ENG GEO

Search form

ნინო ჩხიკვიშვილი

ყოველი კაცი ცრუ არს

20.04.2021

,,მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც რომ შეგეძლოს საყოველთაო წესად აქცევდი“ - კანტის მოსაზრება ჩემთვის საინტერესოა, რადგან მიჩნდება კითხვები. ნუთუ შესაძლოა თანამედროვე საზოგადოება ერთ წესსა და კანონს დაუქვემდებარო, ნუთუ მართებულია გვინდოდეს ერთნაირი ადამიანები საერთო ქცევითა და მისწრაფებებით. თუ დავუშვებთ, რომ შესაძლებელია ასეთი სამყაროს შექმნა, ადამიანის მთავარი მახასიათებელი-ინდივიდუალური ბუნება სად გაქრება, ან რატომ უნდა გვინდოდეს რომ ის აღარ არსებბდეს.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს გვესმის სხვადასხვა რელიგიური შეგონება. ათი მცნება ალბათ ძალიან მკაფიოდ გადმოგვცემს რა უნდა და რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ კანტი მისი ოჯახისაგან განსხვავებით, მორწმუნე არ ყოფილა, მას კარგად ესმოდა რელიგიის გავლენა ადამიანებზე და სურდა ეს მოძღვრებები თავისი შეხედულებით ჩაენაცვლებინა.

,,მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა როგორც შენი, ისე ყველა პიროვნების  სახით მუდმივად შენთვის იყოს მიზანი და არასოდეს საშუალება“, შესაბამისად ყველა ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და გათვალისწინებას იმ ფაქტისა, რომ მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ. კანტის ეს მოსაზრება ქრისტეს შეგონებას მახსენებს ,,გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა, ვითარცა თავი შენი“. გერმანელი ფილოსოფოსის მოსაზრება მარტივად აღსაქმელია, იმ იდეაზეც ვთანხმდებით, რომ სიძულვილით სავსე სამყარო ნამდვილად არ წარმოადგენს სასურველ რეალობას, მაგრამ მიჩნდება კითხვები. იმანეულ კანტის მოსაზრებას თუ გავყვებით, ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა და ინდივიდები იმსახურებენ, რომ მათ გადაწყვეტილებასა და არჩევანს პატივი ვცეთ. ამის პარალელურად, კანტი ავითარებს მოსაზრებას, რომ ადამიანები უნდა მოქმედებდნენ კონკრეტული წესებისა და ნორმების შესაბამისად, მაშინ სადღა არის ჩვენი არჩევანი. იქნებ ადამიანობის მთავარი ნიშა სწორედაც ის არის, რომ ,,ყოველი კაცი ცრუ არს“, იქნებ სამყარო არაფრისმომცემი, უინტერესო და ერთფეროცანი იქნება თუ მე და თქვენ საერთო ინტერესები, არჩევანი და ცხოვრება გვექნება. 

სწორედ იმიტომ რომ ადამიანები გონიერი, რაციონალური არსებები, ამ ქვეყნად ცხოვრების პირველივე დღიდან გვაქვს შანსი და მეტიც, უფლება თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება. თუ საზოგადოება პროგრესული უნდა იყოს, ინდივიდები სრულყოფილებისაკენ, სამყარო კი იდეალურობისაკენ ისწრაფვოდეს-არის კი შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა უშეცდომო ინდ ივიდებით. ადამაინს ადამიანად ხომ დაბრკოლებები, შეცდომები, დამარცხება აქცევს.

იმერატივების მორჩილება ჩემთვის პირველი თაობის უფლების- თავისუფლების უფლების შეზღუდვაა. არც ის მგონია, რომ სამყარო უკეთსი იქნება თუ ყველა ერთნაირად მოიქცევა, თუ ყველას ერთი მორალი გვექნება, რასაკვირველია, სწრაფვა უკეთესისაკენ ერთგვარი მისიაც კია ადამიანისა, მაგრამ ის გზა, რომელიც ნამდვილ ,,მე“-სთან, საკუთრი თავის უკეთს ვერსიასთან მიმიყვანს, არ უნდა იყოს კონკრეტული შემუშავებული წესებით კონტროლდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ადამიანად ამქვეყნად მოვლინებას, მყოფობასა და პირად ისტორიას აზრი ეკარგება.

,,მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“-ჩემთვისაც, ისევე, როგორც ალბათ ბევრი ადამიანისათვის, ეს სიტყები მნიშვნელოვანია, თუნდაც ჩვენი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, არავის გვინდა ვიყოთ მსხვერპლი, დაჩაგრული, დატანჯული, მაგრამ მგონია, რომ ეს შეგნება ადამიანში ისედაც დევს და არ არის აუცილებელი რაღაც კანონი და ნორმა არსებობდეს, რომ გავიაზროთ ვინ ვართ და როგორი გვინდა რომ ვიყოთ. ჩემთვის იმპერატივიზმი არ არის რაციონალური ,,მეს“ ხმა. ადამიანი თავისი ცხოვრებით, არჩევანით, გადაწყვეტილებით უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ სხვის ადგილას შეიძლება თავადაც აღმოჩნდეს. კონკრეტული, ვიღაცის მიერ შემუშავებული სწორი თუ არასწორი ქცევის ნიმუშები ჩემთვის ადამიანის, როგორც გონიერი არსების მნიშვნელობას საერთოდაც ეჭქვეშ აყენებს, რადგან თუ ყველა ერთნაირი იქნება, თუ ყველა ერთნაირად მოიქცევა როგორღა გავარკვევთ რა ცუდია და რა კარგია, რა სწორი და რა მცდარი.  დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ,,ყოველი კაცი ცრუ არს“, და მანკიერების აღმოფხვრას საკუთარ თავზე დაკვირვება, მისი შემეცნება უფრო სჭირდება ვიდრე საზოგადო წესები.

მაგდა ჩადუნელი

You Must ...

19.04.2021

"Het is geheel en al onmogelijk om in de wereld en zelfs ook daarbuiten iets te bedenken dat zonder restrictie voor goed gehouden kan worden, behalve dan een goede wil"
Emmanuel Kant

ემანუელ კანტი მიიჩნევდა, რომ სამყაროში ერთადერთი უპირობო კეთილი არის კეთილი ნება მხოლოდ. მისი აზრით ადამიანები არიან ვალდებულნი აკეთონ სიკეთე. ყველა ადამიანი არის მიზანი თავის თავში და არ შეიძლება სხვისი გამოყენება ჩვენი მიზნის მისაღწევად. ის აყალიბებს კატეგორიულ იმპერატივს, რომ მხოლოდ იმ წესის მიხედვით ვიმოქმედოთ, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად ვაქცევდით. ეს ერთი შეხედვით გავს ჯერ ძველ, ხოლო შემდეგ ახალ აღთქმაში გაჟღერებულ აზრს, რომ „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ“ და „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ.“ თუმცა კანტის მორალსა და ბიბლიას შორის დიდი სხვაობა ერთ საკითხში იკვეთება.
კანტი ამტკიცებს, რომ მორალური კანონი მოითხოვს, რომ ვიმოქმედოთ მოვალეობის გამო და არა მიდრეკილების და როცა ადამიანი იქცევა მორალურად არ ნიშნავს,რომ ამით ის უფრო ბედნიერი ხდება. მისთვის მხოლოდ მოვალეობაა ნუმენური სამყაროს ნაწილი და დანარჩენი ყველაფერი ფენომენალურის. ბიბლიაც გვავალდებულებს, რომ შევიყვაროთ, თუმცა კანტის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. მე მგონია, რომ კანტი თავისი მორალური მაქსიმით უპირისპირდება საკუთარი თავის სიყვარულს, როგორც მიდრეკილების ფორმას. კანტი საკმაოდ სასტიკია ამ საკითხში. ის ამბობს, რომ როცა ადამიანი სიკეთის მოვალეობას შეასრულებს, შეიძლება თანაგრძნობით განიმსჭვალოს და ამის გამო სიამოვნება მიიღოს, მაგრამ ეს იმ წამსვე ამცირებს „სიკეთის ხარიხსს“ :
„აქ მაქსიმა მოკლებულია ზნეობრივ შინაარსს, სახელდობს, იმას, რომ საქციელი ჩადენილ იქნეს არა მიდრეკილების, არამედ მოვალეობის გამო“.
მუდმივი ბედნიერების აღკვეთა არ შეიძლება, თუ შენი თავი გიყვარს. მიტუმეტეს, რომ ადამიანები ძალიან ძლიერ არიან მიდრეკილნი ბედნიერებისკენ, არ შეიძლება მათ ეს აუკრძალო. ვფიქრობ, შეუძლებელია კატეგორიული იმპერატივი შეასრულო და ეს დაუსრულებლად ხელმოცარულობის განცდას არ იწვევდეს. რადგან როცა შენ კმაყოფილი იქნები შენი საქმით, თუნდაც იმით რომ მოვალეობა შეასრულე, ეს უკვე მიდრეკილებად იქცევა და იმ მიზანს ვერ მიაღწევ, რაც გსურდა, თუნდაც ის რომ შეგესრულებინა მოვალეობა. სტოიკოსებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანი არ უნდა მისწრაფულიყო ბედნიერებისკენ, არამედ მოვალეობისკენ, მაგრამ ბედნიერება ამის თანმდევი იყო მათთან. ბიბლიის მიხედვითაც ადამიანის საკუთარი თავის მიმართ სიყვარული მნიშვნელოვანია. არაფერია ცუდი იმაში, თუ ზომიერად გვეყვარება საკუთარი თავი, ეს აუცილებელიც კია. „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ ამ მცნებაშიც კი ჩანს, რომ ადამიანის საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამაა.
საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ კანტის მორალური მაქსიმა ერთგვარად გამორიცხავს ადამიანს უყვარდეს თავისი თავი და იყოს ბედნიერი, რადგან შეუძლებელია იყო ბედნიერი, როცა მუდმივად თვითგვემაში მოგიწევს ყოფნა.

გიორგი მჭედლიშვილი

დეონტოლოგია, ქიმერული ეთიკა

19.04.2021

დეონტოლოგიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად მიყვება ადამიანი დადგენილ წესებს. ნებისმიერი ქმედება არის მორალურად ღირებული, თუ შენ მას ახორციელებ შენი მოვალეობს მიხედვით, ხოლო შენი ქცევა არის მორალურად გაუმართლებელი, თუ არ მიყვები ამ წესებს. ამ შეხედულებების თანახმად, ზოგიერთი ქმედება არის აკრძალული, იმისდა მიუხედავად რამდენად კარგი შეიძლება იყოს ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი. თუ შენ შეგიძლია, ათასობით ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, არ შეგიძლია ამის გამო, თუნდაც ერთი ადამიანი მოკლა. ეს შეხედულებება ხშირად არის შეპირისპირებული კონსეკვენციალიზმით ან იმ ეთიკურ თეორიებთან, სადაც ქმედებების მორალური მხარე მათი შედეგების მიხედვით არის შეფასებული.

კანტის თანახმად, ნებისმიერი, მორალურად ღირებული საქციელის, მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს, მოვალეობა და არა რაიმე სახის სურვილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთგული ადამიანი ეხმარება თავის მეგობარს, იმიტომ, რომ მას ერთგულება სიამოვნებას ანიჭებს. კანტისთვის ეს არ არის მორალურად ღირებული საქციელი, რადგან ამ ადამიანის მაქსიმაში არ ჩანს ისეთი რამ, რაც მას აიძულებდა მოქცეულიყო მოვალეობის თანახმად, თუ მისი სურვილი განსხვავებული იქნებოდა.

