ENG GEO

Search form

მარიამ ურუშაძე

What would Kant think ?

20.04.2021

ნებისმიერი მცდელობა, ვიპოვოთ ის ერთადერთი პარადიგმა, რომლის მიხედვითაც ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში განვსაზღვრავთ მოქმედების მართებულობას, მარცხისთვისაა განწირული. სისწორის შეფასებისას შეიძლება ვიხელმძღვანელოთ სოციუმის, რელიგიური ორგანიზაციების მიერ ნაკარნახევი მორალური მაქსიმებით,  ირაციონალური, ეგოისტური ლტოლვებით ან უბრალოდ შედეგებით.  თეორიული შესაძლებლობა ცხადია მრავალნაირია, მაგრამ კანტის ერთადერთი. მოქმედებების სისწორეს იგი დეონტოლოგიური ეთიკით განსაზღვრავს. 

 

 კანტის მიხედვით, მოქმედების მორალური სისწორე არ გამომდინარეობს ჩვენი სურვილებიდან, გრძნობებიდან და შედეგებიდან, არამედ მოვალეობებიდან.  ერთადერთი კითხვა უნდა დაისვას, რამ განაპირობა აგენტის მოქმედება.  განვიხილოთ ორი სიტუაცია. დავუშვათ, გვყავს x ადამიანი, რომელსაც ახასიაათებს მწვავე ემპათიის განცდა, ალტრუიზმი,  გული შესტკივა მომავალ თაობაზე, უმწეო ბავშვებზე, რის გამოც პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს, შემოწირულობებს აკეთებს ბავშვთა სახლებში და აფინანსებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვის განათლებას. მეორე მხრივ გვყავს y ადამიანი, სხვა მშობლების მსგავსად ზრუნავს საკუთარ შვილზე. მხოლოდ იმიტომ რომ გააჩინა, უზრუნველყოფს მას საკვებით, სახლით და განათლებით. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის ქმედება არაა არასწორი,  საზოგადო აღფრთოვანებას, მოწონებას დაიმსახურებს ქველმოქმედი პიროვნება, რომელიც თავისი კეთილი ნებით, ემოციური განცდების საფუძველზე ეხმარება მათ ვის წინაშეც არანაირი ვალდებულება არ აქვს.  აღფრთოვანების მიღმა კი დარჩება დედა, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებლობის გამო, უბრალოდ ზრუნავს თავის ნაშიერზე, სისხლსა და ხორცზე.

 იმის განხილვისას, თუ ვისი ქმედებაა მორალურად ღირებული, უნდა მივუბრუნდეთ კითხვას თუ რამ განაპირობა მოქმედება. X ადამიანის შემთხვევაში, მამოტივირებელი არის ემოცია, ხოლო y ადამიანის შემთხვევაში ბუნებრივი ვალდებულება მშობლისა.  კანტის მოსაზრების გათვალისწინებით, მორალურად სწორად, მართებულად უნდა ვაღიაროთ ქმედება, რომელიც გამოწვეულია ვალდებულებით, და ასევე  უნდა ვთქვათ ისიც, რომ სურვილების, ემოციებისგან გამოწვეულ საქციელს თავისთავად არაფერი აქვს საერთო მორალურობასთან.

 მაგალითში, სადაც დედა ზრუნავს შვილზე მოვალეობის განცდის გამო, არაფერია წინააღმდეგობრივი, მაგრამ საკმარისია ოდნავ შევცვალოთ ნარატივი და გაჩნდება შეუთავსებლობის, ამაზრზენობის  განცდა მორალურად მართებულსა და ვალდებულებას შორის. ასე მაგალითად, ინკების საზოგადოებაში არსებობდა კაპაკოჩას რიტუალი, რომელშიც ძალიან ხშირად ბავშვები წარმოადგენდნენ სამსხვერპლო კრავებს. ისინი არ იყვნენ სამხედრო ტყვეები, მონების შვილები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც არ გრძნობდა საზოგადოება. პირიქით, ეს ბავშვები მემკვიდრეები, გამორჩეული არსებები იყვნენ.  რიტუალის მიზეზი განპირობებული იყო  თავად ინკების რწმენით, რომლის მიხედვითაც, ღვთაებებთან   მხოლოდ საუკეთესო უნდა გაიგზავნოს,  ეს  გახლდათ უპირატესი ვალდებულება, რომელსაც ყველა ინდივიდი იზიარებდა. 

 ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მშობლები მაინტერესებს,  მშობლები რომლებსაც უყვარდათ შვილები, ზრუნავდნენ მათზე, ხედავდნენ მომავალს, საკუთარ გაგრძელებას და ჩვეულებრივ იყვნენ ხოლმე მათი შვილების უსაფრთხო ძილის, სიმშვიდის მცველები.  ჩვენეული  გადმოსახედიდან, ადამიანთა უმრავლესობას არათუ მორალურობა თავად ამ ფაქტის შესაძლებლობა გააკვირვებს. პირველადი რეფლექსით, განცდით და განსჯით ესაა აბსურდი, დაუშვებლობა, რომელსაც გამართლება არ აქვს. 

 თუმცა, კანტის ეთიკას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი  y დედის და კაპაკოჩას რიტუალში მონაწილე დედის მოქმედებები მორალურად ერთნაირად მართებულია.

 დიახ, შვილზე ზრუნვა ვალდებულებაა, მაგრამ ღმერთებისათვის საუკეთესოს გაღება უფრო დიდ მოავალეობად ითვლებოდა ამ საზოგადოებაში, შესაბამისად კანტისეული აღქმის გათვალისწინებით,  პარადოქსულად, სწორედ ამ უკანასკნელის, საკუთარი შვილის მოცილების, გაწირვის აქტი უნდა მივიღოთ მორალურად მართებულ, სწორ ქმედებად.

 ჩვენ ქველმოქმედი ადამიანის მაგალითის განხილვისას გარკვეულწილად დავგმეთ ემოციები, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ კანტი მთლიანად გამორიცხავს მათ,  პიროვნებებს აქცევს უემოციო, რობოტულ არსებებად? ცხადია, არა. აქ ადამიანთან ერთად ისევ არსებობს ემოცია, მაგრამ ქმედების შეფასებაში არსებით როლს არ თამაშობს. უფრო მეტიც, ყველა ემოცია, საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაილახოს რათა შესრულდეს ვალდებულება.

ანა მოწერელია

ცხოვრება კანტის მიხედვით თუ კანტის გარეშე?

20.04.2021

 

 

Დეონტოლგია- ეს არის მოძღვრება მოვალეობების შესახებ. Მის მიხედვით ადამაინებმა გარკვეული, სწორი წესების მიხედვით უნდა იცხოვრონ და არ უნდა გადაუხვიონ არსებული მორალიდან- ეს ყველაფერი საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანს. Იმანუელ კანტი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმდევარი ამ მოძღვრებისა, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღის მის განვითარებაში. Მას მიაჩნია, რომ ადამიანმა იმ წესის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს, რომელსაც საყოველთაო წესად აქცევდა. იგი იზიარებდა ცნობილ ბიბლიურ გამოთქმას “ისე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ”. Კანტის მიხედვით დაუშვებელია ადამიანებით “სარგებლობა” საკუთარარი მიზნებისთვის. Იგი გმობს მონობას, ტყუილს და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სწორის არასწორისგან გარჩევა და მოგვიწოდებს, ამ უნარით ვიმოქმედოთ, რათა საზოგადოება უკეთესი გახდეს. Მაგრამ რა მოხდება, თუკი ჩვენ დავგმობთ კანტს და არ გავითვალისწინებთ მის მოწოდებას? Ან პირიქით, თუკი მას ბრმად მივყვები? 

Ადამიანისთვის არც ისე მარტივია მისდიოს წესებს და უარი თქვას საკუთარ სურვილებზე. Ალექსანდრე ყაზბეგმა ზუსტად ასახა ეს პრობლემა თავის ნაწარმოებში “ხევისბერი გოჩა”. Მთავარ პერსონაჟ ონისეს უწევს არჩევანის გაკეთება გრძნობასა და მოვალეობას შორის, არასწორსა და სწორს შორის. Მან იცის, რომ არასწორია ძიძიას სიყვარული, რომ ეს ამორალურია- ის ხომ მისი ხელისმომკიდეა, მაგრამ მაინც მიდის წესების წინააღმდეგ- წამიერი ვნებები სოფლის მოსახლეობის ნახევრის ფასად დაუჯდება და საბოლოოდ კარგავს ყველაფერს საკუთარი სიცოხლის ჩათვლით- აი რა მოჰყვა მის უწესო საქციელს.

 

Გარდა ამისა, წესების არ დაცვა მსოფლიოში ქაოსსაც გამოიწვევს- თუკი ყველანი მოვიტყუებით, ვიქურდებთ, მოვკლავთ, შეუძლებებლი გახდება ცხოვრება. აᲛიტომაცა შეიქმნა მორალი და წესები- ეს ერთგვარი შეთანხმებაა საზოგადოების მიერ რაციონალურ ქცევაზე, რაც ადამიანთა მოდგმის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფს. 

 

Მეორე მხრივ, ხარვეზები კანტთანაც გვხდება. Ეს ნათლად ჩანს პროსპერ მერიმეს ნაწარმოებში “მატეო ფალკონე”, სადაც მატეო კლავს საკუთარ ათი წლის  შვილს, ფორტუნატოს იმის გამო, რომ მან გვარი შეარცხვინა. Მატეო ამას აკეთებს სრულიდან გაცნობიერებულად და სწორადაც მიაჩია საკუთარი საქციელი, ვიანიდან და რადგანაც, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს სჯერა, რომ  ბოროტებას სპობს და დამნაშავე, სულში ეშმაკშეპარული თუნდაც ბავშვიც  კი უნდა დაისაჯოს. Იგი მისდევს იმ წესებს და მორალებს, რომლებიც ჭეშმარიტად მიაჩნია და თავისას არ იშლის მაშინაც კი, როდესაც საქმე საკუთარი შვილის სიცოცხლეს ეხება. Მატეოს აზრით მან მართლმსაჯულება აღასრულა. Გამართლებულია თუ არა კანტიანელობა აქ? როგორც ზემოთ ვახსენე, კანტი ფიქრობს, რომ უნდა ვიხელმძღვანეოთ იმ წესის მიხედვით, რომელსაც საყოველთაოდ ვაქცევდით- თუკი ყველა ასე მოკლავდა საკუთარ შვილს, რა ფასი ექნებოდა Ადამიანის სოცოხლეს? კანტის მიხედვით ჩვენ ყველა თანასწორი ვართ თანასწორი უფლებებით და არავინ უნდა იზღუდებოდეს, მაგრამ ასე ხომ ბევრის სიცოცხლის უფლება შეიზღუდება?თუკი ბოროტებას ბოროტებითვე ვუპასუხებთ, განა ეს სწორი საქციელი იქნება? Ვფიქრობ, რომ ზუსტად აქ იჩენს თავს კანტიანელობის პრობლემები.  აღსანიშნავია  აგრეთვე ტყულის ცნება- კანტის მიხედვით ყოველგვარი ტყუილი გაუმართლებელია, მაგრამ თუკი ამ ტყუილს შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადაჩენა, იქნება კი მიზანშეწონილი წესებს მიყოლა? Თუკი ნაჯახიანი კაცი მოგვადგება და გვეტყვის ჩვენი მეგობრის ადგილსამყოფელი გავუმხილოთ, რათა მან ის მოკლას, როგორ მოვიქცეეთ- Კანტს დავუჯეროთ თუ შინაგან ხმას, რომელიც გვკარნახობს, რომ ეს” სწორი” საქციელი არასწორია? Აქ ხომ საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება- ჩვენს მიერ ნათქვამი სიმართლე კი მას ხელყოფს.

