ENG GEO

Search form

It’s not a crime to be a divergent

ადამიანს გააჩნია უნიკალური უნარი, რომ ცხოვრება რაც შეიძლება მეტად გაირთულო. ყველა ცოცხალი ორგანიზმი მიისწრაფვის იმისკენ, რომ მისთვის საჭირო რამ მიიღოს ყველაზე მარტივად და ოპტიმალურად, მაგრამ არა ადამიანი. ადამიანმა აუცილებლად უნდა შექმნას წესები, კანონები, შეზღუდვები. Მისცეს სხვა ადამიანებს საშუალება, რომ მათ გადაწყვიტონ მისი ბედი, მათ მიუსაჯონ სასჯელი, მათ დააჯილდოვონ სასარგებლო საქმისთვის და ამ ყველაფერს ისინი სახელმწიფოს ეძახიან.

ჩემზე ჭკვიან ადამიანებს დავესესხები და ვიტყვი, რომ იდეალური მმართველობა ჯერ არ გამოუგონებიათ და ალბათ ვერც გამოიგონებენ. თუმცა ალბათ ისტორიიდან და თუნდაც დღესდღეობით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კაცობრიობის წინაშე დასმულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავედ დასმულ საკითხად მივიჩნევ პიროვნების ინდივილუალურობის შენარჩუნების საკითხს. ჩემი პირადი აზრით, ინდივიდუალურობა არის სწორედ ის ფაქტორი, რომელიც პროგრესისაკენ გვიბიძგებს. Სწორედ განსხვავებული მოსაზრება გვაფიქრებს იმ საკითხებზე, რომლებზეც აქამდე არ გვიფიქრია და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სწორედ განსხავებულად მოაზროვნე ადამიანებმა შექმნეს სახელმწიფოები, სადაც სურდათ, რომ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებს ეცხოვრათ. 

ამ შემთხვევაში, მინდა განვიხილო პრობლემები კონსეკვენციალიზმში, დეონტოლოგიასა და ბუნებით სამართალში ადამიანის ინდივიდუალურობის აღქმის კუთხით. 

კონსეკვენციალიზმისთვის მთავარია ჯამური კეთილდღეობა, შესაბამისად, ცალკეული პიროვნების ინტერესებს ნაკლები ყურადღება ენიჭებათ. შეიძლება მოცემულ მიმართებაზე გაგვახსენდეს მემარცხენეობა. არაერთი იდეალური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა ყოფილა მემარცხენეობის საფუძველზე, თუმცა ყველა მათგანი კრახით დასრულდა. ვფიქრობ იმიტომ, რომ ადამიანი არ არის რობოტი, რომლის დაპროგრამებასაც შეძლებ შენი საჭიროებებიდან გამომდინარე. ადამიანი არის ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი და ფართო ინტერესების მქონე არსება, რომელიც ერთ ყუთში ვერ იჯდება მთელი ცხოვრება. შეიძლება, რომ ერთ დღეს რაც მიაჩნდა სწორი, მეორე დღეს სრულიად აფსურდად მოეჩვენოს და ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა იყო ჭეშმარიტად სწორი და რა - არასწორი. 

Მეორე მხრივ გვაქვს ბუნებითი სამართლის ცნება, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ღირებუნებები, რომლებიც ნებისმიერი ინდივიდისთვის შეუცვლელია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით ინდივიდუალურობის დაუფასებლობის პრობლემას, რადგან ამ იდეოლოგიის თვალსაზრისით არცერთი ადამიანი არ იბადება სუფთა ფურცლით, არამედ ყველა მათგანს მოყვება გარკვეული ინსტრუქცია, რაც, გარკვეულწილად, თავისუფალი აზროვნების ფენომენს აკნინებს. არაა აუცილებელი, რომ ვიღაც ადამიანისთვის ლოგიკური იყოს ის ყველაფერი, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ლოგიკურად მიიჩნევს. რატომღაც დღემდე დევიაცია მსოფლიოს უმრავლესობისთვის მიუღებლად მიიჩნევა, მაშინ, როცა სწორედ დევიანტი ადამიანებისგან იწყება თუნდაც დიდი რევოლუციები და გადატრიალებები, რომლებმაც დღეს ჩვენ აქამდე მოგვიყვანეს.

დეონტოლოგიასაც გააჩნია გარკვეული ლაფსუსები, როგორიცაა კონკრეტული წესების არსებობა, რომელთაგან გადახვევაც დაუშვებელია ნებისმიერ სიტუაციაში. ვფიქრობ ეს უკანასკნელი უარყოფს ადამიანის რაციონალურობის განცდის არსებობას. უარყოფს იმას, რომ ადამიანს თავად შეუძლია განსაჯოს და გადაწყვიტოს, რა იქნება მისთვის უკეთესი. Რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოუტანს მას გარკვეული მოქმედება. ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევაში კონკრეტული მითითებები, ბრძანებები და წესები არ არის ეფექტური, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მითითებები, ბრძანებები და წესებიც სწორედ ისეთივე ადამიანების მიერ იქნა შექმნილი, როგორებმაც ამ ყოველივეს უნდა მისდიონ.  

საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ საჭიროა ადამიანის ინდივიდუალურობის წარმოჩენასა და გაღვივებას სახელმწიფომ საკმარისი ყურადღება მიაქციოს, რადგან არავინ იცის, რამდენ სიკეთეს მოუტანს ეს ყოველივე არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდს, არამედ მთლიანად მსოფლიოს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.