ENG GEO

Search form

თამარ მიქაია

This is what must be done!

19.04.2021

გადაწყვეტილების მიღება, არჩევნის გაკეთება სხვადასხვა ქმედებას შირის, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვცდილობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ მის გადასაჭრელად. მოქმედების სხვადასხვა გეგმა "თეორიულ გამოცდაზე გაგვყავს" და მხოლოდ ამის შემდეგ ვწყვეტთ, როგორ ჯობს მოქცევა. ამ შემთხვევაში, ჩემი მიზანია, რომ მსგავსი პრობლემები დეონტოლოგიური პექრსპექტივით განვიხილო და ხაზი გავუსვა ამ ეთიკური თეორიის ძრითად პრინციპებს.
უპირველესად, ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ რა არის დეონტოლოგია? ეს არის ეთიკური თეორია, რომელიც ქმედების სისწორეს/მცადრობას განსაზღვრას აბსოლუტური კანონით, რომელზედაც პასუხისმგებელია ყველა აგენტი. დეონტოლოგიის მიხედვით მოვალეობის შესრულება (კანონის მიხედვით მოქმედება) უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. მას არ აინტერესებს, რა შედეგებამდე მიგვიყვანს ქმედება, როგორ ვიგრძნობთ თავს მისი განხორციელებისას, თუკი ეს აქტი მორალური კანონის მორჩილი იქნება.
რას გულისხმობს ეს კანონი? ეს მოვალეობა, რომელიც გვაკისრია თითოეულ ადამიანს? დასაწყისში ვახსენე, რომ რაღაც პრობლემის წინაშე, რომ ვდგავართ მის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა „თოერიულ გამოცდაზე გაგვყავსთქო“. უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთი მექანიზმი კანტისთვის კატეგორიული იმპერატივია. „…act only according to that maxim through which you can at the same time will that it become a universal law“. ეს მექანიზმი გვეუბნება შემდეგს: როდესაც მოცემულ სიტუაციაში ვფიქორბთ გარკვეული ქმედება მორალურად სწორი იქნება თუ არა, დავფიქრდეთ, მოგვეწონებოდა თუ არა ისეთი სამყარო, რომელშიც ჩვენი ქმედება უნივერსალურ კანონად იქცეოდა, ანუ ყველა ისევე მოიქცეოდა, როგორც ჩვენ.
კანტს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს კატეგორიული იმპერატივის მექანიზმი, ტყუილის მაგალითი მოჰყავს. მას მიაჩნია, რომ ტყუილი მორალურად გაუმართლებელი საქციელია და კატეგორიული იმპერატივის პირობის თანახმად, სიცრუის აქტი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია შემდეგ მსჯელობას გავყვეთ: ტყუილის მიზანია, რომ ადამიანებს დააჯეროს ის, რაც მართალი არ არის. კატეგორიული იმპერატივის ფორმულის თანახმად, თუ ჩვენ ვფიქრობთ მოვიტყუოთ თუ არა , მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ სამყარო, რომელშიც ტყუილი უნივერსალური კანონი იქნებოდა, ანუ რომ ყველა მოიტყუეობოდა. ასეთ შემთხვევაში ადამიანები არასდროს დაუჯერებდნენ ერთმანეთს და ნდობა გაქრებოდა, ეს კი არავისთვის იქნებოდა სასარგებლო. მათ შორის, ტყუილიც დაკარგავდა აზრს, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ვინმეს რაიმეში დარწმუნება. გამოდის, რომ ტყუილის იდეა, როგორც პრინციპის, რომლის მიხედვითაც ყველას შეეძლებოდა ემოქმედა, საკუთარ თავს ამარცხებს. ტყუილი ხომ მიზანს მხოლოდ იმიტომ აღწევს, რომ ადამიანებს ერთმანეთის ნათქვამის სჯერათ.
ამ მაგალითიდან შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რისი თქმა სურს ჩვენთვის კანტს - ჩვენ ვმოქმედებთ არასწორად, როდესაც სხვების მიერ ჩადენილი ჩვენი ქმედების ანალოგიური ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ამისაგან საპირისპიროდ, ვმოქმედებთ სწორად, როდესაც ვეთანხმებით ჩვენი ქმედების მთელ საზოგადოებაზე განზოგადებას. ასეთი პრინციპით მოქმედება ერთი შეხედვით სამართლიანობისა და თანასწორობის შეგრძნებას გვიჩენს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ორი მორალური ვალდებულება ერთმანეთს უპირისპირდება?
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელშიც ადამიანს დაპირდით, რომ მის საიდუმლოებებს არასოდეს გათქვამდით, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და გაგანდოთ გეგმა, თუ როგორ აპირებს დღეს საღამოს რამდენიმე ადამიანის მოკვლას. თქვენ ხართ არჩევნის წინაშე - გასცეთ იმ ადამიანის საიდუმლო, რომელიც გენდობათ და გადაარჩინოთ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ან გაჩუმდეთ და მშვიდად დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. აქედან პირველი შემთხვევა, ანუ საიდუმლოს გაცემა, პირობის დარღვევაა, რაც კანტის კატეგორიული იმპერატივის მიხედვით დაუშვებელი აქტია. თუმცა ჩნდება კითხვა: რა უფრო დაუშვებელია პირობის გატეხა, თუ იმის დაშვება, რომ ადამიანები დაიღუპონ, როდესაც მათი გადარჩენა შეგვიძლია. ამაზე კანტს ცალსახა პაუხი აქვს: „The only thing you are permited to do is violate the moral law, even if others are doing so, even for a good cause”. კანტიანური მიდგომით, პირობის დარღვევა მორალური კანონის შეურაცხყოფაა, რასაც ვერანაირი მიზეზი ვერ გადაწონის. კანტის კატეგორიულობა ასეთ შემთხვევებში ხშირად კამათის საგანი ხდება. არის თუ არა პირობის შენარჩუნება მართლაც უფრო ეთიკური ქმედება, ვიდრე ადამიანთა სიცოცხლის დაცვა? რამდენად ადექვატურია ყველა მოცემულობაში ერთი აბსოლუტური პრინციპით ხელმძღვანელობა? საკითხავია, არსებობს თუ არა რაიმე საზომი, რომელიც ქმედებების მორალურ ღირებულებას აგვაწონინებდა და შესაძლებელს გახდიდა მათ შედარებას.

ლიზი ლომია

არის თუ არა ვეგეტარიანელობა მორალური მაქსიმა?

19.04.2021

თუკი, აქამდე ცხოველთა უფლებების საკითხი თქვენთვის არასდროს დამდგარა დღის წესრიგში, პეტას ბოლოდროინდელი აქტიური კამპანიის შემდგომ, შეუძლებელია, წამით მაინც არ დაფიქრებულიყავით საბრალო გოჭების ბედზე, რომლებიც იუთუბზე თქვენი საყვარელი მუსიკის გაჟღერებამდე გახსენებენ თავს და მოგიწოდებენ უარი თქვათ საუზმედ მათი და-ძმებისგან დამზადებული ბეკონის და ლუდთან თავად მათივე სარდელის მირთმევაზე. ამ დროს ზოგიერთი ჩვენგანი თვალს ვარიდებთ ეკრანს და სულმოუთქმელად ველოდებით როდის დამთვარდება რეკლამა, ზოგი ვიდეოს არეპორტებს არასასიამოვნო კადრებიდან გამომდინარე, ხოლო ზოგს საკუთარი ამორალურობით ზიზღი უჩნდება და მართლაც ხდება ვეგეტარიანელი. ჩნდეება კითხვა, ნუთუ, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი არაეთიკურად ცხოვრობს და დროა, ადამიანმა ამოიღოს ხორცი თავისი კვების რაციონიდან.

დეონტოლოგიური გაგებით, ქმედება უნდა განვსაჯოთ იმის მიხედვით, რამდენად სწორია იგი თავისთავად. არის რაღაცები, რასაც ჩვენ სავალდებულოდ მივიჩნევთ, იმის მიუხედავად, რომ ისინი თანხვედრაში არ მოდიან ჩვენივე სურვილებთან. სწორედ ამას უწოდებს კანტი ვალდებულებას. მორალურობა კი მისთვის პირდაპირ კავშირშია ვალდებულებასთან. შესაბამისად, თუკი ვეგეტარიანელობის მორალურობაზე დავიწყებთ მსჯელობას, უნდა დავამტკიცოთ, რომ იგი წარმოადგენს ადამიანის კეთილ ნებას, იმას, რაც თავისთავად კარგია, შედეგებისა და დამოკიდებულებების გათვალისწინების გარეშე. ამგვარი გაგებით, ვეგეტარიანელობას ვერ მივიჩნევთ მორალურ ქმედებად, თუკი მისი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ხორცის მიმართ ზიზღი, რელიგიური ღირებულებები. ის ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს კეთილ ნებას, როცა არსებობს ხორცის ჭამის სურვილი, თუმცა იგი დათრგუნულია.

იმისათვის, რომ რაიმე ქმედება მორალურ მაქსიმად ვაღიაროთ, მან უნდა გაიაროს ტესტი. კანტი ერთმანეთისაგან განასხვავებს ჰიპოთეტურ და კატეგორიულ იმპერატივს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ კატეგორიული იმპერატივის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უნივერსალურ მაქსიმასთან, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვალდებულია დაემორჩილოს, ხოლო ჰიპოთეტური იმპერატივი გულისხმობს, რომ მე თავად უნდა განვსაჯო და გადავწყვიტო, შევასრულებ, თუ არა ბრძანებას. მაგალითისთვის, თუკი ვეგეტარიანელობას კატეგორიულ იმპერატივს მივაკუთვვნებთ, ყველა ადამიანის ვალდებულება გახდება ხორცი ამოიღოს კვების რაციონიდან, შესაბამისად ეს უკანასკნელი იქნება უნივერსალური მაქსიმა. თუმცა, იმისათვის, რომ იგი კატეგორიულ იმპერატივად მივიჩნიოთ, პასუხი უნდა გავცეთ ორ შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი და რამდენად არის სასურველი, ეს უკანასკნელი იქცეს უნივრესალურ კანონად. პირველ შეკითხვაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პასუხი დადებითია. დღესდღეობით არსებობს არაერთი შემცვლელი, რომელიც ორგანიზმს მიაწვდის საჭირო დანამატებს. შესაბამისად, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ვეგეტარიანელობა ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომია (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სადავო საკითხია, რადგან ნებისმიერი სახის საკვები დანამატი მოსახლეობის უმეტესობისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენს). რაც შეეხება, მის სასურველობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ცოცხალ არსებას ტკივილს არ აყენებ და ეკოსისტემას არ აზიანებ, შესაძლებელია იმის მტკიცებაც, რომ იგი სასურველია. დავუშვათ, რომ ამ მიზეზების გამო, ვეგეტარიანელობა მივიჩნიეთ კატეგორიულ იმპერატივად. აქ ჩნდება ახალი გამოწვევა. იგი წარმოადგენს სრულყოფილ, თუ არასრულყოფილ ვალდებულებას. ვინაიდან საუკუნეების განმავლობაში ადამიანი ხორცის მჭამელი არსებაა და ეს მისთვის ბიოლოგიურად ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს, იმის მტკიცება, რომ ვეგეტარიანელობა სრულყოფილი ვალდებულებაა, უსაფუძვლოა. კაცობიობისთვის ხორცის ჭამას ზიანი არ მოუყენებია (ბევრი ვეგეტარიანელი ამტკიცებს, რომ ვინაიდან, პანდემიების უმეტესობა სწორედ ცხოველებისგან ვრცელდება, ამ უკანასკნელს ზიანი მოაქვს კაცობრიობისთვის). რაც შეეხება, არასრულყოფილ ვალდებულებას, ამისათვის უნდა განვიხილოთ, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს კაცობრიობა მომავალში ხორცის ჭამამ. ამ კუთხით, ვეგეტარიანელობის გასამართლებელ უეჭველ საბუთს ვხვდებით ინდუიზმში. რეინკარნაციისადმი რწმენა ადამიანს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა მომავალში თავად აღმოჩნდეს ამ ცხოველის ადგილას და ამიტომ თავი უნდა შეიკავოს მისი ჭამისგან.

კანტისთვის მორალურობა მხოლოდ რაციონალური არსების მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს ყოველთვის უნდა მოვებყრათ, როგორც თავისუფალ, რაციონალურ აგენტებს. ადამიანები არსებობენ თავისთვის და არა იმისთვის, რომ სხვამ გამოიყენოს. რაც შეეხება ცხოველებს, მათთვის რაციონალურობა უცხოა და შესაბამისად, მათ უფლებებზე საუბარი არაა. თუმცა, შეგვიძლია იმის მტკიცებაც, რომ ცხოველებიც საკუთარი თავისთვის არსებობენ და არა იმისთვის, რომ ადამიანმა მოიხმაროს. საგნების წარმოშობის მიზეზი ადამიანია და მათი დანიშნულებაც არის მოხმარება, ადამიანის სურვილების შესაბამისად, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით ცხოველების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ნებისმიერი რამ, რისი წარმოშობის მიზეზიც არ არის ადამიანი, არსებობს თავისუფლად და მისი გამოყენება პირადი მიზნების განსახორციელებლად არაეთიკურია.