 

საბოლოოდ, დეონტოლოგიას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. Განხილული მაგალითების საფუძველზე კი მიმაჩნია, რომ ცალსახად სწორ გზას ვერ გამოვყოფთ-“უ”კანტობაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კანტიანელობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხანდახან იმისთვის, რომ სწორი საქციელი ჩაიდინო, არასწორად უნდა მოიქცე.






ნინი ბიწაძე

თავდაცვა თუ პირველი ხარისხის მკვლელობა?

20.04.2021

არა კაც-ჰკლა- ეს სიტყვები ჩვენში თითქოს დაბადებიდანვე ჩაბეჭდილია. მკვლელობა ერთ-ერთი უმძიმესია იმ დანაშაულთაგან რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მაგრამ ნუთუ შესაძლოა დადგეს ისეთი მომენტი, რომ სასამართლოში მკვლელის მხარე დავიჭიროთ?

იმანუელ კანტი ჩვენს შეკითხვას მტკიცე უარით გაისტუმრებდა. მას სწამდა, რომ სწორი გადაწყვეტილება დაფუძნებულია უნივერსალურ მორალურ წესებზე. ამ თეორიას დეონტოლოგია ეწოდება.

კანტის აზრით ადამიანი ვალდებულია მიყვეს დადგენილ წესებს და არმც და არამც არ გადაუხვიოს მათ. დეონტოლოგია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირ რომ ვთარგმნოთ  მოვალეობის მეცნიერებას მივიღებთ (deon- მოვალეობა, logos -მეცნიერება). ერთი შეხედვით ძალიან ადვილი გვეჩვენება ასე ცხოვრება. თუ ყველა შეასრულებს წესებს და არ დაარღვევს მათ,  არც არაფერი უნდა დაშავდეს და იდეალური ცხოვრებაც გვექნება-მშვიდი, თავის ატკიებაც აღარ დაგვჭირდება არაფერზე.

მაგრამ  რამდენად რეალურია ეს ყოველივე?

კანტის მიხედვით ჩვენთვის მთავარია, რომ ცხოვრებაში მივიღოთ მაქსიმალური სიკეთე. სწორედ ამიტომაც ფიქრობს, რომ წესები აღმოფხვრის ბოროტებას და ხშირ შემთხვევაში სწორედაც ასეა. ისინი გვეხმარებიან ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებისას, რომ არ მოვიტყუოთ ან პატივი ვცეთ ჩვენზე უფროსებს. თითქოს ეს ვალდებულებები გვიკაფავს ბილიკს, რომელსაც მივყვებით. მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგიც სწორი და სიკეთის მომტანი იქნება.

თუმცა, როგორც ყოველთვის მონეტას ორი მხარე აქვს და დეონტოლოგია არ არის სრულყოფილი გამოსავალი.  

დეონტოლოგიას, როგორც სხვა  ნორმატიულ ეთიკის თეორიებს , აქვს სუსტი მხარეც. ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე საინტერესო პრობლემა არის ის , რომ არ არსებობს მორალური მოვალეობების გადაჭრის მკაფიო გზა, როდესაც ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში აღმოჩნდებიან. რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ადამიანი ამორალურად იქცევა, თუმცა მისი საქციელი თავდაცვას ეხება?

ჩემი დასმული პრობლემის უფრო კარგად გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი. 1989 წელს ძმებმა ჯოზეფ და ერიკ მენენდეზებმა  მოკლეს თავიანთი მშობლები. მკვლელობის მიზეზი კი იყო წლების განმავლობაში მამის მხრიდან სექსუალური ძალადობა, დედის მხრიდან კი ბულინგი და ფიზიკური ძალადობა. ბოლო დროს კი მამა მოკვლით ემუქრებოდა მათ, თუკი სადმე სიტყვა დასცდებოდათ ამ ამბავზე. ამ გარემოებების მიხედვით , რად შეიძლება ჩავთალოთ ძმების საქციელი: პირველი ხარისხის მკვლელობად თუ თავდაცვად?

თუკი ამ ყველაფერს დეონტოლოგიის მხრიდან შევხედავთ , ძმების საქციელი რა თქმა უნდა ცივსისხლიან მკვლელობად ითვლება. ამის გარკვევა თითქოს და ადვილია, ისინი არ დაემორჩილნენ უნივერსალურ წესს- არა კაც-ჰკლა. კანტს რომ XX საუკუნეში ეცხოვრა, იგი აუცილებლად განსჯიდა ძმებს და დაუფიქრებლად იტყოდა, რომ მათ მთელი ცხოვრების ციხეში გატარება ეკუთვნით.

მაგრამ ამ საქმეს შეიძლება შევხედოთ მეორენაირადაც. ძმებმა მენენდეზებმა გამოიარეს ტრაგიკული ბავშვობა. მამა მათზე სექსუალურად ძალადობდა, დედა სცემდათ. ბოლო წვეთი კი ის აღმოჩნდა, რომ მამა სიცოცხლის წართმევითაც კი დაემუქრა მათ, თუკი ისინი ხმას ამოიღებდნენ ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ასეთ ტრავმას იღებს მისი მენტალური ჯანმრთელობის სიმყარე ეჭქვეშ დგება. სრულიად შესაძლებელია, რომ ძმების ქმედება ყოფილიყო აფექტის შედეგი. რაღაც  მომენტში ისინი საკუთარი თავის დაცვის სხვა გზას ვერ ხედავდნენ- ან უნდა აეტანათ ასეთი საქციელი ან რაიმე გამოსავალი მოეძებნათ. მართალია თავდაცვა ამორალური აღმოჩნდა, მაგრამ მათთვის შეიძლება ეს იმ მომენტში სიცოცხლის გადარჩენად ღირდა.

დეონტოლოგია გადაჭრით იტყვის, რომ ისინი დამნაშავენი არიან, რადგან წესი დაარღვიეს, მაგრამ მეორე მხარეს დგას სრულიად ვალიდური  არგუმენტი, ძმები საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ. ასეთი შემთხვევის დროს არ გვაქვს პრობლემის გადაჭრის მკაფიო და უნივერსალური გზა, რაც ამ თეორიის სისუსტედ მიმაჩნია. ძმები მენენდეზების სასამართლოც 7 წელი გაიწელა, თუმცა მოსამართლემ მიიღო დეონტოლოგიური გადაწყვეტილება, მიემხრო კანტის მსჯელობას  და ძმები მენენდეზები მათ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებენ.

ნინო კოპტონაშვილი

ქმნის თუ ანადგურებს არჩევნის თავისუფლება აუცილებლობას?

20.04.2021

"და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." (დაბ. 1:26-27)

ადამიანი შექმნის დღიდანვე თავისუფალ არსებას წარმოადგენს და მას ძალუძს, რომ თავად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომში გავლენას იქონიებს როგორც მასზე, ასევე მის გარშემო არსებულ გარემოზე. თუმცა თუკი მუდმივად ინდივიდუალური მორალური პრინციპებით ვიცხოვრებთ და იმას ავირჩევთ, რაც მოკლევადიან პერიოდში ბედნიერებას მოგვიტანს, გრძელვადიან პერიოდში კი დაგვაზიანებს, მაშინ როგორ უნდა შეინარჩუნოს კაცობრიობამ თავისი სახე და არ გადადგას ნაბიჯი უკან? ამასთან დაკავშირებული ეგზისტენციალური კითხვები მაშინ იჩენს თავს, როცა პრობლემას პირისპირ ვეჯახებით, თუმცა როდესაც ეს პრობლემები თავს აშკარად იჩენს, ზოგჯერ გააზრებისთვის გვიანიც კია და მხოლოდ უარყოფით შედეგებს ვხედავთ.

გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დეონტოლოგიური ეთიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანი ვალდებულებების გამო უნდა იქცეოდეს ისე, როგორც საჭიროა. დეონტოლოგების აზრით, ეს ვალდებულებები კეთილი ნებიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, უნივერსალურ სიკეთეებს წარმოადგენს. მაგრამ სამყარო არასდროს მოქმედებს ისე მარტივად, რომ რამდენიმე წესით ჩამოაყალიბოს თავისი კანონზომიერებანი და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.

აუცილებლობა და საჭიროება ზედმეტად ბუნდოვანი ცნებებია და ხშირად შეიძლება მანიპულაციის ინსტრუმენტებადაც კი იყოს გამოყენებული. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ადამიანებს დაკარგული აქვთ არჩევნის თავისუფლება და ცხოვრობენ სწორედ ისე, როგორც მათთვის შთაგონებულია, რომ „აუცილებელია“. ამ მაგალითის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ის, რასაც საზოგადო სიკეთედ მივიჩნევთ, შესაძლებელია წესრიგის შესანარჩუნებლად მიზანშეწოლილი ფაქტორი იყოს, თუმცა ისინი რეალურად სხვა ადამიანებისგან ჩანერგილი, შთაგონებული იდეებია. ამ დროს ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ნელ-ნელა არჩევნის თავისუფლებისგან იცვლება და ეხვევა იმ ბორკილებში, რომლებსაც სოციუმი აუცილებლობას არქმევს და ისე ფუთავს, რომ პიროვნებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს.

ბიუროკრატიული რეჟიმები წესრიგისა და ჰარმონიის შექმნის ილუზიას ქმნის, თუმცა მაინც არ ეცემა პასუხი იმ კითხვებს, თუ რას წარმოადგენს რეალურად აუცილებლობა და არჩევნის თავისუფლება. დასკვნამდე მისასვლელად ჯერ საჭიროა განსაზღვრა იმისა, „აუცილებელი“ და „საჭირო“ ქმედებები ობიექტური და ყველასთვის უნივერსალურია, თუ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. კანტს აქ უკვე შემოაქვს კატეგორიული იმპერატივიზმის ცნება, რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა მოიქცეს იმ მორალური მაქსიმის მიედვით, რომლის განხორციელებაც შეუძლია და სურს, რომ გახდეს უნივერსალური. კანტის მიხედვით, კატეგორიული იმპერატივიზმები საყოველთაო და უნივერსალური უნდა იყოს, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ ადამიანების ქმედებების განხორციელების დროს მათი სურვილიც მხედველობაში მისაღებია, გამოდის, რომ უნივერსალური სიკეთე არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალიზმამდე დაიყვანება.

უნივერსალური სიკეთის არარსებობა პირდაპირ უკავშირდება საჭიროებასა და აუცილებლობას, შესაბამისად, ეს ცნებებიც ინდივიდუალურ განსაზღვრებას საჭიროებს. თუ ჩავთვლით, რომ აუცილებლობა მართლაც არსებობს და მას გვერდი არ უნდა ავუაროთ, ის მაინც ინდივიდუალური და სუბიექტური იქნება. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი საჭიროების არჩევა და იმ წესებით ცხოვრება, რომელსაც თავად დაუწესებს საკუთარ თავს.

