ENG GEO

Search form

ნინო მაზანაშვილი

"წესრიგი არ არის იძულება, რომელიც საზოგადოებას ეკისრება გარედან, არამედ წონასწორობაა, რომელიც შიგნიდან იქმნება."

16.04.2021

"კანონი არის წესი, რომლის თანახმადაც განუყოფელი საზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც თითოეული ადამიანი და მისი საქმიანობა უსაფრთხო სფეროში ექცევა“ (ციტატა აღებულია ხოსე ორტეგა გარსიას ნაშრომიდან).

ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მეცამეტე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჯონ კორი კარტერმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „კანონი არ არის საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, გარედან დაწესებული ბრძანებები, არც ინდივიდუალური სუვერენის ან ზემდგომი პირის, არც სუვერენული ორგანოს მიერ, რომელთა წარმომადგენლებიც ქმნიან თავად საზოგადოებას. ის ყოველთვის არსებობდა, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პირდაპირ ჩვევიდან და ჩვეულებიდან იღებს სათავეს, ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საზოგადოების ზრდა.“

აღსანიშნავია, რომ კანონები, რომლებზეც მე ვისაუბრებ, და დაწერილი კანონები იგივე ბრძანებები ერთ ლოგიკურ კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა ერთი ხელოვნურად ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას (ძალიან ავიწროვებს ადამიანის თავისუფლად მოქმედების სფეროს), ხოლო მეორე ყალიბდება ადამიანის ქცევასთან ერთად სოციუმში მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით, მას არ ჰყავს პირი, რომელიც გამოსცემს და აქცევს კანონად.

ჩვენ ვარსებობთ სამყაროში, სადაც ჩვენი ცხოვრების ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის ჩვენივე მსგავსი სახეობისა და ბუნების მქონე არსებებთან, ადამიანებთან კონტაქტი.

საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრება შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდები ემორჩილებიან ცალკეულ ქცევის წესებს. ინტელექტის ზრდასთან ერთად, ეს წესები არაცნობიერი ჩვევებიდან გადაიქცა პირდაპირ, მკაფიო და გამოხატულ განცხადებებში და ამავე დროს, გახდა უფრო აბსტრაქტული და ზოგადი.

ინდივიდუალური სფეროების/საზღვრების ერთგვარი დელიმიტაცია წესებით ცხოველების საზოგადოებებშიც კი ჩანს. წესრიგის ხარისხი, რომელიც ხელს უშლის მათ ძალიან ხშირ ჩხუბებს ან საკვების ძებნაში ხელის შეშლას/ჩარევას და ა.შ. ხშირად, როდესაც ინდივიდი შორდება თავისი ბუნაგის/საცხოვრებელის საზღვრებს, ნაკლებად მზად არის საბრძოლველად. შედეგად, როდესაც ორი ინდივიდი შეხვდება ერთმანეთს სადმე შუალედურ ადგილას, ერთი მათგანი, როგორც წესი, ტოვებს ძალის რეალური გამოყენების გარეშე. ამრიგად, თითოეული ინდივიდის კუთვნილი მოქმედების სფერო განისაზღვრება არა კონკრეტული საზღვრის დემარკაციით, არამედ წესის დაცვით - შეიძლება ეს წესი „წესად“ არ იცოდეს ინდივიდმა, თუმცა მას თავის ქცევაში ავლენს და პატივს სცემს. ილუსტრაცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცავდეს თუნდაც ასეთი მარტივი ჩვევები ერთგვარ აბსტრაქციას: ისეთი ზოგადი პირობები, როგორიც არის სახლიდან დაშორება, განსაზღვრავს ნებისმიერი ინდივიდის რეაგირებას სხვასთან შეხვედრაზე. თუ ჩვენ შევეცდებით განვსაზღვროთ რომელიმე უფრო ჭეშმარიტი სოციალური ჩვევა, რომელიც საშუალებას აძლევს ცხოველებს ჯგუფურად იცხოვრონ, ბევრი მათგანის განცხადება მოგვიწევს აბსტრაქტული წესების თვალსაზრისით.

ზოგადად, ადამიანები მოქმედებდნენ აბსტრაქტული წესების შესაბამისად ამ გაგებით, მათ გაცხადებამდე ბევრად ადრე. ჩვენ ვხელმძღვანელობთ უამრავი აბსტრაქტული წესით, რომლებსაც ვემორჩილებით მათი ფორმულირების გარეშე.

თუმცა ის ფაქტი, რომ წესს ზოგადად ინდივიდი ემორჩილება მოქმედებაში, არ ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ არ უნდა იყოს სიტყვებით გადმოცემული და ფორმულირებული. ანუ აბსტრაქტულობის ხასიათი დაუწერლობაში არ გამოიხატება, არამედ გამოიხატება მის ზოგადობაში და ინდივიდის „ბუნებრივ“ ქცევაში ამა თუ იმ სიტუაციაში.

ზოგადი კანონებისა და სპეციფიკურ ბრძანებების მაგალითით განხილვა:

ერთი უკიდურესობა იქნება შემთხვევა, როდესაც მაგალითად ტომში ან ოჯახში სოციუმი მთლიანად ეყრდნობა/ემორჩილება კონკრეტულ ბრძანებებს. მის ქვეშევრდომებს საერთოდ არ აქვთ უფლება იმოქმედონ ბრძანებებისგან განსხვავებულად. თუ უფროსი თავის ხელქვეითთა ​​ქმედებების ყველა დეტალს გაწერს, განსაზღვრავს, ისინი უბრალო იარაღები იქნებიან, საკუთარი ცოდნისა და განსჯის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე, და ყველა მათი ქმედება მართული იქნება უფროსის მიერ მისივე მიზნების განხორციელებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუ „უფროსი“ მხოლოდ ზოგად მითითებებს მისცემს გარკვეული სახის მოქმედებებზე  და სხვა პირებს დაევალება დეტალების თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრა მათივე ცოდნის შესაბამისად. ასეთი ზოგადი ინსტრუქციები უკვე წარმოადგენს ერთგვარ წესებს და მათ ქვეშ მოქმედება ნაწილობრივ ხელმძღვანელობს „უფროსის ცოდნით“ და ნაწილობრივ მოქმედი პირების ცოდნით.

ბრძანების იდეალური ტიპი განსაზღვრავს განსახორციელებელ მოქმედებას და არ აძლევს შანსს ინდივიდს გამოიყენოს საკუთარი ცოდნა ან მიჰყვეს საკუთარ ინსტიქტებს. ამგვარი ბრძანებების შესაბამისად შესრულებული მოქმედება ემსახურება მხოლოდ მისი გამცემის მიერ გაცხადებულ კონკრეტულ და ვიწრო მიზნებს. ხოლო, „აბსტრაქტული“ კანონის იდეალური ტიპი მხოლოდ და მხოლოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილების მიმღები პირის, ანუ მოქმედი პირის მიერ.

როდესაც წესრიგის ელემენტები არიან ინტელექტის მქონე ადამიანები, რომლის წარმატებით გამოყენებაც სურთ მათ „ზემდგომ“ პირებს თავისი მიზნების მისაღწევად, მთავარი მოთხოვნა, მისი დამკვიდრებისთვის არის, რომ თითოეულმა იცოდეს რომელი გარემოებაა მის გარემოში, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს. არაპროგნოზირებადი ჩარევისგან დაცვის ეს საჭიროება ზოგჯერ წარმოჩენილია როგორცბურჟუაზიული საზოგადოებისთავისებურება.

თუბურჟუაზიული საზოგადოებაარის ნაგულისხმევი საზოგადოება, რომელშიც თავისუფალი პირები თანამშრომლობენ შრომის დანაწილების პირობებში, ასეთი მოსაზრება წარმოაჩენს, რომ ურთიერთობების რეგულირებისთვის სოციუმში ადამიანებს შორის, საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობით სოციალური ღონისძიებებიეს არის ინდივიდუალური თავისუფლების აუცილებელი პირობა და მისი უზრუნველყოფა კანონის მთავარი ფუნქციაა.

