მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტია. ადამიანი და სახელმწიფო ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან და ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. რომ შეგვეძლოს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის გამოკითხვა, ალბათ, თითოეული მათგანისგან განსხვავებულ აზრს მოვისმენდით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო. საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემდა ამ კითხვაზე კონსეკვენციალიზმი, დეონტოლოგია ან არისტოტელეს ეუდაიმონისტური ფილოსოფია და რა მნიშვნელობას მიანიჭებდნენ ისინი ზომიერების როლს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთლიანად სახელმწიფოს ფორმირებაში.
არისტოტელე თავის „პოლიტიკაში“ ამბობს, რომ საშუალო კლასი სახელმწიფოს სიმტკიცის გარანტია, რადგან საშუალო კლასი წარმოშობს წონასწორობას, რის შედეგადაც, აღარ ხდება აჯანყებები და დაპირისპირებები ორ უკიდურეს კლასს შორის, ყალიბდება საუკეთესო სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და კანონი თავის უზენაესობას ინარჩუნებს. არისტოტელეს მოსაზრებასთან დაკავშირებით მახსენდება პლატონის „სახელმწიფო“, სადაც სოკრატე სახელმწიფოს ფორმირებისთვის აუცილებელ პირობებად სიბრძნესთან, სიმამაცესთან და სამართლიანობასთან ერთად ზომიერებასაც ასახელებს. პლატონისთვის ზომიერება გადამწყვეტია როგორც ცალკეული ინდივიდის სულში, ისე მთლიანად სახელმწიფოში.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კონსეკვენციალიზმის, დეონტოლოგიისა და არისტოტელეს ეუდაიმონისტური ფილოსოფიის შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა სამივე ფილოსოფია შეჯერდება იმ აზრზე, რომ ზომიერება სახელმწიფოს ფორმირებისა და სწორად ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა.
დავიწყოთ კონსეკვენციალიზმით, რომლისთვის მთავარი შედეგია და რომელიც ქმედების მორალურ ღირებულებას ზომავს იმ სარგებლით, რომელიც ამ ქმედებით გამოწვეულ შედეგს მოაქვს. კონსეკვენციალისტებისთვის ზომიერება მორალურად გამართლებული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ზომიერება უზრუნველყოფს მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებისთვის სარგებლის მოტანას. ამის საილუსტრაციოდ კარგი საშუალებაა პატიმრის დილემა, რომელიც ცხადყოფს, რომ კერძო საკუთრების პირობებში ადამიანების მიერ რესურსების გონივრულად, რაციონალურად, ზომიერად გამოყენება ყველასთვის სასარგებლოა. კონსეკვენციალისტები ზომიერებას მხარს დაუჭერენ ადამიანის სულშიც, რადგან ზომიერება უზრუნველყოფს ჰარმონიასა და წონასწორობას, ადამიანების ინდივიდიაულური ჰარმონია კი მთლიანად სახელმწიფოს ბალანსსაც განაპირობებს. კონსეკვენციალისტებისთვის ზომიერება სასურველია იმ შედეგის გამო, რომელიც მას ცალკეული ადამიანებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის მოაქვს. ეს შედეგი გახლავთ ჰარმონია, წონასწორობა, რომელიც უფრო მეტად მიმართავს ადამიანის ქმედებებს ბედნიერებისკენ.
დეონტოლოგიური ეთიკის ცენტრალურ კონცეპტს კანტის კატეგორიული იმპერატივი წარმოადგენს, რომლის პრინციპების შესრულება არის იმის გარანტი, რომ ქმედება მორალურად მართებულია. დეონტოლოგიის ამოსავალი წერტილი მოვალეობებია. საინტერესოა, რა მოხდებოდა, ზომიერება რომ საყოველთაო წესად და კანონად გვექცია. ხომ არ მივიდოდით უტოპიამდე? ალბათ, არა, რადგან ვფიქრობ, სწორედ ზომიერება ეხმარება ადამიანს მოვალეობების შესრულებაში როგორც საკუთარი თავის, ისე სახელმწიფოს წინაშე. ზომიერება ადამიანს თითქოს უფრო მეტად ობიექტურს და რაციონალურს ხდის, რაც, ალბათ, მოვალეობის შესრულების პროცესში გადამწყვეტია. საჭიროების შემთხვევაში სწორედ ზომიერება უბიძგებს ადამიანებს კონკრეტული ცვლილებისკენ, ცვლილებები კი სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელია. კანტის კატეგორიული იმპერატივის მეორე პრინციპის თანახმად, ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არამც და არამც მხოლოდ საშუალება. სწორედ ზომიერების პირობებში ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი სურვილები და იმოქმედოს საკუთარი და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად იქნება მიზანი და არა მხოლოდ საშუალება.
ვფიქრობ, არც ერთ ფილოსოფიაში არ ენიჭება ზომიერებას იმხელა როლი, როგორიც არისტოტელეს ევდემონისტურ ფილოსოფიაში. არისტოტელესთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება და კომპლექსურ მორალურ სიტუაციაზე რეაგირება რაციონალურია იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფუძნება ე.წ. „ოქროს შუალედს“. „ოქროს შუალედი“ აუცილებლად არ გულისხმობს ნეიტრალურ, შუალედურ ქმედებას. ეს კონცეპტი ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას, თავად განსაჯოს, რა იქნება მოცემულ მომენტში ყველაზე ოპტიმალური, რაციონალური გადაწყვეტილება. ალბათ, არ იქნება უსაფუძვლო, თუ ვიტყვით, რომ არისტოტელეს ევდემონისტური ფილოსოფიისთვის სახელმწიფოს ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის საუკეთესო საშუალება „ოქროს შუალედია“.
და მაინც, რა არის ზომიერება - ფიქსირებული შინაარსის მქონე ცნება თუ ინდივიდუალური განსჯის საგანი?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.