ეს საკითხი რომ რელიგიას დავუკავშიროთ, ქრისტიანობის მიხედვით, დავინახავთ, რომ ადამიანს ღვთისგან აქვს ბოძებული თავისუფალი ნება და თავად შეუძლია საკუთარი საჭიროება შექმნას, ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ადამიანი ღვთისგან გადაგდებულია, ან ეს ღმერთი საერთოდ არ არსებობს, მაშინ გამოჩნდება, რომ უნივერსალური მორალი არ არსებობს და ადამიანი მარტო დარჩება პირისპირ საკუთარ სურვილებსა და არჩევანთან. ერთი შეხედვით, შესაძლებელია ისე ჩანდეს, თითქოს აუცილებლობა არჩევნის თავისუფლებას უპირისპირდება, მაგრამ რეალურად არჩევნის თავისუფლება ქმნის აუცილებლობას. 

გვანცა ომარაშვილი

დეონტოლოგია

20.04.2021

დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც ეთიკური მოქმედებები მიჰყვებიან უნივერსალურ მორალურ კანონებს. დეონტოლოგია დაკავშირებულია იმანუელ კანტის სახელთან. კანტს შემოაქვს კატეგორიული იმპერატივის ცნება, რომელიც ამბობს: ,,მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.“ მარტივად რომ ითქვას, ყოველი ქმედებისას შეძლებისდაგვარად უნდა დავიცალოთ სუბიექტურობისაგან და ჩვენს ქცევას ფართო მასშტაბში შევხედოთ. ქმედება ფასდება მორალური კონტექსტით, მორალურობა კი იმით, თუ რამდენადაა შესაძლებელი მის უნივერსალურ კანონად ქცევა. დეონტოლოგია კონსეკვენციალიზმისგან განსხვავებით არ არის ორიენტირებული მოქმედების შედეგზე. ამ შემთხვევაში მოქმედების მორალურობა განისაზღვრება არა მისი შედეგით, არამედ იმით, თუ რამდენად ბეჯითად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას - მივყვებით თუ არა მორალურ წესებს, უნივერსალურ კანონებს.

კანტისთვის უნივერსალური მორალური კანონებია: ,,არ მოიტყუო’’, ,,არ იქურდო’’, ,,არ მოკლა’’ და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ტყუილი, ქურდობა, მკვლელობა გაუნივერსალურდება სრული ქაოსი გარდაუვალია. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც გვიწევს მოვიქცეთ ამორალურად, რათა მორალურობა შევინარჩუნოთ?

განსაკუთებულად კრიტიკულ სიტუაციებში არჩევანის გაკეთება ამორალურ ქმედებაზე, შესაძლოა, მორალურობის შენარჩუნების ერთადერთ გზად იქცეს. ცხოვრებაში გვხვდება დილემები, რომლებშიც უნივერსალურ მორალურ კანონებს მიყოლა, საბოლოოდ ამორალურობამდე მიგვიყვანს.

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში, მედიაში ვიდეო-ჩანაწერები გავრცელდა, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ ინდოელი მამაკაცი სამსახურიდან მომავალ ცოლს შუა ქუჩაში უამრავი ადამიანის წინაშე სასტიკად უსწორდება და დანით ათეულობით სასიკვდილო ჭრილობას აყენებს. ქალმა დიასახლისობას სამსახურში სიარული არჩია, მისმა ქმარმა კი აღნიშნული შეურაცხყოფად მიიღო და სიცოცხლეს გამოასალმა. ვიდეო-ჩანაწერებში ჩანს, რომ მკვლელობა შუა ქუჩაში განხორციელდა, რომელსაც ხალხი, როგორც სანახაობას ისე ადევნებდა თვალს. თვითმხილველთაგან არც ერთს არ უცდია მსხვერპლი მკვლელისაგან ეხსნა და გადაერჩინა.

დეონტოლოგია გვეუბნება, რომ უნდა მივყვეთ მორალურ კანონებს. უნივერსალური წესები სხვებისთვის ზიანის მიყენებას გვიკრძალავს, მაგრამ ამასთან მორალურობავე გვავალდებულებს ვიზრუნოთ სხვებზე და დავიცვათ ისინი თუ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია. ზემოთ მოყვანილ მაგალითში მამაკაცი არღვევს უნივერსალურ წესს - ის კლავს ადამიანს. თუმცა რამდენად შეიძლება მოერგოს თვითმხილველთა ქცევა დეონტოლოგიის პრინციპებს? რამდენად არის შესაძლებელი მათი ქცევის გადაჭრით მორალურად ან ამორალურად გამოცხადება? თვითმხილველებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქალი გადაერჩინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკვლელს გარკვეული სახის ზიანს მიაყენებდნენ, უკიდურესს სიტუაციაში კი მოკლავდნენ. დეონტოლოგიის მიხედვით, მორალურობას აქტის შინაგან ბუნებაში დავეძებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად არის იგი მართული მორალური და ზნეობრივი კანონებით. რა ხდება მაშინ, როდესაც ქალის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა მეკისრება და ამასთან, გარკვეული აზრით, მორალური კანონებივე მიკრძალავენ მისთვის მკვლელის ჩამოშორებას? თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითს გავაუნივერსალურებთ და მკვლელისთვის ზიანის მიყენებას, მის მოკვლას უნივერსალური კანონების საწინააღმდეგო ქმედებად - დაუშვებლობად გამოვაცხადებთ, გამოდის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მკვლელობა, რომლის მომსწრეც გავხდებით უნდა დავუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსალური წესები ჩვენ მიერ სხვისთვის ზიანის მიყენებას ეწინააღმდეგება.

რა არჩევანს გავაკთებთ მაშინ, თუ ტერორისტი მთელი ქალაქის განადგურებით იმუქრება, ჩვენ კი შანსი გვაქვს ტერორისტი მოვკლათ? დეონტოლოგიის მიხედვით, ტერორისტს ვერ მოვკლავთ, მკვლელობა ამორალურია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მორალური პასუხისმგებლობა მთელ ქალაქზე გვეკისრება.

მსგავსი დილემების წინაშე შეიძლება წავრსდგეთ სხვისი საკუთრების მითვისების ან ტყუილის თქმის შემთხვევებშიც. განსაკუთრებულად კირიტიკულ სიტუაციაში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, მოიპაროს სხვისი საკუთრება, პირობითად წამალი იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს (,,ჰეინცის დილემა“), ან თქვას ტყული იმის გამო, რომ საკუთარ სახლში შეფარებული ადამიანი მოძალადისგან დაიცვას. დეონტოლოგია გვეუბნება, რომ არასდროს გადავუხვიოთ მორალურ წესებთან დადებულ ,,შეთანხმებას“. ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსად აღნიშნულ შემთხვევებშიც მორალურობის შენარჩუნებას ამორალურობამდე მივყვართ, ამორალურობას კი მორალურობასთან. ამორალური იქნება თუ მოვიპარავ, მოვიტყუები, მაგრამ ასევე ამორალური იქნება, თუ ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებ და მის გამოყენებას არ შევეცდები.

ცხოვრებაში გვხვდება დილმები, რომლებიც უნივერსალურად არ ჯდება მორალის კანონებში, ამიტომ კრიტიკულ სიტუაციებში, ვფიქრობ, თავად უნდა განვსაზღვროთ რა იქნება მორალური და რა არა, ვინაიდან კანტის ფორმულირება ქცევის მორალურობის განსაზღვრისა, რომელიც კონკრეტული ქმედების საყოველთაო წესად ქცევას გულისხმობს გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. მკვლელობის უნივერსალურ წესად ქცევა ქაოსს იწვევს, ისევე, როგორც სხვისი დაცვის შესაძლებლობის არ გამოყენება.

ანა სურგულაძე

დეონტოლოგია და ტრამვაის პრობლემა

20.04.2021

ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ რამდენად არადეტერმინირებული შეიძლება იყოს რაიმე პრობლემური სიტუაციიდან გამოსავალი. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ჩვენ პირად გამოცდილებებზე დაყრდნობით წარმოვისახავთ ერთადერთ სწორ ქმედებას და უარვყოფთ სხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებს. რას მომოქმედებდით, თუ იდგებოდით არჩევნის წინაშე, გადაგერჩინათ ან ხუთი ან ერთი ადამიანი? სწორედ ასეთია ტრამვაის აზრობრივი ექსპერიმენტი: თქვენ ტრამვაი ხაზების დარეგულირება გევალებათ მაშინ, როდესაც ერთ გზაზე ტრამვაის გავლით 5 ადამიანი მოკვდება, ხოლო მეორეზე- ერთი. ამ დილემის სხვადასხვაგვარი გადაწყვეტა არსებობს, ყოველი მათგანი შეიძლება  ეთიკურ თეორიას ან უბრალოდ რიგითი ადამიანის პრინციპებს ემყარებოდეს, რომლებიც არც მაინდამაინც მყარად თავსთებიან ეთიკური თეორიების საზღვრებში, თუმცა, ამჯერად განვიხილოთ ტრამვაის პრობლემა დეონტოლოგიური თვალსაზრისით.

