რა არის სახელმიწიფო და რატომ წარმოიქმნა მისი შექმნის საჭიროება ადამიანთა ცხოვრებაში? ეს საკითხი საუკუნეთა განმავლობაში ერთ-ერთი აქტიური განხილვის საგანი გახლდათ. მართლაც საინტერესოა, სახელმწიფოს შექმნა ხომ გულისხმობს ადამინთა მიერ თავიანთი უფლებების ნაწილი დათმობას - რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამ დათმობაზე წასასვლელად. ამ კითხვაზე პასუხის ძიება შეიძლება ანტიკური ფილოსოფიიდან დავიწყოთ. არისტოტელეს აზრით, სახელმწიფო შექმნილია მასში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს მის მოქალაქეებს და აძლევდეს საშუალებას, იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ და "უმჯობესია, რომ ბატონობდეს კანონი და არა რომელიმე ერთი მოქალაქე". სხვა ეპოქებში სახელმწიფოს შექმნის მიზეზად ღვთიური ძალა მიაჩნდათ, მისი მეთაურის ვინაობის ლეგიტიმაციაც ამ გზით ხდებოდა.
თუმცა, მოგვიანებით მოაზროვნეებმა დაიწყეს სახელმწიფოს შექმნის თეორიის სხვაგვარად წარმოჩენა. ამ მხრივ საინტერესოა ჯონ ლოკისა და თომას ჰობსის ნააზრევები. სახელმწიფოს არარსებობის პირობებში ადამიანები არიან ბუნებით მდგომარეობაში, როდესაც აქვთ აბსოლუტური თავისუფლება, აქვთ საშუალება მოიმოქმედონ ნებისმიერი რამ, რაც მოესურვებათ. ასეთი სრული ქაოსის პირობებში ადამიანები საფრთხის წინაშე დგანან - თუ მე მაქვს საშუალება და არაფერი მზღუდავს იმისგან, რომ რაც მომინდება ის გავაკეთო, და იმავე მდგომარეობაში იმყოფება ჩემს გარშემო არსებული ნებისმიერი ადამიანი, ბუნებრივია, ჩნდება საფრთხე, რომ ადამიანები ერთმანეთის სიცოცხლეს, საკუთრებასა და თავისუფლებას შეზღუდავენ, უსამართლობა, უწესრიგობა დაისადგურებს, თავს ვერავინ ვეღარ იგრძნობს უსაფრთხოდ და ადამიანის ერთადერთი საზრუნავი ფიზიკური გადარჩენა იქნება, ის ვეღარ განვითარდება სხვაგვარად. ლოკი თვლის, რომ ასეთ პირობებში ადამიანები ამ ყველაფერს გაიაზრებენ და უმთავრესი უფლებების - სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების დასაცავად შექმნიან სახელმწიფოს თავისი განსაზღვრული კანონებით. ამ სოციალური კონტრაქტის დროს ჩვენ ვთმობთ ჩვენი თავისუფლების ნაწილს იმ ხარჯზე, რომ ცხოვრება უსაფრთხოდ გავაგრძელოთ, მოგვეცეს განვითარების საშუალება და მუდმივ შიშში არ გვიწევდეს არსებობა.
შეგვიძლია ეს საკითხი კონსეკვენციალიზმისა და უტილიტარიზმის ჭრილში განვიხილოთ, რომელიც გულისხმობს იმ ძირითად იდეას, რომ მოქმედების მორალურობასა და სისწორეს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მისი შედეგი. კონკრეტული ქმედება აუცილებლად უნდა ახდენდეს საზოგადო ბედნიერების, საყოველთაო კეთილდღეობის მაქსიმიზებას. თუ ჩვენ საკუთარ უფლებებისა და თავისუფლების ნაწილს ვთმობთ უფრო დიდი საზოგადო კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივის მოსაპოვებლად, კონსეკვენციალისტური მოძღვრება აუცილებლად გაიზიარებს ამ შეხედულებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ ფორმით არსებობა ამ მოძღვრების გადმოსახედიდან გამართებული იქნება.
ასევე, აღნიშნული საკითხი გავშალოთ დეონტოლოგიური მოძღვრების შესაბამსიადაც, რომელიც ქმედების სისწორეს განსაზღვრავს არა შედეგის, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ის იმპერატიული ხასიათის ნორმების ერთობლიობას. მთავარი დატვირთვა მიზეზებსა და მოვალეობებზეა. სახელმწიფოს შექმნისას უზენაესი ხდება კანონები, რომლებიც გვიცავენ ჩვენი სიცოცხლის, საკუთრებისა და თავისუფლების შეზღუდვისგან, ამიტომ, სახელმწიფოს შექმნის კონცეფცია დეონტოლოგიური ფილოსოფიისთვისაც მისაღები და გამართლებული იქნება.
ხოლო, რაც შეეხება ბუნებითი სამართლის თეორიას, მისი მიხედვით ყველა ადამიანი ფლობს თანდაყოლილ და გაუსხვისებელ უფლებას, რომლის ქონაც გამომდინარეობს მხოლოდ მისი ადამიანური საწყისებიდან და სახელმწიფოს არ აქვს მისი მინიჭების თუ ჩამორთმევის უფლება. ამგვარ თანდაყოლილ უფლებებს განეკუთვნება სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება, რეპროდუქცია და შთამომავლობის ერუდირება, ღმერთის შეცნობა და თაყვანისცემა, საზოგადოებაში ცხოვრება. ადამიანები ამ ძირითადი მცნებებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, სახელმწიფოს შექმნის ძირითად არსშიც მოიაზრება იმ პირობების შექმნა, როცა ადამიანებს შეეძლებათ ამ თანდაყოლილი უფლებების რეალიზება, შესაბამისად ეს თეორიაც ჰარმონიულია სახელმწიფოს შექმნის იდეასთან.
საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოს შექმნის იდეას, რომელიც ჩვენს მიერ თავისუფლების ნაწილის დათმობას გულისხმობს, სხვადასხვა ფილოსოფია შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოვარგოთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.