველნახსენები პრეტენზია. მთავარია არა ის, თუ რამდენად კარგია ან ცუდი სხვა ადამიანზე ძალადობა და ზიანის მიყენება საკუთარი ბედნიერების მისაღწევად, არამედ ის, რომ ეს ყოველივე ერთი დიდი აფიორაა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის წისქვილზე ასხამს წყალს და პიროვნებას მთელი თავისი შეგნებით ჰგონია, რომ იგი თავისუფალია. ეს ადამიანი კმაყოფილია იმით, რომ მასზე მოძალადე დაისჯება კანონის ძალით, და მზადაა, შეზღუდოს საკუთარი თავისუფლება ბედნიერების საკითხში სწორედ “თავისუფლების” იმედითა და მისდამი ნდობით.
“ინდივიდის თავისუფლება ჯერჯერობით უნდა შეიზღუდოს; მან თავი არ უნდა მოაბეზროს სხვებს.” - ჯონ სტიუარტ მილი. ეს პიროვნება თავისუფლების მქადაგებლად მიიჩნევა, რომელსაც ამ თავისუფლების გასაქანის მასშტაბები სხვა ადამიანისადმი ზიანის აღკვეთის დონემდე დაჰყავს.
საერთო ჯამში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამ თვალთმაქცური სიტუაციისა გახლავთ ანარქო-ინდივიდუალიზმის იდეა, რომელიც ნამდვილ თავისუფლებას შექმნის სამყაროში (მათ შორის იმ ადამიანებშიც, ვინც სახელმწიფოს აირჩევს დამცველად, რადგან ეს მათი არჩევანი იქნება). ამ შემთხვევაში უმაღლესი კანონი ინდივიდუალურ გადაწყვეტაში უნდა მოიძებნოს, რაც სრული თავისუფლების - ესე იგი, ნებისმიერი სახის ბედნიერების მიღწევის - საშუალებას მოგვცემს, ხოლო დანარჩენი თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუ რა გზას აირჩევს და რამდენად მოახერხებს ბედნიერების მოპოვებას... ჩემი აზრით, თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალადობის აღკვეთა (პირველის მოსპობის ხარჯზე) და მის სასარგებლოდ შექმნილი ნებისმიერი კანონი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.