დეონტოლოგია ზნეობრივი მოძღვრების ის ფორმაა, რომელიც წესებსა და მოვალეობებს ეფუძნება. თუ დეონტოლოგიური ეთიკური თეორიის მიხედვით შევაფასებთ ქმედებებს, სწორსა და არასწორ ქმედებებს გავმიჯნავთ არა მათ მიერ მოტანილი შედეგებით, არამედ მათი შესაბამისობით უკვე დადგენილ წესებთან. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჰიპოთეტურად შევქმნათ რაიმე მორალური წესი და დავეყრდნოთ მას პრობლემის მოსაგვარებლად. სანამ უშუალოდ წინასწარ განსაზღვრულ წესს გამოვიყენებთ გადაწყვეტილების მისაღებად, ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემის დეონტოლოგიური თანმიმდევრობით გადაჭრისას ვხვდებით წინააღმდეგობას, რაც უშუალოდ წესების შინაარსობრივ ნაწილს შეეხება. დეონტოლოგია ზუსტად არ გვაძლევს წესებს, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ.  მაშინაც კი თუ კანტის კატეგორიულ იმპერატივის ფუნდამენტურ იდეას გამოვიყენებთ და ვიტყვით, რომ მხოლოდ ისეთი წესით ვიმოქმედებთ, რომელსაც საყოველთაოდ ქცევის პოტენციალი აქვს, მაინც დარჩება ადგილი ინტერპრეტაციისთვის. სწორედ ამიტომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად წესების შემდგენს ეკისრება, მაგრამ ვინ შეეძლება განსაზღვროს რამდენად სწორად შეასრულებს კონკრეტული ადამიანი ამ მოვალეობას? მოცემული პრობლემის განხილვისას შეგვიძლია თავად დავაწესოთ წესი და გავითვალისწინოთ ისიც, რომ იგი უნივერსალური უნდა იყოს, მაგალითად: დაუშვებელია ადამიანების მოკვლა. ასეთ დროს წავაწყდებით წინააღმდეგობას, რომლის გადალახვაც ფაქტობრივად შეუძლებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გზაზე დავაყენებთ ტრამვაის, ჩვენს მოქმედებას მაინც მოჰყვება მსხვერპლი და ტექნიკურად ეს ჩვენ მიერ ჩადენილი მკვლელობა იქნება. შეგვიძლია გავაფართოოთ წესი და ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დავტოვოთ მოქმედების თავისუფლებისთვის: მაგალითად, წესი შეიძლება გვავალდებულებდეს არ მოვკლათ უდანაშაულო ადამიანები, რაც ტრამვაის პრობლემაში ასევე სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა. თუმცა, დეონტოლოგიური მიდგომით პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ წესში დაზუსტებული იქნებოდა გარემოებები ამგვარად: თუ თავიდან ვერ ვიცილებთ ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას, მაშინ ვეცადოთ მის მინიმალიზებას. რადგან დეონტოლოგიის ზოგადი კონცეფცია ამის საშუალებას გვაძლევს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ორმაგი ეფექტის პრინციპი. ორმაგი ეფექტის პრინციპი ერთგვარი მცდელობაა მორალურად სწორი ქმედების ჩადენის იმ ცოდნის გათვალისწინებით, რომ მას აუცილებლად მოჰყვება ცუდი შედეგიც. ამ პრიცნიპის მიხედვით, მოქმედ პირს განზრახული უნდა ჰქონდეს დადებითი შედეგის მიღება, დადებითი შედეგი უნდა აჭარბებდეს უარყოფითს და მოქმედება აპირორი არამორალური არ უნდა იყოს. თუ ტრამვაის შემთხვევაში ამ გზას მივყვებით, შესაძლებელია გადამრთველის გამოყენება ნეიტრალურ ქმედებად, ხუთი ადამიანის გადარჩენა დადებით შედეგად და ერთი ადამიანის სიკვდილი დადებით შედეგზე უფრო მცირე უარყოფით შედეგად მივიჩნიოთ, თუმცა აქ ობიექტურობის ნაკლებობის საკითხი დადგება. რეალურად, ერთმანეთის საპირწონედ დგას ექვსი სხვადასხვა ადამიანის სიცოცხლე, თუმცა ისეთი მოცემულობაა შექმნილი, რომ უმრავლესობას გადარჩენის მეტი შანსი ეძლევა.  კითხვაზე, რამდენად შეიძლება ერთი ადამიანის სიკვდილიც კი კარგი განზრახვის „გვერდით ეფექტად“ ჩაითვალოს, ალბათ პასუხები განსხვავებული იქნება.

მოცემული შემთხვევის დეონტოლოგიური ეთიკური თეორიის საფუძველზე გაანალიზებით ჩემთვის კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ მორალი მხოლოდ ზედაპირული შეფასების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მყარ მოცემულობად. მისი უმოძრაო ჩარჩოში მოქცევას სწორედ ისეთ გადაუჭრელ ბუნდოვანებებამდე მივყავართ, როგორსაც ტრამვაის პრობლემის დეონტოლოგიური განხილვისას წავაწყდით.

გაბრიელ მთავრიშვილი

ერთი ამბის ორი მხარე - რა ხდება მსოფლმხედველობათა დაპირისპირების დროს

20.04.2021

როდესაც  ვეცნობით რაიმე ამბავს უნებლიედ ხდება ისე, რომ ამბის ერთ მხარეს მეტი ყურადღებით ვუსმენთ, მეტად ვგულშემატკივრობთ და ხშირად ვეთანხმებით კიდევაც.  ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამბის შესახებ ერთ - ერთი მხარის პერსპექტივით შევიტვეთ, რაც ამბავს დაგვანახებს ამა თუ იმ პერსონაჟის თვალიდან შესაბამისად ამ პერსონაჟის აზრებისა და მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება ვიდრე სხვა მისი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებისა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ მიერ არჩეული მხარე უფრო კარგად ესადაგება ჩვენთვის არსებულ მორალურ და საზოგადოებრივ წესებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ამბავში არსებული სმაყარო შევიცნეთ ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟის თვალიდან მაშასადამე, მისი მსოფლმხედველობა ჩვენზეც ახდენს გავლენას. ვიწყებთ მორალისა და ვალდებულებების ისე აღქმას, როგორც ეს პერსონაჟი აღიქვამს. არადა სრულიად შესაძლებელია, რომ იგივე ამბავს, თუკი ჩვენ გავენობოდით საპირისპირო მხრის პერსპექტივით ჩვენ ამ მხარეს ვუგულშემატკივრებდით ამა თუ იმ დაპირისპირებაში. ამაზე დამაფიქრა ერთ-ერთმა ვიდეო თამაშმა “Dynasty warriors” ეს თამაში ნაწილობრივ ისტორიულია, მოიცავს ძველი ჩინეთის ისტორიას და გაძლევს საშალებას ისტორიული პირებით ისტორიულ მოვლენებში ჩაერთო და უკეთ გაიგო მილიტარისტული და პოლიტიკური ცვლილებები ძველი ჩინეთის ისტორიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თამაში გაძლევს საშუალებას სხვადასხვა დინასტიებითა და ამ დინასტიებში არსებული სხვადასხვა პერსონაჟებით (ისტორიული პირებით) ითამაშო და გაიარო ერთ და იგივე ისტორიული მოვლენა (პირობითად გუან იუს სიკვდილი). ეს მოთამაშეს/მაყურებელს აძლევს საშუალებას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედოს ერთსა და იმავე ამბავს, გაანალიზოს ისტორიული პირების ხედვები და მათი მსოფლმხედველობა. საინტერესოა, რომ როდესაც ამ ამბის სხვადასხვა კუთხიდან გავეცანი მივხვდი, რომ არცერთი მხარე არ იყო ამორალური კანტისეული ეთიკის თეორიის მიხედვით, ისინი არ უარყოფდნენ საკუთარ მორალის იდეებს და მათი განზრახვაც ჭეშმარიტად კეთილი იყო (მათივე გადმოსახედიდან), თუმცა მსოფლმხედველური განსხვავებების გამო ხდებოდა დაპირისპირებები. ამ ყველაფერზე კი მახსენდება მასაში კიშიმოტოს მიერ დაწერილ ამბავში “ნარუტოში” არსებული პერსონაჟის ჯირაიას მიერ დაწერილი წიგნი. ამ წიგნს კიშიმოტოს ამბის პროტაგონისტი ნარუტო და მისი ანტაგონისტი ნაგატო, ორივე კითხულობს მათ აღქმა წიგნისა ვიზუალირებულია და ნათლად ჩანს, თუ რამხელა განსხვავებაა მათ მსოფლმხედველობებს შორის. წიგნში არსებული კეთლი ერთისათვის ბოროტია და პირიქით. ჩვენ, როგროც მკითხველი ამბავს ვეცნობით ნარუტოს პერსპექტივით ამიტომ გვიჭირს ნაგატოს მხარის კარგად აღქმა, თუმცა მას შემდეგ, რაც შევამჩნიე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მხრიდან ეცნობი ამბავს გადავწყვიტე მივბრუნებოდი ამ ამბავსაც და ამჯერად ნაგატოს პერსპექტივით გავეცანი, რამაც გამაანალიზებინა, რომ ნარუტოსა და ნაგატოს შორის განსხვავება არ არსბეობს, ორივე ერთნი არიან ერთი მონეტის ორ მხარესაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან მეტად გვანან ერთ მხარეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ შორის ჩნდება დაპირისპირება, რაც ომამდეც კი მიდის, ეს ყვეალფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ამბავს/სიტუაციას აღიქვამენ მხოლოდ თავიანთი მორალური სტანდარტებით და გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ საკუთარ მსოფლმხედველობას, საკუთარ მორალსა და საკუთარ აღქმას ვალდებულებებისა.

ერეკლე ნასიძე

4 გატ0ეხე 4

20.04.2021

 ამ კორპორაციაში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ. მთელი ჩემი ბავშვობა აქ მოხვედრისთვის დავხარჯე, ყოველ დღე ვდგებოდი და წარმოსახვით გასაუბრებას წარმატებით გავდიოდი, თან ისე, რომ იქ მყოფ ხალხზე მუდმივად უდიდეს შთაბეჭდილებას ვტოვებდი, მაგრამ ეს ყველაფერი თავში იყო. ეს წარმოსახვა 8 წელიწადში ახთა, ყველაფერმა ნაკლებად ეპიკურად ჩაიარა, მაგრამ იქ მოხვდი, იმ ადგილას, რომლისთვისაც ენერგიას და დროს არ ვიშურებდი, იქ სადაც ჩემი ყველა ოცნება ახდებოდა.

            ამ კორპორაციაში ყველაფერი ექვემდებარებოდა წინასწარ შედგენილ წესს და გეგმას. ყველაფერი მილიმეტრამდე გაზომილი, გრამის მეათასეებამდე აწონილი და წამებამდე გაწერილი გახლდათ. არავინ არ იყო უსაქმურად, ყველა თავის ფუნქციას ასრულებდა ზუსტად ისე, როგორც კორპორაციას ჩაფიქრებული და დაწესებული ქონდა. მთელი სტრუქტურა მუშაობდა იდეალურად, საქმე კეთდებოდა და ისედაც საერთაშორისო გიგანტი, უფრო და უფრო იმატებდა თავისი მიღწევებით წონაში.

მე ბედნიერი ვიყავი.

ცოტაოდენ ჩემს დანიშნულებაზე - მე ვარ უფროსი პროგრამისტი, ვინც განაგებს პროგრამულ უსაფრთხოების საკითხს. კი, მეც მყავს ზემდგომი მენეჯერი, როგორც ყველას, ჩვენს კორპორაციაში ყველას ყავს თავისი უფროსი, ვინც აკონტროლებს გეგმის შესრულების სისწორეს - რეგელი, მაგრამ მე ვარ მთავარი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენს რაკეტებს. (სულ გადამავიწყდა, სიხარულის გამო ეტყობა ამომივარდა ამის ხსენება თავიდან, ჩვენი კორპორაცია არის უმსხვილესი სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებელი).

ყოველი დღე ასე მიდიოდა -  დილის 7-ზე უკვე სამსახურში ვიყავი. ჩემს პირად ნივთებს ვტოვებდი სპეციალურ კარადაში. მითითებულ მარშუტს მივუყვებოდი. საშუალოდ შენობაში შევლიდან ჩემს ოფისამდე 121-131 ნაბიჯი მჭირდებოდა. კედლების გასწვრივ დღის განრიგი ეწერა, კვირის გეგმები და ზუსტად გადანაწილებული დავალებები, როგორც საყოველთაო, ასევე სპეციალური ბარათის მიდების შემდეგ გამოჩენილი პირადი დავალებები. მე სადაც ვიჯექი იქაც კედლის მონიტორებზე დაწერილი დღის და კვირის გეგმები იყო და ქვევით, ეკრანის მესამედზე, ხასხასა წითელი ხაზი, სადაც ყველაზე მთავარი წესები ეწერა. ყველაზე ბანალურ მნიშვნელოვან წესებს, რომ დავანებოთ თავი (პირადი ნივთების არ მოპარვა, კორპორაციის საკუთრების არ მითვისება და ა.შ.), სასტიკად იკრძალებოდა პროგრამის გატეხვა. ამის მიზეზი არავინ იცოდა, არადა ხშირად ტეხავენ პროგრამებს სპეციალურად, რომ მისი სიძლიერე გაზომონ, ჩვენთან კი ეს აკრძალული იყო. როგორც მითხრეს ეს იმიტომ იყო აკრძალული, რომ დამაარსებლებს არ უნდოდათ, რომ ოდესმე ვინმეს, საკუთარ თანამშრომელსაც კი გაეტეხა სისტემა, რომ ყველა სხვა კომპანიის თვალში ჩვენ ყველაზე ძლიერებად გამოვჩენილიყავით, რაც სინამდვილე იყო, არავის არასდროს არ გაუტეხავს ჩვენი სისტემა. მე კი, როგორც უსაფრთხოების უფროსმა პროგრამისტმა, ვიცოდი, თუ რა გზები არსებობს მის „გასახსნელად“, მაგრამ ეს ქმედება კლასიფიცირდებოდა, როგორც პროგრამული გატეხვა. ამაზე ბევრს არც ვფიქრობდი, ანდაც, რატომ უნდა მეფიქრა? გვქონდა მიზანი, განსაზღვრული წესი, თან ჩვენი რეგელი მუდმივად იყურებოდა ჩვენს მონიტორებში, ამოწმებდა - რამეს „ისეთს“ ხომ არ ვშვებოდით.