აქედან გამომდინარე, შემდეგზე, როცა რეკლამიდან გოჭის საბრალო თვალებს დაინახავთ, შეგიძლიათ სინდისი დაიმშვიდოთ, რომ მორალურად მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ, ან კანტის ეთიკას გადეხოდოთ და მასში ნაკლოვანება აღმოაჩინოთ. იქნებიან ისეთებიც, ვისთვისაც ცხოველების ჭამა უბრალოდ არასწორია პირადი შეხედულებებისგან გამომდინარე (ჰიპოთეტური იმპერატივი) და ამას მორალურ მაქსიმასთან კავშირი არ აქვს.

 

მარიამ ბერძენაშვილი

ქმედებას მორალურს ხდის “X”; თქვენი ვალია იპოვოთ “X”

19.04.2021

ფილოსოფოსობა ისეთი აბსტრაქტული ცნებების შემეცნებასა და ახსნას გულისხმობს როგორებიცაა ბედი, ბედისწერა, ლოგოსი, მშვენიერება, მორალი... ერთი შეხედვით მოგვეჩვენება, რომ ყველა ზემოთქმულის განმარტება ვიცით, ვინაიდან, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი აბსტრაქტულ კი არა კონკრეტულ ცნებებად იქცევიან. როდესაც ვხედავთ ლამაზ ნაგებობას, მზის ამოსვლას თუ წიგნიდან ციტატას, ჩვენ აღმოგვხდება რომ ის მშვენიერია! ამგავრი კატეგორიების/ ელემენტების მოძიებითა და შეკრებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ის საერთო, რაც ყველა მათგანს გააჩნია და დავასკვნათ, რომ ყველაფერი მშვენიერი სწორედ მის გამოა. ამას ამბობდა პლოტინი, რომელიც სულსა და გონებას მიიჩნევდა მშვენირებასთან წილნაყარად, ვინაიდან ყველაფერს მშვენიერ მისი მეშვეობით აღვიქვამთ და ამავდროულად სულის მშვენიერება განსზაზღვრავს საგნისას. მორალის შემთხვევაში საკითხი, ვფიქრობ, უფრო რთულადაა. როგორც სოფისტები ამბობდნენ რთულია განსაზღვრო რაარის ჭეშმარიტება ვინაიდან იგი სუბიექტურია და რაღაცასთან მიმართებით არსებობს. შესაბამისად შესაძლოა არსებობდეს ერთნაირად ჭეშმარიტი ინდივიდუალური მორალები. რა ხდება მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი, ურთიერთსაპირისპირო მორალები უპირისპირდება ერთმანეთს? ლოგიკურია თუკი ვივარაუდებთ, რომ უნდა არსებობდეს რაღაც საერთო, უნივერსალური მორალი და ყველა ერთნაირად ჭეშმარიტი არ არის. უნივერსალურ მორალთან ნაზიარები ქმედებები კი ჩაითვლება მორალურად.

მორალი არის იმ წესების ერთობლიობა,რომლებიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ. მორალის განსაზღვრება შეიძლება მოდიოდეს როგორც გარედან/საზოგადოებისგან, ისე შიგნიდან/ქვეცნობიერიდან. საზოგადოებრივი მორალი უფრო მეტად მიმართულია საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ, სადაც ინდივიდის პირადი სურვილები უკანა პლაზეა გადაწეული. ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ადამიანი შინაგანი მორალის საფუძველზე იღებენ. ამ მაგალითებზე შემდგომ ვისაუბრებ. ფაქტი მაინც ერთია, რომ მორალი და მორალურად გამართლებული ქმედებები არის ის, რაც ჩვენ ან უკეთეს ადამიანად ქცევაში გვეხმარება ან უარესად არ გვაქცევს.

იმანუელ კანტის მიხედვით, მორალურია ქმედება თუკი იგი „acting for the sake of duty”  და არაა თუკი “acting in accordance with duty”. მისი თქმით, გაჭირვებულის დახმარება ემპათიის გამო, ვერ ჩაითვლება მორალურად რადგან მას არ ამოძრავებს მოვალეობა. იგი იქცევა საკუთარი სურვილების მიხედვით. ჩემი აზრით, ამ ყველაფერში ცუდი არაფერია. პირიქით, თუკი მოქმედებ მხოლოდ მოვალეობის გამო, შენი ქმედება შეიძლება აღიქმებოდეს ხელოვნურად და დაძალებულად.

კანტისთვის დაუშვებელია ტყუილი, თუნდაც მას სასიკეთო შედეგი მოჰქონდეს მომავალში. ქმედებების ასეთი დოგმატიზება ჩემი აზრით, არ არის გამართლებული. კონსეკვენციალიზმის გადმოსახედიდან გამართლებულია კანტისთვის ამორალური ქცევები. ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება გაიდოს მკაფიო ხაზი მორალურსა და ამორალურს შორის. ტყუილის მაგალითზე, თუკი იგი საბოლოოდ არავის არაფერს დაუშავებს, სუბიექტიცა და ობიექტიც კმაყოფილი დარჩება, შეგვიძლია იგი მივიჩნიოთ მორალურ ქმედებად. სხვისთვის( აქ არ იგულისხმება ვიღაც მესამე პიროვნება/ჯგუფი, განიხილება მხოლოდ ის ორი მხარე, რომლებიც მონაწილეობენ ქმედებაში) ბედნიერების მოტანის სურვილი ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ტყუილი, გაჭირვებულის დახმარება თუ სხვის ბაღში ვაშლის მოწყვეტა(ობიექტის თანხმობის ხარჯზე) არის მორალურად გამართლებული ქმედება.

ელიზაბედ ზასლავსკაია

კანტის მორალი და ეთიკა ნაფიცი მსაჯულის გადმოსახედიდან

19.04.2021

ნაფიცი მსაჯულობა არის სამოქალაქო ვალდებულება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის საპატიო, არის საკმაოდ სტრესული გამოცდილება. როდესაც ადამიანი არჩეულია ნაფიც მსაჯულად ის დებს ფიცს, როგორც სასამართლოსთან, ასევე საკუთარ თავთან, რომ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს გააზრებულად, სამართლიანად, ეთიკურად და მორალურად.  ჩემი გამოცდილებიდან, ნაფიცი მსაჯულობის დროს თითქმის ყველა შერჩეულის თავში ტრიალებს ორი თეორია, მიუხედავად იმისა, იცნობენ ადამიანები ამ თეორიებს თუ არა, ისინი ყოველი ჩვენგანის ქვეცნობიერშია. მიმდინარეობს ბრძოლა კონსეკვენციალიზმსა და კანტის ეთიკასა და მორალს შორის.

კანტის ეთიკა და მორალი გვეუბნება რომ მთავარია შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა (duty) და ვიმოქმედოთ კეთილი ნების მიხედვით, მისი აზრით ეს “წინმსწრები” ფაქტორები, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი, რომელსაც მივიღებთ ამ ქმედებებიდან.  ნაფიცი მსაჯული ფიქრობს, რომ მან ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი ინსტინქტებიდან გამომდინარე, იმაზე დაფუძნებულად თუ რას კარნახობს მას საკუთარი თავი, როგორ და რას ფიქრობს ის. რეალურად მან უნდა მოირგოს მოსამართლის როლი და ნაბიჯები გადადგას მაგ გადმოსახედიდან, ფაქტები უნდა იყოს აწონილი ცივი გონებით და შესაბამისად უნდა იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, თუმცა ზუსტად ამ დროს თავის უკანა ნაწილიდან ისმის კონსეკვენციალიზმის ხმა, რომელიც გვეჩურჩულება შედეგებზე, ზუსტად ყველაზე მეტად სტრესულ ნაწილზე. ნაფიცი მსაჯული არის რიგითი ადამიანი რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სხვა ადამიანის ბედი, ამის არც კომპეტენცია აქვს და არც მორალური მზაობა. უნებლიედ ეფიქრება იმაზე თუ რამდენად სწორი იქნება მისი გადაწყვეტილება და შესაბამისად როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ბრალდებულზე. პირადი გამოცდილებიდან, ყველაზე დიდი შიში ზუსტად იმის მქონდა, რომ პროცესი ისე არ დამთავრეს რომ 100%ით არ ვიყო დარწმუნებული ან ერთ გადაწყვეტილებაში ან მეორეში, ვინაიდან , რა თქმა უნდა, ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია გაგყვეს ცხოვრების ბოლომდე.

კანტის მორალი და ეთიკა კი ზუსტად იმას გვკარნახობს რომ კეთილი ნებით უნდა ვიმოქმედოთ და შედეგს ნაკლებად დავაკვირდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ძალიან რთულია.

ამავდროულად, გაურკვევლობის ეტაპზე ირთვება კანტის მორალის მეორე მხარე, კერძოდ ის ნაწილი სადაც გვეუბნება რომ მოქმედების წინ დავფიქრდეთ, მოგვინდებოდა თუ არა, მთელი მსოფლიო რომ იმას აკეთებდეს რისი გაკეთებაც გვინდა ჩვენ.  პირადად მე მსგავსი მომენტი არ მქონია, თუმცა ბევრი ნაფიცი მსაჯულისგან გამიგია, რომ საკუთარ თავს აყენებენ ბრალდებულის ადგილას და ზუსტად იმაზე ფიქრობენ, მოუნდებოდათ თუ არა, ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს რომ ის გადაწყვეტილება მიეღოთ რასაც იღებენ თვითონ.  ამ დროს რიგითი ადამიანის ტვინში იწყება მორალური ბრძოლა იმ გადაწყვეტილებას შორის, რომლის მიღებაც სურს და ემპათიას შორის, რომელსაც ბევრი ნაფიცი მსაჯული განიცდის ბრალდებულის მიმართ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ის რომ კანტი მორალურობის თეორიას აფუძნებდა ზუსტად იმაზე რომ ჩვენ ვართ რაციონალურად მოაზროვნე ინდივიდები, და ნაკლებად უნდა ვიმოქმედოთ ემოციებით, არამედ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ “კარგის და სწორის” კეთებას.

კანტი გვეუბნება, რომ ნამდვილად კარგი და სწორი არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება, ვინაიდან კეთილი ქმედება უკვე თავის მხრივ მოიცავს ჯილდოს, რომელიც შეიძლება მიიღო ამ ქმედების ჩადენისგან და შემდგომ შეგიძლია გამოიყენო როგორც კარგისთვის ასევე ცუდისთვის. ნაფიცი მსაჯულობა ამ კუთხით თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია კეთილ ნებაზე, ვინაიდან ადამიანები ამისგან არაფერს იღებენ (შესაძლოა გამოცდილების გარდა), თავის დროს უთმობენ სამოქალაქო ვალდებულებას და ერთვებიან გადაწყვეტილების მიღბის პროცესში. ძირითადად, მინდა გითხათ, რომ ნაფიცი მსაჯულობა არავის არ უნდა, ვიღაცას სტრესის გამო, ვიღცას დაზარების გამო, ვიღცებს მიაჩნიათ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით აღსავსე ცხოვრება აქვთ, თუმცა ამ პირობებში აღმოჩენის შემდგომ, ადამიანი ბევრად უკეთ ეცნობა საკუთარ თავს, ზუსტად კანტის თეორიების ჭრილში, განვმეორდები, მიუხედავ იმისა იცის თუ არა ადამიანმა, რომ მსგავსი თეორიები არსებობს, ისინი დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად ყოველი ჩვენგანი ხშირად არის აღმოჩენილი კანტისეულ სიტუაციებში.

ანა ბეროშვილი

კოლბერგი VS დეონტოლოგია

19.04.2021

სანამ დეონტოლოგიისა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის დაპირისპირებაზე საუბარს დავიწყებთ, ცხადია, საჭიროა განვმარტოთ დეონტოლოგიაც და კოლბერგის შეხედულებებიც. დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც არაფერია კანონზე უზენასი, ყველაფრის საწყისი დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაა. ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელება თითქოს მარტივია: უნდა მიჰყვე საზოგადოებაში არსებულ წესებს და უპირობოდ შეასრულო ისინი, თუმცა, ხშირად ემოციური ფაქტორები ხელს გვიშლიან ამ მოვალეობების შესრულებაში. დეონტოლოგისთვის მთავარი არის არა შედეგი, არამედ ამ შედეგამდე მისვლის პროცესი, რომელიც სრულყოფილად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ანუ, დეონტოლოგიისთვის ადამიანის ქმედების შედეგის ეთიკური მნიშვნელობა უგულებელყოფილია, მთავარია მორალური წესების დაცვა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, ამიტომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, არის ვიმოქმედოთ მორალის ფარგლებში. თუმცა, საინტერესოა, რა არის მორალური და რა არა? როგორ განისაზღვრება ქმედების მორალურობა? ამის გასაგებად დეონტოლოგიის მთავარი ფიგურა, იმანუელ კანტი, ორ პირობას აყალიბებს: პირველი - რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ქმედება უნივესალურ კანონებს, ანუ იქნება თუ არა კარგი ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც ყველა ასე მოქმედებს? და მეორე - ადამიანს უნდა მოქცე ისე, როგორც საკუთარ თავს, ანუ ადამიანი უნდა მიიჩნიო მიზნად და არა მიზნის მიღწევის საშუალებად. 