ხშირად ხდება კანტის ამ თეორიის არასწორი ინტერპრეტაცია. თითქოს კანტს ჯერა, რომ ერთგული ადამიანის საქციელს აკლია მორალური ღირებულება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ამ საქციელის ჩადენის გარკვეული სურვილიც გააჩნია და მორალური საქციელის ჩადენისთვის აუცილებელია სრულიად თავისუფლები ვიყოთ ნებისმიერი სურვილისაგან.  კანტის ასეთი არასწორი გაგება გავრცელებული იყო მის თანამედროვეებში და ამ დამოკიდებულების ცნობილი გამოხატულებაა ფრიდრიხ შილერის  შემდეგი სიტყვებიც.

   Gladly I serve my friends,

    but alas I do it with pleasure.

    Hence I am plagued with doubt

    that I am not a virtuous person.

     Surely, your only resource is

     to try to despise them entirely,

     And then with aversion

     do what your duty enjoins.

წარმოდგენა იმისა, რომ ადამაინის საქციელი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ღირებული, თუ მას არ გააჩნია არანაირი სურვილი და მხოლოდ ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია მორალურად ღირებული საქციელის ჩადენა კანტის თეორიის არასწორი გაგებაა. სხვა მხარეა, რომ ჩვენ ემოციური არსებები ვართ და ის სურვილები, რომელთა მიხედვითაც ვმოქმედებთ განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. კანტის მოთხოვნა კი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვმოქმდებდეთ მოვალეობისა და არა სურვილის გამო. განსხვავებული საკითხია, რომ ეს ორი რამ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს და ამ დროს წარმმართველი მაინც მოვალეობა უნდა იყოს. ადამიანისთვის კი ეს ყველაფერი თუნდაც ფსიქოლოგიურ დონეზე შეუძლებელია. შეუძლებელია შენ აკეთებდე გარკევულ არჩევანს და ამ არჩევანის გაეკთებისას არ იყოს ჩართული შენი ემოციები. თუ კანტის თეორიას ამ მხრივ განვავითარებთ მაშინ დგება პრობლემა, რომ ჩვენ ვერასდროს გვეცოდინება რეალურად მოვალოების გამო ვაკეთებთ არჩევანს თუ ემოციების, რაც ნიშნავს, რომ არასდროს გვეცოდინება ვართ თუ არა მორალურები. კანტის თეორიას პრობლემები აქვს მაშინაც, როცა იგი არ ითვალისწინებს ნებისმიერი სიტუაციის უნიკალურობას, როდესაც შესაძლებელია, ჩვენმა მორალურად სწორმა საქციელმა ბევრად ცუდი შედეგი დააყენოს. იგი ამაზე ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აქვს ნებისმიერ სიტუაციაში და რადგან იგი რაციონალური არსებაა, იგი თავად გადაწყვეტს, რომელ სიტუაციაში, რომელი მოვალეობა უფრო მნიშვნელოვანია, რაც თავისთავად უკვე იმ პრობლემას წარმოშობს, რომ ჩვენი მოვალეობები უკვე აღარ არიან კატეგორიულნი, თუ ჩვენ შეგვიძლია დავარღვიოთ ისინი, როდესაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული მოვალეობის არ შესრულება  მორალურად გამართლებულია, რაც იდეურად კონსეკვენციალიზმამდე მიგვიყვანს.

ხოლო თუ ასეთი განუხორციელებელი და ქიმერულია კანტის თეორია, მაშინ ჩნდება კითხვა, თუ რაში გვჭირდება ჩვენ ის, რომ ასე გულდასმით ვსწავლობთ მას, ამდენი წლის შემდეგაც, თუ იგი არასდროს დაგვეხმარება ჩვენი საქციელის შეფასებაში და მისი უნივერსალიზების შემთხვევაშიც უამრავი პრობლემა წარმოიქმნება. ჩემთვის ეს თეორია ერთი მხრივ პრაქტიკულად განუხორციელებელი, მაგრამ გონებისთვის კარგი სააზროვნო ჩარჩოა. რისი საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სიტუაციები შევაფასოთ. ეს შეიძლება ეხმარებოდეს ადამიანებს, რომელთა თავში უამრავი სურვილი არსებობს, რომ გარკვეულ მოვალეობებს, თუნდაც დროებით, რაღაც იდეის გამო, ამ სურვილებს უქვემდებარებდნენ და ასე ცხოვრობდნენ.

სხვაგვარად ადამიანი ვერასდროს გაარკვევს, რა გააკეთოს, მაშინ, როდესაც იგი უამრავი სურვილით არის მოცული, ხან რა სურს და ხან რა. ყველა ადამიანი ცხოვრობს იმ იდეით, რასაც კანტი გვეუბნება, რომ იგი დგება და რომელიმე სურვილს სხვა სურვილებზე ადომინირებს და შემდეგ ამ სურვილის მიყოლა ხდება მისთვის მოვალეობა.

გამოდის, რომ მე შეიძლება ვერასდროს ვცხოვრობდე  ისე, როგორც ამას კანტი გვასწავლის, მაგრამ ჩემს გონებაში ყოველთვის ასე ვაზროვნებდე და სიტუაციებსაც ამგვარად ვუდგებოდე და როდის ვიქნები ყველაზე მეტად კმაყოფილი ჩემი თავით, მაშინ, როდესაც ჩემი ქმედებები ნებისმიერ სიტუაციაში, იმ დომინანტ სურვილზე, რომელიც ჩემ მოვალეობად ვაქციე, იქნებიან დაქვემდებარებულნი.

 

 

 

 

ლიზი ნოზაძე

კეთილი ნებისა და იმედის გასაყარზე

19.04.2021

    ჩვენ ვერ დავიჯერებთ ვერაფერს ისე, თუ არ გვექნება რწმენა იმისა, რომ მისი მიღწევა პოტენციურად შესაძლებელია. პლატონი ფიქრობდა, რომ იცოდე იგივეა  გწამდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს რწმენის მიზეზები. ცხადია, ყველა მიზეზი ვერ ივარგებს; ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი საფუძველი, რომელიც ცოდნას ,,მხარს უჭერს”. ალბათ, კანტისთვის არ იყო ბურუსით მოცული იმ მიზეზთა სია, რომლებიც ადამიანს მორალური ქცევისაკენ უბიძგებს; კატეგორიული იმპერატივების სამ ფორმულირებასაც გვთავაზობს და გვიხსნის კიდევაც, რომ ,,კეთილი ნებით” ადამიანები შეძლებენ, უნივერსალურ ჰარმონიას მიაღწიონ - მთავარია, ეს დადგენილი კანონები, რომლებსაც ,,საკანონმდებლო წევრები მიზნების უნივერსალურ სამეფოში” მიიღებენ ზედმიწევნით დავიცვათ, მაგალითისთვის, არ მოვიტყუოთ, არ ვუღალატოთ არავის და რაც მთავარია, არაფრით გადავიდეთ ამ დადგენილ ზღვარს, თორემ ყველაფერი ისევ ქაოსში გაეხვევა და განა მოიძებნება სამყაროში ადამიანი, ვისაც ამისი სურვილი აქვს?!
    ვოლტერი ამბობდა, ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონებაო, რასაც, რასაკვირველია, ვეთანხმდები. ადამიანს სჭირდება რაღაც ,,ჩასაჭიდი”, რაც ნაწილობრივ მაინც განსაზღვრავს მის ქმედებებს. ხშირად რწმენა იმისა, რომ შენი ამიერ სამყაროში ჩადენილი საქმეები შენს იმიერ სამყაროში არსებული ადგილის განმსაზღვრელია, ადამიანთა უმეტესობას ,,კეთილი” საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს.
შესაძლოა, არც ამ ,,კეთილი” ქმედების არსი ესმოდეს და მთლიანობაში, არც მის შედეგს ითვალისწინებდეს, მაგრამ კანტსაც სულაც არ აინტერესებს მომავალში რა მოხდება, მხოლოდ ერთი რამეა მთავარი - პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები.
    კანტი გვეუბნება, რომ იმ მაქსიმის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც იმის სურვილს გვიჩენს, რომ ჩვენი ესა თუ ის ქმედება უნივერსალურ კანონად ჩამოყალიბდეს. ერთი შეხედვით, მსგავსი აზროვნება ყველასათვის, ინდივიდუალურ დონეზე მაინც, საკეთილდღეოდ შეიძლება აღიქმეოდეს. ამ წამს, ჩემს ოთახში ორი ადამიანია: მე და ჩემი მეგობარი. მე ღრმად მწამს, რომ ადამიანები ცხოველებს საჭმელად არ უნდა ვიყენებდეთ და მეტიც იმასაც ვფიქრობ, რომ თუკი ეს უნივერსალური კანონი იქნება, სამყარო ბევრად უფრო ჰუმანური ადგილი გახდება. ამაზე ჩემი მეგობარი გაიცინებს და არც კი დასჭირდება დაფიქრდება, ისე მეტყვის, რომ ჩემი მსჯელობა აბსურდულია და ის ხორცზე არასდროს იტყვის უარს, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგე და როგორც არ უნდა ვეცადო მის ,,გადმობირებას”. აქვე უნდა ითქვას, რომ ორივეს აზრით, ეს შეხედულება რაციონალურია. ეს სიტუაცია იმიტომ აღვწერე,  რომ ორი ადამიანის მაგალითის მეშვეობით მეჩვენებინა, რამდენი კონტრადიქტორული მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს  კაცობრიობის შემადგენელ ინდივიდებს შორის, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული კულტურული, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ფონი. ეს კიდევ უფრო მეტად ცვლის მათ შეხედულებებს, ვიდრე, მაგალითად, ჩემსა და ჩემსა მეგობარს შორის შეიძლებოდა არსებულიყო. შეგვიძლია თუ არა გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანთა უმცირესობა მაინც (სულ რომ არ ვისაუბროთ უმრავლესობაზე) შეთანხმდება ერთ კონკრეტულ უნივერსალურ კანონზე, რომელიც ყველა ვითარებაში, ნებისმიერ დროს მორალური იქნება. მე მიმაჩნია, რომ იმისი დაშვებაც კი, რომ ადამიანი რაღაც ქმედების ჩადენამდე (რომელიც მისთვის დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს) ამდენად ფართო მაშსტაბებში იფიქრებს, საკმაოდ ოპტიმისტურია და მხოლოდ იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომელიც, დამეთანხმდებით, არც ისე მტკიცე საყრდენია.
    კანტი კატეგორიული იმპერატივის ერთ-ერთ ფორმულირებაში ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, თითქოს უნივერსალური კანონის მიღების მონაწილეები ვართ. ამაზე მახსენდება სარტრის “ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია”, სადაც ავტორი საუბრობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების თანმდევ პასუხისმგებლობის გრძნობაზე. როცა პიროვნება საკუთარ თავს “განსაზღვრავს” ცალკეული ქმედებებით, ეს ნიშნავს, რომ, მისი აზრით, ასეთი უნდა იყოს იდეალური ადამიანი. ცხადია, ეს ყველაფერი უნივერსალური კანონის მიღებაში მონაწილეობას ჰგავს. სარტრი ამბობს, რომ ამ გრძნობას (პასუხისმგებლობას კაცობრიობის წინაშე) აუცილებლად მოსდევს შიში. შიში იმისა, თუ რამდენად სწორია ჩვენი ქმედებები, რითაც ვაპირებთ სამყაროს, ადამიანის განსაზღვრას. ადამიანს ზოგჯერ არა მხოლოდ იმაზე აქვს სწორი წარმოდგენა, რა არის ობიექტურად “კარგი”, არამედ ისიც არ იცის ხოლმე, თავისთვის ხელსაყრელი რა იქნებოდა კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ესაა არგუმენტი, რითაც “სახელმწიფოში” სოკრატეს ენით პლატონი უპირისპირდება თრასიმაქეს შეხედულებას, რომ სამართლიანია ყველაფერი, რაც ხელსაყრელია ძლიერისთვის. მაშასადამე, კანტი თითქოს უგულებელყოფს ადამიანის ,,შეზღუდულ” შესაძლებლობებს და ყოველგვარ შიშსა თუ პასუხისმგელობას იმედით პასუხობს. იმედით, რომელიც აუცილებლად შეაძლებინებს ადამიანს, სამყარო ,,მოაწესრიგოს”.