მე ბედნიერი ვიყავი.

ერთ დღეს სისტემა წამიერად დაიშალა. პროგრამაში აცდენა მოხდა და ჩვენი რაკეტები გაეშურნენ გაურკვეველი მიმართულებით. ტრაექტორიის გამოთვლის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი 840 კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტს ხდებოდნენ. ყველა მივარდა კომპიუტერებთან, ცდილობდა რამე ექნათ - არაფერი გამოდიოდა. მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე იყო, მაინც პროგრამული უსაფრთხოების უფროსი ვიყავი. ყველა ხერხი გამოვცადე, არაფერმა იმუშავა. ბოლოს გამახსენდა ის „გასახსნელი“ გზები - ისინი ნადვილად იმუშავებდნენ. სწრაფად მივუბრუნდი კომპიუტერს და დავიწყე ამ ხერხის გამოყენება, უეცრად ზურგზე ბევრი ნემსის გაყინული ჩხვლეტა ვიგრძენი, ავწიე თავი, დავინახე რეგელის ყინულივით ცივი თვალები, იმათში იკითხებოდა - „არ ქნა, არ შეიძლება“. თვალები მოვაშორე, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო? წესები თუ ქალაქი? გავიხედე, კედლიდან წითლად მანათებდა მთავარი წესი - „პროგრამული გატეხვა სასტიკად აკრძალულია“. გავჩერდი.

რაკეტები აფეთქდნენ. დასახლებული პუნქტის 41% განადგურდა. დამნაშავედ არავინ გამოავლინეს, დააბრალეს პროგრამულ შეცდომას. მე დამაწინაურეს, ახლა უფრო მეტი წესი გაჩნდა, რომელსაც უსიტყვოდ მივყვებოდი.

ბედნიერი?

თამარი თავდუმაძე

კეთილი ნება მარწუხების მიღმა

20.04.2021

     უპირობო სიკეთედ ჩვენ მივიჩნევთ მხოლოდ კეთილ ნებას, ამბობს კანტი. ყველაფერ დანარჩენს საკუთარი ღირებულება აქვს სწორედ ამ კეთილ ნებასთან მიმართებაში, და იგი გვესახება სიკეთედ იმ შედეგებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მიიღწევა მასზე დაყრდნობით. მხოლოდ კეთილ ნებას გააჩნია თვითღირებულება. სწორედ ეს ერთადერთი უპირობო სიკეთე, რომლის ბრწყინვალებასაც კანტი ძვირფას ქვებთან აიგივებს, თითქოს კარგავს საკუთარ ღირებულებას მისსავე მორალურ ფილოსოფიაში, ხდება რა ის დაქვემდებარებული ვალდებულებაზე. საპასუხოდ, იბადება კითხვა: აკნინებს თუ არა კანტისმიერი ეს ფორმულირება კეთილი ნების პირველად ფორმას, რომელიც მხოლოდ ადამიანის შინაგან სურვილს უკავშირდებასიკეთის კეთებისას?

     ყოველი ჩვენგანი საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა თუ ქუჩაში მუდამ შეხვდება მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს, რომელთაც ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უწევთ ყოველდღური ბრძოლა გადაიტანონ არსებობისათვის და საკუთარი თავი დაიმდაბლონ სხვათა შორის, გახდნენ მრავალთა დამცინავი მზერის, დამამცირებელი გამონათქვამების მსხვერპლი. რა წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ჩვენ მოწყალებას გავცემთ? თანაგრძნობა, რომელსაც ამ ადამიანისადმი განვიცდით თუ მოვალეობის შეგრძნება? კანტი თვლის, რომ პირველი შემთხვევა თავისუფალია მორალური ღირებულებებისაგან, იმის მიუხედავად, რომ მას პირდაპირ ეხმიანება, ხოლო გამართლებულია მეორე საქციელი იმ შემთქვევაშიც კი, თუ წარმოვადგენთ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია თანაგრძობა სხვისი ტანჯვის მიმართ და არც სურვილი, რომ მას დახმარება გაუწიოს. ამრიგად, კეთილ ნებას კანტთან მეორეხარისხოვანი დატვირთვა ენიჭება: მლქიქვნელ ადამიანს შეუძლია გაიღოს თანხა სხვის დასახმარებლად, თაღლით მოვაჭრეს- გაუწიოს პატიოსანი სამსახური მომხმარებელს, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ეს მოქმედებანი, ნაკარნახევი მხოლოდ მოვალეობით, სრულიად სცდება საზღვრებს კეთლი ნებისას და აუფასურებს მოქმედებას, რომელიც სახეზე რჩება. ამის საპირისპიროდ, მოქმედება, რომელიც განპირობებულია კეთილი ნებით, უნიკალურია, კეთილხარისხოვნებას კეთილი ნებისას შეუძლებელია ღირებულება დაეკარგოს ან შეუმცირდეს, რასაც, სამწუხაროდ, კანტის შემოქმედებაში ვაწყდებით. მსგავსი მიმართება, წარმოდგენილი მის შემოქმედებაში, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. კანტი ერთადერთ უპირობო სიკეთეს უკნინებს როლს და უკარგავს იმ ღირებულებას, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს სიკეთე, რომელიც შეიძენს ღირებულებას კეთილ ნებასთან მიმართებით, ის ამით უპირისპირდება საკუთარ ნააზრევსაც, როდესაც ამბობს, რომ „მხოლოდ კეთილ ნებას გააჩნია თვითღირებულება“.

     როგორც ვახსენე, კანტი ეწინააღმდეგება მისსავე ნააზრევს და წარმოაჩენს კეთილ ნებას დეფორმირებული სახით: “To act from good will is acting for the sake of duty”. კეთილი ნება, თავისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, აღნიშნავს ადამიანურ ქმედებას, რომლის აღსრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ის დაცლილია ყოველივესაგან, რაც თავისუფალ ნებაზე მოახდენდა გავლენას. კეთილი ნება ზიარებულია ადამიანური გონებასთან და მისი თანახმიერია, ის თავისთავად არ არის მომავალ შედეგზე აგებული. ამგვარად, აქტი, რომელიც კეთილ ნებაზეა დამყარებული აუცილებლად უნდა იყოს ინდივიდუალური, მას არ უნდა განაპირობებდეს მოვალეობა და არ უნდა უგულებელყოფდეს ადამიანის რეალურ მიდრეკილებებსადა პირად მოტივებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არათუ ნებელობით, არამედ ვალდებულებით იქნება ნასაზრდოები და ნაკლებად იქნება აღქმული როგორც პიროვნების მისწრაფება სიკეთისაკენ, ის უბრალოდ შეიძენს სახეს საზოგადოების პროდუქტისას. რა თქმა უნდა, არ არის ძნელი წარმოსადგენი, რომ ცუდი ნების მქონე ადამიანიც ისეთივე სტიმულებით გამოირჩეოდეს და იგივე ქმედებებს ასრულებდეს, როგორსაც ასრულებს კეთილი ნების ადამიანი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქმედების მოტივი საზოგადოებისა თუ კონკრეტული ადამიანის დაკვირვება, შეუეძლებელია კეთილ ნებას დავუკავშიროთ, ვინაიდან ის დროებითი, ყალბი და წარმავალია.

     საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კანტის მორალურ ფილოსოფიაში მოვალეობა მეტად ჩრდილავს და იქვემდეებარებს კეთილ ნებას, კეთილი ნებას, რომელიც ერთადერთი წყაროა, რომელთან ზიარებისას სხვა საგნები ღირებულებას იძენენ. Კეთილი ნების ჭეშმარიტი პროდუქტის შეფასებას მეტად გაგვიმარტივებს ქმედების მოტივის აღმოჩენა და, ვფიქრობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ ქმედებას ნასაზროდები კეთილი ნებისაგან, თუ მოვალეობის მარწუხებისაგან გათავისუფლებულსაც ექნება უნარი საკუთარი თავი კეთილ ნებას დაუკავშიროს.

ნატალი ოქროპირიძე

Coexistence of moral and duty

20.04.2021

ამართლებს თუ არა კანტის ეთიკა, იგივე დეონტოლოგია, მაშინ, როცა საქმე რეალურ ცხოვრებას ეხება?

კანტის ეთიკა კონცენტრირებულია მოვალეობაზე. ანუ თუ ადამიანმა ერთხელ დადო პირობა, ფიცი ან თუნდაც რაიმე სახის აღთქმა, იგი ვალდებულია თავისი მორალი გვერდით გადადოს ყველაზე წარმოუდგენელ, ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი და ბოლომდე უერთგულოს თავის მოვალეობას, მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს მის მორალს. აქედან შეგვიძლია გამოვიყვანოთ მსჯელობა, რომ ადამიანმა საკუთარ სიტყვას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მისი მიღებული გადაწყვეტილება იმაზე მაღლა დგას, რასაც მორალი ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, მორალიც ოდესღაც მიღებული გარკვეული გადაწყვეტილების შედეგი გახლავთ.

ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ მორალსა და მოვალეობას, გარკვეულწილად, ერთი საწყისი აქვთ, შეიძლება, რომ მორალმა მოვალეობის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს. ის, რაც ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება, სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში ვერ განხორციელებულდება. ადამიანის უნიკალურობაც, ალბათ, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია, სრულიად არგუმენტირებული, ლოგიკური, დრო-სივრცული მსჯელობები თავდაყირა დააყენოს და საკუთარი მორალით გამოძერწოს. ამის ყველაზე კარგ მაგალითად მახსენდება ფრენკ დარაბონდის ფილმი -  “The Green Mile”, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედით. მთავარი გმირი პოლ ეჯკომბი გახლავთ, ციხის ზედამხედველი, რომლის მორალური ღირებულებები ნამდვილად აღემატება იმ საქმეს, რომელსაც აკეთებს. იგი მრავალი წელია ზემოთხსენებულ პოზიციაზე მუშაობს, პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, ღირსეულად ეპყრობა პატიმრებს, მიუხედავად მათი დანაშაულის სიმძიმისა და ცდილობს, რომ ელექტრო სკამამდე მისასვლელი ბოლო გზა - „მწვანე ბილიკი“ ცოტა მაინც შეუმსუბუქოს. ის ყოველთვის უსმენს მსჯავდებულის ბოლო სიტყვას და განაჩენის აღსრულებამდე წარმოთქვამს   „ამინ“-ს. თითქოს, უცნაური ამაში არაფერია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი, რომელიც უამრავი პატიმრის გრძნობებს ძალიან ცხადად განიცდის. ალბათ, ძალიან რთული უნდა იყოს მორალურად, არა? თუმცა, თავს მაინც არ ანებებს ამ სამუშაოს, რადგან ეს მისი დაკისრებული მოვალეობაა.