ახლა, სანამ კოლბერგის თვალსაზრისის განხილვას დავიწყებთ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენს საყვარელ ადამიანს სჭირდება წამალი, რომლის გარეშეც სიცოცხლის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ადამიანმა, რომელიც ეს წამალი აღმოაჩინა, გადაწყვიტა, რომ წამლის ფასი 2000$-ია, თქვენ კი მხოლოდ ამის ნახევარი გაქვთ, დანარჩენი თანხის მოგვიანებით გასტუმრების საშუალებასაც არ გაძლევთ. როგორ მოიქცეოდით, დაემორჩილებოდით მორალურ კანონს თუ გატეხავდით აფთიაქს და მოიპარავდით წამალს? ეს მაგალითი კოლბერგმა თავისი მორალური განვითარების თეორიის ასახსნელად გამოიყენა. ცხადია, გადაწყვეტილება თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, უნდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ, კოლბერგი ამის გამო არ გაგკიცხავთ. მან ჩამოაყალიბა მორალური განვითარების თეორია, რომლის მიხედვთაც, განვითარების მეხუთე საფეხურზე მყოფი ადამიანი ამართლებს ისეთ საქციელს, რომელსაც შეუძლია საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. კოლბერგის აზრით, ქმედების მორალური სისწორე უნდა განისაზღვრებოდეს არა საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებზე, არამედ ადამიანის ინსტიქტებზე დაყრდნობით. ალბათ, უკვე მარტივი შესამჩნევია განსხვავება კოლბერგის შეხედულებასა და დეონტოლოგიის ძირითად პრინციპს შორის. იგივე კითხვით რომ დეონტოლოგ ფილოსოფოსს მიმართო გეტყვის, რომ ქურდობა ყველა შემთხვევაში მორალურად გაუმართლებელია, მიუხედავად მისი შედეგის ეთიკური მნიშვნელობისა. დეონტოლოგიის მიხედით, წამლის მოპარვა მიუღებელია, რადგან თუ ყველა ასე მოიქცევა, მაშინ საერთოდ რა აზრი ექნება საკუთრების უფლების არსებობას? გარდა ამისა, დეონტოლოგიის მიხედვით, თუ შენ ადამიანს მოპარავ წამალს, მას არ ექცევი როგორც თავისუფალ არსებას, არამედ იყენებ მას საკუთარი მიზნებისთვის. ეს ორი კი არღვევს ქმედების მორალურობის განმსაზღვრელ ორ ძირითად პრინციპს. თუმცა, კოლბერგის მიერ მოტანილი მაგალითი ხომ არ არის ჩვეულებრივი ქურდობა საკუთარი სიამოვნებისთვის? მის მაგალითში ქურდობის ერთადერთი მიზანი საყვარელი ადამიანის გადარჩენაა, ეს არის იმის მოპარვა, რაც აუცილებელია გადარჩენისთვის. არის ასეთ შემთხვევაში ქურდობა გამართლებული? დეონტოლოგიის მიხედვით - არა. კოლბერგის მიხედვით - კი. კოლბერგის განვითარების თეორიის მიხედვით, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს. კოლბერგისთვის ადამიანის მორალური განვითარების უმაღლესი მდგომარეობა მიიღწევა მაშინ, როცა ინდივიდი გაიაზრებს გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი ინსტიქტების როლს და გააცნობიერებს, რომ საზოგადოებაში დაფუძნებული მრავალი წესი თუ კანონი საჭიროებს ცვლილებას. ეს შეხედულება ეწინაამღდეგება დეონტოლოგიის ამოსავალ წერტილს, რომელიც წესების ზედმიწევნით მიყოლას გულისხმობს. მართლაც, გეგულებათ ადამიანი, რომელიც საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის წამლის ქურდობაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი არ დაარღვიოს? ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს საზოგადოება გულგრილის, ეგოისტის იარლიყს მიაკრავს, რაც გარკვეულწილად მართალიც იქნება. მგონია, რომ წესების მორჩილებაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს საზოგადოებისთვის, არის საჭიროების შემთხვევაში ადამიანების დახმარება და თანაგრძნობა.


ვფიქრობ, დეონტოლოგიის მიდგომის პრაქტიკულად განხორციელება, ანუ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების უპირობო მორჩილება შეუძლებელია. ნებისმიერ საზოგადოებაში, თითოეულ ჩვენგანს გვიწევს წესების დარღვევა, გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ინსტიქტებსა თუ გრძნობებზე დაყრდნობით, დეონტოლოგია კი ზედმეტად რაციონალურად, გულგრილად უდგება სხვადასხვა ქმედებას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კოლბერგის მორალური განვითარების თეორიაშიც მრავალი ხარვეზი შეიმჩნევა, ვფიქრობ, რომ მისი შეხედულება ადამიანის ქცევის მორალურობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო შეესაბამება ქმედებებს რეალურ ცხოვრებაში, რადგან ის ადამიანს ემოციებისგან დაცლილ, მხოლოდ კანონების მორჩილ არსებად არ აღიქვამს.

 

 

მარია ენუქიძე

ჰეინცის დილემა და კანტიანური ეთიკის კრიტიკა

19.04.2021

    ეთიკა, ზნეობა და მორალური ჩარჩოები - ეს ძირითადი ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ყოველდღიურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა ცხოვრების წესზე და განსაზღვრავენ ჩვენი ქმედებების გეზს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ნებისმიერი სხვა, ვინც დაინტერესებულია ინდივიდის ქცევების შესწავლით და განსაკუთრებით იმ მექანიზმებით, რომლებიც მათ მიღმა დგას, ხშირად მსჯელობენ სხვადასხვა მორალურ დილემებზე და განიხილავენ ისეთ კომპლექსურ სიტუაციებს, საიდანაც გამოსავალი არც ისეთი სწორხაზოვანი და ერთგვაროვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დასაკვირვებელი ობიექტები განსხვავებული ღირებულებების მატარებლები არიან, კონფლიქტურ მდგომარეობაში აღმოჩენილთ გადაწყვეტილების მიღებისას ამა თუ იმ მორალით უწევთ ხელმძღვანელობა. ფიქრის ეს პროცესი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შანსი, დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეთიკა არჩევანის გაკეთებისას, როგორი ხანგრძლივი და რთული პროცესია ეს და რამდენი განსხვავებული ამოხსნის გზა შეიძლება ჰქონდეს ერთსა და იმავე ამოცანას. ერთ-ერთი ასეთი კლასიკური დილემა, რომელიც ლოურენს კოლბერგმა გამოიყენა მორალური განვითარების სტადიების აღსაწერად არის ‘’ჰეინცის დილემა’’. ძირითადი შინაარსი ასეთია: ქალი სიკვდილის სარეცელზე იმყოფება, არსებობს ერთადერთი წამალი, რომელსაც შეუძლია ამ ქალის სიცოცხლის გადარჩენა და ეს წამალი ქალაქის ერთ-ერთი ექიმის კაბინეტში ინახება. ექიმი წამალს საკმაოდ ძვირად აფასებს, ავადმყოფის მეუღლე, ჰეინცი, ყველასგან სესხულობს ფულს, მაგრამ საკმარისს მაინც ვერ აგროვებს. ჰეინცი მიდის ექიმთან, უხსნის სიტუაციას და სთხოვს, მიჰყიდოს მას წამალი ნაკლებ ფასად, თუმცა ექიმი მას უარით ისტუმრებს. სასოწარკვეთილი ჰეინცი გადაწყვეტს, შეიჭრას ექიმის ლაბორატორიაში და მოიპაროს წამალი ცოლისთვის. უნდა შეიჭრას თუ არა ჰეინცი ლაბორატორიაში? და რატომ?

   სანამ უშუალოდ ‘’კის’’ ან ‘’არას’’ ვიტყოდეთ, შევაფასოთ ეს დილემა სხვადასხვა ეთიკური მოძღვრების კუთხით. დაპირისპირებულთა ბანაკი რომ მოგვეწყო და ერთ მხარეს უტილირარისტები, მაგალითად, მილი და ბენტამი დაგვეყენებინა, ისინი ცალსახად გვიპასუხებდნენ, რომ მოქმედების ავ-კარგიანობა მისი შედეგით უნდა განვსაზღვროთ, თუ ჰეინცის მიერ ცოლის გადარჩენით მინიჭებული ბედნიერება გადაწონის იმ ზიანსა და უბედურებას, რასაც ექიმს ვაყენებთ მისი სახლის გაძარცვით, მაშ, რაღა უნდა დაუდგეს წინ ჰეინცის მიერ დასახულ მიზანს? მერე, რა მოხდა, თუ მან ერთ-ორი წესი დაარღვია, რა უფლება გვაქვს, მის საქციელს არასწორის იარლიყი მივაკრათ, მაშინ როცა ამას ჰეინცისა და მისი ცოლისთვის სარგებელი მოაქვს? ამ შეხედულებას აუცილებლად გააკრიტიკებდა მეორე მხარეს მდგარი იმანუელ კანტი და მისი დეონტოლოგიური პოზიცია. კანტი მიიჩნევდა, რომ ადამიანებმა, როგორც რაციონალურად მოაზროვნე და გონიერმა არსებებმა, განზე უნდა გადავდოთ პირადი ინტერესები და სწორისა და არასწორის მორალური გამართლება შედეგში კი არა, თვითონ აქტის შინაგან ბუნებაში უნდა ვეძებოთ. კანტიანური ხედვით, სწორია ყველაფერი ის, რაც შესაბამისობაში მოდის კატეგორიულ იმპერატივასთან. ეს ცნება გულისხმობს ვალდებულების, როგორც უზენაესის მორჩილებას, ‘’რომელიც მუდამ პირველობს ჩვენი ქმედობის მთელი ღირებულების შეფასებისას და წარმოადგენს ყოველივე დანარჩენის პრიობას’’.  ვალდებულება დაცლილია სუბიექტური მისწრაფვებებისა და სურვილებისგან,  ვმოქმედებთ არა საკუთარი გამორჩენისა და სარგებლისთვის, არამედ იმიტომ, რომ თავისთავად კარგი და სწორი განზრახვა გვაქვს. ეს არის უნივერსალური გზამკვლევი მორალის გზაზე ახალფეხადგმულთათვის. ‘’მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი’’ - აი, რას იტყოდა კანტი და ვინაიდან არც ერთ ადამიანს არ ენდომებოდა, რომ მოტყუებული, მანიპულირებული ან გაძარცვული ყოფილიყო, გამომდინარეობს დეონტოლოგიის მთავარი პრინციპი, რომ მივყვეთ წინასწარ დადგენილ მორალურ პრინციპებს და არასდროს გადავუხვიოთ ამ ‘’შეთანხმებას’’, მიუხედავად სიტუაციისა, ან ჩვენი ქმედების მიზნისა. ცოლის გადარჩენა, მკვლელის მოტყუება თუ სხვა, არაფერი შეფასდება კეთილად, გარდა თვითონ კეთილი ნებისა. კეთილი ნება - ეს არის გონებისა და თავისუფალი ნების მოვალეობისა და მორალური წესების სამსახურში ჩაყენება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. კანტის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებაა, რომ ადამიანი არ არის მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალება, არამედ სწორედ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და ყველა საწინააღმდეგო დებულება მიმართულია რაციონალურობის წინააღმდეგ. ამგვარად, ჰეინცის დილემაზე კანტის პასუხი აშკარა იქნებოდა, ის არ დაუშვებდა, ჰეინცს ექიმი ცოლის გადასარჩენად გამოეყენებინა. ძარცვა, როგორც ვალდებულების ღალატი, მისი უპატივცემულობა, გადაწონიდა ყველანაირ მიზანს.

   კანტიანური ეთიკა, ვფიქრობ, მრავალმხრივ არაპრაქტიკული და მოუქნელია იმ თვალსაზრისით, რომ სრულად უგულვებელყოფილია სპეციფიური გარემოებები და ინდივიდუალური გამოცდილებები, რომელთა გარეშე მშრალი დასკვნის დადებაც მხოლოდ დამახინჯებულად და არასრულად ასახავს მთლიან სურათს და ვერც ობიექტური განსაზღვრებისთვის გამოდგება. მართალია, ადამიანებმა ერთმანეთთან კონტრაქტი დავდეთ, რომ ისევ ჩვენსავე სასიკეთოდ ერთმანეთს ზიანს არ მივაყენებთ, არ მოვკლავთ, არ მოვატყუებთ, თუმცა თითოეული შემთხვევა იმსახურებს ცალკე განხილვას, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ‘’დიდი’’ და ‘’მცირე’’ ბოროტება, რა შემთხვევაში ექნება ჩვენს არჩევანს უფრო მეტი ზიანი, რომელ მხარეს დააწვება ამ ზიანის ტვირთი უფრო მეტად და რა დევს სასწორის მეორე მხარეს? გარდა ამისა, მთელი კანტის მსჯელობა, რომელიც უნივერსალურ მორალურ კანონებს ეხება, თავიდანვე არასწორია, ვინაიდან არ არსებობს არავითარი საერთო ადამიანური ბუნება, ადამიანი არაა ზოგადი ცნების კერძო გამოვლინება, როგორც ჟან-პოლ სარტრი იტყოდა, ‘’არსება არ უსწრებს წინ არსებობას’’, შესაბამისად, ვერ იარსებებს ვერანაირი მორალური ფორმულა, რომელიც ყველა არსებისთვის წინასწარ იქნება მოცემული. თითოეული ჩვენგანი დაბადებიდან თავად ქმნის თავის არსებას, ირჩევს მორალს, რომელიც ყველაზე ახლოსაა მის პირად შეხედულებებთან. ვის აქვს კომპეტენცია ამტკიცოს, რომ ის, რაც მართებული და სასიკეთოა ჩემთვის, იგივენაირად იქნება სხვისთვისაც? როგორ შეიძლება, თვალი დავხუჭოთ მოსალოდნელ შედეგებზე და მხოლოდ იმაზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელოთ, რა მოდის უნივერსალურ ბუნებასთან შესაბამისობაში, როდესაც საერთოდ ეს ცნებაა ყალბი? გავიხსენებ სარტრისეულ მაგალითს მის მოსწავლეზე, რომელიც ომში წასვლასა და დედასთან შინ დარჩენას შორის მერყეობდა. შეგვეძლო კი, წინასწარ გვეთქვა, რომ ამ ბიჭს დედა უფრო უყვარდა, თუ ჯერ არ აირჩევდა ომზე უარის თქმას და დედასთან დარჩენას? ზუსტად იგივე პრინციპია სწორისა და არასწორის განსჯისასაც. ვერ ვიმსჯელებთ მანამ, სანამ უშუალო აქტი არ განხორციელდება და ამ კონკრეტული აქტის კონკრეტულ შედეგს არ გამოვიკვლევთ, რადგან წინასწარი პასუხი სამყაროში არ არსებობს. სწორედ ასეთი ხარვეზები და მისი მკაცრი ბუნების გამოა, რომ ხშირად დეონტოლოგიური ფილოსოფია ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს და კრიტიკაც დაიმსახუროს.