თამარი ხათრიძე

ევთანაზია - ექიმის თუ პაციენტის გადაწყვეტილება, ანუ დეონტოლოგიური ნების ადგილი სამყაროში

19.04.2021

 

            ევთანაზია გახლავთ სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე, პაციენტებზე, რომლებიც იტანჯებიან ძლიერი ტკივილებით და ერთადერთ მხსნელად მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილს ხედავენ.      

        არსებობს მოსაზრება, რომ თუკი დიდი და გაუსაძლისი ტკივილის დროს პაციენტი სიკვდილს ითხოვს, ხოლო ექიმი მას შეგნებულად არ უწყვეტს სიცოცხლეს - ვინაიდან და რადგანაც თვლის, რომ მძაფრმა და აუტანელმა ტკივილმა შეიძლება, ადამიანს არასწორი, არაადეკვატური და, საერთოდაც, სწორედ ამ ადამიანისათვის არასასურველი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს (რაც იმ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტის დამსახურებაა მოცემული გადაწყვეტილება და წადილი) - ეს საქციელი არასწორია, რასაც არ ვეთანხმები. ექიმი ვალდებულია მთელი თავისი არსებითი პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტის მოთხოვნას არ მოუსმინოს და თავისი საქმე გულმოდგინედ და პროფესიონალურად განაგრძნოს; მაგრამ ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექიმი არ არის გულთმისანი და თავისთავად ვერ მიხვდება, მართლაც ტკივილის გამო აფექტურ მდგომარეობაში გაჰყვირის პაციენტი რომ მოკლან, თუ ეს მისი შეგნებული და გააზრებული ნებაყოფლობითი სიკვდილის სურვილია.

     საკითხი თავისთავად კომპლექსურია და დიდად საკამათო, რაც ართულებს ერთ კონკრეტულ აზრზე შეთანხმებას, თუმცა ვფიქრობ, რომ მორალურად და ეთიკურად არასწორია, დაადანაშაულო ადამიანი, კერძოდ ექიმი, იმაში, რომ მან არ ისურვა სხვის სიკვდილზე პასუხისმგებლობის აღება.

    ვფიქრობ, ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტი რელიგიას უკავშირდება. მაშინ, როდესაც ადამიანი ქრისტიანია, ხოლო რელიგია კი ქადაგებს იმას, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და ჩვენ ვერ ჩავერევით ღმერთის ნებასა თუ განგებულებაში და მის მაგივრად ვერ გადავწყვეტთ, ვის შევუწყვიტოთ სიცოცხლე და ვის არა - შესაბამისად, დავასკვნით, რომ ექიმის ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება სრულიად მართებულია და არ იმსახურებს კრიტიკას.

    ამასთანავე, ადამიანი არ არის ვადლებული ვინმეს ტკივილისა და ტანჯვის გამო, გააკეთოს ის, რაც შეიძლება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს. დამატებით იმასაც ვიტყვი, რომ ჰიპოკრატეს ფიცში ექიმი მთელი თავისი შეგნებით აცხადებს იმას, რომ გულწრფელად და ერთგულად იზრუნებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ექიმს საერთოდაც არ ევალება ის, რომ პაციენტის მსოფლმხედველობრივი ღირებულებები გაითვალისწინოს, თითოეულს ინდივიდუალური მიდგომით დაუწყოს შეფასება, მით უმეტეს, რომ არც არის ამისი დრო მოცემულ კრიტიკულ სიტუაციებში - არამედ უმთავრესი და ფუნდამენტური პრინციპი დეონტოლოგიის ბუნებისა ის გახლავთ, რომ პროფესიონალმა, ამ შემთხვევაში - ექიმმა, პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა და ყურად არ იღოს ის მომავალი შედეგი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, პაციენტს ეწყინოს ან გული ეტკინოს იმის გამო, რომ ცოცხალი დატოვეს და მთელი დარჩენილი სიცოცხლე გაუმწარეს და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ მრავალი პიროვნებისთვის, ევთანაზია მიჩნეულია როგორც მკვლელობა, ხოლო ამგვარი ქმედება ბევრისთვის ამორალურია, რაც საბოლოოდ გახდებოდა იმის მიზეზი, რომ ექიმი პაციენტს ევთანაზიას არ გაუკეთებდა.

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რომლის თანახმადაც ექიმს აქვს უფლება, პაციენტის სურვილის მიხედვით შეწყვიტოს მკურნალობა და გამორთოს იგი აპარატიდან, თუმცა ამასთანავე მნიშველოვანია აღინიშნოს ის ასპექტიც, რომ საქართველოში უპირატესია ადამიანის სიცოცხლის უფლება, რომელიც არ აძლევს სხვას ნებართვას შეზღუდოს ინდივიდის სიცოცხლის უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფოში განსხვავებული კანონები შეიძლება არსებობდეს და მოქმედებდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ექიმს აქვს არჩევანის თვაისუფლება - არსებითად მისი დეონტოლოგიური ნებელობა - რის შედეგადაც მან ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს რომელ კანონებს დაემყაროს მისი გადაწყვეტილება - კონსტიტუციურს თუ პაციენტის უფლებების კანონს.

     საბოლოოდ კი ვიტყოდი, რომ როგორ სენტიმენტალურადაც არ უნდა ჟღერდეს და ჩანდეს ექიმის ერთი შეხედვით ე. წ. „რობოტული“ და მხოლოდ პრაგმატულ მოტივებს დაქვემდებარებული მოქმედებები, სინამდვილეში, თუკი უფრო ღრმად დავუკვირდებით საკითხს, ექიმის პროფესიული ეთიკა - ამ უკანასკნელის ფართო და საყოველთაო გააზრებით - და დეონტოლოგიური მოწოდება მიმართულია ხელშესახები და ნაყოფიერი შედეგისაკენ (რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას), და რომელი მოწოდებაც და ნებაც დაცლილია ყოველგვარი გრძნობითი ელემენტებისა თუ აბსტრაქტულ-პირობითი მორალური და ზნეობრივი ღირებულებებისაგან, რა ღირებულებებიც შესაძლოა, თითოეული ინდივიდისათვის განსხვავებული და სპეციფიკური აღმოჩნდეს. ექიმი საკუთარი არჩევანით მიუკერძოებელია და განყენებული ჩამოთვლილი ყოველგვარი არახელშესახები ფასეულობისაგან და იგი აღასრულებს საკუთარ საქმესა და მოვალეობას ყველაფრისდა მიუხედავად - თანაგრძნობა იქნება ეს, იდეოლოგიური თანხმობა, პიროვნული ზნეობრივი გადაწყვეტილება თუ სხვა.

ანა მენაბდე

სად გადის თანასწორობის საზღვარი

19.04.2021

„ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“ - ალბათ ყველას გვსმენია აწ უკვე გაცვეთილი ეს ფრაზა, იმდენად ხშირად გაგონილი ან წარმოთქმული, რომ ხანდახან მის შინაარს წესიერად ვეღარც კი ვიაზრებთ. სინამდვილეში, კაცობრიობამ განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ამ სიტყვების წარმოთქმა თამამად შეგვძლებოდა. სოციალური სამართლიანობის მიღწევაზე მსჯელობისას არაერთი ფილოსოფოსის გვერდით შეუძლებელია არ ვახსენოთ ჯონ როულზი. კონტრფაქტებით აღსავსე სამყაროში, თუ კი არ იარსებებდა მის მიერ შექმნილი „სამართლიანობის თეორია“, მის ადგილს რაღაც სხვა ალბათ მართლაც დაიკავებდა, თუმცა უდავოა, რომ ეს მნიშვნელოვანი ადგილი დღეს უკავია ჯონ როუზს. 

„სამართლიანობის თეორია“ რაღაც მხრივ იყო გამოძახილი პრობლემების შესახებ, რომელიც დღის შუქზე შავკანიანთა მოძრაობის გააქტიურებისა და მათ მიერ სამოქალაქო უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის წამოწყების შემდგომ გამოვიდა, მას შემდეგ რაც პრესამ სიღატაკის პრობლემების განხილვა დაუფარავად დაიწყო. ამ პრობლემზე პასუხი უნდა გაეცა იდეას სოციალური სამართლიანობის შესახებ. თეორიას, რომელიც იქცეოდა მთავრობისთვის ერთგვარ რეკომენდაციად. მასვე უნდა ეკარნახა არა მხოლოდ თავისუფლების წინ წამოწევისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, არამედ ქმედებებიც, რომელიც უშუალოდ იზრუნებდა სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობაზე, მოქალაქეების თავისუფლებაზე, ამა თუ იმ პოსტზე დანიშვნის თანაბარ უფლებაზე, თანაბარი ანაზღაურებაზე და ასე შემდეგ.