 

ნინო ცეცხლაძე

თავისუფლება და უფლების დელეგირება

16.04.2021

ადამიანი გარკვეული უფლებების სუბიექტი დაბადების მომენტიდან ხდება, დანარჩენის კი დროთა განმავლობაში, ასაკის, განათლების, გამოცდილების მატებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, უფლებების სუბიექტად ყოფნა არასდროს არ არის საკმარისი, რადგან ჩნდება აუცილებლობა, რომ ადამიანის ნებისმიერი უფლება იყოს დაცული და შესაბამისად არსებობდეს რაღაც მექანიზმები, საშუალებები, რომლითაც განხორციელდება ეს ყველაფერი. ამის განსახორციელებლად არსებობს ორგვარი საშუალება: პირველი არის, რომ ყველა ადამიანმა თვითონ, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენებით დაიცვას საკუთარი უფლებები ან მეორე, რომ შეიქმნას ისეთი ორგანოები, რომლებიც იმუშავებს კონკრეტულად ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად.

განვიხილოთ პირველი ვარიანტის მაგალითი. ავიღოთ ადამიანი, რომლის საცხოვრებელ სახლშიც შეიჭრნენ და შინაური ცხოველი მოპარეს. ამ დროს ამ პირს უწევს, რომ წავიდეს, და მოძებნოს თავისი ცხოველი, თუ გაუმართლა და იპოვის, უკან დაიბრუნოს და შესაბამისად დასაჯოს ქურდი. სასჯელის მეთოდს განსაზღვრავს თვითონ, შეიძლება აპატიოს და გაუშვას, ან პირდაპირ მოკლას. ანუ, სამართლიანობას ახორციელებენ კონკრეტული ადამიანები ცალ-ცალკე. ამას მივყავართ თუნდაც ძველ ტრადიციებამდე და შეიძლება გაგვახსენდეს ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის მაგალითად სისხლის აღება. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი გამოიწვევს უფრო დიდ ქაოსს, შესაბამისად სამართლიანობის დამყარება გახდება ბევრად რთული. 

ამისგან განსხვავებით, შეგვიძლია, რომ მოვახდინოთ ამ უფლებამოსილებების დელეგირება კონკრეტულ ორგანოებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი დავთმობთ ჩვენს უფლებას, საკუთარი უფლებების დაცვაზე (ზოგადად, თანამედროვე სამყაროში ტერმინი, უფლება უფლებების დაცვაზე, არ გაგვაჩნია, მაგრამ შინაარსობრივად შეგვიძლია რამდენიმესთან დაკავშიროთ, მაგალითად სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან). 

მაგალითად, ადამიანი თმობს იმ თავისუფლებას, რომ თვითონვე განუსაზღვროს საკუთარი უფლების შემლახავს, დამნაშავეს სასჯელის ფორმა. ამის საპასუხოდ, დელეგირების შემთხვევაში ჩნდება უფლება საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად სახელმწიფომ საქმე უნდა გამოიძიოს გარკვეულ ვადაში. ამ დელეგირების ფონზე შეიქმნება გარკეული კანონები, რომელიც მისაღებია კონკრეტულ სოციუმში და გავრცლდება ყველა წევრზე თანაბრად. ზოგადად, კანონის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის სწორედ ის, რომ დაამყაროს წესრიგი, სამართლიანობა და უფრო კონკრეტულად, დაიცვას ერთი ადამიანი მეორისგან მოვლენილი საფრთისგან. შეიძლება ითქვას, რომ კანონების არსებობა გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ კი მისი არსებობის მიზანი არის მოქალაქეების თავისუფლებების დაცვა.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, საკმარისი არ არის მხოლოდ დაწერილი კანონები, აუცილებელია მისი აღსრულებაც სხვა და სხვა ორგანოს დახმარებით. მაგალითად, კანონმდებლობა გვეუბნება, რომ სხვისი სიცოცხლის უფლების ხელყოფა არის დაუშვებელი, მაგრამ მხოლოდ ეს ჩანაწერი პრაქტიკულად არანაირდ არ არის იმის გარანტია, რომ მოქალაქის სიცოცხლის უფლება მართლა დაცული იქნება. სწორედ აქ შემოდის სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები. ერთი მხრივ, სახელმწიფომ არ უდნა მოკლას ადამიანი და მეორე მხრივ სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევაში, კონკრეტულმა ორგანოებმა უნდა გამოიძიოს საქმე და შესაბამისად დასაჯოს დამნაშავე. ასეთი ორგანოები არიან, მაგალითად სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და სხვა. 

შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ჩვენ მივმართ ამ ორგანოებს, ისინი გვიცავენ, იძიებენ, სჯიან და ა.შ. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანო ვერ ასწრებს ადგილზე მოსვლას მყისიერად და პირს სხვა გზა აღარ რჩება გარდა აქტიური ქმედებისა. მაგალითად, ასეთი შემთხვევაა აუცილებელი მოგერიება. როდესაც სხვა პირი თავს გესხმის, გაქვს იმის უფლება, რომ მოიგერიო და ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქაც არის რაღაც ფარგლები. მაგალითად, თუ თავს გესხმის შეუიარაღებელი პირი, შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ მოიგერიო იარაღით. ეს ჩაითვლება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად და შესაბამისად პირს შეერაცხება პასუხისმგებლობა. 

ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ უფლების დელეგირება მთლიანად შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუციელებელი ხდება ამ უფლებით პირადად სარგებლობა. 

ანი ნადირაძე

ნება - უფლება, უნარი თუ ძალაუფლება?

16.04.2021

ყველამ ვიცით, რომ სხვადასხვა ქმედება, რომლებსაც ადამიანები ვახორციელებთ ცხოვრების განმავლობაში შეიძლება იყოს განუზრახველი ან წინასწარ განზრახული. რას უკავშირდება წინასწარი განზრახვით მოქმედება? იმისათვის, რომ ინდივიდმა განახორციელოს ქცევა, რომელიც ჩაითვლება წინასწარ განზრახულად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ისეთ ელემენტს, როგორიცაა ადამიანის ნება. როგორ შეგვიძლია გავიგოთ ეს ცნება? ფილოსოფოსები, ადამიანის ნებაზე საუბრისას, ამ ელემენტს სხვადასხვანაირად ხსნიან. ერთი მხრივ, მათთვის ნება გულისხმობს არჩევნის გაკეთების უნარს, მეორე მხრივ, კი ნება წარმოადგენს უფლებრივ ღირებულებას, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს გვაქვს ძალა, გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ.

თუ ნებას შევხვედავთ, როგორც უნარს, ძირითადად მიიჩნევა, რომ მას ვფლობთ მხოლოდ სულიერი არსებები. ამ უნარის ფლობამ შესაძლებელია ნაწილობრივ დანერგოს გარკვეული მორალური ვალდებულებები და სწორედ ამ უნარის ნაკლებობას შეუძლია გარკვეულწილად იმის ახსნა, თუ რატომ არის ზოგიერთი ქმედება მორალურად გაუმართლებელი. მაგალითად, ინდივიდს მორალური ვალდებულება არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, გადადგამს თუ არა ამ მაგიდას ერთი კუთხიდან  მეორეში. ეს გულისხმობს, რომ მაგიდას, როგორც უსულო ქმნილებას, არც იმის უნარი აქვს, რომ აირჩიოს სად დადგება და არც იმის უნარი, რომ თავადვე გადადგას საკუთარი თავი. ამ დროს, ანალოგიური სიტუაცია ადამიანზე რომ მივმართოთ. მორალურად არ იქნება გამართლებული მისი გადაყვანა ერთი ოთახიდან მეორეში, თანხმობის გარეშე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი ქმედება იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს აღვიქვამთ, როგორც ნივთს და არა, როგორც არსებას, რომელიც ფლობს თავისუფალ ნებას. ამ შემთხვევაში ინდივიდს აქვს უნარი და ძალა თავავდვე გადაწყვიტოს, თუ როგორ გადაადგილდება. შესაბამისად, ტერმინი ნება შეგვიძლია აღვიქვათ როგორც არჩევნის გაკეთების შესაძლებლობაც, უფლებაც და ძალაუფლებაც.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი შემთხვევა ამ საკითხს სადავოს ხდის. მაგალიტად, დავსვათ კითხვა: გააჩნია თუ არა ახალშობილს ან გონებრივად შეზღუდულ პირს ნება? თუ ნებას შევხედავთ, როგორც არჩევნის გაკეთების უფლებას ან უნარს, უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ გააჩნიათ ნება, როგორც ერთგვარი პოტენციალი. ამის მიუხედავად, ამ შემთხვევაში ფიქსირდება ამ უფლებისა და შესაძლებლობის მოქმედებაში განხორციელების ნაკლებობა. ეს კი ზოგიერთ თეორეტიკოსს უბიძგებს იმისკენ, რომ ნება დავაფუძნოთ არა არჩევნის გაკეთების პოტენციალზე, არამედ თავისუფალი ნების განხორციელების რეალურ შესაძლებლობაზე.