  ამრიგად, განვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ‘’ჰეინცის დილემა’’ დეონტოლოგიის, როგორც ნორმატიული ეთიკური თეორიის გადმოსახედიდან, ვიმსჯელეთ ამ დილემის კანტისეული პასუხის შესახებ და  მოვიყვანეთ კონტრარგუმენტი საერთო მორალური კანონების წინააღმდეგ.

 

 

ელენე ფირანიშვილი

Pinky promise

19.04.2021

  ამბობენ, ქვეყნად იმდენი აზრი არსებობს, რამდენი გონებაც არისო. ჩვენი შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად ერთსა და იმავე საკითხს შესაძლოა სხვადასხვაგვარად მივუდგეთ. შესაძლოა მე დიდ მნიშნვლეობას ვანიჭებდე სიტყვებსა და მათ მნიშვნელობას, სხვა კი ამაში არ მეთახნმებოდეს, ამიტომაც განსხვავდება, თუ რა  პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს ნათქვამ სიტყვებს.

    „გპირდები“- ვიღაცისთვის იმდენად ძლიერი სიტყვაა, რომ მის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებს და მხოლოდ მაშინ გასცემს ამ პირობას, როდესაც სრულიად გააზრებული აქვს აღებული პასუხისმგებლობა. ამავდროულად ვარსებობთ ადამიანების ისეთ კატეგორიაც, რომლებიც დაპირებებს ასე სერიოზულად არ აღვიქვამთ. ვამბობთ და შეიძლება არ ავასრულოთ, თანაც ამის გამო შესაძლებელია თავი მცირედითაც არ ვიგრძნოთ დამნაშავედ და გასამართლებელი მიზეზები მოვიფიქროთ, თუ რატომ არ ვართ ცუდი ადამიანები პირობის დარღვევისთვის. რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება არ გვაქვს თუ სხვა მოგვცემს პირობას, რომელსაც ან ვერ შეასრულებს, ან მის შესრულებას თავიდანვე არ აპირებდა. ასეთ შემთხვევაში ვბრაზდებით და ვერაფრით ვამართლებთ მათ ქცევას. ჩვენ გვსურს, რომ ყოველთვის როდესაც რაიმეს დაგვიპრდებიან, შეასრულონ, თუმცა საკუთარი თავისთვის იგივე რამის დაწესება გვიჭირს.  

   კანტი ამ სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ყოველთვის ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სხვები გვინდა რომ მოგვექცნენ. ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ გვინდა, რომ საყოველთაოდ მიღებული კანონი იყოს, რადგან ვიცით, რომ მომავალში ჩვენთვის არასახარბიელო იქნება. მხოლოდ იმ სიტუაციის მიხედვით არ უნდა ვიმოქმედოთ, რომელშიც აღმოვჩნდებით. არ უნდა მოიტყუო, რადგან არ გინდა რომ მოგატყუონ; არ მოიპარო, რადგან არ გინდა მოგპარონ; არ მისცე ტყუილი დაპირება, რადგან არ გინდა, რომ შენც ტუილად დაგპირდნენ. ასეთ სამყაროში ცხოვრება კანტისთვის ალბათ იდეალური იქნებოდა, შესაძლოა თქვენც ასე მოგეჩვენოთ, მაგრამ კანტს არ უფიქრია ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც შესაძლოა ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა რადგანაც ხდება, ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როდესაც გვინდა რაიმე მორალურ პრინციპს ყველა დავამორჩილოთ.

   თუ ჩვენ ვიცხოვრბეთ სამყაროში, სადაც იმას არ აკეთებთ, რაც არ გინდათ სხვამ გაგიკეთონ, მაშინ თქვენ ვალდებული იქნებით შეასრულოთ მეგობრისთვის მიცემული პირობა, რომ ორშაბათ დილას აუცილებლად გაყვებით ექიმთან ვიზიტზე. მისთვის მიცემულ პირობას ვერ გატეხავთ, რადგან არ გსურთ მანაც იგივე გაგიკეთოთ, როდესაც თავად დაგჭირდებათ მისი თანადგომა და გამხნევება ექიმთან ვიზიტისას. ორშაბათს მეგობართან შესახვედრად გამოსულს გხვდებათ სხვა ადამიანი, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება, თუმცა მეგობართან გაგვიანდებათ. თქვენ არ გინდათ, რომ გასაჭირში მყოფს ზურგი გაქციონ და დახმარების ხელი არ გამოგიწოდონ, ამიტომ ვალდებული ხართ დაეხმაროთ მას. თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ დადებული პირობის გატეხვა მოგიწევთ.

   ამ მორალური პრინციპის გამო გაჩენილი ვალდებულებები ერთსა და იმავე დროს, ერთდროულად გაწვებათ, ამიტომაც გიწევთ არჩევნის გაკეთება. რა გირჩევნიათ, მომავლში თქვენთვის მოცემული პირობა დაარღვიონ, თუ გასაჭირში მყოფს არავინ დაგეხმაროთ. ფაქტი ის არის, რომ ორივე ვალდებულებას ვერ შეასრულებთ, გიწევთ იმის გაკეთება, რაც არ გინდათ, რომ თქვენ გაგიკეთონ. კანტის ეს მორალური პრინციპი ბუნდოვანია, არ გვაძლევს პასუხებს იმ სიტუაციებზე, რომელთა მსხვერპლიც შეიძლება გავხდეთ.

   არარეალურია, რომ რაიმე განსაზღვრული ქმედება გამოსადეგარი და სასრგებლო იყოს ყველა სიტუაციაში. შესაძლოა ერთი და იგივე ქმედება, მაგალითად ის, რომ პირობა არ დავარღვიოთ, სასარგებლო იყოს ერთ სიტუაციაში, თუმცა სხვა გარემოებების წინაშე მყოფს იგივე პრინციპმა ზიანი მოგვიტანოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველა სიტუაციაში ზიანის მომტანი იქნება და მისი გამოყენება არასწორია. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი სიტუაცია, შესაბამისად ჩვენი ქმედებებიც ვერ იქნება ზუსტად ერთნაირი. ყველა შემთხვევა არის განსაკუთრებული, ამიტომ ერთი მორალური ქმედება ვერ იქნება აბსოლუტური. ისღა დაგვრჩენია, რომ კანონის გარეშე ვენდოთ ერთმანეთს. ვეცადოთ, რომ დადებული პირობა შევასრულოთ და „pinky promise” მაშინ გავტეხოთ, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩდებით. 

 

ნანო კვარაცხელია

კანტისეული დეონტოლოგია აბორტის წინააღმდეგ

19.04.2021

ღრმადრელიგიურ ოჯახში გაზრდილმა არარელიგიურმა კანტმა საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო მიზანი დაისახა: ადამიანის გონის პრიმატით ჩანაცვლება, რელიგიური ავტორიტეტებისა. ყოველი რელიგია ღირებულებების სისტემას რომ წარმოადგენს, ეს ნათელია, თუმცა გერმანელ ფილოსოფოსს სწამდა, რომ ადამიანის გაკეთილშობილება, სრულყოფილებამდე მიახლოება და მორალურ ღირებულებათა პოვნა არა მარტო რელიგიით, არამედ გონებითაც შეუძლია. დეონტოლოგიური ეთიკა საკუთარ თავში მოიცავს იმ პრინციპებსა და მორალს, რომლისაც კანტს სჯეროდა, სწორედ მის ნააზრევთანაა დაკავშირებული დეონტოლოგია, ეთიკური თეორია, რომელიც რელიგიური ავტორიტეტების გარეშე ადგენს, რა არის მორალური და რა ამორალური, სწორი და არასწორი.


ყველაზე რთული გადასაწყვეტი, ვფიქრობ, მორალური დილემებია. სხვადასხვა ეთიკური თეორიები გვთავაზობენ განსხვავებულ გზებს დილემის გადაწყვეტისას. დეონტოლოგია სულ რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება ნებისმიერი მორალური პრობლემის გადაწყვეტისას. ვფიქრობ, აბორტის საკითხის განხილვა დაეხმარება ნებისმიერს, უკეთ გაიაზროს კანტისეული ხედვა. ამასთან, აბორტი არ არის თემა, რომელზეც მსჯელობა შეიძლება მხოლოდ მეცნიერებაზე, კანონსა და რელიგიაზე დაყრდნობით, ეს საკითხი მორალურ დილემას წარმოადგენს, რომელიც დღემდე გადაუწყვეტავი რჩება. საინტერესოა ის, რომ აბორტის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებში შეინიშნება დეონტოლოგიური ხედვა. იმისათვის, რომ საკითხი უფრო ნათელი გახდეეს, ვფიქრობ, საჭიროა განვმარტო დეონტოლოგიის ძირითადი პრინციპები.


კანტისეული ნააზრევის ბირთვს წარმოადგენს კატეგორიული იმპერატივი, რომელიც გვეუბნება: მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ მოექცე სხვებს ისე, როგორც თავად არ გინდა რომ მოგექცნენ. მორალურად სწორი ქმედება ისაა, რომელიც ამგვარ ,,უნივერსალურ“ სახეს იღებს. ეს მოსაზრებაა ამოსავალი წერტილი, აქედან გამომდინარეობს კანტის კიდევ ერთი ნააზრევი იმის შესახებ, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს საშუალება, ის უნდა აქციო მიზნად. სწორედ ამ არგუმენტებს იყენებენ ის ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მორალური კუთხით დაასაბუთონ აბორტის აკრძალვის საჭიროება. დავსვათ ამგვარი კითხვა: ფიქრობთ თუ არა, რომ ადამიანის გაძარცვა მისაღები მორალური ქმედებაა? დიდი ალბათობით იტყვით, რომ არა. მისაღებია თუ არა თქვენთვის იდეა, რომ დასაშვები იყოს პირადად თქვენი გაძარცვა? ამაზეც ალბათ არაა პასუხი. დეონტოლოგიური ხედვა გვეუბნება, რომ რომ ზემოთხსენებული მოცემულობების შერწყმის შედეგადაა ძარცვა მორალურად გაუმართლებელი ქმედება ნებისმიერ ვითარებაში. მსგავსი ფორმულირება შეგვიძლია აბორტსაც მოვარგოთ და საკითხი ამგვარად დავსვათ. პრობლემა დაახლოებით ამგვარად გაიჟღერებს: დასაშვებია თუ არა აბორტი? მეორე კითხვა: მისაღებია თუ არა ჩემთვის იდეა ახლა, ამ მომენტში, ვიყო მოკლული მაშინ, როცა ჯერ კიდევ არდაბადებულ ნაყოფს წარმოვადგენ? მეორე შეკითხვაზე პასუხი ადამიანთა უმეტესობისთვის არაა. თუ არ გინდა თავად იყო მოკლული, რატომ უშვებ იმგვარი ქმედების შესაძლებლობას, რომლის ,,წყალობითაც“ სხვა იქცევა მსხვერპლად? ეს ის შეკითხვაა, რომელსაც აბორტის მოწინააღმდეგენი სვამენ. საინტერესოა, რომ კონტრარგუმენტის სახით ამ მოსაზრებას შეგვიძია შემდეგი კითხვა დავუპირისპიროთ: ნაყოფად ყოფნის დროს, ჩვენ ვერავითარ ტკივილს ვერ ვგრძნობთ, შესაბამისად, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა მუცლად ყოფნისას მოგვკლავენ თუ არა. დეონტოლოგებს ამ კონტრარგუმენტის გაბაილება ძალუძთ. ისინი გიპასუხებდნენ, რომ ამგვარად ფორმულირებული შეკითხვა : ,,მოკლული რომ ვიყო, მანამ სანამ ნაყოფი ვარ, მისაღები იქნებოდა თუ არა ჩემთვის“, პრინციპულად არასწორია. დეონტოლოგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქმედება შევაფასოთ აწმყოს პოზიციიიდან. მაგალთისთვის, კანტისეული თეორიის მომხრე ადამიანი გიპასუხებდათ, რომ აბორტზე ამგვარი კითხვის დამსა იგივეა ,რაც თქვათ: ,,ძილის დროს რომ გაგძარცვონ, თქვენთვის, როგორც ჯერ კიდევ მძინარესთვის, მისაღები იქნებოდა თუ არა ძარცვა?“. საპირისპიროდ, შეკითხვა ამგვარად უნდა იყოს დასმული: ,,ახლა, აწმყოში, მისაღები იქნებოდა თუ არა შენი ძილში გაძარცვის ფაქტი?“. დეონტოლოგები ფიქრობენ, რომ აბორტზე არასწორად დასმული შეკითხვა უბრალოდ ირაციონალურია, მხოლოდ დემაგოგიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ქმედებები განვიხილოთ არა მიდგომით ,,რას იფიქრებდი/როგორ მოიქცეოდი“, არამედ აწმყოში სიტუაციის გაანალიზებით და ახლანდელ დროში, მტკიცებით ფორმაში აზროვნებით.