როულზი სვამს მთავარ კითხვას, საერთოდ რაში მდგომარეობს სამართლიანობის პრობლემა? ეს არის პრობლემა, რომელიც  მდგომარეობს იმის გადაწყვეტაში როგორ უნდა განაწილდეს ადამიანთა თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. მაგალითად განაწილების რომელი სქემა უფრო სამართლიანი იქნება: ყველას მოთხოვნის მიხედვით თუ ყველას უნარის მიხედვით. თუ ჩავთვლით რომ კაცობრიობის არსებობის საუკეთესო ვარიანტი თანამშრომლობას ეფუძნება, მაშინ უნდა ჩავთვალოთ ისიც რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საერთო შეთანხმების არსებობა. იმისთვის, რომ შეთანხმება იყოს სამართლიანი, იგი მიღწეული უნდა იყოს სამართლიანი პირობების საფუძველზე. მაშასადამე სამართლიანობის მისაღწევად თურმე საჭიროა სამართლიანობის პირობების განსაზღვრა. სამართლიანობის საწყისი პოზიციის, საწყისი პირობების განსასაზღვრად კი როულზი იყენებს „რეფლექსური წონასწორობის“ მეთოდს. მორალური რეფლექსის პროცესში ჩვენ დასკვნები უშუალოდ კონკრეტულ ქმედებასთან ან მოვლენასთან დაკავშირებით გამოგვაქვს, ვუტარებთ თითოეულ დასკვნას ერთგვარ გონებრივ ექპერტიზას და მათი საშუალებით ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდგომ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვცდილობთ უკვე უშუალოდ დასკვნების ზოგად მორალთან, ზოგად თეორიასთან შესაბამისობის დადგენას. ასე ვივლით წინ, უკან, კონკრეტულ, ცალკეულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამ, სანამ არ მივაღწევთ წერტილს, როცა აღარაფრის შეცვლა აღარ დაგვჭირდება. წერტილს, რომელიც სამართლიანობის და წონასწორობის პრინციპის შესაბამისი იქნება. ამ წერტილს ვუწოდებთ „რეფლექსური წონასწორობის წერტილს“. „სამართლის თეორიაში“ ათვლის წერტილად გვევლინება ინტუიცია, რომ აბსოლუტურად ყველა ინდივიდი უნდა განიხილებოდეს, როგორც თანასწორი და თავისუფალი.  ადამიანი მიიჩნევა ავტონომიურ არსებად და პირველ რიგში უმაღლეს ფასეულობად. არა უმრავლესობა, არა საერთო სიკეთე ან უმაღლესი სარგებლიანობა, არამედ მხოლოდ ერთი არსება, ერთი ადამიანი. სამართლიანობის ეს პრინციპი უდევს როულზის მთელს მსჯელობას საფუძვლად.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების თითოეულ წევრს სურს რომ მოეპყრას ერთმანეთს თანასწორობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრობლემის გადაჭრა: რამდენიც არ უნდა ვისაურბოთ თანასწორობაზე სინამდვილეში ხომ არცერთი ადამიანი არ განიხილავს თანაბრად საკუთარ და სხვის ცხოვრებას. ჩვენს გარშემო ხომ მაინც არსებობს პრივილეგიები, ეკონომიკური და კულტურული კაპიტალები, ნაკლები და უპირატესობები. როულზს ამ პრობლემის გადასაჭრელად შემოაქვს „უმეცრების საბურველის“ ცნება. მისივე განმარტებით ეს არის მდგომარეობა, რომლის პირობებშიც ინდივიდები არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას მათ გარშემო მყოფი ადამიანების ნაკლოვანებების და უპირატესობების შესახებ. არაფერი იციან მათ თანამდებობებზე, შემოსავლებზე, პრივილეგიებსა თუ მიღწევებზე. ამიტომ როულზი აღნიშნავს, რომ ის რაზეც „უმეცრების საბურველში“ გახვეული ადამიანები შეთანხმდებიან, აუცილებლად იქნება მიუკერძოებელი პრინციპები, რომლებსაც თამამად ვუწოდებთ სამართლიანს. მიუხედავად იმისა, რომ „უმეცრების საბურველი“ ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობაა, მისი გამოცდა რეალურ პირობებშიც შესაძლებელია. შესაძლებელზე მეტად აუცილებელიც კი იმ შემთხვევაში თუ გვსურს პრინციპი იქნას აღიარებული სამართლიანად. თუმცა ამის საფუძველზე ჩნდება მორიგი საკმაოდ ლოგიკური კითხვა: თუ „უმეცრების საბურველში“ მყოფ ინდივიდებს არ აქვთ არანაირი წარმოდგენა მათ გარშემო არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ, მაშინ საიდან მომდინარეობს მათი მიზნები სამართლიან პრინციპზე შეთანხმების შესახებ. ამის მიზეზად როულზი ასახელებს „პირველადი სიკეთეების“ არსებობას. განმარტავს, რომ ისეთი სიკეთეების არსებობა როგორებიცაა: ჭკუა, ენერგია, ჯანმრთელობა და წარმოსახვის უნარი, ნებისმიერი ინდივიდის საზოგადოებაში არსებობის ძირითადი პირობაა. სწორედ თითოეულ ჩვენგანში არსებული ამ პირვანდელი სიკეთეების მაქსიმიზაციის პირობებშია შესაძლებელი „უმეცრების საბურველში“ სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება, მაშინაც კი როცა ზოგადი ინფორმაცია სოციალური მდგომარეობის შესახებ არ არსებობს.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ როულზისთვის თანასწორობის საზღვარი საზოგადოების წევრების სამართლიანად თანამშრომლობის საფუძველზე გადის. მას სჯეროდა რომ თანასწორობის მისაღწევად თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს მეტად დეფიციტური კეთილდღეობის განაწილებას და არც თუ ისე იშვიათი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების „სამართლიან საბაზისო წესრიგად“ გარდაქმნას. თანასწორობის მთავარი პრინციპი ხომ სამართლიანობის ისეთი უნივერსალური იდეების და პრინციპების ჩამოყალიბებაა, რომლებიც განურჩევლად, თანაბრად ყველასათვის მისაღები იქნება. სხვა თუ არაფერი თანამედროვე დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნიშანიც სწორედ ეს არის: მიაჩნდეთ ინდივიდებს თავი თანასწორ და თავისუფალ მოქალაქეებად. ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ - ჩვენ როგორ საზოგადოებაში გვსურს ცხოვრება...

ვიკა კახიძე

მორალური კანონების განსაზღვრა კანტიანურ ეთიკაში

19.04.2021

   დეონტოლოგია ერთ-ერთი ეთიკური თეორიაა, რომელიც კონცენტრირებულია წესებსა და მოვალეობებზე. დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით, ქმედების მორალურობა მისი მიზეზით, მოქმედი პირის ზნეობრივი მოტივებითა და განზრახვით განისაზღვრება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების შედეგს.  ეს ეთიკური თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წესებს, რომლებიც უნივერსალურია და რომელთა დაცვა ნებისმიერ ვითარებაში მნიშველოვანია. ამგვარი წესების რამდენიმე მაგალითს თავის ნაშრომში აყალიბებს იმანუელ კანტი: „არ იქურდო“, „არ მოიტყუო“, „არ ითაღლითო“. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ჩამოთვლილი კანონების დარღვევა ინდივიდისათვის შეიძლება უფრო დიდი სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს, დეონტოლოგებისათვის პრიორიტეტულია წესებისა და ვალდებულებებისადმი მორჩილება და არა ქმედებისაგან მიღებული სარგებლის მაქსიმიზება.

   წარმოვიდგინოთ, რომ ტყუილის თქმით შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. კანტისა და დეონტოლოგიური ეთიკის სხვა წარმომადგენელთა გადმოსახედიდან, მსგავს სიტუაციაში, უნდა დავემორჩილოთ უნივერსალურ წესს - „არ მოიტყუო“. ამ კანონის დარღვევით შეგვიძლია ვიხსნათ ადამიანის სიცოცხლე და მოვახდინოთ „სარგებლის მაქსიმიზება“, მაგრამ დეონტოლოგია არ არის შედეგებზე კონცენტრირებული ეთიკური თეორია. იმისათვის, რომ ქმედება მორალურად ჩაითვალოს მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ უნივერსალური წესებისა და კანონებისადმი მორჩილებას.

   საინტერესოა, თავად კანტი რას ანიჭებს მნიშვნელობას მორალური, ზნეობრივი კანონებისა და წესების განსაზღვრისას. ის ცდილობს მკაცრი საზღვარი გაავლოს ემპირიულ სფეროსა და წმინდა აპრიორულ სფეროს შორის. კანტი აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ზნეობას ეხება ემპირიულ სფეროზე მისი აგება უგუნურებაა. იმისათვის, რომ შევქმნათ საყოველთაო კანონი, რომელიც მოერგება ნებისმიერ ინდივიდს უნდა დავეყრდნოთ  აპრიორულ სფეროს, ემპირიზმისაგან სრულად თავისუფალსა და დაცლილს. მაგრამ კანტი არ მიიჩნევს, რომ საჭიროა ემპირიული სამყაროსაგან სრული ემანსიპასია. ადამიანი სხვადასხვა მიდრეკილებებისადმი დამორჩილებულია და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მისაწვდომია პრაქტიკული გონება, ამ უკანასკნელის ამოქმედება მას მარტივად არ შეუძლია. ამიტომ, შემეცნების საწყის ეტაპზე, ემპირიული გამოცდილებით მიღებულ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება: ეს არის ერთგვარი ბიძგი პრაქტიკული გონების ამოქმედებისათვის.

   კანტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნების საკითხსაც. თუ გვსურს ადამიანის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იყოს მორალური, უნდა გამოდიოდეს მოვალეობის ცნებისგან, ხოლო ეს უკანასკნელი თავისუფალი ნებისაგან. მართალია, დეონტოლოგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოვალეობებისა და კანონებისადმი მორჩილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქმედების განხორციელებისას ადამიანი იქცევა ავტომატურად მოქმედ ერთგვარ მანქანად, რომელიც ბრმად ემორჩილება უნივერსალურ წესებს. ინდივიდმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ისურვოს, თავისუფალმა ნებამ უნდა წარმართოს პიროვნების ქმედება.

   კანტი ნების საკითხთან დაკავშირებითაც აცალკევებს ემპირიულ გონებას/ ემპირიულ სფეროსა და პრაქტიკულ გონებას/ აპრიორულ სფეროს. არ შეიძლება ემპირიულმა გონებამ წარმართოს ნება, რადგან ემპირიული გონება მიჯაჭვულია სუბიექტური სურვილებისა და ამქვეყნიური ბედნიერების მიღწევის იდეებზე. მსგავსი იდეები შეუფერებელია იმისათვის, რომ წარმოადგენდნენ „წმინდა ნების“ მთავარ მმართველ ძალას, საფუძველს. რა განსაზღვრავს, წარმართავს ნებას? პრაქტიკული გონება, რომლის დანიშნულებაა დააფუძნოს კეთილი თავისთავად. ხშირ  შემთხვევებში ადამიანი ემპირიის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მისი ნება პრაქტიკული გონებით არ იმართება, რაც ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილებები არ შეესაბამება წმინდა ობიექტურს. მსგავს შემთხვევებში ნება აღსავსეა სუბიექტური ხასიათით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ვიპოვოთ მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ ნება მუდამ პრაქტიკული გონების სამსახურში დარჩეს. ამგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენს კატეგორიული იმპერატივი, რომელიც ადამიანს აიძულებს დათრგუნოს თავისი  ეგოისტური ხასიათი და შეაფასოს ქმედება ობიექტურად.

 

 

თინათინ გელაშვილი

დეონტოლოგიის უხილავი ბორკილები

19.04.2021

დეონტოლოგია ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრებაა, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს მსოფლიოში აღიარებული მორალური კანონებით. მოძღვრება მჭიდრო კავშირშია გერმანელ ფილოსოფოს იმანუელ კანტთან. მისი აზრით, ადამიანი უნდა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კარგია და მორალურად გამართლებული, თუმცა იმის განსასაზღვრა, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის მორალურად გამართლებული და რა არა მსჯელობის სხვა საკითხია.
კანტის ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კატეგორიული იმპერატივები, რომლებიც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს და უზენაესად მიიჩნიოს, რამდენად არასასარგებლო და არასასურველი შედეგის მომტანიც უნდა იყოს იგი კონკრეტული ადამიანისთვის. კანტის აზრით მორალური ვალდებულებები და წესები კატეგორიული იმპერატივების მაგალითია, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.


დეონტოლოგია კონსეკვენციალიზმის საპირისპირო მოძღვრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების შედეგის მნიშვნელობას, მთავარია მორალურად სწორი და გამართლებული იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ადამიანები იღებენ. ის მოვალეობის ეთიკაა, რომელიც გვავალდებულებს მივყვეთ კონკრეტულ წესებს, რომლებიც საზოგადოებაში ნორმალიზებულია და კანონის სახითაა წარმოდგენილი. შესაძლოა ამ წესების შესრულება არ გვსურდეს, თუმცა გვიწევს.