პოლ ეჯკომპბის(ასევე მისი კოლეგების) მთავარი დილემა მაშინ დაიწყება, როცა საკანში პატიმარ ჯონ კოფს მოიყვანენ, რომელსაც ბრალად ტყუპი გოგონების გაუპატიურება და შემდეგ მოკვლა ედება. ჯონს ბრალი მხოლოდ იმიტომ წაუყენეს, რომ უკვე გარდაცვლილ გოგონებთან ერთად დანაშაულის ადგილას ნახეს. ფილმის განმავლობაში კარგად ჩანს, რომ ის უდანაშაულოა. ამას ზედამხედველებიც კარგად ხედავენ, განსაკუთრებით პოლ ეჯკომბი. ჯონ კოფის მოყვანის დღიდან მათ საკუთარ თავთან ჭიდილი ეწყებათ, არჩევანი დაკისრებულ მოვალეობასა და მორალს შორის უნდა გაკეთდეს. ჯონს საოცარი უნარი აქვს - იგი კურნავს დასნეულებულ ადამიანებს, თუმცა ამის საფასურად იგი თავისი სიცოცხლის საათებს, დღეებსა და წლებს წირავს. მისი გიგანტი სხეული მხოლოდ სიკეთითა და კაცთმოყვარობითაა სავსე. ჯონი ჩადის სიკეთეს, რომლის საფასურს თავადვე იხდის.

ზემოთ პოლ ეჯკომბის ტანჯვა ვახსენე. ვფიქრობ, მისი ეს ტანჯვა ერთგვარი საფასურია იმისა, რომ იგი მოვალეობას და მორალს ერთმანეთს უკავშირებს და ცდილობს, ადამიანის ბოლო წუთები ჰაერივით მსუბუქი გახადოს. იგი ამას თავის თავზე გამოცდის, თუმცა მიუხედავად ყოველი ახალი დათმობილი სიცოცხლის დროს განცდილი ტკივილისა, მოვალეობის მარწუხებისა, იგი ერთი წამით არ თმობს არც თავის მორალს და არც მოვალეობას. ეს პერსონაჟი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მორალისა და მოვალეობის თანაარსებობა, თუნდაც წინააღმდეგობრივი სახით, შესაძლებელია, თუ შეგიძლია სანაცვლოდ მსხვერპლი გაიღო.

პოლ ეჯკომბისა და ჯონ კოფის ამბები ერთგვარ თანაკვეთაშია, რადგან მათ ისინი თავიანთი მორალისთვის იხდიან საფასურს. ეს საფასური კი ყველაზე ძლიერ ადამიანურ, მორალურ კავშირს ამყარებს მათ შორის, მიუხედავად მოვალეობრივი განსხვავებებისა.

მაშინ რა გამოდის, არსებობს განა კანტისეული ეთიკა სრულიად ცალკე, წინააღმდეგობების გარეშე? თუმცა როგორ, როცა სამყაროში მორალს თავისი, პირადი, უნიკალური ღირებულება გააჩნია.

 

გიორგი ვეკუა

კანონთა მიზეზები ანგლო-საქსურ და მერიკულ კულტურაში

20.04.2021

            დღევანდელი მსოფლიო , ერთ დიდ სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.თამაშს , რომელიც ემპირიულად საკუთარ წესებს ემორჩილება.თუმცა , ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის ეს წესები თუ კანონები . ისინი სიღრმისეულად ვერ იაზრებენ ვის მიერ დგინდება , როგორ მოქმედებს და რაც მთავარია , როგორ ზეგავლენას ახდენენ ისინი  თითოელი მათგანის ცხოვრებაზე. ჯეიმს მ. ბუჩანანი წერს , რომ ადამიანთა ნაწილი შურისა და აღფრთოვანების დელიკატური მიქსით შეჰყურებს ისეთ ჭკვიან ადამიანებს , რომელთაც გააჩნიათ უნარი საკუთარ ინტერესებს მოარგონ არსებული წესები და გამოავლინონ იმდენი ინტეელქტი და უნარ-ჩვევები , რომ თავად მართონ კანონები და წესები და იმის მაგივრად , რომ მათგან იყვნენ მართულნი.

          ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე ნებისმიერი კანონი ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების დიად მიზანს ემსახურება.ჯეიმს ბიუკენენი წერს , რომ ანგლო-საქსური და თანამედროვე ამერიკული გაგებით ყოველი კანონი უნდა იყოს ჰარმონიული სოციუმის არსებობის წინაპირობა .სოციუმის , რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტისა თუ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.ანგლო - ამერიკულ კულტურაში კანონის ფუნქცია ადამიანისა და საზოგადოების ჰარმონიული და სამართლიანი ყოფიერების შექმნაა.ჯერ კიდევ 1787 წლის 17 სექტემბერს შექმნილი ამერიკის პირველი კონსტიტუციიდან დაწყებული , ნებისმიერი კანონის შექმნის საფუძველი და მიზეზი სწორედ ამ ღირებულებებს უნდა ემყარებოდეს.თუმცა , ბიუკენენის თქმით , ნებისმიერ საზოგადოებრივ წესრიგს მეტად მყიფე საძირკველი აქვს. ამ არც თუ მტკიცე საფუძველს ავტორი იმით ამართლებს , რომ ,  მისი თქმით , საზოგადოება ადამიანთა ურთიერთქმედებისგან შედგება.ადამიანები კი ხშირად , პირველ რიგში , საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და მხოლოდ შემდეგ ითვვალისწინებენ სხვებს . ეს კი მეტად ართულებს კოოპერირებულ ურთიერთქმედებას საზოგადო ინტერესთა დაცვისათვის. მწერალი დასძენს , რომ ამ მიზეზით სოციალური ჰარმონია შეზღუდულია ადამიანის ბუნებით .ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც პრობლემა , არამედ უნდა მივიჩნიოთ მოცემულობად , რომ ადამიანები ეგოისტები არიან და საერთო ინტერესებთან ერთად აუცილებლად კერძო , პირადი შეხედულებებიდან გამოვლენ.ადამიანები ხომ ყოველთვის, გაუაზრებლად თუ გამიზნულად , საკუთარი ინტერესების გატარებისაკენ მივილტვით. სახელმწიფო კანონები სწორედ აქ შემოდიან ასპარეზზე მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად. თანამედროვე დასავლური ლიბერალური გაგებით კანონთა მიზეზი ადამიანის თავისუფალი ნების ისე განხორციელებაა , რომ ამ ნებამ სხვა ადამიანთა , ანუ საზოგადოებრივი ნება არ შეზღუდოს და პირიქით , კანონდმებლობა უნდა იყოს გარანტი იმისა , რომ უმრავლესობის თავისუფალი ნება კონრეტულ ინდივიდს არ შეუზღუდავს სამართლებრივ თავისუფლებას.

       ადამ სმიტიდან მოყოლებული დასავლურ კაპიტალისტურ ცივილიზაციაში გაჩნდა მოსაზრება , რომ წესებმა შესაძლებელია მორალი ჩაანაცვლოს.ეკონომიკური თვალთახედვით , შექმნილი კანონები , ანუ ე.წ. „თამაშის წესები „ სამომხმარებლო პროდუქტადაც შესაძლოა იქნენ აღქმულნი.საერთო სარგებლის (რაც , ამ შემთხვევაში ჰარმონიული თანაცხოვრებაა ) მიღების მიზნით ადამიანები მიყვებიან კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს , მიუხედავად იმისა , რომ შესაძალოა რომელიმე კონკრეტული პუნქტი ადამიანის პირად მორალსა თუ  ქმედების სურვილს ეწინააღმდეგებოდეს.ამ დილემის გადაჭრის ოპტიმალურ მეთოდად კანტისეული მსჯელობა მესახება.ვგულისხმობ იმას , რომ ინდივიდებმა უნდა დაიცვან კანონით განსაზღვრული ნორმები , თუმცა თუ ისინი კონკრეტულ პუნქტს არ იზიარებენ მათ , პირველ რიგში , უნდა მიეცეთ მისი საჯაროდ გაკრიტიკების უფლება .შემდეგ კი , მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ , რომ შესაბამის ორგანოებს ( იმის დასაბუთებით, რომ კონკრეტულმა კანონმა საკუთარ პირველად არსს  გადაუხვია) მისი შეცვლა მოთხოვოს.

     სწორედ ასე მესახება თანამედროვე , დასავლური ქვეყნის მოდელს და მასში ნებისმიერი კანონის , კანონროექტის , რეგულაციისა თუ წესის მათავარ არსსა და შექმნის მიზეზს.

  გიორგი ვეკუა

ქეთევანი რაზმაძე

To Lie Or Not To Lie?

20.04.2021

დეონტოლოგიური ეთიკის თანახმად, ადამიანმა ყოველთვის უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა (Duty), განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვება მის ქმედებას. იმანუელ კანტიც მსგავს რამეს ამბობს, რომ არსებობს კატეგორიული იმპერატივები, რომლებიც უნივერსალური კანონია და რომელთა შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა. კანტის აზრით, ადამიანი იმ წესების შესაბამისად უნდა მოიქცეს, რომელთაც, რომ შეეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდა. 

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ორი მოვალეობა, ორი უნივერსალური კანონი ერთმანეთის საპირისპირო ქმედებებისკენ გვიბიძგებს? რომელ თანაბრად მნიშვნელოვან ვალდებულებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

განვიხილოთ მაგალითი:

როგორც ცნობილია, ნაცისტური რეჟიმის დროს, უამრავ ებრაელს ხოცავდნენ და ამის გამო ებრაელები მუდმივად იმალებოდნენ. დავუშვათ, ერთმა დიდსულოვანმა გერმანელმა, იოჰანმა, საკუთარ სახლში შეიფარა ერთ-ერთი ებრაელი და დაპირდა, რომ არ გასცემდა. ცოტა ხნის შემდეგ იოჰანს კართან გერმანელი ჯარისკაცი მოადგა და ჰკითხა, იმალებოდა თუ არა მის სახლში ებრაელი. როგორ უნდა მოიქცეს იოჰანი?

ებრაელისთვის მიცემული პირობა იოჰანს აშკარად ავალდებულებს, რომ სტუმარი არ გასცეს. მისი მოვალეობაა, რომ საკუთარ სახლში საკუთარივე ნებით შეფარებული ებრაელი გადაარჩინოს. მეორე მხრივ, კანტის კატეგორიული იმპერატივი იოჰანს ეუბნება, რომ არასდროს მოიტყუოს. კანტის მიხედვით, სიმართლის თქმა არის ის უნივერსალური კანონი, რომელიც ყველამ უნდა აღასრულოს. შედეგად, ცალსახაა, რომ იოჰანი დილემის წინაშეა: შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაიცვას სახლში დამალული ებრაელი თუ დაემორჩილოს უნივერსალურ კანონს და სიმართლე თქვას. დეონტოლოგიის მიხედვით, ორივე ქმედება ეთიკური იქნება, მაგრამ დეონტოლოგია იოჰანს არ ეუბნება, რომელ მოვალეობას მიანიჭოს უპირატესობა.

