მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს მგონი დღე არ გადის, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სიტუაციაზე არ ვილაპარაკოთ, განვიხილოთ და ვიწუწუნოთ. ალბათ, თითოეულ ადამიანს თავისებური წარმოდგენა აქვს მისთვის იდეალურ სახელმწიფოზე, თუმცა ახლა არა ჩემთვის, არამედ არისტოტელესთვის იდეალური სახელმწიფოს ტიპის განხილვას ვაპირებ.
არისტოტელეს აზრით, საუკეთესო სახელმწიფო არ არის ისეთი სახელმწიფო, სადაც მმართველობის ფორმა თუ კანონები მოქალაქეთა სურვილით აირჩევა, არამედ ის სახელმწიფო, რომელში არსებული ცხოვრების წესიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, არისტოტელეს ამ მსჯელობას ბევრი ნაკლი აქვს, ამ ნაკლთაგან უმთავრესი კი საშუალოზე მაღალი და დაბალი ფენის ინტერესთა უგულებელყოფაა.
საინტერესოა, რატომ აირჩია არისტოტელემ სახელმწიფოს იდეალურ ფორმად ისეთი სახელმწიფო, რომელის მოსახლეობის უმრავლესობისთვისაა ხელსაყრელი? თუ სახელმწიფოს მოსახლეობას უხეშად დავყოფთ სამ ნაწილად, მივიღებთ მდიდრებს, საშუალო ფენას და ღარიბებს. თუ მივყვებით შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ბედნიერი ცხოვრება ზნეობრივი ცხოვრების ექვივალენტურია, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ შუალედის პოვნა და შენარჩუნებაა ზნეობა, რომელსაც საუკეთესო ცხოვრებამდე მივყავართ და თან ასე თუ ისე ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, არისტოტელეს აზრით, მდიდრები თავიანთი ცხოვრების წესით უზნეოები არიან. ღარიბები კი თავის გადარჩენის მიზნით ბოროტდებიან. საინტერესოა ბოროტების განსაზღვრება და დებატი მისი მორალურობა/ამორალურობის შესახებ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბლოგის სათაურს არ ეხმიანება. ამას გარდა, მაღალი ფენის წარმომადგენლებს, ცხადია, უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა, შესაბამისად კი უფრო დიდი ძალაუფლება აქვთ, რასაც ხშირად სახელმწიფოსთან დასაპირისპირებლად იყენებენ. დაბალი ფენის წარმომადგენლები, ცხადია, პირიქით - სახელმწიფოს მუდმივად მორჩილებენ, რაც საუკეთესო სახელმწიფოს იდეას ეწინააღმდეგება. ეს მოსაზრება ისტორიული ფაქტებით არ მტკიცდება, რადგან თითქმის ყველა სახელმწიფოს ისტორიის გარკვეული ნაწილი სწორედ დაბალი ფენის აჯანყებებმა შეცვალა.
არისტოტელეს აზრით, სწორედ საშუალო მდგომარეობაში მყოფნი იცავენ სახელმწიფოს სიმყარეს, რადგან ისინი არც დაბალი ფენის მსგავსად ითხოვენ რაიმეს, და არც ვინმე ითხოვს მისგან რამეს, მაღალი ფენის მსგავსად. თუმცა, ვფიქრობ ამ მსჯელობისას არ არის გათვალისწინებული ადამიანთა ბუნება - რომ ის ყოველთვის უფრო მეტისთვის ისწრაფვის, არ სჯერდება იმას, რაც უკვე მოიპოვა, ამიტომ ნებისმიერ სახელმწიფოში, საშუალო ფენასთან ერთად აუცილებლად იარსებებს მაღალი და დაბალი ფენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ასე ჯიუტად ეცდება მხოლოდ საშუალო ფენის შენარჩუნებას, დიდი ალბათობით, მმართველობის ფორმად ტირანიას მივიღებთ
ვფიქრობ, არისტოტელეს მსჯელობა, მითუმეტეს მისი მოღვაწეობის პერიოდიდან გამომდინარე დასაფასებელია, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მისი შეხედულებების განხორციელება და „საუკეთესო სახელმწიფოს” შექმნა შეუძლებელია, თანაც საუკეთესო სულაც არ არის. თითქოს, მის შედეგად სრული ჰარმონია მიიღწევა, მაგრამ ამის ილუზიას პრაქტიკული გამოცდილების ნაკლებობა ქმნის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.