ნებისმიერი სისტემა, რომელიც ემორჩილება გაწერილ წესებს და მის მიხედვით განსაზღვრავს სხვადასხვა პრობლემას წარმოადგენს დეონტოლოგიის მაგალითს. სწორედ წესების ზედმიწევნით მიყოლასა და დამორჩილებაზე მახსენდება ბიუროკრატია, სახელმწიფო წყობილება, რომელიც მოქმედებს მკაცრად გაწერილი წესებისა და კანონების მიხედვით. მსგავსი სახის სახელმწიფო წყობილება საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობას ძალიან ფორმალურს ხდის, ხოლო საზოგადოება ერთი სიმრავლე ხდება ერთნაირი ადამიანებით. ჩახშულია ინდივიდუალიზმი და განსხვავებული აზრი. თითქოს ყველა ერთმანეთს ემსგავსება და ერთი დიდ მთლიან ადამიანად იქცევა. ბიუროკრატიის ერთ-ერთი კარგი მაგალითი მხატვრულ ლიტერატურაში არის ფრანც კაფკას „პროცესი“. ინდივიდუალურობისგან დაცლილი ნაცრისფერი სამყარო, სადაც ყველაფერი იმდენად მოსაწყენია, რომ აღწერაც ძალიან იშვიათად გვხვდება. ადგილი სადაც სასამართლო პროცესის დროს არავინ ნიშნავს, მაგრამ შენობაში მისულს გეუბნებიან რომ დააგვიანე, რადგან ადამიანებში არსებული რაღაც წესების გამო შენს მისვლას ერთ კონკრეტულ დროს ელოდებიან. ადამიანებიც ერთმანეთის მსგავსნი არიან, რუტინული ცხოვრება,გაწერილი წესებით მოქმედება „ამ გაზაფულზე კ. საღამოებს ჩვეულებრივ ასე ატარებდა: სამსახურის შემდეგ ხშირად ცხრა საათამდე ბანკში რჩებოდა, ხოლო როცა მოიცლიდა, მარტო ან რომელიმე თანამშრომელთან ერთად, სეინობდა, ... ,ხანდახან ამ განრიგს არღვევდა...“ იოზეფ კ.-ს ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ მისი, ზოგჯერ გეგმიდან გადახვევაც კი, რუტინული და წინასწარ გაწერილია. კაფკას „პროცესი“ კარგი მაგალითია იმისა თუ როგორი შედეგების მომტანია ბიუროკრატიული წყობილება, წესების მუდმივი მიყოლა და დაცვა საზოგადოებაში. როგორი აბსურდია ემორჩილებოდე წესებს, რომლებიც სწორი და კარგია, მაშინ როცა არავის შეუძლია დაამტკიცოს მისი სისწორე ან მცდარობა. აბსურდია გერქვას თავისუფალი ადამიანი და ემორჩილებოდე იმ წესებს, რომლებსაც არ გინდა დაემორჩილო, რადგან შენთვის ცუდი შედეგების მომტანია, ამგვარ თავისუფლებას „ზოგჯერ ჯობს ბორკილი გედოს, ვიდრე თავისუფლად დადიოდე“. უხილავი ბორკილებით შებოჭვა და თავის მოტყუება, ვითომ თავისუფალი ხარ ყველაზე დიდი ცოდვაა და ტყუილი, რაც საკუთარ თავს შეგიძლია დააჯერო.


ზემოთ აღნიშნული მსჯელობის მიხედვით მივდივარ დასკვნამდე რომ დეონტოლოგია საზოგადოებაში რთული მისაღწევია. კარგად ჟღერს წესების დაცვისა და ჰარმოინიაში ცხოვრების იდეა, თუმცა მსგავსი სახის ცხოვრების სტილი ერთფეროვნებამდე მიგვიყვანს. მუდმივად წესების მიხედვით „თამაში“ სიახლეს არ გვაძლევს და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის თავისუფლებას გვიზღუდავს. უხილავი ბორკილებით თავისუფლების შებოჭვა და ინდივიდუალურობის ჩახშობა აშკარა ინდიკატორია განვითარების შეწყვეტისა, რადგან სწორედ ადამიანურმა ბუნებამ, სიზარმაცემ და შეცდომებმა მოგვიყვანეს იქ სადაც დღეს ვართ.

ნიკა ბულისკერია

ასეა ეს! - ანუ ღმერთის ბრძანების უარყოფა

19.04.2021

ამასწინათ, სპარსული პოეზიის ერთ მნიშვნელოვან ფიზიკოსს, მათემატიკოსს, ასტრონომს ექიმსა და პოეტს ვკითხულობდი. ამ კაცს ომარი ერქვა, ხაიამი. ღვინის სმა უყვარდა, რომ დაითვრებოდა და ენა დარბილდებოდა, სიბრძნის ღაღადს დაიწყებდა ხოლმე. მრავალ სიქველეთაგან გამახსენდა რამდენიმე, კარგი და მკაცრი, აგერ ორი იმათგანი:

        „როცა ქვეყნის შემოქმედმა კაცის შექმნა იდო თავზე,

        მე არ ვიცი, სრულყოფილი შექმნა ის თუ ნაკლით სავსე.

        თუკი კარგი გამოვიდა ნახელავი, რად სპობს ასე?

        ხოლო თუ ის ცუდი არის ვის მოვკითხოთ ცოდვა? მასვე?“

 

        „რომ მქონდეს ძალა ღვთის და არა ადამის ძისა

        მე ზეცის ჩარხებს დავამხობდი, დავცემდი ძირს და

        სხვა ცას შევქმნიდი, რომ ხალხს ეგრძნო თავისუფლება,

        რომ ქვეყნად ბოლო მოღებოდა დარდსაც და ჭირსაც.“

 

სამწუხაროდ, სპარსულად კითხვის სიამოვნება ჯერ არ მქონია, თუმცა ვფიქრობ არც მაგალი თოდუას თარგმანს დაეწუნება რაიმე.

მერედა რა შუაშია ეს ერთი გამორჩეული სპარსი დეონტოლოგიასთან, იკითხავთ და მართალსაც ბრძანებთ!

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მომავლის ადამიანი (ანუ დღეის ადამიანი), რომელიც სინას მთის ძირში შეგროვებულ ისრაელს უცქერს. თან ამასობაში თქვენ არ იცით იუდეველთა, ქრისტიანთა, მუსლიმთა ისტორია, ამბები ღმერთების და მათი საქმეების შესახებ. თქვენ მხოლოდ კაცობრიობა იცით, რომელმაც მეცნიერებით, განვითარებით მოაღწია აქამდე, სწავლითა და შემეცნებით. უცბად ხედავთ, რომ მთიდან ერთი შუახნის ადამიანი ორ დიდ ქვას მოაგორებს ხალხისკენ, მერე კვარცხლბეკზე შედგება და კითხულობს „ვიღაც ღმერთის მცნებებს“. რა იქნება ამაზე შენი რექცია? უბრალოდ დგახარ და გეღიმება, რადგან ისედაც იცი, ღმერთის და ქვის ლოდების გარეშე, ოცდამეერთე საუკუნეში, რომ კაცის კვლით დაწყებული, ქურდობით დამთავრებული ცუდია ადამიანებისთვის. მაგრამ, ზოგიერთი რამ საერთოდ არ გესმის, უფრო მეტიც გაოგნებული ხარ რატომ გეუბნება ვიღაც ექვსი დღე იშრომე და მეშვიდე მე მომიძღვენიო, ანდაც მე ვარ ღმერთი და შემიცანიო... მერე გაერკვევი ებრაელებს დაეკითხები, რა ხდება და როგორ, იმ შუახნის კაცთან მიხვალ და ამბავს მოუსმენ. მაგრამ უკან რომ გამობრუნდები, ახალი ინფორმაციით დახუნძლული, კოდალასავით გარტყამს ერთი კითხვა თავში: თუ მე ღმერთის გარეშეც, იქ იმ დროში (ანუ ახლა) ვიცოდი “მცნებები”, მაშინ რა საჭიროა ვიღაც ვინც მიმითითებს ამ მცნებებზე და უფრო მეტიც დამსჯის თუ ამას არ შევასრულებ. მერე აგრძელებ ბურღვას და კიდევ ფიქრობ: თუ ამ ხალხმა აქამდე არ იცოდა ეს ყველაფერი და ღმერთს დაუჯერა, გამოდის რომ აწი რასაც ღმერთი ეტყვის ყველაფერს დაუჯერებენ ადამიანები. 

მაგრამ რატომ დაუჯერებენ, იმიტომ რომ შეეშინდებათ ამ შეუძლებელი ძალაუფლების, თუ იმიტომ, რომ სჯერათ: რასაც ღმერთი ამბობს ის მორალურად კარგია?

თუ ღმერთის შეეშინდებათ, ეს როგორც ჩვენშია, დღეს, ისე გამოდის: არ ვიქრუდებ იმიტომ, რომ მერე არ დამიჭირონ. „თუ დაიჭირეს, ბასტა!“. Აქ ცოტა კონსეკვენციალიზმისკნაც ვუხვევთ: ჩვენ თუ ჩვენი სიამოვნება არ გვაინტერესებს, მაშინ ზნეობრივ მოცემულობებს არ უარვყოფთ. მაგალითიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ისეთივე მოტივაციით შევასრულებთ ჩვენივე მიღებულ წესებს, რომელიც მერე პარლამენტმა გამოსცა, როგორც ღმერთისას. Მაშინ რა განსხვავებაა ამ ორს შორის? Მეორე, თუ ჩვენ ჩვენი სიამოვნება მოგვინდება მაშინ საერთოდ რატომ უნდა ვიფიქროთ მერე მორალ-ეთიკაზე?

მაგრამ თუ არ ვიქურდებ იმიტომ, რომ ღმერთმა ეს ამიკრძალა და ის რასაც კრძალავს ცუდია (ანდაც პირიქით), მაშინ აქ ცოტა სხვაგვარადაა საღვთო ამბავი.

გამოდის ასე, ხალხი ამბობს: ღმერთმა ბრძანა X-ის კეთება და ეს კარგია. მაშინ ეს X-ი შეიძლება იყოს ყველაფერი. მაშინ გამოდის, რომ ყველა X შეიძლება იყოს კარგი თუ მას ღმერთი ბრძანებს. ვახ, ანუ მე არ შემიძლია გავიგო რა არის კარგი და რა არის ცუდი, რადგან არსებობს მხოლოდ ის რასაც ღმერთი ბრძანებს, ამის მიხედვით, რაზეც მეტყვის არ ჰქმნა - ცუდია, რაზეც - ჰქმენ - კარგი. გამოდის, როცა ღმერთი მიბრძანებს რაიმე ახლის გაკეთებას - ეს კარგია.

მაგრამ მთლად ეგრეა საქმე? მე რა ვიცი, რომ ეგ მართლა ღმერთმა სთქვა და არა იმ კაცმა ლოდები რომ ათრია მთიდან, მერე კი ხალხს გამოუცხადა ასეა ესო (ინტერპრეტაცია)? ან თუ ღმერთმა თქვა, ჩვენი ყველას შემქმნელმა მარტო ერთმა კაცმა რატომ გაიგო? კარგი, თუ მარტო ეს ერთი კაცი იყო ღირსი ამის გაგების იქ, რატომ შეგვქმნა ჩვენ უღირსად? რა უყო ღმერთმა მორალს, რომელსაც თვითონ კარნახობს? ანდა მე რა ვიცი, რომ ადამიანები არ მომატყუებენ, როცა რაიმეს ჩაიდენენ და ამას ღმერთის ბრძანებას მიაწერენ?

ამას არ ჯობია, ახლა, ჩემს რეალობაში, სადაც არც ღმერთი არსებობს და არც რელიგია, დავბრუნდე და გავაგრძელო ცხოვრება? სულ ცოტა იმას მაინც არ მეტყვიან თუ მოკვლა დამიპირეს, ღმერთმა მითხრა ესო.