აბორტის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად ასევე მოჰყავთ კანტის შეხედულებები ვალდებულებებზე. ალბათ, ხშირად გსმენიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რაციონალური, თავისუფალი ადამიანი. კანტის მოსაზრებების მომხრენი პასუხობენ, რომ კანტისათვის ნაყოფსაც კი ექნებოდა ერთგვარი მორალური დატვირთვა, ვინაიდან ფილოსოფოსს სჯეროდა, რომ ადამიანს, როგორც ცხოველს, აქვს ვალდებულება ,,გაავრცელოს“ სიყვარული და დაცულობის გრძნობა, იზრუნოს სხვებზე, განსაკუთრებით კი ბავშვზე. ქალის, როგორც ცხოველის ვალდებულებაა ერთგვარად უერთგულოს საკუთარ ბუნებას, რომელიც მოიცავს შემდეგი თაობის დატოვებას. თუ ამგვარად ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ნაყოფი თავისთავად წარმოადგენს მორალურ ღირებულებას და ,ამასთან, ჩნდება ვალდებულება, ის დაიცვა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანტისეულ ნააზრევში ადამიანი არა საშუალებას, არამედ მიზანს უნდა წარმოადგენდეს, შესაბამისად, ნაყოფიც მიზანი უნდა იყოს. ქალი ვალდებულია, უერთგულოს საკუთარ ბუნებას. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აბორტი მისაღები იქნებოდა კანტისეული თეორიისთვის, ვინაიდან, ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ მიუხედევად ჩვენი ვალდებულებებისა, როგორც ცხოველების, სხვა ადამიანების მიმართ, ყოველი ქმედება არ უნდა იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ჩვენი ,,ცხოველური ბუნებით“. მგონია, რომ აბორტი, რომელიც იცავს ქალის სიცოცხლეს, გამართლებული იქნებოდა. მაგალითისთვის, როცა ქალს ფიზიკურად არ შეუძლია შვილის გაჩენა და ეს მის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებს.


აბორტის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები გაჯერებულია რელიგიური არგუმენტებით. დასაწყისში ვთქვი, რომ კანტი შეეცადა რელიგიური ავტორიტეტების ჩანაცვლებას ადამიანის გონის პრიმატით. კონკრეტულად აბორტზე საუბრისას, თეოლოგიური არგუმენტები მიუღებელია მრავალი ადამიანისთვის. ის, რომ აბორტზე მსჯელობისას ადამიანები ცდილობენ რაციონალურად გადაწყვიტონ საკითხი, არა ღვთიურ მორალზე დაყრდნობით, არამედ გონებასა და წესრიგზე დაფუძნებული მორალური სისტემით, ვფიქრობ, არის კანტის მიზნის აღსრულების ერთ-ერთი ნიშანი. დეონტოლოგიური ხედვები სერიოზულ არგუმენტს წარმოადგენს არა მარტო აბორტზე მსჯელობისას, არამედ ზოგადად, ნებისმიერი მორალური დილემის გადაწყვეტისას.

თეონა ბრეგვაძე

"გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად"

19.04.2021

კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რას მიიჩნევთ უფრო ღირებულად, ცოდნას თუ გამოცდილებას? თუ სამსახურის შოვნა გიცდიათ, ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: „გამოცდილება გააქვთ?“; „გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად“, „მინიმუმ 2 წელი გამოცდილება აუცილებელია“ და ა.შ. მაგრამ, რას ნიშნავს რეალურად „გამოცდილება“ და რამხელა მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ მას?

პირველ რიგში, ცოტა ხანს თავი დავანებოთ სამუშაო გამოცდილებას და დავფიქრდეთ, რა არის „გამოცდილება“ თავისთავად და რა სარგებელი შეუძლია მოგვიტანოს? ჯერ კიდევ დაახლოებით სამი საუკუნის წინ, იმანუელ კანტმა დაწერა, რომ ყველაზე დიდი, რაც გამოცდილებას შეუძლია მოგვცეს, ესაა სუბიექტური და არა ობიექტური აუცილებლობა. მან გააკრიტიკა უტილიტარიზმი, რომელსაც სურდა დაეფუძნებინა ზნეობა ცდისეული გზით და თქვა, რომ გამოცდილებით შეიძლება დაადგინოთ ადამიანთა მოქმედების მაიძულებელი ფაქტორები, მაგრამ ვერ დავადგენთ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მათ. შესაბამისად, ვერც ერთი ისეთი დებულება, რომელსაც საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა გააჩნია, ვერ დაეფუძნება გამოცდილებას, რომელიც  მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა.

ჩემი აზრით, კანტის ეს მოსაზრება სავსებით ლოგიკურია. მეტიც, გამოცდილებები, რაღაც თვალსაზრისით, დამაზიანებელიც კი არის იმიტომ, რომ ისინი გვზღუდავენ და მოქმედებისგან თავის შეკავებას გვაიძულებენ. წარსულში მიღებული რაიმე ტრამვა ან ნეგატიური შედეგი, რომელიც ჩვენს რაღაც გადაწყვეტილებას ან ქმედებას მოჰყვა, შიშს გვინერგავს და ხელს გვიშლის ისევ ცდაში. ბავშვობაში გითხრეს, რომ საშინელი მხატვარი ხარ და ამის შემდეგ აღარასდროს აგიღია ხელში ფანქარი? ცუდი გამოცდილება გქონდა ურთიერთობაში და შესაძლო ტკივილის შიშით მეორედ აღარ სცადე? თუ ასეა, უნდა გითხრა, რომ შეცდი. ძალიანაც რომ გინდოდეთ, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეცურავთ, რადგან ცხოვრება მიდის, იცვლება და ის, რომ ერთხელ არ გაგიმართლათ, არ ნიშნავს, რომ მუდამ ასე იქნება. ვგულისხმობ, რომ წარსულ გამოცდილებებს არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს და გვაიძულოს რაღაც არ ვცადოთ ან არ გავაკეთოთ იმიტომ, რომ ერთხელ ამან ცუდი შედეგი მოგვიტანა. ჟან პოლ სარტრიმ თქვა, რომ წარსულის მუდმივი გახსენება და მისი განდიდება, არსებობიდან შვებულების აღებაა (vacation from existence). ჩემი აზრით, ეს მხოლოდ წარსულის იმ მოგონებებზე არ შეიძლება ითქვას, რომლებიც კარგად გვახსოვს და რომლებითაც ვამაყოფთ. არამედ იმათზეც, რომლებმაც დაგვაფრთხეს და შეგვზღუდეს მოქმედებისგან. რა არის არსებობა, ცხოვრება, თუ არა მუდმივი მოძრაობა და განხორციელება? ე.ი. ჩვენს არსებობას საფრთხეს უქმნის გამოცდილებები, რომლებიც გვაიძულებენ საკუთარი თავი ერთ ადგილას გავყინოთ და მცდელობა შევწყვიტოთ.

მაგრამ მაინც, რას გვაძლევს პირადი გამოცდილება? ნებისმიერი ქმედებიდან ან თავს გადახდენილი ამბიდან, არ შეგვიძლია იმაზე მეტის მიღება, ვიდრე უბრალოდ მოგონებად ქცეული ეს ქმედებაა. მთლად რაციონალური ვერ იქნება შედეგების განზოგადება და აპრიორულ ჭეშმარიტებებად მიღება. ჩემი აზრით, შედეგები, რომლებიც რაიმე ქმედებას ახლავს გარემოებებზეა დამოკიდებული და არა თავად ქმედების ბუნებაზე ან განზრახვაზე. ამიტომ, მაგალითად, თუ მე ჩავიდინე, რაღაც, რამაც სიამოვნება მომანიჭა ან გარკვეული ბენეფიტები მომიტანა, არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც თავისთავად კარგია და მუდამ ასეთი შედეგი ექნება. სხვა სიტყვებით, შეუძლებელია, ცდაზე ზოგადი პრინციპის, წესების ან რაიმე ორიენტირის დამყარება. ის ერთჯერადია, თვითამოწურვადი, რადგან სამყარო ცვალებადია, ისევე, როგორც გარემოებები. ნებისმიერი ქმედების შედეგები კი გარემოებებზეა დამოკიდებული. გარემოებები, თავის მხრივ, ვერ გეტყვიან, რა არის სწორი და რა არა. ვერ გასწავლიან, რომელ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე. შესაბამისად, მცდელობა მხოლოდ მცდელობაა და შედეგი მხოლოდ შედეგი. მათ არ გააჩნიათ თვითღირებულება. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქმედების რაგვარობას განაპირობებს ის შინაგანი განწყობა, რომელმაც ეს ქმედება გამოიწვია. ხოლო მცდელობა ან მიღებული შედეგი ამ შინაგან განწყობაზე ვერაფერს გვეტყვის. შესაბამისად, გამოცდილებაზე ვერ დავაშენებთ რაიმე ზოგად განსაზღვრებას ამა თუ იმ ქმედებისა. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც თავისთავად ცუდი ან ამორალურია, რადგან ერთხელ, ორჯერ ან ასჯერ ცუდი შედეგი მოიტანა. სხვა სიტყვებით, შედეგები რაიმე X დამოკიდებული ცვლადებია, რომლებიც რაღაც Y დამოუკიდებელ ცვლადებზე - გარემოებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც რაიმე X შედეგი მოჰყვება აუცილებლად განსაზღვრულია გარემოებებით, ამიტომ X_ის ვერც ერთი მნიშვნელობა ვერ იქნება თავისთავადად ჭეშმარიტი.

თუ გამოცდილებები არა, მაშინ რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, მორალი, ზნეობა და სხვა ზოგადი პრინციპები დავაშენოთ? ჩემი აზრით, ასეთი არის ცოდნა. თუმცა, არა დიპლომით ან რაიმე სხვა ქაღალდით დადასტურებული აკადემიური განათლება, არამედ „სუბიექტურად ობიექტური“ ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოგადი კანონი, მორალური, ეთიკური თუ ზნეობრივი, ნებისმიერი რამ რის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი ემპირიული შედეგებისგან თუ წარსული გამოცდილებებისგან. შესაბამისად,ის უნდა იყოს ობიექტური. თუმცა, ამავე დროს, არც ერთი ზნეობრივი კანონი არ უნდა ემყარებოდეს სხვისგან ნაკარნახევ, აპრიორულ ჭეშმარიტებებს, არამედ უნდა იყოს თქვენი პირადი განსჯის შედეგი. ერთი სიტყვით, ყველა ადამიანმა უნდა იმოქმედოს საკუთარი სუბიექტური ეთიკის მიხედვით, ოღონდ არა ისეთის, რომელიც მაქსიმალური სიამოვნებების მომტანი იქნება მისთვის ან მისი პირადი გამოცდილებებით იქნება განპირობებული, არამედ მხოლოდ საღი გონებით განსჯის შედეგი. და ამ მხრივ, ჩემი აზრით, კანტი საუკეთესო არჩევანს გვთავაზობს: მოიქეცი ისე, რომ შენი ქმედების წესი იქცეს საყოველთაო კანონად.

ახლა კი, დაპირებულ სამუშაო გამოცდილების მნიშვნელობას დავუბრუნდეთ. აქ საქმე მარტივადაა. რა თქმა უნდა, ამ სახის გამოცდილება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დასწავლის, სპეციალიზების საშუალებაა და მეტი არაფერი. მაგრამ, ასეთი სახის გამოცდილებაც კი შეუძლებელია წინასწარი ცოდნის მიღების გარეშე. მხოლოდ მოქმედებათა დაუსრულებელი გამეორებით „სპეციალისტი“ ხომ ვერ გახდები, თუ წინასწარი ცოდნა არ გაქვს, რომელიც ამ ქმედებას განაპირობებს და გონება, რომელიც მის განხორციელებას უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით, ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა „სამუშაო გამოცდილება“ ბაზისად საღი გონება და შესაბამისი ცოდნა სჭირდება. გამოდის საწყისიც ეს არის, ხოლო გამოცდილება სხვა არაფერია თუ პრაქტიკა, რომელსაც არანაირი თვითღირებულება არ აქვს.

დავითი ცომაია

ექიმმა უკეთ იცის!(?)