ნების, როგორც ძალაუფლების ან შესაძლებლობის გაგებით, განხორციელებად ჩაითვლება სწორედ გარკვეული არჩევანი ან ფსიქიკური მოქმედება, რომელსაც ნებისყოფასაც უწოდებენ. ნებისყოფის თეორიის ხედვით, ნებისმიერი რამ, რასაც ადამიანი აკეთებს, არის ინდივიდუალური გონებრივი ქმედების პროდუქტი. ზოგიერთი ფილოსოფოსი იმ აზრის მხარეს დგება, რომ ნებისყოფის, თვითკონტროლის ელემენტი ყველა კომპლექსური, თავისუფალი მოქმდების მარტივი საფუძველია. ზოგს კი მიაჩნია, რომ ნებისყოფა არის არა უბრალოდ ფსიქიკური ქმედება, არამედ ზოგადი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ითავსებს ფუნქციას, უზრუნველყოს ინდივიდის რელევანტურ სიტუაციებში მონაწილეობა.

მათთვის, ვინც ნებისყოფის არსებობაზე თანხმდება, ნება შეიძლება გაგებული იყოს, როგორც ფაქტორი, რომელიც სწორედ ამ ნებისყოფას წარმოშობს, როგორც გონებრივი მოქმედების, ისე ზოგადი ფსიქიკური მდგომარეობის გაგებით. თუ ნებისყოფა გონებრივი ქმედებაა, ნებად, რომელიც მას ქმნის, უნდა ჩაითვალოს, ნებისმიერი რამ, რასაც ამ ქმედებების შესასრულებლად გვანიჭებს ჩვენი უფლებრივი ღირებულებები. ამის მიუხედავად, თუ ნებისყოფას შევხედავთ, როგორც ზოგად ფსიქიკურ მდგომარეობას, იმის თქმა, რომ ნება წარმოშობს ნებისყოფას იქნებოდა იგივე, რაც იმის თქმა, რომ ნება არის ადამიანისთვის მინიჭებული ძალაუფლება და მოტივაციის წყარო. რეალურად, მხოლოდ ასეთი მოტივაციით და შესაძლებლობების პრაქტიკაში განხორციელებით ხდება შესაძლებელი საკუთარ თავზე თვითკონტროლისა, ძლიერი ნებისყოფის ქონა.

ამრიგად, ინდივიდის ნება არის ინდივიდის ძალა, გააკეთოს არჩევანი, ან განახორციელოს ნებისყოფით განპირობებული გონებრივი ქმედებები. შესაძლებელია, რომ იგი გავიგოთ, როგორც უნარი, უფლება ან ძალაუფლება, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში ნათელია, რომ ნება სამივე მნიშვნელობას ითავსენბს. რა შეიძლება მივიჩნიოთ ნება? ამ კითხვაზე პასუხი ერთია და ესაა ადამიანის მამაოძრავებელი ზრახვა, რომელიც მოქმედებას ინდივიდუალურ ხასიათს სძენს და მას რელევანტურ სიტუაციებში ახვედრებს.

სალომე დიასამიძე

აჯანყების უფლება

16.04.2021

აჯანყების უფლება გულისხმობს ადამიანთა უფლებას, რომ შეეწინააღმდეგონ და დაამხონ ტირანია. კერძოდ, თვითნებობასა და ძალადობაზე დაფუძნებული ერთპიროვნული, აბსოლუტური და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი მმართველობა. აქ კი ჩნდება გარკვეული კითხვები: რამდენად  არის გამართლებული ასეთი უფლების არსებობა? კერძოდ, რამდენად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს უფლება, რომ წავიდნენ კანონის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივ სივრცეში უფლება, რომლის გამოყენებითაც ადამიანი სცდება და ეწინააღმდეგება სამართლებრივ წესრიგს? ვინ არის ის, ვინც რეალურად უჯანყდება სამართლებრივ წესრიგს - ხალხი თუ მმართველი? ვხვდებით თუ არა საფრთხეს არა მხოლოდ ტირანიულ რეჟიმში, არამედ უშუალოდ აჯანყებულთა დაჯგუფებებშიც? განვიხილოთ თითოეული საკითხი. 

პირველ რიგში, ვიმსჯელოთ საფრთხეებზე, რომელთაც შეიძლება ვხვდებოდეთ უშუალოდ აჯანყების ფარგლებში. დავიწყოთ ხალხის ნებისა და თანხმობის განხილვით - ვის აქვს ხალხის სახელით აჯანყების წამოწყების უფლებამოსილება? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს გარკვეული ურთერთობა ხალხთან, რომელთა სახელითაც ცდილობს წამოიწყოს აჯანყება. კერძოდ, უნდა ჰქონდეს მათგან თანხმობა, უნდა წარმოადგენდეს მათ და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მათი საზოგადო კეთილდღეობის მიღწევაზე. მაგრამ აქ ვაწყდებით პრობლემას: შეუძლებელია (ან ნაკლებად სავარაუდოა), რომ მოხდეს ერთიანი შეთანხება - სახელმწიფოში მთელმა მოსახლეობამ დაუჭიროს მხარი აჯანყების იდეას ანუ არსებობდეს სრულიად მოსახლეობის თანხმობა. ხოლო თუ თანხმობა არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ კონკეტულ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს ჰქონდეთ ხალხის სახელით აჯანყების წამოწყების უფლებამოსილება, როგორ ექნებათ მათ ეს უფლებამოსილება იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც თანხმობა არ გაუციათ?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფო შეიძლება მოქმედებდეს არა მთელი მოსახლეობის, არამედ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის, მაგალითად, კონკრეტული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტერესების წინააღმდეგ. გამართლებული არის თუ არა, არა მთელი მოსახლეობის, არამედ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფის აჯანყება? იმიტომ, რომ ისეთ მოცემულობაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს უპირისპირდება კონკრეტული ჯგუფი, რჩება მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი (რომელთაც არ გაუციათ თანხომა), რომელიც მოქცეულია ერთის მხრივ, ტირანსა და მეორეს მხრივ, აჯანყებულ მოსახლეობას შორის. რა მექანიზმებით მოხდება ამ ადამიანების  დაცვა? და თუ არსებობს შესაბამისი მექანიზმები, ვინ მოახდენს მათ უზრუნველყოფას? 