თუ დავუშვებთ, რომ იოჰანმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყუილი უნდა თქვას, იმ მოტივით, რომ ებრაელისთვის მიცემული სიტყვა შეასრულოს, გამოვა, რომ კანტის უნივერსალური კანონი კონრეტულ სიტუაციას მოვარგეთ და ვიგულისხმეთ, რომ „ადამიანმა ტყუილი არ უნდა თქვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს“. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნივერსალური კანონი თავის უნივერსალურობას კარგავს. კანონის კატეგორიულობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, დეონტოლოგიის ძირითადი იდეა სწორედ იმიტომაა მოვალეობების უპირობოდ შესრულება, რომ ადამიანს მომავლის წინასწარმეტყველება არ შეუძლია. შესაბამისად, ვერც საკუთარი ქმედების შედეგს განსაზღვრავს წინასწარ. ამიტომ, დეონტოლოგიური ეთიკა გვეუბნება, რომ სჯობს, პატიოსნად შევასრულოთ მოვალეობა და არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს კონკრეტული ქმედება.

დავუშვათ, იოჰანმა ჯარისკაცი მოატყუა და უთხრა, რომ სახლში ებრაელი არ ჰყავს. ეს საუბარი ებრაელმა მოისმინა და იოჰანის სახლიდან გაიქცა. ჯარისკაცმაც დაიჯერა იოჰანის ნათქვამი და სახლის გაჩხრეკვის ნაცვლად უკან გაბრუნდა. სავსებით შესაძლებელია, რომ გაქცეულ ებრაელს გადაყროდა და მოეკლა. მაშინ, როცა იოჰანს რომ სიმართლე ეთქვა, გერმანელი ჯარისკაცი სახლში შევიდოდა და ებრაელს გასაქცევად მეტი დრო ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ იოჰანის ტყუილმა ებრაელი მოკლა. ვინაიდან, იოჰანს არ შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება, ტყუილი არ უნდა ეთქვა. სიმართლეს თუ იტოდა და ამის გამო მოკვდებოდა ებრაელი, ეს უკვე იოჰანის ბრალი აღარ იქნებოდა, რადგან ის უნივერსალურ კანონს დაემორჩილა, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც მან ტყუილი თქვა და ამ ეთიკურად გაუმართლებელმა ქმედებამ შეიწირა ებრაელის სიცოცხლე.

თუმცა, თუ იოჰანი სიმართლეს იტყვის, აშკარად გამოვა, რომ ის ებრაელისთვის მიცემულ პირობას დაარღვევს და დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებს, შინ შეფარებულ ებრაელს გასცემს. არც ამგვარ ქმედებას ამართლებს დეონტოლოგიური ეთიკა.

შეგვიძლია განვიხილოთ მესამე ვარიანტიც. იოჰანს შეუძლია, რომ არ მოიტყუოს, მაგრამ არც ებრაელი გასცეს. დავუშვათ, იოჰანმა გერმანელ ჯარისკაცს წინააღმდეგობა გაუწია და განუცხადა, რომ არ გაუმხელდა ებრაელის სამყოფელს. ასეთ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ჯარისკაცი იოჰანს მოკლავდა. შედეგად იოჰანი შეეწირებოდა თავისი მოვალეობის შესრულების მიზანს, ისე, რომ კატეგორიულ იპერატივსაც არ დაარღვევდა. თუმცა სადავოა, რამდენად გამართლებული იქნებოდა იოჰანის ამგვარი საქციელი დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით. 

დეონტოლოგია გვავალდებულებს, რომ შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან გმირობას მოითხოვს. ადამიანი არ არის ვალდებული, რომ მოვალეობის შესრულებას თავი შესწიროს. ეთიკური ქმედება იქნება სიმართლის თქმა, თუმცა სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის დათმობა, ვფიქრობ, ეთიკის საზღვრებს სცდება და გმირობაში გადადის, რაც ადამიანის პირადი არჩევანია და არა უნივერსალური კანონი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.

ამგვარად, იოჰანის დილემა კარგად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ შესაძლოა დეონტოლოგიური ეთიკა ერთმანეთის საპირისპირო ქმედებებისკენ გვიბიძგებდეს ისე, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ გვეუბნებოდეს, ორი თანაბრად „აქტიური“ მოვალეობიდან რომელს მივანიჭოთ უპირატესობა. 

 

ევა არჩემაშვილი

კატეგორიული იმპერატივი და საჯარო უფლების კონცეფცია

20.04.2021

 Კანტისთვის, მორალური ვალდებულების წყარო არის პიროვნების ღირსება და ავტონომიური მორალური საწყისის თვითდისციპლინური თვისება. ამ მიზეზის გამო, კანტიანური ეთიკა არ არის ღვთიური ბრძანების ეთიკა. Მორალური ვალდებულება კანტისთვის აღმოცენდება პიროვნებაში თავისუფლად ე.ი. Ყოველგვარი ღვთიური სასჯელისა და გარეშე იძულების შიშისგან განცალკევებით.     

 Თუმცა, კანტს სჯერა, რომ სუბიექტისთვის არ უნდა იყოს ბუნებრივი, მისაღები მოვლენა იმ ვალდებულების თავიდან აცილება ან მიტოვება, რომელიც მან, თავისუფალი ნების ძალით, საკუთარ თავზე აიღო. Კანტი ამ თავისუფლების პარადოქსს, რომელიც ამასთანავე დაკავშირებულია გარდაუვალ მოვალეობასთან, გადაჭრის ავტონომიის კონცეფციით, რომლიდანაც გამომდინარეობს შემდეგი: ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი ემორჩილება რაციონალური მორალის კანონს, რომელსაც თავადვე გამოსცემს. Ღვთაებრივი განკარგულების, როგორც მორალური ვალდებულების დამდგენი წყაროს, გამორიცხვის შემდეგ, კანტისთვის გადამწყვეტი იყო ალტერნატიული ახსნის ჩამოყალიბება მისი თეორიისათვის. Მან ეს კატეგორიული იმპერატივით მოახერხა. 

 *კატეგორიული იმპერატივი - ბრძანება, რომელსაც უნდა მიყვე, მიუხედავად საკუთარი სურვილისა. Მორალური ვალდებულებები მომდინარეობს წმინდა გონებიდან.

 Კანტი ფიქრობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა მორალური - მორალის კანონი ვალდებულებითია ყველა ჩვენგანისთვის. Მისი შეხედულებით, არ გვჭირდება რელიგია, რათა ვიცოდეთ, რა არის ეს კანონი, რადგან არასწორისა და სწორის გარჩევის ცოდნა შესაძლებელია ინტელექტის წყალობით.

 კატეგორიული იმპერატივი არის მეთოდი, რომელიც გამოცდის მორალურ წესებსა და მაქსიმებს, რომლებზე დაყრდნობითაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ადამიანები. Ის წესები, რომლებიც “აბარებენ გამოცდას” კატეგორიულ იმპერატივში მორალურად მისაღები ან სავალდებულო ხასიათისაა,  ხოლო ის წესები, რომლებიც ვერ “გადიან გამოცდას” - იკრძალება. Საჯარო უფლების კონცეფცია არის კატეგორიული იმპერატივის მორგება საჯარო და პოლიტიკურ კონტექსტებთან, მათ შორისა არის საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობებიც. Ამგვარად, კანტიანური საერთაშორისო ეთიკა დღესაც ეფუძნება კატეგორიულ იმპერატივს, თუმცა მხოლოდ იმპლიციტურად. 

  Რა არის თავად კანტის განმარტებით კატეგორიული იმპერატივი, ფილოსოფოსმა შემოგვთავაზა ოთხი ფორმულირება. მათგან ორი ყველაზე პოპულარულია:

 1.”მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.” 

 Აღნიშნული Ზოგადობის კანონია. Თუკი შესაძლო მორალური წესი მოერგება აღნიშნულ განმარტებას, მის მიხედვით ცხოვრება გამართლებულია, რადგან მისი მისადაგება ყოველთვის შესაძლებელი იქნება მსგავსი სიტუაციებისთვის. Წინააღმდეგ შემთხვევაში წესის ვალიდურობა არ დამტკიცდება. Მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ დილით შემთხვევით საფულე სახლში დაგრჩა, ქუჩაში ხილის გამყიდველი შენიშნე, რომელიც მეგობართან ლაპარაკშია გართული, მარტივად შეგიძლია ერთი ბანანის აღება და გზის გაგრძელება. Არის თუ არა შენი საქციელი მორალურად სწორი? Აღნიშნული ქმედება არის ქურდობა. Შენი ქმედებით იწონებ ქურდობას ზოგადად, ამით კი განაზოგადებ ამ ქმედებას: თუ შენ შეიძლება რომ მოიპარო, მაშინ ყველამ ყოველთვის უნდა მოიპაროს. Აღიშნულს მივყავართ შეუსაბამობასთან(კანტი კი ამბობს, რომ მორალური ქმედებები არასოდეს იწვევენ წინააღმდეგობებს): არავინ იტყოდა, რომ ყველამ ყოველთვის უნდა მოიპაროს. Შესაბამისად, ქურდობა არ არის განზოგადებადი. Შეიძლება ვთქვათ, რომ Კანტის აზრით, უსამართლობაა საკუთარი თავისთვის გამონაკლისების დაშვება.  

 2. “Მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.”

   Აღნიშნული დოქტრინა მორალური კანონის დამტკიცების სტანდარტად აწესებს პიროვნულ ღირსებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედეგის მიღწევა მოითხოვს ადამიანთა “გამოყენებას”. Მისაღებია მხოლოდ ის კანონი, რომელიც იცავს(უნარჩუნებს) ადამიანის თავისუფლებას მისი ნიჭის, სამუშაო ძალის, ან რესურსების “გამოყენების" დროს.  

 Ჩვენ საგნებს ყოველთვის ვიყენებთ, როგორც საშუალებას: როდესაც ჭიქა, რომლიდანაც ვსვამთ ყავას, გატყდება, მას აღარ გამოვიყენებთ. Თუმცა ადამიანებს ასე არ უნდა მოვექცეთ. Ამის მიზეზი კანტისთვის არის ის, რომ ჩვენ საკუთარ თავში სრულქმნილები ვართ. Არ ვარსებობთ მხოლოდ, როგორც სხვების გამოსაყენებელი საგნები, ვართ რაციოალურები და ავტონომიურები, გვაქვს საკუთარი მიზნები, რომელთა მიღწევასაც ვცდილობთ. Უფრო გასაგებად, ყავის ჭიქები არსებობენ მათთვის, ვინც ყავას სვამს, ხოლო ადამიანები არსებობენ საკუთარი თავისთვის. 