Ამიტომაც ვამბობთ, რომ შეიძლება ღმერთის ბრძანების თეორიას აქვს მორალურ ასპექტში ხარვეზები, რომლებსაც პასუხს ვერ გასცემენ მომხრეები, მაგრამ მიზეზი რის გამოც დეონტოლოგიისთვის ის მთავარი განსახილველი თემაა, არის ქმედებაზე აღებული ორიენტირი და არა შედეგზე. Ხალხი ღმერთის ბრძანებას შეასრულებს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა თქვა, არ აქვს მნიშვნელობა ის კაცის კვლით დასრულდება თუ გადარჩენით. Კანტი აქ იმასაც დასძენს, რომ მთავარია ამ მაქსიმის “უნივერსალიზაცია”, ანუ ყველა შესაძლო შემთხვევაში ქმდება უნდა იყოს იდენტური - თუ ვიქურდებ, ყველამ უნდა იქურდოს. Დეონტოლოგიური დილემაც ესაა, იქნება მორალურად სწორი, ყველამ რომ იქურდოს? Იქნება გამართლებული, რომ ღმერთის ბრძანებას ყველამ დაუჯეროს??  მართალია კანტს სჯეროდა ეთიკის და ისეთი უნივერსალური კანონების, როგორიცაა “არ მოიტყუო”, “არ იქურდო”. Მაგრამ სწამდა, რომ ასეთ კანონებს ადამიანების რაციონალურობა ედო საფუძვლად და არა რომელიმე ზებუნებრივი ძალის, ღმერთის, კარნახი. Ამიტომაც, კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ვენდოთ იმას ვინც ყველაფერი შექმნა, გამართლებულია და აქედან მომდინარეობს. Სულ რომ სამყაროს შემქმნელი იყოს რატომ იმსახურებს ის ჩემს ნდობას? Თუ მე ხატად შევიქმენი ამ არსების, მაშინ გამოვიყენებ ამ "უნიკალურ შესაძლებლობას" და წესებს ჩემით დავადგენ.  

მაგარი იყო ხაიამი, თვრებოდა და წარმოიდგენდა ხოლმე.

 

ალექსანდრე ერისთავი

ექიმის დილემა

19.04.2021

რა უნდა ქნას ექიმმა, რომელსაც მოსარჩენი ყავს მოძმეც და მოწინააღმდეგეც? ლოგიკა სავარაუდოდ გვკარნახობს ჩვენიანის გადარჩენას. ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ამიტომ თავსატეხი შეგვიძლია ოდნავ გავართულოთ. ვთქვათ ექიმის თანამემამულე მძიმედ დაჭრილია, მაგრამ სავარაუდოდ არ მოკვდება რამდენიმე საათის განმავლობაში. ხოლო, მოწინააღმდეგე ქვეყნის ჯარისკაცი ძლივს ებღაუჭება ცხოვრებას? ლოგიკური მსჯელობისას არაა ძნელი იმის მიხვედრა, რომ სინამდვილეში, ექიმის დილემა ბევრად გამარტივდა და მას საერთოდ შეუძლია ზედაც კი არ შეხედოს მომაკვდავ უცხოელს. ეს მაგალითი მომავალ განხილვას აღარ დაექვემდებარებოდა და ყველანი ბედნიერნი და საღსალამათნი დავრჩებოდით მეთვრამეტე საუკუნეში ამ ქვეყანას რომ არ მოვლენილიყო იმანუელ კანტი. კანტი ასეთ დილემას სულ სხვა მხრიდან მიუდგა და ექიმის საქციელი ამორალურად ჩათვალა. მან ჩამოაყალიბა მცნება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ქმედება, იქნება ის მიმართული სხვის მიმართ თუ საკუთარი თავზე, ჩაითვლება კარგ ან ცუდად მისი მორალურ ვალდებულობიდან გამომდინარე. ანუ, ექიმს, რომელმაც ჰიპოკრატეს ფიცი დადო, ეკრძალება ადამიანის გადარჩენაზე უარის თქმა იქნება ის მტერი თუ არა. ასეთ თეორიას, რომელიც ქმედებას განსაზღვრავს მისი შედეგისგან დამოუკიდებლად მხოლოდ მისავე მორალურობაზე დაყრდნობით, ეწოდება დეონტოლოგია.

ამ მაგალითს შეიძლება შევხედოთ სხვა გადმოსახედიდანაც. გასათვალისწინებელია ამ ექიმის გარშემო არსებული სრული სიტუაცია. იგი იმყოფება შუაგულ ომში, სადაც მისი ხალხი ათასობით იღუპება მტრის ხელით. არამარტო მეომრები, არამედ უმწეო მოქალაქეებიც. თავად ისიც, ბოლოს და ბოლოს, ჯარისკაცია და სამშობლოს დაცვის ფიცი აქვს დადებული. კონსეკვენციალისტური გადმოსახედიდან მის მიერ მოწინააღმდეგის ჯარისკაცის მიტოვება, რომელმაც სავარაუდოდ არაერთი მისი მიძმე მოკლა, სრულიად გამართლებულია. იქიდან გამომდინარე, რომ კონსეკვენციალიზმი საუკეთესო შედეგის გათვალისწინებით ნებისმიერ ქმედებას ამართლებს, ერთი ჯარისკაცის, თანაც მოწინააღმდეგის, გაწირვას ფრიად მიესალმება. ამის საპირისპიროდ დგება დეონტოლოგია და გვახსენებს, რომ ექიმს, იმისდა მიუხედავად თუ ვის შეჰფიცა სამშობლოს დაცვა, აკისირია კიდევ ადამიანების გადარჩენის უფრო დიდი ვალდებულება. იგი უცხო ჯარისკაცის გადარჩენით არამარტო არ არღვევს საკუთარ ჯარისკაცის ფიცს, არამედ, ამავდროულად, ასრულებს ექიმის ფიცსაც. აქედან გამომდინარე, მან არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაწიროს არავინ, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროება. დეონტოლოგიის მიხედვით, ექიმმა უნდა გადაარჩინოს უფრო მძიმედ დაჭრილი მოწინააღმდეგეც და თავისიანიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ დროს თუ არსებობს თავისიანის სიკვდილის ოდნავი საშიშროება მაინც, ამ შემთხვევაში ყველანაირად უკეთესია თავისიანის მიხედვა და შემდგომ, თუ მოწინააღმდეგე ამასობაში არ მოკვდა, მისი გადარჩენაც. ხოლო, თუ მოწინააღმდეგეზე ოპერირებისას თავისიანი მოკვდა, მაშინ ექიმმა რისთვის იშრომა? უცხო ადამიანს შესწირა საკუთარი მოძმე.


რეალურ სამყაროში დეონტოლოგიური აზროვნება შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს გარკვეულ სიტუაციებში. ჯარისკაცი ექიმის მაგალითში დეონტოლოგიურ მიდგომას შანსი ქონდა გამოეღო არასასურველი შედეგი. მართალია ეს თეორია სრულად ეფუძნება ქმედებების მორალურ მართებულებას , მაგრამ რა არის რეალურად მორალურად მართებული? ჩემი აზრით, თუ არის იმის შანსი, რომ შედეგი იყოს იმაზე უარყოფითი ვიდრე მის მისაღწევად ჩადენილ ქმედებამდე იყო, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს დეონტოლოგიურად შეფასებული, არამედ კონსეკვენციალისტურად. რეალური სამყარო საკმაოდ დაუნდობელია და ყოველთვის შედეგებზე დაკვირვებით აღიქმება. ასე რომ, დეონტოლოგიურად აზროვნება შეიძლება თეორიულად გამართლებულია, მაგრამ პრაქტიკაში, ჩემი აზრით, მოიკოჭლებს. თავისთავად, არსებობს ამის კონტრ-არგუმენტიც კვლავ ექიმებს რომ დავუბრუნდეთ. 2020 წლის კოვიდის ეპიდებიის დასაწყისშივე აღინიშნა სასუნთქი აპარატების ნაკლებობა საავადყოფოებში. დაიწყო წინასწარი მზადებები, მარგამ არავინ მოელოდა ასეთ დამანგრეველ ტალღას მსოფლიო მასშტაბით. საავადმყოფოებთან ერთად ნელ-ნელა სასუნთქმა აპარატებაც იწყეს შევსება და რაღაც მომენტში ექიმები დადგნენ ახალი დილემის წინაშე: ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა აპარატზე შეერთებისას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთელი მსოფლიო უტილიტარიანულ აზროვნების წესს მოერგო და მოითხოვდა ხანში შესული ხალხის და მომაკვდავების გამოერთებას, უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელი ერის შესანარჩუნებლად. ექიმი კი ექიმია და ბუნებრივია ეს არჩევანი ვერ გააკეთა, ამიტომ კორონა ვირუსს არაერთი ჯანმრთელი ახალგაზრდა შეეწირა, ხოლო მრავალი დაავადებული და ხანშიშესული გადაურჩა. ექიმებმა უკვე აპარატზე შეერთებული მხცოვანები ვერ გამოაერთეს. ამის მიზეზი ნათელია. ექიმს კვლავ აკისრია ვალდებულება გადაარჩინოს ყველა ვინც შეუძლია და არ გაწიროს არც ერთი სხვა ადამიანისთვის. ხოლო, ამას ერთვის კიდევ ერთი დილემა, რომელიც ამყარებს დეონტოლოგიურ აზროვნების წესს. რა იცის ექიმმა ის მოხუცი, რომლის გამოერთებასაც მას სთხოვენ, ნობელის პრემიის ლაურეატია თუ არა? იქნებ ის ახალგაზრდა ბიჭი, ვინც უნდათ რომ შეაერთონ მის ადგილას, თავის მოკვლას აპირებდა? ანუ თუ არის იმის შანსი, რომ ერთის გადარჩენამ მეორე გაწიროს, მაგრამ საბოლოოდ, ამ კონკრეტულ მაგალითში, გარკვეული დროის მერე გადარჩენილი ახალგაზრდაც გაიწიროს, მაშინ ექიმი ვერ გააკეთებს მათ შორის არჩევანს. ასეთ შემთხვევაში ექიმს უწევს ბრმად ყველა იმ ადამიანის მორჩენა, რომელიც მის საავადმყოფოში მოხვდება.


ამით შეიძლება ითქვას, რომ ექიმს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი არჩევნის უფლება და მას ამოძრავებს მხოლოდ საკუთარი ქმედებების მორალური ვალდებულება. იგი არ ფიქრობს მის მიერ გამოწვეულ შედეგებზე და იგი მხოლოდ საკუთარ ქმედებებს ადევნებს თვალყურს. დეონტოლოგიურად, მისი საქციელი 100%-ით გამართლებულია, რადგან მან თავისი საქმე შეასრულა. ასეთი მიდგომა შეიძლება ექიმის პირადი ფსიქიკისთვის უკეთესიც იყოს, რადგან იგი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ადამიანი თუ არა, ხანში შესული მაინც გადაარჩინა. მისი პალატის მიღმა რა მოხდება, ექიმს არ უნდა აინტერესებდეს, რადგან პალატის მიღმა რა ხდება, ექიმი ვერ იგრძნობს. მისი ერთადერთი შედეგი არის პაციენტის ჯანმრთელობა და მან ამას პალატის ფარგლებში მიაღწია. მეომარმა ექიმმა კი უნდა იფიქროს თავისი საქციელის შედეგებზე, რადგან მას აქვს თანმხლები ფაქტორები, როგორიცაა თავისი ჯარისკაცის ფიცი და ის ფაქტი, რომ უარყოფითი შედეგი მასაც ავნებს. მოწინააღმდეგის გადარჩენის და მოძმის დაღუპვის შემთხვევაში, მის მიმართ ნეგატიური განწყობის გაჩენის დიდი შანსია რადგან რთულ სიტაუციაში “მცადრი” გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ, ჩემი აზრით, დეონტოლოგიური მიდგომა მხოლოდ მაშინ აწყობს ინდივიდს, თუ მას შედეგებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და ამით არ ავნებს საკუთარ თავს. შესაბამისად, დეონტოლოგია ვერ იქნება გადაწყვეტილების მიღების უნივერსალური საფუძველი.