იმისათვის, რომ აჯანყებულებმა შეძლონ ტირანთან დაპირისპირება და აჯანყება იყოს წარმატებული, აჯანყებაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი, ეს კი შესაძლებელია პრობლემური საკითხი გახდეს. ტირანიული რეჟიმები უზრუნველყოფენ ხალხის მორჩილებას მუდმივი ტერორით, დაშინებით და პროპაგანდით, რომელსაც ნერგავენ მაგალითად, განათლების სისტემაში, მასობრივი ინფორმაციის საშულებებში. ამიტომაც, შესაძლებელია რთული იყოს საკმარისი რაოდენობის ადამიანების მობილიზება აჯანყებისათვის, რადგან მოსახლეობის ნაწილს შეიძლება ეშინოდეს, არ უღირდეს ცდად აჯანყება, რომელიც შეიძლება წარმატებული საერთოდ არ იყოს, ხოლო მოსახლეობის ნაწილი შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს, თუ რამდენად დესტრუქციულია მათი მორჩილება და უშუალოდ მმართველობა, რომელსაც ემორჩილებიან. 

ასეთ დროს, აჯანყებულთა ჯგუფი მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა აჯანყებაში მონაწილეობაში, თავის მხრივ, ხელისუფლება  მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დაარწმუნოს მოსახლეობა აჯანყებაში მონაწილეობისაგან თავის შეკავებაში. წარუმატებლობის შემთხვევაში ორივე მხარემ შეიძლება გამოიყენოს იძულება და დაშინება მოსახლეობის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, კი ვიღებთ მოცემულობას, რომ ორივე მხარე იყენებს ძალადობრივ მექანიზმებს დარჩენილი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხშირად რთულიც კი ხდება, გავავლოთ მიჯნა მათ შორის - რა განსხვავებაა უკვე ამ ორ ძალადობრივ მხარეს შორის, გარდა იმისა, რომ ერთი მმართველობით სისტემაშია, ხოლო მეორე არა? 

დამატებით, აჯანყების უფლების გამოყენებით ხალხი უპირისპირდება კანონებს ანუ უპირისპირდება სამართლებრივ წესრიგს და როგორ შეიძლება არსებობდეს უფლება სამართლებრივ სივრცეში, რომლის გამოყენებითაც ადამიანი სცდება და ეწინააღმდეგება იმავე სამართლებრივ სივრცეს?

ფილოსოფოსებს შორის ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებს აჯანყების უფლებასთან დაკავშირებით. არიან ფილოსოფოსები, რომლებიც აღიარებენ აჯანყების უფლებას და არიან ფილოსოფები, რომლებიც - არა. მაგალითად, კანტს მიაჩნდა, რომ თუ მმართველი მოქმედებს კანონების წინააღმდეგ, ხალხს აქვს უფლება, რომ ჩივილით მიმართოს მას, უკმაყოფილება გამოხატოს, მაგრამ ხალხს არ აქვს უფლება, რომ აჯანყდეს. როდესაც განვიხილეთ ხალხის ნება და თანხმობა და ვიმსჯელეთ იმაზე, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ხალხის სახელით წამოიწყოს აჯანყება, ამ საკითხზე კანტის პოზიცია შემდეგია: აჯანყება რომ გამართლებული იყოს, ის უნდა ეფუძნებოდეს საერთო ნებას. თუ აჯანყება საერთო ნებას არ ეფუძნება, ეს არის პირადი ინტერესების იძულებით გავრცელების მცდელობა საზოგადოებაზე, რაც მიუღებელია. მხოლოდ ხელისუფლების ნება არის საერთო ნება. შესაბამისად, აჯანყება ვერასდროს იქნება გამართლებული.  ამდენად, კანტის თანახმად, სახელმწიფოს ნება ეს არის ცალსახად ხალხის ნება, შესაბამისად კი ხალხს არ აქვს აჯანყების უფლება. მაგალითად, ჰობსი უარყოფდა აჯანყების უფლებას, მაგრამ მიიჩნევდა, რომ ხალხს აქვს უფლება, რომ შეეწინააღმდეგოს და დაიცვას თავი სახელმწიფოსგან მომდინარე ძალადობისაგან, რომელიც გარდაუვალია და მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. 

ფილოსოფოსთა ნაწილი, რომელიც უარყოფს აჯანყების უფლებას განამტკიცებს უმეტესწილად იმ პოზიციებს, რომელიც ზევით განვიხილეთ აჯანყების საფრთხეების ფარგლებში. 

ახლა კი შევხედოთ საკითხს განსხვავებულად: თუ ვამბობთ, რომ აჯანყების უფლებაზე დაფუძნებით ხდება დაპირისპირება კანონებთან ანუ სამართლებრივ წესრიგთან, მაშინ ამ განსაზღვრების ფარგლებში, ვინ არის ვინც უჯანყდება  სამართლებრივ წესრიგსს? რეალურად სამართლებრივ წესრიგს უჯანყდება მმართველობა, რომელიც ამკვიდრებს სახელმწიფოში ტირანიას ისეთი კანონებისა და სამართლებრივი პრაქტიკის შემუშავებით, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანების ძირითადად უფლებებსა და თავისუფლებებს - ტოვებს ადამიანებს უუფლებო მდგომარეობაში და მუდმივ ტერორში. ამდენად, დებულება, რომ არ შეიძლება არსებობდეს უფლება სამართლებრივ სივრცეში, რომლის გამოყენებითაც ადამიანები სცდებიან და ეწინააღმდეგებიან იმავე სამართლებრივ სივრცეს, არ არის სწორი, რადგან ტირანული მმართველობის მიერ მიღებული კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება სამართლებრივ წესრიგსს, საერთოდ არ არის სამართლებრივ სივრცეში მოქცეული. შესაბამისად, ხალხი როდესაც იყენებს აჯანყების უფლებას კი არ ეწინააღმდეგება და სცდება სამართლებრივ სივრცეს, არამედ ეწინააღმდეგება სამართლებრივ სივრციდან გასულ თვითნებურ და არალეგიტიმურ კანონებს.  ამდენად, აჯანყება საშუალებაა, რომ მოვაქციოთ კანონები სამართლებრივ სივრცეში - გარკვეულწილად, აჯანყების უფლება არის ინსტრუმენტი იმისა, რომ სამართლებრივმა სივრცემ დაიცვას საკუთარი თავი. 

მაგალითად, ამავე პოზიციას იზიარებს ჯონ ლოკი, რომელიც ერთ-ერთია იმ ფილოსოფოსებისაგან, ვინც აღიარებს და მხარს უჭერს აჯანყების უფლებას.  ლოკის თანახმად, აჯანყებული არის ის, ვინც არღვევს ხალხის კეთილდღეობას არალეგიტიმური კანონების მეშვეობით. ხალხი კი არ არის ვალდებული დაემორჩილოს არალეგიტიმურ კანონებს, არამედ ხალხს აქვს აჯანყების უფლება მათ წინააღმდეგ. ლოკისთვისაც აჯანყება წარმოადგენდა იარაღს ტირანიის წინააღმდეგ. 

საბოლოოდ, ჩემი აზრით, აჯანყების უფლებას მართლაც თან სდევს გარკვეული საფრთხეები. თუმცა ამ საფრთხეების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა შესაძლებელია, მაშინ, როდესაც ტირანიას სამართლებრივ ჩარჩოში ვერასდროს მოვაქცევთ. სახელმწიფო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს და დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ხოლო, როდესაც სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, მეორე მხარეს დგას ხალხის უფლება, რომ აჯანყდეს მის წინააღმდეგ. მათ შორის ეს უფლება არსებობს ტირანიის რეჟიმშიც, რადგან ადამიანის უფლებები არსებობს სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად - სახელმწიფო ადამიანს უფლებებს არ ანიჭებს, არამედ მათ მხოლოდ აღიარებს. ამდენად ტირანიის რეჟიმშიც კი, როდესაც ადამიანი უუფლებო მდგომარეობაშია, მას აქვს აჯანყების უფლება. აჯანყების უფლება გარკვეულწილად არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ადამიანმა დაიცვას სამართლებრივი სივრცე და ამ სამართლებრივ სივრცეში არსებული მისი უფლებები. ამდენად კი, აჯანყების უფლება არის გარანტია ადამიანის ავტონომისაა და თავისუფლების.