19.04.2021

     თქმა არ უნდა, ექიმის უპირველესი მოვალეობაა და დანიშნულება, რომ იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გაუუმჯობესოს მას ფიზიკური თუ ფსიქიკური სიჯანსაღე. პროფესიული ეთიკის საფუძველზე და, აგრეთვე, იმის გათვალისწინებითაც, რომ პაციენტების უმრავლესობას შესაძლოა, არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება მიღებული და იყოს თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ზომების მიმართვაში არაკომპეტენტური, ამიტომაც ექიმს მოეთხოვება, ყველაფერი არ გაითვალისწინოს პაციენტის სურვილებიდან და იმოქმედოს ისე, როგორც ამას საკუთარი შესაბამისი პროფესია და მისი ფუნქციები ავალდებულებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ექიმზეა, და ეს ნიშნავს იმას, რომ მისათვის ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს და აღიქმებოდეს, როგორც მომხმარებელი, ერთგვარი კლიენტი, რომელსაც უნდა მოემსახუროს და საკუთარი “პროდუქტი” შესთავაზოს ყოველგვარი მიკუთვენუბულობისა და მიკერძოების გარეშე (რაც მოიცავს ეროვნულსა თუ კულტურულ ფასეულობებს, რელიგიურ ღირებულებებს, მსოფლმხედველობით გაგებასა თუ მისთანანს).

     მთელი ჰიპოკრატესეული (ამ სიტყვის მეტაფორულ-განყენებული ფართო გაგებით) პათოსისა თუ მოწოდების ხელმძღვანელობით, ექიმი არსობრივად მოქმედებს და პაციენტის მიმართ დამოკიდებულება აქვს შემდეგი სახით: “Primum non nocere”. თუმცა ეს Nocere (ზიანი) დაყვანილია ფიზიკურ, მატერიალურ სამყარომდე - რომელშიც ასევე შედის ფსიქიკური სამყაროც. ფაქტობრივად, ექიმის, როგორც მკურნალის, საქმიანობისა და მიზანსწრაფვის ამოსავალი წერტილი გახლავთ თვალით სახილველი თუ ხელით შესახები მოცემულობების ორიენტირი, და საბოლოო შედეგში ამ უკანასკნელის მიხედვით განისაზღვრება პაციენტის ჯანმრთელობის ზიანის ხარისხი.

     ყველაზე ცხადი და მკაფიო მაგალითი ექიმის მიერ ზემონახსენები მოქმედების პრინციპისა გახლავთ ომის მდგომარეობა, რომლის დროსაც სამხედრო ექიმი - შეიძლება ითქვას, რომ - საერთოდაც არ უსმენს დაჭრილ მეომარს, სურს თუ არა მას გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება (გარკვეულ მიზეზთა გამო; მაგალითისათვის: კიდურის დაკარგვა, დაბრმავება, წელს ქვემოთ მოწყვეტა, დაყრუება და ასე შემდეგ) - არამედ ეს ექიმი მთელი თავისი ჩართულობით მიმართულია მხოლოდ იმისაკენ, რომ გადაარჩინოს მებრძოლის სიცოცხლე.

ამაზე მახსენდება სამხედრო პრინციპის შეკითხვა ჯარისკაცის გამოხსნის შესახებ, თუ რომელს გადაარჩენს ექიმი ბრძოლაში - თავის მეგობარს თუ სხვა რიგითს. ხოლო პასუხი ასეთია: “რომელიც უფრო ახლოსაა [ექიმთან].” იქნებ ახლოს მყოფ დაჭრილ რიგითს საერთოდაც აღარ სურს სიცოცხლე? ხოლო მისი მეგობრის დამოკიდებულებისა თუ წარმოდგენების შესახებ სიცოცხლეზე ასე თუ ისე უწყის ექიმმა... იქნებ უეჭველად იცის ექიმმა, რომ ამ უკანასკნელის მეგობრისათვის სიცოცხლე ძალზე ძვირფასია? მაგრამ აქ ადგილი აქვს წმინდა პრაგმატიზმს: იმ მომენტში ექიმი არ არის ცალკეული პიროვნება, არამედ - ინდივიდი.

     და ერთი შეხედვით თითქოს მაღალეთიკური და მიუკერძოებელი პროფესიული შეგნება შესაძლოა, სრულებით უზღუდავდეს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას: ექიმი აუცილებლად ეცდება იმ ჯარისკაცისათვის სიცოცხლის გადარჩენას, რა სიცოცხლეც საერთოდ არ სურს ხსენებულ მომაკვდავს (მაგრამ მას ვინღა უსმენს?). ამგვარი დეონტოლოგიური პრობლემები პირობით ხასიათს იძენს და საბოლოდ უამრავ საკამათო კითხვას ბადებს, რომლებზეც გაცემული ერთი შეხედვით მარტივი პასუხები ცოტაოდენი ფილოსოფიური ჩაღრმავებითაც კი პარადოქსულ ფენომენებს ემსგავსება... 

     ანდა როდესაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომ შემთხვევით გადარჩენილ პიროვნებას - რომელმაც, მაგალითისათვის, გარკვეული აბებისა თუ წამლების სასიკვდილო დოზა მიიღო შეგნებულად - ძალით უტარებენ სასწრაფო პირველად დახმარებას, რათა დააბრუნონ იგი ისეთ გარემოში, რასაც სწორედ ცოტა ხნის წინ გაურბოდა. ჰუმანიზმისა და ჰუმანიტარიანიზმის სახელით თუკი ვიღაღადებთ - ცოტაოდენ პათეტიკურ და რომანტიკულ პათოსსაც თუ მივუმატებთ და ხოტბას შევასხამთ ექიმის გმირობას - მაშინ აღნიშნული სიტუაცია საკმაოდ მიმზიდველად და ღირსეულად წარმოგვიდგება, თუმცაღა ყოველივე ეს რომ დავცალოთ ნებისმიერი სახის სენტიმენტალიზმისაგან, შედეგად მივიღებთ მარტოოდენ ძალადობას ადამიანის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. 

(პარალელი: სუიციდის მცდელობის შემთხვევაში გადარჩენილ თვითმკვლელს ფულადი ან სხვა სახის ჯარიმა რომ ეკისრება - აი, რას გამოიღებს ნაყოფად ვითომ მაღალმოქალაქეობრივი შეგნება და საზოგადოების თითოეულ წევრზე “ზრუნვა”.)

     ამასთანავე, ყურადსაღებია ის ფენომენიც, რომელიც შეეხება ექიმის მხრიდან პაციენტის ფსიქო-სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებასა და მის მოფრთხილებას, როდესაც საქმე გვაქვს ამ პაციენტის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის უწყებას გარკვეულ დაავადებაზე (მაგალითისათვის, სიმსივნე). მაშინ, როდესაც ერთ ექიმს იმ კონკრეტულ შემთხვევაში ასობით ადამიანის მომსახურება უწევს, რატომ უნდა იფიქროს და ინდივიდუალური მიდგომით გაუწიოს ანგარიში ყოველი პაციენტის მგრძნობელობას დაავადების ცნობებისას? განა ექიმმა იმაში უნდა ხარჯოს დრო, თუ როგორ უთხრას და რა წინადადებებით შემოუაროს მთავარ სათქმელს, რათა ერთ რიგით პაციენტს გული არ აუკანკალდეს და ნერვიულობით არ დასნეულდეს, როდესაც თავის დიაგნოზს გაიგებს?

დაავადებასთან (უფრო მეტად კი - სასიკვდილო დაავადების შემთხვევაში) მამაცურად და ფსიქოლოგიური სიმყარით შესახვედრად, ამისათვის არსებობენ სპეციალურად განკუთვნილი პროფესიის ადამიანები - ფსიქოლოგები ან/და ფსიქოთერაპევტები (ზოგჯერ კი, ფსიქიატრებიც). 

     დასასრულ, ექიმის მხრიდან იმის მცდელობა - რომ რაც  შეიძლება ემოციურად მარტივად მიიღოს პაციენტმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ე.წ. status quo (რაც გამოიხატება დიაგნოზის შერბილებული ფორმით უწყებაში, ანდაც, კრიტიკული შემთხვევებისას, საერთოდ მის დამალვაშიც კი) - გახლავთ უდიდესი ტყუილი და არაადამიანური სისასტიკე, ვინაიდან პიროვნებას საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობაზე არასრული ინფორმაცია ეძლევა... და ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ემოციურ-ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და სტრესის შემსუბუქების გამო. ნუთუ სავსებით ღირსეული და კიდევ უფრო ეთიკური არ იქნება იმგვარი ქმედება, რომ ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე (თუნდაც ეს დადებითი მოტივის მატარებელი იყოს იდეაში) სრულყოფილად ეცნობოს პიროვნებას საკუთარ ფსიქო-სომატურ მდგომარეობაზე, და შემდგომ ამისა, თავად გადაწყვიტოს - ინერვიულოს, დაისტრესოს, პირიქით, გაუხარდეს, დამშვიდდეს თუ, საერთოდაც, ეგზისტენციალურ კრიზისში ჩავარდეს…? ნუთუ ექიმმა უკეთ იცის, რისი მოსმენა მსურს და როგორი ფორმით?

 

ანნა ზანდარაშვილი

დეონტოლოგია vs ინდივიდუალიზმი

19.04.2021

 

 

დეონტოლოგიის ფილოსოფია ქადაგებს, რომ ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა განისაზღვროს არა ამ ქმედების თანხმლები მოვლენებისა თუ შედეგის მიხედვით, არამედ იმისა, თუ რამდენად ემორჩილება და ეთანხმება ქმედება წინასწარგანსაზღვრულ მორალურ კოდექსს. ფილოსოფიისთვის არ აქვს მნიშვნელობას არც განზრახვას და არც შედეგად მიღებულ ვითარებას, ქმედების მორალურობა ფასდება მკაცრად იმის მიხედვით, თუ რამდენად ემორჩილება ის საზოგადად დაწესებულ წესებსა და კანონებს. ერთი შეხედვით, დეონტოლოგია საკმაოდ ინტუიციურ იდეას გვთავაზობს: სავარაუდოდ, როდესაც ფილოსოფიის „მორალური წესდება“ იქმნება ფართო სურათისა და მასების ინტერესების გათვალისწინებით, ის უნდა ქადაგებდეს იმდენად მარტივ და ყველაზე მორგებულ იდეებს, რომ მათი აღსრულებისას მე ზიანი არ მომადგება. თუმცა, ჩემი აზრით, დეონტოლოგიის უდიდესი ნაკლი მდგომარეობს მის ფიქსირებულობასა და სტატიკურობაში, მკაცრსა და უმოძრაო ჩარჩოებში ჩაკეტილ წესთა ჩამონათვალში, რის გამოც ის სამარეს უთხრის ინდივიდუალიზმს, არჩევნის გაკეთებისა და შეცდომის დაშვების უფლებას. 

დეონტოლოგია ფილოსოფიურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც ამ დროისთვის უბრალოდ ქმედების მორალურობის განმსაზღვრელ იდეებს გვთავაზობს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ სამყაროს, რომელშიც ეს მკაცრ, მიზეზ-შედეგობრივ სისტემას წარმოადგენს, რომლის პირობებშიც გათვალისწინებულ მორალურ კოდექსს დაუმორჩილებლობას მოჰყვება შესაბამისი შედეგი და დასჯა - ამგვარ რეალობაში არსებობა გაუსაძლისი იქნებოდა. ასეთ სამყაროში ადამიანი კიდევ უფრო განსაზღვრულია არა მხოლოდ კონტქსტუალური ფაქტორებით, როგორებიც სქესი, რასა, კულტურაა, არამედ მკაცრად განსაზღვრულია მისი ქმედება და ვიღებთ ერთგვაროვან, იდენტურ საზოგადოებას, რომელშიც არ არსებობს არჩევანი. სწორედ არჩევნის გაკეთებისას ნათელი ხდება ის, რომ თითეული ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, ამორჩევისას ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელია ჩვენთვის უკეთესი, რომელი მოგვანიჭებს უფრო გრძელვადიან სიხარულსა თუ სარგებელს. თუმცა დეონტოლოგიისთვის არ არსებობს მოვლენების სუბიექტური აღქმა, ინდივიდუალური ბედნიერებისთვის სწრაფვა ან ინდივიდების განმასხვავებელი არჩევანი, რადგანაც ის ადამიანს განიხილავს როგორც ფიქსირებულ, დროსა და სივრცეში უცვლელ ობიექტს. უნივერსალური და მარადიული მორალური წესდების შემუშავებისას შეუძლებელია თითოეული ინდივიდის განმასხვავებელი ნიშან-თვისების გათვალისწინება და მასზე მორგება, შედეგად კი ამგვარი განზოგადებისას იკარგება ადამიანის კონტექსტი და ის წარმოგვიდგება როგორც ერთგვაროვანი და ციკლური არსება, რომელიც დროის ცვლილების მიუხედავად რჩება ზუსტად ისეთი, როგორც რამდენიმე ათასწლეულის წინ იყო. რეალობა კი ასეთი არ არის: ადამიანი არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში გაყინულ ობიექტს, არამედ მისი მორალური და ეთიკური ღირებულებები იცვლება დროისა და ადგილმდებარეობის ცვალებადობასთან ერთად. შესაძლოა, იმიტომ არ ითვალისწინებს დეონტოლოგია სუბიექტურობასა და ინდვიდუალიზმს, რომ სწორედ ერთგვაროვან, იდენტურ საზოგადოებაში ბევრად უფრო ეფექტური და უპრობლემო იქნება უნივერსალური მორალური კოდექსის აღსრულება, რადგან ასეთ სამყაროში არ იქნება დაუმორჩილებლობისა და თითოეული პიროვნების ინტერესების გათვალისწინების პრობლემა. 

