Patriotism is when love of your own people comes first; nationalism, when hate for people other than your own comes first. - შარლ დე გოლი
ალბათ თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია განსაკუთრებული გრძნობა იმ ადგილის მიმართ, სადაც დაიბადა. ის ადგილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის ჩვენს ნაწილად რჩება. დღეს ტერმინი ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი თითქმის სინონიმურ კონტექსტში გამოიყენება, თუმცა ეს ორი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაციონალიზმი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც „რომელიმე ერის ანუ „ნაციის“ მიმართ ერთგულება და თავდადება“, მაგრამ ეს განმარტება მხოლოდ ზედაპირულია. ნაციონალიზმი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური იდეოლოგიაა. მისი მთავარი ბუნება კი კონკრეტული ერის ინტერესების დაცვასა და ხელშეწყობაში მდგომარეობს.
პატრიოტიზმიც, ნაციონალიზმიც მსგავსად ქვეყნისთვის თავდადებას და მხარდაჭერას გულისხმობს, თუმცა ნაციონალიზმისგან განსხვავებით ის პოლიტიკური მოძრაობის სახეს ნაკლებად იღებს.
უდავოა, რომ ამ ორ ტერმინს მრავალი საერთო აქვთ, თუმცა, დროთა განმავლობაში, სიტყვა „ნაციონალიზმმა“ უფრო რადიკალური აზრი შეიძინა და თუკი პატრიოტიზმი ქვეყნის სიყვარულს აღნიშნავს, ნაციონალიზმი ამასთან ერთად სხვა ქვეყნების, ხალხის და კულტურის სიძულვილსაც მოიცავს. მასში ჩანერგილია ის იდეა, რომ ერთი ერი სხვებზე მაღლა დგას. ის უფრო მეტად ფოკუსირდება ნაციონალური კულტურის, იდენტობის და ინტერესების გავრცელებაზე და სწორედ ეს განასხვავებს მას პატრიოტიზმისგან.
ჯორჯ ორუელი ამ ორი ტერმინის შორის განსხვავების საჩვენებლად მათ აღწერდა, როგორც შემტევ და თავდაცვით დამოკიდებულებებს. ნაციონალიზმს ძალაუფლება სურს, მას უნდა რომ მისი ერი ყველაზე ძლევამოსილი და პრესტიჟული იყოს. ხოლო პატრიოტიზმი არ ცდილობს ამ იდეოლოგიის სხვა ერებისთვის თავზე მოხვევას.
ამ ორი ტერმინის განსხვავების დანახვაში, ვფიქრობ, მათი ეთიკური კუთხით მიმოხილვა უფრო დაგვეხმარება.
ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსი პატრიოტულ მოვალეობას მისი კარგი შედეგებით ხსნის, შესაბამისად, კონსეკვენციალიზმის ჭრილში ამართლებს. პატრიოტიზმი გავალდებულებს რომ იმოღვაწეო ისე, რომ შენს ქვეყანას არგო, შესაბამისად, პატრიოტ ადამიანებს თანამემამულეების მიმართაც კეთილი განწყობა უვითარდებათ. თუკი პატრიოტული სულისკვეთებით აღვსილი ადამიანი იმაზე მეტად შეიწუხებს თავს თანამემამულის დახმარებისთვის, ვიდრე უცხო ქვეყნის მცხოვრები ადამიანის დახმარებისთვის შეიწუხებდა, ამით საყოველთაო კეთილდღეობასაც მაინც გაზრდის და ქვეყანასაც დაეხმარება. ხოლო ნაციონალიზმი, იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით საკუთარი ქვეყნის დახმარებით კარგ შედეგს იღებს, მისი რადიკალური ფორმა სხვა ერების ჩაგვრით გამოიხატება, რაც საყოველთაო სიკეთის გაზრდის ნაცვლად ერებს შორის დაპირისპირებას წარმოქმნის, შესაბამისად ეს იდეოლოგია მისი უარყოფითი შედეგის გამო კონსეკვენციალისტური ეთიკური თეორიის მიხედვით ვერ გამართლდება.
რაც შეეხება დეონტოლოგიურ ეთიკურ თეორიას, მისი ცნობილი მხარდამჭერი, იმანუელ კანტი, თავის კატეგორიული იმპერატივით გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორი უნდა იყოს და სხვას არ უნდა გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა რომ ჩვენ გაგვიკეთონ. ეს ნაციონალისტურ იდეებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ნაციონალიზმი, როგორც უკვე ვახსენე, წინ აყენებს თავის ერს, ხოლო სხვა ერის წარმომადგენლებს აკნინებს. პატრიოტიზმი, მისგან განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი ერის პატივისცემისკენ მოგვიწოდებს, რაც არც კანტის კატეგორიულ იმპერატივს და არც დეონტოლოგიურ უნივერსალურ წესებს არ არღვევს.
იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს ერთმანეთისგან ბევრი არაფერი განასხვავებთ, მათი ეთიკურ ჭრილში განხილვისა და დაკვირვების შემდეგ მათ შორის განსხვავება ბევრად უფრო ნათლად წარმოგვიდგება. შეიძლება ჩავთვალოთ კიდეც რომ ნაციონალიზმი პატრიოტიზმია, ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.