გიგა სოლომნიშვილი

ძალაუფლება კანონმა მოგვანიჭა საკუთარი უფლებების დასაცავად და არა სხვათა უფლებების ფეხქვეშ გასათელად

16.04.2021

რა არის კანონი? კანონი ეს არის აქტი, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და იცავს ადამიენბის უფლებებს. სხვა სიტყვებით რომ ავღნიშნოთ, კანონი არის ადამიანის უსაფრთხოების გარანტორი. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ ის გარემოებაც, რომ კანონი, ერთი მხრივ, არის შემზღუდველი და, მეორე მხრივ, არის თავისუფლების მომცემი აქტი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს კანონი ადამიანს უწესებს ჩარჩოებს და ასევე აძლევს მოქმედების საშუალებას ფართო ასპარზზე, რადგან საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული ის აზრი, რომ რასაც კანონი არ კრძალავს ყველაფერი დასაშვები. მეორე მხრივ კი კანონი არის ძალაუფლება, რომელიც მონიჭებული გვაქვს ჩვენ, თითოეულ ადამიანს საკუთარი თავისა და უფლების დასაცავად. კანონი იცავს ადამიანსა და მის უფლებებს, რომ იცხოვროს ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

ყველა ადამიანს განსხვავებული ხასიათი, ფიქრები, მოსაზრებები და ქცევა ახასიათებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის რომ არუნდა დავჩაგროთ სხვა, არ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები და ძალაუფლება, რომელიც კანონმა მოგვანიჭა სხვათა უფლებების ფეხქვეშ გასათელად. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად და სურვილების ასასრულებლად ყველაზე ოპტიმალური გზა არის საკუთარი ძალაუფლების გამოყენება. სინამდვილეში კი ძალადობა და სხვათა უფლებების უგულვებელყოფა და ფეხქვეშგათელვა მხოლოდ და მხოლოდ ძალდობის გაგძელებას იწვევს. ადამიანების ამგვარ ქმედებას ერთგვარი სარკისებური ეფექტი გააჩნია, რადგან როგორც მოვექცევით სხვებს ისე მოგვექცევიან ჩვენ. როდესაც ადამიანი კანონით მონიჭებულ ძალაუფლებას იყენებენ ამ მიზნით კანონი კარგავს თავის მთავარ მიზანს, რომ დაიცვას ადამიანი და უზრუნველყოს ადამიანთა თანასწორობა.

ხშირ შემთხვევაში კანონით მინიჭებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ვხვდებით სახელმწიფო სისტემაში, როდესაც თანამდებობის პირებს ავიწყდებათ, რომ კანონმა და საზოაგდეობამ ეს ძალაუფლება მიანიჭა საზოგადოების კეთილდღეობისთისა და მათი ინტერესების დასაცავად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები საკტარ ინტერსებს ემსახურებიან, რაც ზრდის კორუფციის რისკს. მსგავს ქმედებას შიკანა ეწოდება. შიკანა, ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ისე რომ სხვებს ადგებათ ზიანი და მათი უფლებები ილახება. აქვე უნდა აღინიშნოს, ის გარემოება თუ რას ნიშნავს საკუთარი თავისა და უფლების დაცვა, ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც არ უნდა გასცდეს ადამიანი. კანონმდებლობაშიც ნათლად არის გაწერილი ის გარემოება, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა უკიდურესი ზომები მისი სიცოცხლისა და უფლებების დასაცავად, კერძოდ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც არსებობს უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც სხვა გზა არ არის და მსგავსი მქედების გარეშე შეუძლებელი იქნება შენი სიცოხლის გადარჩენა. მაგრამ ყოველთვის მიზანი შედეგს არ ამართლებს. ბევრი სხვა უკეთესი საშუალება ასრებობს საკუთარი თავისა და უფლებების დასაცავად და მათ შორის ყველაზე ეფექტური არის თავად კანონი, რადგან კანონები უზრუნველყოფს ადამიანების თანასწორობას.

ნიცა სირაძე

თავისუფლებისა და თანასწორობის "ბრძოლა"

16.04.2021

თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი მიზნად სწორედ თავისუფლების იდეის ჩასახვასა და შემდგომ განვითარებას ისახავს. შედეგად კი, როგორც არისტოტელეც მიუთითებდა, მხოლოდ ამ სახელმწიფოში აქვს ყველას თავისუფლება. თავისუფლების ერთერთი ძირითადი მახასიათებელია, რიგ-რიგობით ყველა არჩეული იქნეს ხელმძღავენელად და ქვეშევრდომად, კანონზომიერად. მოცემული მოწყობის სახელმწიფოში სათავეში მოქალაქეები არიან, სახელმწიფოს მიზანი კი ისაა, რასაც უმრავლესობა ფიქრობს, ანუ მიზანსაც ხალხი განსაზღვრავს და ის მიიჩნევა სამართლიანად.

მეორე მხრივ, იმ გავრცელებული შეხედულების თანახმად, რომელიც ისევ და ისევ დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ ნებისმიერი სხვა მახასიათებლისა, თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მმართველობის პირობებში ღარიბი მეტად ძლიერია, ვიდრე მდიდარი. უმრალესობაა ძლიერი, სწორედ მისი პრინციპები, იდეები თუ შეხედულებაა გადამწყვეტი.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს, წარსულისგან განსხვავებით შეზღუდული, ჩარჩოში მოქცეული აღარაა. ეს თავისუფლების შედეგია. თავისუფალ და დამონებულ ადამიანებს თუ შევადარებთ, ძნელი შესამჩნევი არ იქნება, მონობას ერთადერთი შედეგი მოსდევს და ისიც თავისუფლების იდეის საწინააღმდეგო - ადამიანი მკვეთრად, მკაცრად დახაზულ ჩარჩოში ბრუნდება და კარგავს ნებას, იცხოვროს ისე, როგორც სურს. დასკვნა, რომელიც ამ შედეგთა შედარებიდან გამომდინარეობს ისაა, რომ ადამიანი საკუთარი თავის ბატონი უნდა იყოს, არავის უნდა ემორჩილებოდეს, ან ამ უკანასკნელს კანონზომიერად, რიგ-რიგობით უნდა უშვებდეს. ესაა თავისუფლების პრინციპი, რომელიც ეფუძნება ადამიანთა თანასწორობის იდეას.

თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპები უდევს საფუძვლად დემოკრატიას და ისინი განსაზღვრავს მმართველობის ამ ფორმის ნიშნებს, რომ მმართველს ირჩევს ყველა, რომ ყველა თანამდებობა და პოზიცია არჩევითია, თუმცა ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად. ქონებრივი ცენზის იდეასაც არღვევს დემოკრატია, იმისთვის, რომ გახდე წარმატებული, სურვილისამებრ დაიკავო თანამდებობა, ამისთვის აღარაა საჭირო დიდი ქონება. შემდეგია ის, რომ სასამართლოს გზით საკუთარი სიმართლის დამტკიცება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას შეუძლია და სხვა.

მაშ ასე, თანასწორობა და თავისუფლება დემოკრატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იდეებია, რომლებიც, როგორც ვნახეთ, შინაარსობრივად მეტად განსხვავდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს ან ერთი მეორეს განსაზღვრავდეს. თუმცა საკამათოა ის, თუ რომელი რომელს. იმის გასარკვევად, ეს ორი პრინციპი ერთმანეთს აბალანსებს თუ პირიქით, მათი თანაარსებობა შეუძლებელია, ცნებათა სწორი განსაზღვრება გადამწყვეტი ნაბიჯია.