საინტერესოა ის, თუ ვინ უნდა შეიმუშავოს დეონტოლოგიისთვის დასაყრდენი მორალური კოდექსი, წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს თითოეულმა ჩვენგანმა? აღსანიშნავია, რომ არა რაიმე ღვთაებრივმა ან ზებუნებრივმა არსებამ, არამედ - ადამიანმა. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანის უმთავრესი განმსაზღვრელი თვისება უნდა იყოს მორალურობა, რომლის საფუძველი უმთავრესად რაციონალურობაა. სწორედ ამ რაციონალიზმზე დაყრდნობით, ერთმა ადამიანმა უნდა შეხედოს მთელ არსებულ სურათს და მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა შეიმუშავოს მასებზე მორგებული სახელმძღვანელო წესთა კრებული, რომელიც ქმედების მორალურობის შემფასებელი იქნება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ადამიანი არ არის სრულად რაციონალური და ლოგიკური არსება, ძალიან რთულია სუბიექტურობა სრულად გამორიცხო ამ შეუძლებელი პროცესიდან მაშინ, როდესაც თითოეული ადამიანი დაბადებიდანვე მნიშვნელოვნად განსაზღვრულ არსებას წარმოადგენს, თუნდაც მხოლოდ კულტურული, სქესობრივი, ეთნიკური ან რასობრივი ფაქტორების გამო. ადამიანი არ არის სტატიკური არსება, მაგრამ მასში დასაწყისიდანვე არსებობს რაღაც ფიქსირებული, რისი შეცვლაც შეუძლებელია. მაშინ, როგორ უნდა გაითვალისწინოს ერთმა ადამიანმა სხვა ყველა პიროვნების ისეთი განმასხვავებელი ფაქტორები, რომლის შესახებ მას არასდროს ექნება სრული ინფორმაცია, რადგანაც თუ ამგვარი კონკრეტული ნიშნით არ დაიბადე, მისი გამოცდა შეუძლებელი იქნება. 

დეონტოლოგიისთვის უმნიშვნელოა ინდივიდუალურობა და განმასხვავებელი ნიშან-თვისებები, რადგან ადამიანს არ შეუძლია შეუმუშავოს იმგვარი კანონები, რომლებიც თითოეულ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს დააყენებს თანაბარი შესაძლებლობების წინაშე და თავიდან აარიდებს უთანასწორობას, როდესაც ფილოსოფიის საძირკველშია უნივერსალურობისა და განზოგადების წესები.  



ლუკა ძიმისტარიშვილი

იმანუელ კანტი - N1 ადამიანი კაცობრიობის გასანადგურებლად?

19.04.2021

2025 წელია. მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია კუბის კრიზისის გაზვიადებულ ვერსიას წააგავს, ზესახელმწიფოები ერთმანეთთან ვეღარ ამყარებენ კომუნიკაციას, ერთმანეთის ნდობა დაკარგული აქვთ, იქმნება შეთქმულებები და ისადგურებს მძიმე პოლიტიკური ატმოსფერო. კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის მოლოდინშია, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს ომი წინამორბედებისგან განსხვავებით დაწყებისას დასრულდება, ამ ომში არავინ გაიმარჯვებს, ადამიანთა მოდგმა კი გადაშენდება, დედამიწაზე მორიგი დიდი გამყინვარება დაიწყება ბირთვული ზამთრის სახით. მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოთა ლიდერების აკანკალებული თითები ბირთვული იარაღების გამააქტიურებელ წითელ ღილაკზე დასაჭერად არის მომზადებული. ისინი ელოდებიან ნიშანს, რომელიც აუწყებს მათ, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ერთ-ერთმა ქვეყანამ გააქტიურა გამანადგურებელი იარაღი, რომელიც მათკენ მოემართება. მტრის ამოქმედების შემთხვევაში მათ ექნებათ მოქმედების ორი ვარიანტი: ან შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, დააჭერენ ბირთვიული იარაღის გამააქტიურებელ ღილაკს და გამანადგურებელ ძალას მოწინააღმდეგისკენ მიმართავენ, რაც ქვეყნების მოსახლეობას სრულად მოსპობს, ან დადებულ ფიცსა და მოვალეობას დაარღვევენ და შეიწყალებენ მტრის უდანაშაულო მოსახლეობას. ერთი შეხედვით, სამართლიანი და ეთიკური ადამიანი არ დააჭერდა ღილაკს ხელს, თუმცა იმანუელ კანტისთვის ღილაკის გააქტიურება მორალურად და ეთიკურად გამართლებულია და სწორედ ამგვარადაც უნდა მოიქცეს გონიერი ადამიანი - უნდა შეასრულოს დადებული პირობა, დაკისრებული მოვალეობა.. თუმცა ნამდვილად ასე მარტივადაა საქმე? იქნებოდა კანტი ერთადერთი ადამიანი, რომელიც წითელ ღილაკს ყოყმანის გარეშე დააჭერდა?

იმანუელ კანტის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ფიქრისთვის ჯერ მოკლედ უნდა ვთქვა ფუნდამენტურად რა არის მისთვის სამართლიანი და ეთიკურად გამართლებული, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი.  კანტის ფილოსოფიის მიხედვით ყველა ადამიანი ვალდებულია მიჰყვეს კატეგორიულ იმპერატივებს და იმოქმედოს მისი გათვალისწინებით. სამართლიანია ისეთი წესი, ქმედება რომელიც შეიძლება იქცეს საყოველთაოდ, უნივერსალურად. სამართლიანი ვერ იქნება ქურდობა ნებისმიერი მიზეზის გამო, თუნდაც ამან უამრავი სიკეთე მოიტანოს, რადგან ამ ქმედების უნივერსალურად გადაქცევით, სადაც ყველა იპარავს, ისადგურებს ქაოსი, საკუთრების იდეა ქრება. ასევე უსამართლობაა ტყუილი, შენ არ შეგიძლია მოიტყუო, მიუხედავად იმისა, რომ ამით შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო, რადგან თუ ამ შემთხვევაში ტყუილი სამართლიანია, უნივერსალურადაც ყველასთვის მიღებული, დადებითი ქმედება უნდა იყოს მოტყუება. რომ შევამოკლოდ და ნაცნობ სიტყვებად ვაქციოთ კანტი ამბობს, ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა გაგიკეთონ შენ..

დავუბრუნდეთ 2025 წელს. იმანუელ კანტი ჩვენს წარმოსახვით სამყაროში მესამე მსოფლიო ომში ჩართული ზესახელმწიფოს ლიდერია. მას აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე დადებული პირობა, რომ თავის მოვალეობას, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, პატიოსნად და უპირობოდ შეასრულებდა. განგაშის სიგნალის გაგონებისას კანტი დილემის წინაშე აღმოჩნდება, ის ან აჭერს ღილაკს, რითიც იქცევა სამართლიანად, რადგან დადებულ პირობას არ არღვევს და არ იტყუება, თუმცა უგულებელყოფს კატეგორიულ იმპერატივს იმ ასპექტით, რომ უამრავ სიცოცხლეს ანადგურებს. ალტერნატივაც ანალოგიურად არღვევს კანტისეულ ეთიკას - ღილაკზე არ დაჭერით გადაარჩენს სიცოცხლეს, თუმცა საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, რაც დაუშვებელია. ამ ორი ვარიანტიდან კანტი, ჩემი აზრით, დიდი ალბათობით აირჩევდა პირველ ვარიანტს, რადგან ღილაკზე არდაჭერა სრულიად უგულებელყოფს კანტისეულ იდეებს, წინამორბედი კი ნახევრად მაინც ასრულებს ეთიკურ მოთხოვნილებებს.

და რატომ არის იმანუელ კანტი საუკეთესო არჩევანი კაცობრიობის გასანადგურებლად? მის მაგივრად სხვა ადამიანი მიდრეკილი იქნებოდა წითელ ღილაკზე არ დაჭერისკენ, რადგან ადამიანთა უმეტესობის ეთიკა იზიარებს უტილიტარიზმის ეთიკას, სადაც მიზანი ამართლებს საშუალებას, მათ ურჩევნიათ გადაარჩინონ რაღაც სიცოცხლე მაინც, როდესაც ალტერნატივა კაცობრიობის განადგურებაა, კანტის ეთიკისთვის კი სასწორზე შედეგსა და მიზანზე მეტად საშუალება, შედეგამდე განვლილი გზა, მისი სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც ბირთვულ იარაღს ააქტიურებს არა შიშით ან შურისძიების სურვილით, არამედ აუღელვებლად, ცივი გონებით.

ვერიკო შარაბიძე

კეთილშობილური ტყუილი როგორც ცეცხლი - განათებს, მაგრამ გწვავს

19.04.2021

“The truth may hurt for a little while, but a lie hurts forever”

 

 რენე დეკარტი კოგიტოსკენ მიმავალ ურთულეს გზაზე, ერთხელ მაინც შეფერხდა. იმის გააზრება, რომ ყველაფერი გონების ფიქცია, ერთი დიდი ტყუილია, ურთულესი აღმოჩნდა, განვლილი ცხოვრების განმავლობაში სჯეროდა, რომ ჰქონდა სხეული, ჰყავდა მშობლები, სწავლობდა სასურველს, იცნობდა ხალხს... სიყალბის გაცნობიერების შემდეგ იფიქრა, ასეთ ცხოვრებას, ცოდნისა და ილუზიებისგან დაცლილ  არსებობას, იქნებ ტყუილში ბედნიერი ყოფა  ჯობდაო. ანალოგიურად რთულ სიტუაციაზე საუბრობს ალბერ კამიუც, რომლის მიხედვით, ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ რასაც აქამდე  ეწეოდა ყველაფერი აბსურდულია, მის უკან არსებული სამყარო არარეალურია იმდენად, რამდენადაც  მხოლოდ თეატრის დეკორაციაა. ცოტახნით ჩვენც რომ დავფიქრდეთ და ეს ყველაფერი განვაზოგადოთ, იქნებ ასეთი ტყუილი, ტყუილი,  რომლის მთავარი ორიენტირი არა რაიმე ამორალური, ვინმესთვის რამის დაშავებაა, არამედ, უწყინარი მისიით შემოიფარგლება,  ადამიანს ერთგვარ თავშესაფარს სთავაზობს, მართლაც გამართლებული, მისაღები და  საჭიროც კია. დეკარტსა და კანტს რომ მოვეტყუებინეთ, თუმცაღა ვერ ვეზიარებოდით მათეულ საყოველთაო ჭეშმარიტებებს, მაგრამ ჩვეულ, კომფორტულ ატმოსფეროს შეგვინარჩუნებდნენ...

 ვიდრე პასუხამდე მივიდოდეთ, ჩვენი მსჯელობა უფრო მარტივი  და ნათლად აღსაქმელი რომ გახდეს, განვიხილოთ კეთილშობილური  ტყუილის ნაწილობრივ განსხვავებული კიდევ ერთი პატარა მაგალითი, რომელსაც შემდეგში განვავრცობთ და  უფრო ფართომასშტაბიან კანონზომიერებას მოვარგებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის უახლოეს ადამიანს ექმიმმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა, ფაქტობრივად, მისი დღეები დათვლილია, მან ამის შესახებ არ იცის და თქვენ დგახართ ერთობ დილემის წინაშე: უთხრათ მას და ის დღეებიც დაუმძიმოთ თუ მოიტყუოთ, თითქოს განსაკურებული არაფერი მომხდარა და შეძლებისდაგვარად გაუფერადოთ დარჩენილი დრო. მოსჯილი პასუხისმგებლობა, დაკისრებული ტვირთი, მართლაც, მძიმეა, სიტუაცია უაღრესად რთულია, დიდია ალბათობა იმისა, რომ არ ეტყვით, მაქსიმალურად იზრუნებთ მის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. ერთი შეხედვით, ეს ერთადერთი გამოსავალია, ის დამძიმებამდე მაინც ვერაფერს გაიგებს და, რომ გაიგებს გვიან იქნება, ვერ მოასწრებს საკუთარი მდგომარეობის წესიერად გააზრებას და, სულ მცირე, ამ თემაზე ნერვიულობის გარეშე, შეძლებისდაგვარად უზრუნველად დატოვებს აქაურობას, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც კანტი იტყოდა, თქვენ მას ჭეშმარიტებაზე წვდომის უფლებას შეუზღუდავთ, რაც, როგორც კატეგორიული იმპერატივის ნაწილი, უნივერსალურია ყველა ადამიანისთვის, რა იდეოლოგიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს მისი გონება. არავინ იცის, რას იზამდა ის ადამიანი, სიკვდილის მოახლოვების შესახებ რომ სცოდნოდა, იქნებ ამ თუნდაც მცირე დროში რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას დაგეგმავდა, იქნებ არსებობდა რაღაცები, რის მოგვარებასაც ისურვებდა გარდაცვალებამდე, რის გარეშე ამ ქვეყნიდან წასვლა არ ენდომებოდა, თქვენ ეს, მართალია, თქვენი გადმოსახედიდან, უფრო დიდი სარგებლის მოპოვებისთვის, მაგრამ შეუზღუდეთ.  შესაძლოა, ბედნიერების შენარჩუნების მიზნით უფრო სავალალო შედეგამდე მიიყვანოთ.