სალომე კუპრაშვილი

Les Miserables, სენაში გადაშვებული დეონტოლოგია

19.04.2021

ვისაც ჰიუგოს „საბრალონი“ ერთხელ მაინც წაუკითხავს ან მისი ეკრანიზაცია უნახავს შეუძლებელია არ ახსოვდეს ცენტრალური სცენა, რომელშიც რომანის პროტაგონისტი ჟან ვალჟანი გაუგონარი სიკეთის გამოხატულებით უსაზღვრო ზემოქმედებას მოახდენს თავისივე მთავარ ანტაგონისტ- ჟავერზე. ჟავერი ერთი შეხედვით შეიძლება რომანის მთავარ უარყოფით გმირად აღვიქვათ, მთელი სიუჟეტის განმავლობაში დასდევს ჟან ვალჟანს- ყოფილ კატორღელს, რომელიც მხოლოდ იმიტომაა შერაცხული საშიშ პიროვნებად და კაცის მკვლელად, რომ ერთი პური მოიპარა, როცა მისი დისშვილი შიმშილით კვდებოდა. მაგრამ ჟავერის შეფასებისას გვავიწყდება აღვნიშნოთ, რომ ის სულით პოლიციელია, არ არღვევს კანონს, არ არის მექრთამე. ჟავერი ჭეშმარიტი დეონტოლოგია, ის ცალსახად მისდევს კანტის ფილოსოფიას, სჯერა რომ არაფერია კანონზე უზენაესი. მისთვის ყველაფრის სათავე მოვალეობების ხარვეზების გარეშე შესრულებაა, ქმედებების სისწორეს განსაზღვრავს იმით, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ისინი მის მოვალეობებს. ჟავერისთვის უცხოა მოწყალება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის თავს მთლიანად მორალურ კანონებს უძღვნის. კატეგორიული იმპერატივის მიხედვით, ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია სურვილებთან და ვნებებთან ვერ იქნება მორალური. რაციონალური მოქმედების უნარია ის, რაც არასდროს უნდა დაკარგოს ადამიანმა. კანტი ამბობს, რომ უნდა დავფიქრდეთ რა არის ჩვენი ქმედებების მთავარი პრიცნიპი, ანუ რა არის ის მთავარი წესი/კანონი, რომელიც ჩვენი ნებისმიერი მოქმედების უკან დგას. არსებობს უნივერსალური მორალური წესები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ჟავერიც ამგვარად უდგებოდა მორალს. ის მოქმედებდა მორალისა და კანონის სახელით, რომელიც ასე წმინდა იყო მისთვის. ამ კაცისთვის უცხოა ყოველგვარი ემოცია, ემპათია. სწორედ ეს ჟავერი, უემოციო, „უგულო“, უდრეკი ჟავერია ის პერსონაჟი, რომელიც მორალური წინააღმდეგობის გამო თავს იკლავს. ჟალ ვალჟანის სიკეთით გაოგნებული ჟავერი მისთვის ყველაზე უჩვეულო ქმედებას ჩადის, დამნაშავეს ათავისუფლებს და რადგანაც მას ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია, რადგან არასდროს გადაუდგამს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯი, მორალურად იბნევა. ყველაფერი, რისიც მთელი შეგნებული ცხოვრება სწამდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა არის მორალურად სწორი? რისკენ უნდა იყოს ფოკუსი მიმართული, როცა ვცდილობთ გავერკვეთ ქმედებების სისწორეში? ჟავერი ამაზე დაუფიქრებლად გაგცემდათ პასუხს, მაგრამ ჟან ვალჟანის ადამიანურმა სიქველემ არია მის გონებაში პედანტური წესრიგით ჩამოყალიბებული იდეა იმის შესახებ თუ რა არის სწორი და რა არასწორი. საფრანგეთში ყველაზე პოპულარული თვითმკვლელობის სცენარით ასრულებს ჟავერი სიცოცხლეს, თავით ეშვება მდინარე სენაში, აქ კვდება მასში ის კანტისეული დეონტოლოგია, რომელიც ასე მკაცრად, უგულოდ და ცივად განსაზღვრავს ჩვენს თითოეულ ქმედებას. გულგრილობა არის ის მთავარი ხარვეზი დეონტოლოგიისა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ამ თეორიას იყოს სრულყოფილი. ემოციები, შეგრძნებები, სურვილები, ესაა ის მახასიათებლები, რაც გვაქცევს ადამიანად. და რა აზრი აქვს ადამიანად ყოფნას თუ ყველაფერი ჰუმანური მივჩქმალეთ და გავაქრეთ ჩვენში? ჟავერის მსგავსად სენაში ამოვყოფთ თავს. ჰიუგოს სულით პოლიციელის ისტორია კი ამ მხრივ კანტისეული დეონტოლოგიის ხარვეზებს უსვამს ხაზს. როგორც ჩანს, მხოლოდ წესიერება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი კარგი და მართალი იყოს. დეონტოლოგია არ მოითხოვს ადამიანებისგან სიკეთის თესვას, არამედ, მხოლოდ წესრიგსა და მორალური ვალდებულებების შესრულებას. მაგრამ მთავარი, რაც სამყაროს ამოძრავებს, რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიკეთეა. სიკეთეა ყველაზე ძლიერი იარაღი სამყაროში. ჰიუგო გვეუბნება, რომ კატორღელსაც კი შეუძლია დათესოს სიკეთე, სიკეთე, რომელიც მდინარეში მოისვრის ყველანაირ უნივერსალურ მორალურ წესს. ჩნდება კითხვები, როგორ უნდა ვიცხოვროთ? რას უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი, სისწორესა და მორალურობას, თუ სიყვარულს, სიკეთესა და თანაგრძნობას? არჩევანის გაკეთებისას, ვისთან უნდა ვიყოთ მორალურები? ვისთან უნდა ვიყოთ მართლები? ღმერთთან? აქ, კი ვალდებული ვარ ვახსენო, რომ ღმერთი სიყვარულია.

მარიამი მედოიძე

შესაძლებელია თუ არა სუიციდის მორალურად გამართლება

19.04.2021

დეონტოლოგიური იდეის მიხედვით, ქმედებათა და გადაწყვეტილებათა შეფასება და მათი მართებულობის განსაზღვრა, განსხვავებით უტილიტარისტული ხედვისა, არ ხდება რეზულტატის მიხედვით, თუ როგორი შედეგი დაგვიდო ამგვარმა გადაწყვეტილებამ თუ ქმედებამ. დეონტოლიგიური გააზრება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მორალის პრინციპებზე დაფუძნებულ მსჯელობას და შესაბამისად მოქმედებას. სწორედ ამ პრინციპებს განიხილავს მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტი და აყალიბებს რამდენიმე პრინციპს, ვალდებულებას, იმპერატივს, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამა თუ იმ ქმედების განხორციელებისას. ამ იმპერატივებს ყოფს კატეგორიულად და ჰიპოთეტურად. კატეგორიული იმპერატივი გულისხმობს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ადამიანი, მიუხედავად მათი სურვილებისა, მიზნებისა, შეხედულებებისა, უნდა დამორჩილდეს ამა თუ იმ მორალურ წესს.

კანტი სწორედ ამგვარ პრინციპს იყენებს სუიციდთან მიმართებაში. მისი პოზიცია ცალსახაა და კატეგორიული წინააღმდეგია სუიციდისა. თვლის, რომ თვითმკვლელობა ყოველთვის გაუმართლებელი და არასწორი ქმედებაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ნებისმიერი გარემოებასა და სიტუაციაში. და რითი ხსნის და ასაბუთებს ის თავის მოსაზრებას? მისთვის ამოსავალი წერტილი და ადამიანის ფუნდამენტალური ღირებულება რაციონალურობაა. ადამიანი რაციონალური, მოაზროვნე ცხოველია, რაც გულისხმობს, რომ მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, იფიქროს და იმსჯელოს ლოგიკურად და მიზეზებსა და მიზნებს შორის კავშირი დაამყაროს. სუიციდის აქტი კი ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილების მიღების შედეგია, რასაც კავშირი არ აქვს რაციონალურ აზროვნებასთან. კანტი თვლის, რომ ის, რაც ადამიანს სუიციდისაკენ უბიძგებს, არის საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც აიძულებს, მიმართოს თვითმკვლელობას, რათა თავი დააღწიოს სასოწარკვეთას, უიმედობას, იმედგაცრუებას, დაასრულოს საკუთარი სიცოცხლე ნაადრევად, ვინაიდან თავი აარიდოს იმ შესაძლო ნეგატიურ მოვლენებს, რაც, მათი აზრით, თავს გადახდებათ, თუკი არსებობას გააგრძელებენ. მიმაჩნია, რომ კანტის ეს ვარაუდი საკმაოდ უხარისხო და ტლანქია. შევეწინააღმდეგებოდი იმ თვალსაზრისში, რომ სუიციდი შეიძლება არა საკუთარი თავის სიყვარულით იყოს გამოწვეული, არამედ პირიქით. თუ გქონიათ შეხება სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებთან, ადვილად შეამჩნევთ, რომ მათ საკუთარი თავის სიყვარულის არაფერი სცხიათ. გამუდმებით დეპრესიაში არიან, საკუთარ თავს მიიჩნევენ ყველა უბედურების მიზეზად და თვლიან, რომ თუ სიცოცხლეს დაასრულებენ, მათ საცოდაობასთან ერთად სხვების ტანჯვასაც მოუღებენ ბოლოს, რომლის მიზეზადაც ისევ და ისევ საკუთარ თავებს მოიაზრებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

სუიციდი არაერთი რელიგიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელი და დაგმობილია, ვინაიდან ადამიანი ღმერთის საკუთრებად მიიჩნევა, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, ღმერთისგან ბოძებულ სიცოცხლეს საკუთარი ნებითვე მოუღოს ბოლო. ვინაიდან კაცის კვლა უმაღლეს ცოდვად მიიჩნევა, თვითმკვლელობას მისგან არაფერი განასხვავებს გარდა იმისა, რომ მკვლელის მსხვერპლი თავად მკვლელია. კანტი მაინც ცდილობს, რომ რელიგიური შეხედულებები და მორალური პრინციპები ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რადგან რელიგიური შეხედულებები სხვადასხვაგვარია, მორალური პრინციპები კი ყველასათვის უნივერსალური და საყოველთაო. მიუხედავად იმისა, რომ სუიციდი არაერთ კულტურაში ტაბუდადებული და დაგმობილი თემაა, ზოგიერთ მოძღვრებაში, ისეთი, როგორიც მაგალითად კონფუციონიზმია, თვითმკვლელობა წახალისებულიც კია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ ღირებულებებს უღალატებს, ეს კი სიკვდილზე უარესია. მოკლედ რომ ვთქვათ, თვითმკვლელობა მორალურად გამართლებულია, თუ ის ღირებულებების გამოა განხორციელებული.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მიუხედავად კანტის მიდგომისა, მორალური პრინციპები საყოველთაოდ აღიქვას და ადამიანთა მორალური ქცევები ერთ ჩარჩოში მოაქციოს, ჩემი აზრით, შეუძლებელია კონკრეტული ქმედება სხვადასხვა კულტურის, ტრადიციის, თვითშეგნების მქონე ადამიანების მიერ ერთნაირად იქნეს აღქმული.