როგორც თანასწორობის, ისე თავისუფლების განსაზღვრების ერთზე მეტი გზა არსებობს. მაგალითად, თანასწორობის მინიმუმ ორი ცენტრალური კონცეფცია არსებობს. ერთს შეგვიძლია ფორმალური თანასწორობა დავარქვათ, რომელიც ყოველთვის არსებობს და მისთვის პიროვნების ვინაობა უმნიშვნელოა. მაგალითად, თუ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მკვლელობას, მას ყველა ემორჩილება, მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს ადამიანი. თანასწორობის ეს კონცეფცია შეიძლება თანაარსებობდეს თავისუფლების იდეასთან და ერთმანეთს აბალანსებდნენ კიდეც. თუმცა არსებობს თანასწორობის მეორე განსაზღვრებაც, რომელსაც შეგვიძლია მატერიალური თანასწორობა ვუწოდოთ. თანასწორობის ეს სახე ეხება ცხოვრების ისეთ ასპექტებს, რომლებიც გაზომვადი, დათვლადი, განსაზღვრადია, როგორიცაა, მაგალითად, ქონება და სიმდიდრე. ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელშიც ადამიანები მატერიალურად თანასწორნი იქნებიან, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს. მეორე მხრივ კი ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის თავისუფლებასთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, თავისუფალი ნებით მიიღოს გადაწყვეტილებები, აირჩიოს ან უარყოს ღირებულებები, ცხოვრების წესი, მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის სიმდიდრე და რას სურს, ემსახუროს. საზოგადოებაში, რომელიც ასეთი მრავალფეროვანი და თავისუფალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მატერიალური თანასწორობის მიღწევა, როგორც აღვნიშნე, შეუძლებელიც კი იქნება ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღწეს, თუკი ადამიანებს თავისუფლებას სრული მოცულობით, მთლიანად შევუზღუდავთ.

საბოლოოდ, თანასწორობისა და თავისუფლების თანაარსებობა შესაძლებელია, მეტიც, მათ შორის ბალანსის პოვნა და ამ ფორმით სახელმწიფოს მთავარი ინტერესების, მიზნებისა თუ შეხედულებების განსაზღვრა დემოკრატიის წარმოშობის ან/და განვითარების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს.

მარიამ კენჭოშვილი

კანონი, როგორც ადამიანის თავისუფლების გარანტია

16.04.2021

ადამიანის ბუნების რაციონალურობა აჩენს ეჭვს კანონებისა და შეზღუდვების საჭიროების მიმართ და ბადებს კითხვას, თუ რამდენად ლოგიკურია ისეთი ორგანიზმის შეზღუდვა, რომელიც, როგორც წესი, თავადაც კარგად არჩევს ქმედებათაგან საუკეთესო ალტერნატივას. გაჩენილი პრეზუმფცია, რომ ადამიანმა იცის როგორ უნდა მოიქცეს, გვაახლოებს თავისუფლების იმ გაგებასთან, როცა თავისუფლება უთანაბრდება ადამიანის ყველა სასურველი ქმედების დაშვებადობას. რამდენად რეალურადაც არ უნდა ჟღერდეს ზემოაღნიშნული შეხედულება, მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ,რომელიც დღემდე გრძელდება, აჩვენა, რომ კანონი არის ერთადერთი და ამ დრომდე საუკეთესო ალტერნატივა საზოგადოებაში წესრიგისა და სტაბილურობის შესაქმნელად, ისე, რომ კანონმორჩილს არ ჰქონდეს შეგრძნება სხვა ადამიანის/ების დაქვემდებარების, ანუ კანონის უზენაესობის არ არსებობის.

მართლაც, ადამიანი კანონით მოქცეული არ არის სხვა ადამიანის სურვილებისა და განზრახვების ქვეშ, რიგი შეზღუდვების დაწესებით ის არ იქცევა ვინმეს მიზნის მიღწევის საშუალებად, რადგან კანონებს აქვს ინსტრუმენტული ხასიათი. Რაც ნიშნავს, რომ ის არის ზოგადი ნორმა, ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და სტაბილურობის შექმნას, ინდივიდების კეთილდღეობას. Მაგალითად, კანონი ყოველთვის აკრძალავს მკვლელობასა და ქურდობას, თუმცა არასდროს არ არის მითითებული კონკრეტული პიროვნებები, ვისი მკვლელობისა თუ ქურდობისთვისაც გავსამართლდებით, რადგან აღნიშნული შედეგი დადგება ნებისმიერი მსხვერპლის შემთხვევაში. ანუ კანონის მორჩილება არ არის ვინმეს მორჩილება, არამედ ის წარმოადგენს საზოგადოებრივი არასტაბილურობის პრევენციის საუკეთესო მექანიზმს. ფაქტი, რომ ჩვენ არ ვართ მოქცეული სხვების გავლენის ქვეშ, ხოლო შეზღუდვებს აქვს ობიექტურად ჭეშმარიტი გამართლება, ხაზს უსვამს, რომ ადამიანი, კანონების არსებობის შემთხვევაში, არის თავისუფალი. Მართავს კანონი და არა ადამიანი ან ადამიანთა პრივილეგირებული ჯგუფი. სწორედ ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ დემოკრტიული სახელმწიფოს არსებობის პირობებში, კანონშემოქმედის საქმიანობა მორგებული არ არის კონკრეტული პიროვნებებისა და ჯგუფების კეთილდღეობაზე,ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებაც ეფუძნება კანონსა და ფაქტობრივ გარემოებებს.

აღნიშნული მსჯელობა,როგოც უდიდესი რწმენა კანონისადმი, რეალური და ჭეშმარიტია მხოლოდ თანასწორობის პირობებში. ზოგადობა წარმოადგენს აუცილებელ კომპონენტს, რომლის მიხედვითაც მის ყველა წევრს, განურჩევლად სტატუსისა და მდომარეობისა, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თანასწორად შეუძლია კანონის გამოყენება და ასევე თანასწორად იქნება ის მის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ მოყვანილი სასამართლოში. თავის მხრივ, თანასწორად ჩამოყალიბებული ფორმულირებისა, ასევე იქნება რეალიზებული სახელმწიდოს ნებისმიერ სასამართლოსა თუ სხვა სექტორში. Ამდენად, ეჭვი კანონის მიმართ, რომ იგი არღვევს ადამიანის თანასწორობას, გათანაბრებული იქნება კანონის “აბსტრაქტულობის”, ანუ მაქსიმალურად ზოგადობის დაცვის შემთხვევაში, როცა მოსახლეობის არც ერთი წევრი სხვაზე მეტად ან ნაკლებად არ მოიაზრება.

Მანამ, სანამ კანონი პიროვნებას არ აქცევს სხვისი სურვილებისა და მიზნების რეალიზების საშუალებად, კანონი შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად,შესაბამისად, თავისფულების გარანტადაც. ამის კარგი მაგალითია სხვადასხვა უმცირესობისთვის დაშვებული გამონაკლისები, ე.წ პოზიტიური დისკრიმინაცია, რომლის მეშვეობითაც აღნიშნულ ჯგუფებს საშუალება ეძლევათ პრივილეგირებულები იყვნენ რიგ შემთხვევაში უმრავლების წარმომადგებლებთან შედარებით. Როგორც ვხედავთ, აქ კანონი ფაქტობრივად ერთს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე მეორეს, თუმცა შინაარსობრივად, ცდილობს ერთი მეორის თანასწორი გახადოს,ისე,რომ შენარჩუნდეს ორივე პოზიციის ღირსება და თავისუფლება. Მაგალითად, კანონი, რომლითაც დარეგულირებულია შშმ პირებისთვის პარკინგზე ცალკე ადგილის გამოყოფა. თუმცა იდენტური კანონი არ არის იურისტებისა და ფილოსოოსებისთვის, არ ნიშნავს რომელიმე მათგანის უფლებებში ჩარევას, რადგან არ ირღვევა დასაწყისში ნახსენები მთავარი პრინციპი.

გარდა პოზიტიური დისკრიმინაციისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვა ტიპის შეზღუდვები და გამონაკლისებიც, რამდენადაც წარმოუდგენელია სამართლიანი იყოს კანონი, თუკი ის ბლანკეტურად, სხვადასხვა გარემოების გაუთვალისწინებლად იქნება გავრცელებული. ამიტომ, კანონის, როგორც ადამიანის თავისუფლების გარანტის აუცილებელი პირობაა სწორად იყოს მორგებული საზოგადოების წევრებსა და ორგანიზაციებზე. ამაში იგულისხმება სახელწმიფოს სპეციალური უფლებამოსილებებიც, რომლის გარეშე მისი ეფექტურობა წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ყოველი შეზღუდვა თუ დისკრიმინაცია უნდა იყოს რაციონალური და არ უნდა ლახავდეს ძირითად პრინციპებს.