  ამასთან, კანტის გაგებით, ტყუილის აკრძალვა უნივერსალურია, ჩვენთვის სიცრუე მიუღებელი, ამორალურია. ამის წამკითხავი, თქვენ, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ რა მოხდება თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ერთჯერადად შევუზღუდავთ ჩვენთვის ძვირფასს ადამიანს სიმართლეზე წვდომის უფლებას, განა რას დააკლებს იშვიათი გამონაკლისი ტყუილის აკრძალვის მძლავრ მექანიზმს როგორც მთელს? ამ მოსაზრების საპირისპიროდ მოვიყვან პოლიტიკური არჩევნების მაგალითს, რომ დავაკვირდეთ ალბათობა იმისა, რომ ჩემმა, როგორც რიგითი მოქალაქის, ხმამ შეცვალოს არჩევნების შედეგები არის, დაახლოებით, 0.001%, რაც, ზემოაღნიშნული თეორიის მიხედვით, საშუალებას მაძლევს, გვერდზე გავწიო ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, უარი განვაცხადო არჩევნებში მონაწილეობაზე, ძვირფასი დრო ჩავანაცვლო სხვა უფრო სარგებლის მომტანი ბედნიერებებით: ვნახო მეგობრები, წავიკითხო წიგნები ან სულაც დავიძინო, ბოლო დროს ასე რომ შემომაკლდა. მაგრამ რეალურად ზუსტად ამ მიდგომას მივყავრათ ფატალურ შედეგებამდე, ჩემნაირად იმეტყველებს ყველა და, საბოლოოდ, დესტრუქციული რღვევის სახით ჩამოიშლება მთელი საარჩევნო სისტემა, რომელზედაც ასე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. დღეს თუ კეთილი ნებით მოვატყუე ის, ხვალ მე აღვმოჩნდები ტყუილის მსხვერპლი, თუ უფრო განვაზოგადებთ, ფართო მასებს მოვარგებთ და შორეული პერსპექტივიდან მოვიაზრებთ,  სამშვიდობო სიცრუეს სისტემატიური სახე მიეცემა, ნელ-ნელა „კეთილი ნების“ ცნებაც გაფართოვდება და ბოლო საფეხურზე ეგოისტური, მანკიერი ტყუილიც შეინიღბება...

 ასეთი ცვლილებებისგან თავის დაზღვევისთვის კი, საბოლოოდ, მაინც ერთ რაციონალურ წერტილში ვიკრიბებით, ისევ კანტისეულ მსჯელობას  ვუბრუნდები და  მივდივარ დასკვნამდე, რომ როგორი ტკბილი, კომფორტუილიც  არ უნდა იყოს ტყუილი, როგორი კეთილი ნებაც არ უნდა ამოძრავებდეს მას, თუ ერთხმად შევჯერდით მის ამორალურობაზე, წესების ბოლომდე დაცვა გვმართებს, გამონაკლისს თუ ჯერ არსებობის და შემდეგ გავრცელების საშუალება მიეცემა, ბოლოს ის გახდება კანონზომიერი, ჩვენი მშვიდობიანი ზრახვის მიზეზით აბსოლუტურ უკუღმართობას, არეულობასა და ქაოსს მივიღებთ.

 

ალექსანდრე ერისთავი

ინდივიდის ტრაგედია “ბედნიერ” საზოგადოებაში

19.04.2021

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კეთილშობილური მიზნის მისაღწევად მისთვის ჩადენილი ნებისმიერი ქმედება მართებულად და კეთილშობილურადაც კი ჩაითვლება. ამ მოსაზრებას აღწერს და განმარტავს ეთიკური თეორია უტილიტარიანიზმზე. იგი აღწერს ყველა ქმედების გამოყენებად ფასეულობას და არც ერთ მათგანს არ უკარგავს მნიშვნელობას. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. იგი მოიცავს ქმედების და მიზნის შერწყმასა და შეთავსებას. ამის საპირწონედ არსებობს მრავალი აზრი და მეც ოლდოს ჰაქსლის წიგნის, “Brave new world”, მაგალითზე მინდა განვიხილო უტილიტარიანიზმის მიერ შექმნილი დილემა. ისტორია ვითარდება როგორც მწერლის მიერ, ასევე თვით ამ საზოგადოების წევრების დახმარებით ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებაში. ჰაქსლის წამოყენებული აქვს დიდი ეთიკური დილემა, რომელიც უტილიტარიანული ჭრილიდან დანახვის შემდეგ სახეს იცვლის და საკმაოდ საინტერესო შედეგს გვაძლევს. როგორც უტილიტარიანიზმი, ასევე “Brave new world” არ ცდილობს აღმოაჩინოს ქმედების მიზეზები, არამედ ისწრაფის მისი შედეგების მიხედვით მისსავე გამართლებისკენ. სწორედ ამიტომ, წიგნი იდეოლოგიურად იყოფა ორ ნაწილად: ქმედებად და შედეგად.

წიგნში აღწერილი საზოგადოების მთავარი ქმედება არის ბუნებრივ პროცესებში ხელოვნური ჩარევა. ეს ქმედება საკმაოდ ბევრის მომცველია, ამიტომ იგი იყოფა რამდენიმე საფეხურად, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იდილური საზოგადოების შექმნას. პირველი საფეხური არის ადამიანის ჩანასახების ინკუბატორში გაზრდა სხვადასხვა არაბუნებრივი მეთოდების გამოყენებით. თითოეული ჩანასახი მიეკუთვნება გარკვეულ ჯგუფს, რომელიც დროის განმავლობაში მათ კლასს განსაზღვრავს. ყოველ ჯგუფს განსხვავებული ქიმიკატებით ამუშავებენ, რათა მათში გარკვეული თვისებები დათრგუნონ ან პირიქით, განავითარონ. ეს არის ერთ-ერთი ქმედება, რომელიც ადამიანის ბუნებრივი განვითარების პირველ საფეხურზევე მის ბუნებით მინიჭებულ თავისუფელბას არღვევს. თუმცა, ჰაქსლი აგრძელებს ამ “ნატიფი” საზოგადოების აღწერას და მიზნისკენ სვლას, რისი შემდეგი ნაწილიც “გამოჩეკილი” ბავშვების აღზრდას ეხება.


უკვე კასტებში განაწილებული ახალგაზრდობა რადიკალურად განსხვავებულ პირობებში აღიზრდება კვლავ ხელოვნური მეთოდების გამოყენებით. მომავალი დაბალი ფენის წარმომადგენლებს ნაკლებს და უარეს საჭმელს აჭმევენ ვიდრე მდიდარი ფენისთვის გამიზნულ ახალშობილებს. მათი მორაული დათრგუნვის მიზნით, საზოგადოების ბალანსის შესანარჩუნებლად დაბალი ფენისთვის განკუთვნილი ბავშვები ძილის განმავლობაში გამუდმებით ისმენენ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ისინი ვერაფერს მიაღწევენ მათთვის განკუთვნილი ცხოვრების მიღმა და ა.შ. მომწიფებისთანავე ისინი საბოლოოდ უერთდებიან თავიანთი კლასის წარმომადგენლებს და ხელოვნურად ინარჩუნებენ საზოგადოებრივ “ბედნიერ” ბალანსს.
ბუნებრივია, თქვენც და მეც დაგვაინტერესებს ასეთი სისტემის ლეგიტიმურობა და პოლიტიკური გადატრიალების საშიშროების რეალური საფრთხის არსებობის ალბათობა. ოლდოს ჰაქსლიმ ამ შესაძლებლობაზეც იფიქრა და სწორედ ამიტომ, აქამდე ჩადენილი ქმედებებით ამ საზოგადოების მშენებლობა არ დაამთავრა. იმ საფუძველს, რომელიც ასეთმა კლასობრივმა დაყოფამ ჩაუყარა ამ ასზოგადოებას, ჰაქსლიმ ზედ დაამატა კვლავ ხელოვნურად გამოწვეული ეიფორიული მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლიდა ხალხს რეალობის გააზრებაში. ეს ეიფორია წიგნში ნარკოტიკი “სომას” სახით არის წარმოჩენილი, რომელის მიღების შემდეგ ინდივიდს ეთრგუნება კრიტიკული აზროვნების უნარი და უმწეოს ხდის საზოგადოებრივი სტატუს კვოს შენარჩუნების მიზნით. ასეთ საზოგადოებას, ოლდოს ჰაქსლი “ბედნიერად” წარმოაჩენს. ეს პირდაპირ უკავშირდება უტილიტარიანულ ეთიკურ დილემას, რადგან ნათლად ჩანს ასეთი იდილიური სიტუაციის მისაღებად რამდენი ამორალური ქმედების ჩადენა არის საჭირო. თუმცა ამორალურობა სუბიექტურია, ამიტომ ოდნავ ღრმად უნდა შევტოპოთ ამ მოთხრობის მაგალითში, რათა დავინახოთ ქმედებების არაკეთილშობილური სახე.


ისმის კითხვა, რომლის საპასუხოდაც ჰაქსლი მშვენიერ საშუალებას წარმოგვიჩენს მოთხრობაშივე: “აქვს თუ არა საზოგადოების ხელოვნურად შექმნილ ბედნიერებას გამართლება მისი ინდივიდუალური წევრის ტრაგედიის ფონზე?” პასუხისთვის საჭირო ელემენტი კი არის ბერნარდი, კლასობრივად აღრეული პერსონაჟი, რომელსაც არც საკუთარი და არც სხვა კლასი არ იღებს სრულად. უკან რომ დავუბრუნდეთ ბავშვებიშ შექმნის პროცესს, ბერნარდის შემთხვევაში დავინახავთ, რომ მისი ზრდისას ვიღაცამ შემთხვევით ზედმეტი ქიმიკატი შეუყვანა ორგანიზმში, რამაც დათრგუნა მისი კლასის მიერ განსაზღვრული სტანდარტული ზრდის ნორმატიული შესაძლებლობა. ამიტომ იგი მეტ-ნაკლებად დაგვაჯული, მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანი დაიბადა ვიდრე უნდა ყოფილიყო. კასტული დილემის წინაშე აღმოჩენილმა ბერნარდმა გადაწყვიტა ეიფორიული სომას არ მიღება. მწერალი გვაჩვენებს მის ტანჯვას მთელი წიგნის განმავლობაში. მას საკუთარი ფენა არაფრად აგდებს გარეგნული ნიშან-თვისებების გამო, ხოლო მას არავინ იღებს ქვედა კლასებიდან კარგი სამსახურის და ჭკუის გამო. ბერნარდის საზოგადოებრივი ტანჯვის მაგალითზე ჩანს, თუ რამდენად ნეგატიური გავლენა შიეძლება იქონიოს იმ არაბუნებრივმა ქმედებებმა, რომლის საუძველზეცაა ეს საზოგადოება აშენებული. იმის გამო რომ სომას გარეშე ბერნარდი ვერ ეზიარება იმ კეთილშობილურ შედეგს, რომელიც ჩაფიქრებულია ამ საზოგადოებისთვის, მისი გადმოსახედიდან ეს ხელოვნური ქმედებები მის მიმართ პიროვნულ დანაშაულებად შეიძლება ჩაითვალოს. თუ საზოგადოებაზე გადმოვიტანთ ამ ცნებას, მაშინ დეკლარირებული მიზნის გარეშე ეს ქმედებები არის დანაშაულებივი. ხოლო, ამ დანაშაულებრივი ქმედებებით მიღწეული მიზანი დროებით მიიღწევა. ესეც აღწერილია მოთხრობაში, როდესაც, ბერნარდის სახით, ამ იდილიურ სახლმწიფოს საფრთხე ექმნება ერთი დაზიანებული დეტალის გამო და როგორ ცდილობს ის ბერნარდის მოშორებას. თუ არსებობს ისეთი საზოგადოება სადაც ყველა ბედნიერია, მაშინ ლოგიკურად მასში არ უნდა არსებობდეს არანაირი დეტალი რომელსაც აქვს გაფუჭების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში ეს საზოგადოება არი არის ბედნიერი და მიზნის მისაღწევად გაღებული ყველა ქმედებაც ვერ მართლდება, რადგან მისი შენარჩუნება შეუძლებელი ხდება დროის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე, კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, მისკენ მიმავალი ქმედებებიც კეთილშობილური უნდა იყოს. უტილიტარიანიზმის მიხედვით კი ეს ასე არ არის. მაშასადამე უტილიტარიანიზმი შეიძლება არ იყოს ისეთი დოქტრინა, რომელიც ნებისმიერ ქმედებას მოუძებნის გამართლებას, რადგან მცირეოდენი შეცდომის დაშვებითაც კი, შედეგი კარგავს თავის კეთილშობილობას. მართალია, ისეთი სიტუაციის შექმნამ, სადაც უმეტესობა ბედნიერია, შეიძლება გაამართლოს შედეგისთვის გაღებული ნებისმიერი საქციელი, მაგრამ, ჩემი აზრით, უტილიტარიანისტული გამართლება ვერ შეძლებს ასეთი ფინალური ნაყოფის საბოლოო აყვავებას, რადგან კეთილშობილური მიზნის შესანარჩუნებლად აუცილებელია ამავე მიზნისგან დამოუკიდებლად გაწეული ყველა ქმედებაც კეთილშობილური იყოს.

გვერდები

 

ბლოგის ავტორები