 Წარმოვიდგინოთ ასეთი კანონი: “ჩემთვის დასაშვებია მეზობლის მოტყუება, თუკი ამით მივიღებ პირად სარგებელს.” ტყუილის მისაღებობის დაშვება, თუკი ვალიდური იქნებოდა, გულისხმობს იმას, რომ ჩემს მეზობელსაც უნდა შეეძლოს ჩემი მოტყება სარგებლის მისაღებად. Კანტი ამას უარყოფს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება კატეგორიული იმპერატივის პირველ ფორმულირებას. არ შეიძლება მისი მისადაგება ყველა სიტუაციისთვის. Თუკი მოტყუება საზოგადოდ დაშვებული ქმედება იქნება, მაშინ ჩემი ქვეყნის მტერს ექნება უფლება მოატყუოს ჩემს მთავრობას, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მოატყუოს თავის ეროვნულ მტერს, რათა მოიპოვოს უპირატესობა მასზე. 

  Კატეგორიული იმპერატივის ორივე განმარტებით, ნათელია ინტერნაციონალიზმის ან კოსმოპოლიტიზმის უპირატესობა შეზღუდულ ნაციონალიზმზე. Ადამიანი არ უნდა მოექცეს სხვას, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ქვეყნისა, მხოლოდ როგორც საშუალებას. Აღნიშნული მიუთითებს კატეგორიული იმპერატივის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობას. Საჯარო უფლების კონცეფციაში კანტი მოიაზრებდა, რომ ნებისმიერი ქმედება სწორია, თუკი მას შეუძლია თანაარსებობა თითოეული პიროვნების თავისუფლებასთან უნივესალური(ზოგადი)  კანონის მიხედვით, ე.ი. Მისი მტკიცებით, კანონები და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ არღვევენ უნივერსალურ(კატეგორიული იმპერატივის პირველი განმარტება) კანონს. 

  Კანტი წინაწსარ განსაზღვრავდა მისი ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეთა არგუმენტს, რომ მთავრობისთვის მინიჭებულ იძულების უფლებასთან კატეგორიული იმპერატივი წინააღმდეგობაში მოდის. Კანტის პასუხი კი არის, რომ საჯარო უფლებები არ მოითხოვს იძულებას თავისთავად. Სინამდვილეში, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა შეაჩეროს თავისუფლების აღკვეთა - მთავრობა ვალდებულია ხელი შეუშალოს თავისუფლების დარღვევის აქტებს. Ასეთი მიმართება არსებობს კატეგორიულ იმპერატივსა და საჯარო უფლებას შორის, რომელიც კანტიანური ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სადავო განხილვის თემაა.

 

 

ლიზი შტააძე

კანტის მორალი და ფსიქოანალიზი, ანუ კატეგორიული იმპერატივი და სუპერეგო

20.04.2021

ადამიანი მუდმივად ცდილობს, მოახდინოს ისეთი პარადიგმების კონსტრუირება, რომლებიც ამარტივებენ სამყაროს რეპრეზენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ქცევების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა, ფსიქიკაში ჩამოყალბებული ეს ხატები, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ ქცევაზე აისახება. მორალური მიმართებები წარმოადგენენ გარემოს იმგვარი აღქმის გამარტივებულ სახეს, რომელიც გვეუბნება, როგორი უნდა ვიყოთ, გვაწვდის ინფორმაციას სხვა ადამიანებისა და სამყაროს მოწყობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი, რომელსაც საბოლოოდ მოტივაციისა და თვითდისციპლინის ინდივიდუალურ ფორმებამდე მივყავართ.
კანტის დეონტოლოგიური თეორიის მიხედვით, ქმედებების კლასიფიკაცია, როგორც კარგის ან ცუდის, დამოუკიდებელია მათგან მომდინარე შედეგებისა და ჩვენი დამოკიდებულებებისგან: მხოლოდ საკუთრივ ქმედებები შეიძლება იყვნენ კარგი/ცუდი და არა მათი შედეგები. კატეგორიული იმპერატივია ის საწყისი საფუძველი, რომელიც განაპირობებს ადამიანის მორალური ღირებულების მქონე ქცევას. იგი არსებობს ყველა ადამიანის ზნეობრივ პრაქტიკაში, რამდენადაც ადამიანები რაციონალური არსებები არიან. მათ შეუძლიათ მოვლენებისგან დისტანცირება და რეფლექსიის მოხდენა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ და რატომ. ამრიგად, კატეგორიული იმპერატივი უნივერსალური, თავისთავადი და მუდმივია, შეუძლებელია ემპირიულ სუბიექტებს შორის არსებული განსხვავებების მიხედვით შეიცვალოს.
ფროიდის აზრით, ადამიანის მორალური ღირებულებებისა და შეხედულებების წყაროს წარმოადგენს ინტერნალიზებული, ეგოზე მიმართული აგრესია. მისი მორალური განვითარების თეორია უკავშირდება იდეას, რომ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს შორის მუდმივი დაძაბულობაა. მორალი წარმოიქმენა მაშინ, როდესაც შინაგანი იმპულსები, სურვილები რეპრესირებულია და მათ ადგილს სოციალური აგენტების მიერ დადგენილი ღირებულებები იკავებენ. სექსუალური და აგრესიული მისწრაფებების დათრგუნვა ხდება მათი შინაგანი ‘მაკონტროლებლის’ სუპერვიზიის ქვეშ გადასვლით, რაც ხელს უწყობს, აღმოიფხვრას ამგვარი მისწრაფებების შედეგად გამოწვეული კულტურისა და ურთიერთობების შემაფერხებელი ფაქტორები.
სოციალური ნორმები, იდეები და ღირებულებები სხვადასხვა კულტურასა და ისტორიულ პერიოდში განსხვავებულია, რაც განაპირობებს მორალის ფარდობით ხასიათს. კანტის კატეგორიული იმპერატივი აბსოლუტური მნიშვნელობისაა, ერთგვარი უპირობო ბრძანებაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლობით უნდა შესრულდეს. ამიტომ სხვადასხვა კულტურულ გარემოში შეუძლებელია მორალური ხასიათის დიფერენცირების დაშვება, მაშინ როცა ფროიდის თეორია ასეთი კატეგორიული არ არის. ის რაც ერთი საზოგადოების წევრისთვის მორალურ სტანდარტს წაემოადგენს, სხვა საზოგადიებისთვის თავისუფლად შეიძლება დესტრუქციული შედეგის გამომწვევი აღმოჩნდეს. ამგვარად, ინტერიორიზებული მორალური ღიებულებებისა და ქცევითი სტანდარტების საცავი, ანუ სუპერეგო სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა შინაგანი განსაზღვრულობის მქონე მექანიზმით მოქმედებს.
ადამიანში არსებული თვითგანადგურებისკენ სწრაფვა და მის შედეგად არსებული აგრესია მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის ცივილიზაციასთან. ეს უკანასკნელი ადამიანისგან მოითხოვს აგრესიული იმპულსების დათმობას, რადგან რაციონალური ინტერესები ვერასდროს გადაწონის ადამიანის გაცილებით უფრო ძლიერ, ბუნებრივ ლტოლვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგავრი მსხვერპლშეწირვის საპირწონედ ადამიანს უსაფრთხოების გარანტია აქვს, მორალურად არსანქცირებული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული სუპერეგოს მექანიზმი ადამიანის უბედურების, შფოთვისა და ნევროტულობის წყაროა.
განსხვავებით ფროიდისგან, კანტისთვის მორალი და უფრო კონკრეტულად, კატეგორიული იმპერატივი ზნეობის უმაღლესი პრინციპია. რამდენადაც მორალური მაქსიმა კეთილი ნებისგან უნდა მომდინარეობდეს, მას ნეგატიური განწყობა ვერ ექნება, იგი ადამიანისთვის რაღაც თავისთავად, უპირობოდ კარგსა და სასურველს წარმოადგენს. კატეგორიული იმპერატივი პოზიტიური ხასიათისაა, რადგან გვკარნახობს, რომ ადამიანებს რაციონალურობიდან გამომდინარე ვალდებულება გვაქვს, რომ მის შესაბამისად მოვიქცეთ და არ მოგვიწოდებს, უბრალოდ, კონკრეტული ქმედებების არჩადენისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი სუბიექტის ორი შრე გამოიყოფა: ერთი მხრივ, შემოქმედი, რომელიც მოვალეობას ‘გახსენებს’, ხოლო, მეორე მხრივ, გზავნილის მიმღები, რომლის დანიშნულებაა ემპირიულ განსაზღვრულობის შესაბამისად, კონკრეტული ქმედების სახით ხორცი შეასხას მორალურ კანონს.
ამას გარდა, კანტისა და ფროიდის მორალთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვა შესაძლებელია დანაშაულის გრძნობასთან მათი დამოკიდებულებების აღნიშვნით. სუპერეგოს ერთ–ერთი ქვესისტემა არის სინდისი, რომელსაც უკავშირდება დანაშაულის გრძნობის წარმოქმნა პიროვნებაში. იგი აგრესიისა და ემოციური მიჯაჭვულობის ჩვენივე ნებით უარყოფას წარმოადგენს. როდესაც იდი არამორალური მისწრაფებების გამოხატვას ცდილობს, სუპერეგო ამაზე დანაშაულის გრძნობის გამოწვევით ცდილობს. ეს უკანასკნელი შესაძლოა უსარგებლო და დესტრუქციული იყოს, რადგან ასახავს ადამიანის აღზრდის გამოცდილებას, ურთიერთობას მშობლებთან, თანატოლებთან და ა.შ.
ფროიდის მსგავსად, კანტთან მორალური კანონი თვითმანიფესტაციას დანაშაულის გრძნობის ინიცირებით ახდენს. ამგვარად, მასთანაც მორალურ კანონთან თანხმობის ნეგატიური ასპექტია დანაშაულის გრძნობა. თუმცა სტრუქტურული განსხვავება არსებობს, რამდენადაც მორალურ კანონთან შეუსაბამობას ადამიანის რაციონალური მხარე ადგენს. რაციონალურობა, როგორც უპირველესი, მეტაფიზიკური პრიმატი, მგრძნობელობით მხარეს, სურვილებს, მისწრაფებებს და იმპულსებს უდგენს სტანდარტებს. დანაშაულის გრძნობას კი ამ სტანდარტებთან შეუსაბამობა იწვევს. კატეგორიული იმპერატივი მიმართული არ არის მოქმედებებზე, არამედ მორალურ მაქსიმებზე, პრინციპებზე, რომელთა გარკვევა ადამიანისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ნაკლებად უკავშირდებიან მგრძნობელობით მხარეს.
ფროიდი და კანტი საუბრობენ ადამიანის მორალზე, რომელსაც საფუძვლად უდევს გარკვეული სახის ცოდნები, იერარქიულობა და სამყაროსეული დისპოზიცია. ისინი წანამძღვრებად სხვადასხვა ფუნდამენტურ დებულებებს იღებენ ადამიანის მორალური განვითარების პროცესის აღწერისას. თუკი კანტთან ვალდებულებასთან თანხმობა ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ ქმედება კეთილი ნებისგან მომდინარეობს (შესაბამისად, არაა მორალური ღირებულების მქონე), ფროიდი ამგვარი საყოველთაო და აუცილებელი ძალის არსებობის გარეშე, სუპერეგოს ფუნქციონირების საფუძველზე ხსნის მორალურობას.

გვერდები

 

ბლოგის ავტორები