ამოსავალი წერტილი ამ ორის - თავისუფლებისა და კანონის - იდეალური კომბინაციის შექმნისა არის მათი დეფინიციების უცვლადობა. თუ ვიტყვით, რომ მთავარია დაცული იყოს ადამიანის თავისუფელბა, ხოლო თავისუფლებად მოვიაზრებთ ადამიანის მონად ქცევის დაშვებადობასაც, უკვე წარმოუდგენელია მათი ჰარმონიული თანაარსებობა. ამდენად, თავისუფლების გაგება არ უნდა იყოს ცვალებადი და დამოკიდებული კონკრეტული პირებისა და ჯგუფების მიზნებზე. Მასზე დაფუძნებული კანონი კი, მიუხედავად გამონაკლისებისა და რიგი დაშვებების არსებობისა, შეძლებს შეინარჩნუნოს ადამიანის თავისუფლება სტაბილური საზოგადოების არსებობის პირობებში.

 

მარიამ ალასანია

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა- თავისუფლება და კანონი

16.04.2021

ყველა ადამიანს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები ხელყოფისგან. გამოდის, რომ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია დააარსოს ერთობა, რომლის მიზანი ამ უფლებების დაცვა იქნება. ამ ორგანიზაციული წარმონაქმნის არსებობის მორალური გამართლება იქნება მხოლოდ ის, რომ მან შეძლოს ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სხვათა უფლებების ხელყოფა, არც ამავე ადამიანების მიერ შექმნილ ერთობას უნდა შეეძლოს უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. თუმცა საზოგადოების განვითარებასთან ერთად იქმნება ურთიერთობები, როდესაც შეუძლებელია ერთი ადამიანის თავისუფლება სხვის უფლების სფეროში არ შეიჭრას.

დემოკრატიულ საზოგადოებებში კანონები უნდა იყოს ზოგადი და აბსტრაქტული. ეს გულისხმობს იმას, რომ კანონი მიემართება ყველას თანაბრად, არ არის ერთჯერადად არსებულ მდგომარეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილი. კანონები განსაზღვრავენ იმ ფარგლებს, რომლის შიგნითაც ინდივიდს შეუძლია თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მოქმედებები, ანუ მოცემული ჩარჩოს ფარგლებში ნებისმიერი ქმედება დაშვებულია. შესაძლოა აქედან გამომდინარეობდეს, რომ ადამიანი, რომელიც ემორჩილება რაღაც კანონს, თავისუფალი ვერ იქნება. თუმცა კანონის უზენაესობის პირობებში თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანები არ ემორჩილებიან რომელიღაც სხვა ინდივიდის ბრძანებებს, არამედ გამოცდილების შედეგად დამკვიდრებულ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების წევრების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, შესაბამისად, ისინი თავისუფლები არიან.

გამოხატვის თავისუფლება თანამედროვე საზოგადოებაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას. მის არსებობის მორალურ გამართლების რამდენიმე თეორია არსებობს. ესენია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პიროვნების სრულყოფისკენ სწრაფვა, ჭეშმარიტების ძიება და ეჭვი სახელმწიფოს მოქმედების მიმართ. თუ გამოხატვის თავისუფლების არსებობის გამართლებად მივიჩნევთ იმას, რომ ადამიანებმა დემოკრატიულ პროცესებში უნდა მიიღონ მონაწილეობა ან გამოიჩინონ ეჭვი სახელმწიფოს მოქმედების მიმართ, მაშინ გამოდის, რომ ყველა გამოხატვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევას არ ემსახურება, დაცული არ უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოხატვა არის საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის ძირითადი თავისუფლება და ის ყოველთვის მიემართება სხვას. შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები ადამიანის შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაგანი ასპექტი, აზრი, აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული, ანუ შეზღუდვა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება შინაგანად არსებული აზრის გამოხატვას, ის გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა შეიზღუდოს.

გამოხატვის თავისუფლება თითქმის ყველა საზოგადოებაში არის შეზღუდული, რადგან მისი გამოყენება უმეტესად სხვადასხვა უფლების შეპირისპირებას გულისხმობს. სტენლი ფიში ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ლიმიტების გარეშე არსებულ თავისუფლებას. გამოხატვა მოიაზრებს უამრავ სხვადასხვა ქმედებას, მაგალითად, საუბარს, წერას, დროშების დაწვას, ცილისწამებას, მუქარას და ა.შ. ლოგიკურია, რომ ყოველი ქმედება ერთნაირი დაცვის ხარისხით არ უნდა სარგებლობდეს. იმ შემთხვევაშიც თუ გამოხატვის ორი ფორმა ერთმანეთის საპირისპიროდ დადგება, მაგალითად, პოლიტიკური დებატისას აქტივისტის ყვირილის შემთხვევაში, არჩევანი უნდა გაკეთდეს ერთის თავისუფლების შესაზღუდად.

ჯონ სტუარტ მილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება უნდა მოიაზრებდეს ისეთი იდეების გაჟღერებასაც, რომლებიც საზოგადოებისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს. მართლაც, თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობაში გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ ზღუდავს სხვათა უფლებებს, დაცულია. მოცემული თავისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად ისეთი უფლებები დგება, როგორიცაა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, რელიგიის თავისუფლება და ა.შ. ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ან დაბალი სტანდარტის მიხედვით ან უპირატესობა გამოხატვას ენიჭება, ან მის პირისპირ მდგომ უფლებას.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად შექმნილმა ორგანიზაციულმა ჯგუფმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც მიმართული იქნება ერთი ინდივიდის უფლების შეზღუდვისკენ, ხოლო მეორეს დაცვისკენ. საზოგადოებაში არსებული ურთიერთობები გულისხმობს იმას, რომ მუდმივად კეთდება არჩევანი ერთის საწინააღმდეგოდ და მეორის სასარგებლოდ. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, ლეგიტიმური მიზნის არსებობისას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ადამიანის უფლებების დაცვისთვის შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნის არსებობას არ აკნინებს, რადგან საზოგადოებაში ურთიერთობის არსებობისას არჩევანის გაკეთება გარდაუვალია. ეს გულისხმობს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა ამ ჩარჩოს შიგნით ადამიანები სარგებლობენ აბსოლუტური თავისუფლებით.

მარიამ გეწაძე

ადამიანის უფლებები ყველასთვის

16.04.2021

კულტურული რელატივიზმი არის სწავლება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებები ან კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და აქვთ თავიანთი უნიკალური, შიდა ლოგიკა, ცხოვრების წესი და რიტუალები. Ბუნებრივია, პრობლემებს არ ქმნის დივალის არსებობა ინდოეთში, სამი მეფის დღე ესპანეთში, იმის მიუხედავად, რომ სხვა კულტურებში შესაძლოა მსგავსი ტრადიციებს არ ვხვდებოდეთ. თუმცა საკითხი ცალსახად პრობლემურია, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. Შესაბამისად, კულტურული რელატივიზმის, როგორც ეთიკური პრინციპის პრაქტიკაში განხორციელება ცალსახად არასასურველია, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ნორმალურია მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ ჯგუფში ეს მისაღებად მიიჩნევა. Თუმცა ის რომ ინდონეზიაში, დანის ტომში, ახლობელის გარდაცვალების შემდეგ ქალისათვის თითის მოჭრა აპრობირებული მეთოდია ამ პროცედურის სისწორეზე, ბუნებრივია, არანაირად არ მიუთითებს. Შესაბამისად, უკიდურესი რელატივიზმს ნიჰილიზმამდე მივყავართ.