ევა გრიგალაშვილი

როცა სურვილი მოვალეობას ხვდება

19.04.2021

ადამიანის მოქმედებები უმეტესად მისი სურვილით, ღირებულებებითა თუ მორალით განისაზღვრება. კანტისეული სურვილის განმარტება სუბიექტის ძალაუფლების თვითგამორკვევაა. მომავალში რაიმეს წარმოდგენა, როგორც ამ წარმოდგენის ეფექტი. კანტი საკუთარ ნაშრომებში სვამს კითხვას - თუ სურვილები არ გვიბიძგებს ვიმოქმედოთ, მაშინ რა არის სწორი? ამ კითხვას კი თავადვე პასუხობს. კანტის აზრით, კეთილი ნება გვიბიძგებს მოქმედებისკენ. კეთილი ნება კი თავის მხრივ მოვალეობასთანაა დაკავშირებული და სწორედ ეს უკანასკნელი გვიბიძგებს კეთილი ნების შესრულებისკენ. ვფიქრობ, მოვალეობა თავის მხრივ მორალთანაცაა დაკაშირებული. მოვალეობას უნდა ჰქონდეს მორალური ღირებულებაც. კანტს საკუთარ ნაშრომში შემდეგნაირი მაგალითი მოჰყავს: წარმოიდგინეთ ქუჩაში მეგობართად ერთად მიდიხართ. ამ დროს ჩაუარეთ ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს. თქვენმა მეგობარმა დაიწყო ტირილი და თან საფულის ძებნა. ის აძლევს თანხას უსახლკარო ადამიანს და თქვენ გეუბნებათ, რომ ასეთი ღარიბი და უსახლკარო ხალხის მიმართ თანაგრძნობის განცდა აქვს, სწორედ ამიტომ უნდა დაეხმაროს მათ. კანტისთვის თქვენი მეგობრის საქციელს არანაირი მორალური ღირებულება არ აქვს, რადგან მისთვის ფულის მიცემა მხოლოდ თანაგრძნობამ გამოიწვია და არა მოვალეობამ. რა თქმა უნდა, მეგობრის საქციელი ძალიან დასაფასებელია, თუმცა, როგორც კანტი გვეუბნება, მას არ აქვს მორალური ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი იმოქმედონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, მათი მოქმედებები უნდა იყოს გამოწვეული კაცობრიობის წინაშე მათი მოვალეობით, გამართლებული უნდა იყოს მორალურად. ეს ნიშნავს, რომ იდეა შეიძლება გამოაშკარავდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველას მიმართავს. ამ თემაზე მარტივი მაგალითი განვიხილოთ ტესტის გადაწერასთან დაკავშირებით. კანტის მიხედვით, გადაწერა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მორალურად გამართლებული, თუ ყველა სტუდენტის მხრიდანაა გამართლებული ამგვარი ქცევა. საპირისპიროდ კი, გადაწერა რომ გამართლებული იყოს განადგურდება ნდობა, რაც გამოიწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაშლას. საბოლოოდ, კანტიც ამტკიცებს, რომ ზემოთ მოყვანილი მარტივი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ტესტის გადაწერა ამორალურია, რასაც უამრავი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მორალი იდგა არა სურვილის საწინააღმდეგოდ, არამედ მის უკან. რა მოხდება, თუ მორალი რეალურად ყველაზე ღრმა, ნამდვილ სურვილებზე ყურადღების მიქცევის პროცესი იყო? ამ შეკითხვას იკვლევენ ფილოსოფოსები. ერთ-ერთი მათგანი მიიჩნევს, რომ მორალის ტრადიციული წარმოდგენები უგულებელყოფს „მორალური სურვილების“ როლს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად რთულია დაუფიქრებლად განასხვავო ჩვეულებრივი სურვილი და მორალური სურვილი, ვფიქრობ, ჩვენი მორალური სურვილები სწორედ ის სურვილებია, რომლებიც გვაიძულებს ვიმოქმედოდ სწორად, სწორი მიზეზებით. კანტიც ამბობდა, რომ ადამიანმა მხოლოდ იმ წესის მიხედვით უნდა იმოქმედოს, რომელსაც, რომ შეეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდა. ვფიქრობ, ლოგიკური იქნება ამ მსჯელობების შემდეგ ადამიანმა დასვას შეკითხვა - რატომ უნდა ვიყო კარგი? რატომ უნდა მოვიქცე და ვიცხოვრო სიკეთით? ზნეობრივი ფილოსოფიის ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ მსგავსი კითხვებია. ვფიქრობ, ადამიანები თუ ნამდვილად ეცდებიან საკუთარი სურვილების ღრმად გაგებას, ამაზე პასუხსაც იპოვიან. ასევე ძალიან საინტერესოა მორალური წესები. კანტი ფიქრობს, რომ მორალი სურვილებისგან სრულიად ცალკე მდგომია, რადგან მორალური ვალდებულებები უნივერსალურია. მაგრამ მორალის შესახებ სურვილზე დაფუძნებული შეხედულების ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ობიექტურ ზნეობრივ წესებზე. შეიძლებ არსებობდეს ობიექტური მორალური კანონი და ჩვენი ზნეობრივი სურვილების ასრულების საუკეთესო გზა იყოს ამ კანონის დაცვა.

საბოლოოდ, მინდა განვიხილო მორალურ სურვილებსა და მორალურ კანონს შორის კავშირი. ვფიქრობ, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ობიექტური მორალური სიმართლე, რასაც თანდათან ვეცნობით. მაგალითად - „არ მიაყენო სხვას ზიანი“, „დაეხმარე გაჭირვებულებს“ და სხვა. ადამიანთა უმეტესობას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია. ვფიქრობ, ადამიანები უბრალოდ უნდა გავერკვეთ და დავადგინოთ სინამდვილეში რა არის სწორი, ამის შემდეგ კი მივხვდებით თუ როგორ უნდა შევასრულოთ ჩვენი სურვილები. 

 

მარიამ ბაინდურაშვილი

"Self-love leads us to contradiction?''

19.04.2021

„მას პატივისცემა არ აქვს ადამიანური ბუნებისადმი... ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მას მოვექცეთ მხეცებად... ის ადამიანი აღარაა... მან ადამიანურობა უარყო, ის არ უნდა ელოდოს, რომ სხვები მის ადამიანურობას პატივისცემით მოეპყრობიან.’’-ამბობს კანტი, თვითმკვლელობის შესახებ.

კი მაგრამ რატო ეწინააღმდეგება თვითმკვლელობა ადამიანურ ბუნებას? რამ განაპირობა მისი ირაციონალურობა?

კანტის აზრის, საკუთარი თავის სიყვარული ერთგვარი წინააღმდეგობაა, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ამ ვარაუდს კატეგორიულ იმპერატივებზე დაყრდნობით აყალიბებს.

მაგრამ რეალურად რატომ წარმოიშობა საკუთარი თავის სიყვარულიდან თვითმკვლელი აზრები?

ალბათ, უფრო მეტად იმიტომ რომ კანტის აზრით ადამიანები რაციონალური არსებანი არიან, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს კარგი სურვილებისათვის ინახავენ. თავად ცნება მოვალეობა კი განისაზღვრება მორალურად. ვინმეს მიმართ სიბრალულით გაწვდილი დახმარების ხელი, მორალური არაა, რადგან მოვალეობა თავად შეიცავს კეთილი ნების ცნებას.

საკუთარი სიცოცხლის შენარჩუბა კი მოვალეობაა. ყველანაირი გულისტკივილი თუ მარცხი მაინც სიცოცხლის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გამო.

კეთილის ქმნაც მოვალეობაა, კანტი ასევე აღნიშნავს, რომ მოვალეობა არის ქმედების აუცილებლობა კანონის პატივისცემის გამო. კანონის წმინდა პატივისცემა კი ნების განსაზღვრაა, მაქსიმა. და სწორედ ეს მაქსიმა, ეს მოვალეობა წარმოშობს საყოველთაო კანონის არსებობას, რომელიც თანასწორი უნდა იყოს ყველასთვის. შესაბამისად, თვითმკვლელობა ადამიანური არსიდან ამოვარდნაა, რადგან თუ ყველა ერთი კანონით მოქმედებს და ერთ გარკვეულ წესრიგსა და მოვალეობას მისდევს, თვითმკვლელობით პიროვნება ამ მორალურობას კარგავს. კანტი კი ამას საკუთარი თავისადმი სიყვარულს უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ ეს სიყვარული ადამიანს მხეცად აქცევს, რადგან ამით კარგავს რაციონალურობას. კანტისათვის რაციონალურობა კი მისი იმპერატივების დაცვით გამოიხატება.

კანტის კატეგორიული იმპერატივის ფორმულირებაში ვხვდები აზრს იმის შესახებაც, რომ არ შეუძლია ადამიანს იმ მაქსიმაზე იმოქმედოს, რომელიც უნივერსალური არაა, რადგან ეს გამოიწვევს მის არასწორ განსაზღვრას, მაქსიმა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მორალური და საყოველთაოა.

მინდა კანტს შევუპირისპირო კამიუს მოსაზრებაც. „სიზიფეს მითში’’, თავად სიზიფე დაატარებს უზარმაზარ სევდასა და მძიმე ტვირთს. ოღონდ არა ტვირთს ლოდის სახით, არამედ ტვირთს გეთსამანიის ბაღის შეცნობით, აბსურდის გაცნობიერებით. და სწორედ, ეს გაცნობიერება, აბსურდის მიღება აშორებს მას თვითმკვლელობისგან.

კამიუსთან თვითმკვლელობა იგივეა, რაც იმის გადაწყვეტა ღირს თუ არა ამ ცხოვრების ბოლომდე გავლა. მისთვის იგი ტანჯვის უსარგებლობა და ყოველდღიური აჟიოტაჟის უაზრობაა. უბრალოდ, ამ ყველაფრისთვის „არ ღირს სიცოცხლე’’.

კანტთან კი განსხვავებული სიტუაციაა, მისი იმპერატივების მიხედვით ყოველთვის ღირს სიცოცხლე, რადგან იგი ისევ და ისევ მოვალეობაა. კამიუსთან კი არჩევაა შესაძლებელი. კანტი კი ადამიანებს საკუთარი ღირსებისა და ინდივიდუალური უფლებების დაცვისაკენ სწორედ რაციონალიზმით მოუწოდებს. მართალია კამიუსთან რაციონალიზმი, შეცნობაა ლოდის მძიმე ტვირთვისა, ისე როგორც სიზიფემ გააკეთა, მაგრამ კანტთან ამ შეცნობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც მოვალეობრივად ცხოვრებას. ვინც ასე არ იზავს ის მხეცია, მან სამყარო უკუაგდო, საყოველთაობა. მან შექმნა საკუთარი მორალი, თავი შეიყვარა, ამით სამყაროს დაუპირისპირდა და საბოლოოდ კი მისგან შეურაცყოფილი გაქრა.

გარდა ამისა, მოვიყვან ჯ.დევიდ ველიმენის მოსაზრებას: „თვითმკვლელობა იმორალურია როცა იმის ნიადაგზე ხორციელდება რა დროსაც ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება გასაგრძელებლად არ ღირს.’’ კანტი, მას, ალბათ, მხარს დაუჭერდა, რადგან მისთვის ცხოვრება გასაგრძელებლად ყოველთვის ღირებულია. ყოველთვის ღირებულია, რადგან მისი მეორე კატეგორიული იმპერატივის ფორმულირებისას ამბობს კიდევაც, რომ ადამიანმა მარტო საკუთარი თავისთვის არ უნდა იფიქროს, სხვისთვის კარგი და ჰუმანური უნდა იყოს მისი ქმედება. იგი საშუალება არაა, მიზანია. გამოდის, რომ პიროვნების ქმედებები ერთმანეთზეა დამოკიდებული და სხვისთვის ცხოვრების არ გაგრძელების ღირებულება შესაძლებელია აისახოს მეორე ინდივიდზე და დაარღვიოს საყოველთაო მაქსიმა.

ამრიგად, კანტი დეონტოლოგიის მომხრეა. მისი აზრით ჩვენი თავისადმი სიყვარული გვიბიძგებს ყველანაირი ცხოვრებისეული ტანჯვის არიდებისკენ, რასაც საბოლოოდ სიცოცხლის ხელყოფისკენ მივყავართ. ამიტომაც, ცხოვრების გაგრძელებისა და მორალურობის დასაცავად მნიშვნელოვანი, სწორედ, მისი კატეგორიული იმპერატივებისადმი მიყოლაა.

გვერდები

 

ბლოგის ავტორები