დეონტოლოგიური გადმოსახედიდან რელატივიზმის ეთიკურობაზე პასუხი ცალსახაა. კანტის კატეგორიული იმპერატივის მიხედვით, უნდა მოვიქცეთ ისე, რომ კაცობრიობა, როგორც ჩვენი, ისე ყოველი სხვა პიროვნებების სახით, მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს საშუალება. Აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, კანტისეული მორალის გადმოსახედიდან ადამიანები, მათ უფლებები და მათ ადგილი სამყაროში რელატივისტურად განვიხილოთ. Თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სომალში ქალთა წინდაცვეთაში მონაწილეობის არ მიღება, ამ ფაქტის დაიგნორება მორალურად გამართლებული საქციელია. Კანტის მეორე კატეგორიული იმპერატივის თანახმად, მხოლოდ იმ წესის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, რომელსაც, რომ შეგვეძლოს, საყოველთაო წესად ვაქცევდით. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა უფლებების დარღვევაზე თვალს დავხუჭავთ და ამას უნივერსალურ წესად ვაქცევთ, აზრი დაეკარგება ჩვენს ადამიანობას. Შესაბამისად, არამხოლოდ ვალდებულნი ვართ არ ხელვყოთ, არამედ - დავიცვათ და უზრუნველვყოთ. Აქედან გამომდინარე, დეონტოლოგიისათვის რელატივიზმი არაეთიკური და მიუღებელია.

ანალოგიურ დასკვნამდე მივალთ თუ საკითხს უტილიტარიზმის გადმოსახედიდან შევხედავთ. Აღნიშნული ფილოსოფიისათვის მნიშვნელოვანია არა ქმედების თავისთავადი მორალურობა, არამედ - შედეგი. Შესაბამისად, უტილიტარისტული კალკულატორის დახმარებით უნდა შევამოწმოთ რელატივმიზის საშუალებით შევძლებთ თუ არა ბედნიერების მაქსიმიზაციას. Ამისათვის დაგვჭირდება სამი კრიტერიუმის განხილვა. Ბედნიერ ადამიანთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი ბედნიერების სრულყოფილების და ხანგრძლივობის შეფასება, შედეგის შეფასება გრძელვადიან პერსპექტივაში. 

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ მოვახდენთ ინტერვენციას ქვეყნებში, ტომებში, რომლებიც, თავიანთი კულტურისა თუ წარმოდგენების გამო ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობიან ან აწამებენ, არაერთ ადამიანს გავიმეტებთ ტკივილსათვის, ტანჯვისათვის. Ინტერვენციის შემთხვევაშიც, ბუნებრივია, მათ უცხო ხალხის შესვლა და ცხოვრების წესის შეცვლა არ გააბედნიერებს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ისინი შეეჩვევიან არსებულ სიტუაციას და უარს იტყვიან საკუთარი კულტურის იმ ნაწილზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ცალსახად და უხეშად არღვევს, საბოლოოდ, ბევრად უფრო მეტი ადამიანის, უფრო სრულყოფილ და გრძელვადიან ბედნიერებას მივაღწევთ.

Რელატივიზმის ეთიკურობას არც ბუნებითი სამართალი ემხრობა, რადგან ამ ფილოსოფიური მიმდონარეობის თანახმად ადამიანებს აქვთ ბუნებითი უფლებები. აქვთ უფლებები მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები არიან, მათი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. ცალსახაა, რომ კულტურული რელატივიზმი, განსხვავებული სოციალური თუ კულტურული დაჯგუფებების განსხვავებული წეს-ჩვეულებები ვერ მოახდენს გავლენას ადამიანის ადამიანურ ბუნებაზე. Აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ადამიანს ბუნებითი უფლებები მხოლოდ იმიტომ შეეზღუდოს, რომ აღნიშნულ საზოგადოებაში წამება, დასახიჩრება ან წინდაცვეთა მისაღებია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრადიციების ქონაც ბუნებრივად დამახასიათებელია ადამიანებისათვის. Სწორედ ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებობდა მსგავსი სახის პრაქტიკები. თუმცა ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება, მას ბუნებრივად აქვს არაერთი დეფექტი და ამგვარი ტრადიციების ქონა სწორედ ამ ნაკლოვანებათაგან ერთ-ერთად შეიძლება ჩაითვალოს. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კულტურული თუ სოციალური მრავალფეროვნება ადამიანური ცხოვრების აუცილებელი და განუყრელი ნაწილია. Შეუძლებელია მისი ხელყოფა. Შესაბამისად, კულტურული რელატივიზმი ცალსახად მნიშვნელოვანია. თუმცა მისი დაცვა და შენარჩუნება არ უნდა მოხდეს უზენაესი ღირებულების, ადამიანის უფლებების, დარღვევის საფუძველზე.

თინათინ ქორქია

ერთი სიცოცხლე მეორე სიცოცხლის ფასად

16.04.2021

ჰუმანიტარული ინტერვენცია (ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის (ორგანიზაციების) მიერ სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ძალის გამოყენება) მისი გაჩენის დღიდან მეტად აქტუალური და სადავო საკითხია. “ძალის გამოყენება სიცოცხლის გადასარჩენად” - საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კონცეფციას დღემდე არ იწონებს, რადგან მათი აზრით, ომის გამოყენება ბოროტების შესაჩერებლად, პარადოქსულია. ასევე თვლიან, რომ ის შეიძლება ადვილად იქნას გამოყენებული სხვა, არაჰუმანიტარული მიზნებისთვის. თუმცა, კამათი განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს - რამდენად შეიძლება იყოს გამართლებული ერთი სიცოცხლის გადარჩენა მეორე სიცოცხლის ხარჯზე?

საერთო მორალის ცნება ცივილიზებული სამყაროს საფუძველია და თითქმის ყველა საზოგადოებასა და ტრადიციაშია აღიარებული. საერთო მორალი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხალხი ეკუთვნის ამა თუ იმ კულტურას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი ფუნდამენტური, ძირითადი უფლებები არ გამომდინარეობს კონკრეტული საზოგადოების წევრობიდან, არამედ გამომდინარეობს ადამიანთა საზოგადოების წევრობიდან. ეს მორალი საერთოა არა იმიტომ, რომ წარმოიშობა რომელიმე ხელშეკრულებიდან (თემებსა და პიროვნებებს შორის), არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამას მოითხოვს ადამიანის კონცეფცია. საერთო მორალი ემყარება ვარაუდს, რომ ყველა ადამიანი იბადება რაციონალური, თავისუფალი და თანასწორი. მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილებები და ყველა სხვა ვალდებულია პატივი სცეს მათ არჩევანს. როდესაც ვინმე ძალადობრივად არღვევს და პატივს არ სცემს სხვის არჩევანს, საერთო მორალის პირობებში, მსხვერპლის დასაცავად ნებადართულია ძალის გამოყენება. თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის დამაჯერებელი მიზეზი არსებობს - ანუ როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანების დახმარებას, რომლებსაც “ემუქრებათ სერიოზული საფრთხე უბედური შემთხვევის ან განზრახ დანაშაულის შედეგად”. ადამიანები კი, რომლებმაც საფრთხეში ჩააგდეს სხვისი სიცოცხლე, აღარ ექცევიან საერთო მორალის დაცვის ფარგლებში, რადგან “მათ სკუთარი ქმედებებით დაკარგეს მორალური უფლება იმოქმედონ ისე, როგორც თავად სურთ”.

საერთო მორალის კონცეფციის შესაბამისად, ადამიანებმა პატივი უნდა სცენ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ არ უნდა ჩაერიონ ერთმანეთის თავისუფალ არჩევანში, არამედ, დაეხმარონ ერთმანეთს თავიანთი მიზნების მიღწევაში. როდესაც ვინმე გაუმართლებელი თავდასხმის ობიექტია, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, რომ უკანა პლანზე გადავწიოთ პირადი დანაკარგის შიში და გამოვიყენოთ ძალადობა ძალადობის წინააღმდეგ, თუ ეს მსხვერპლის დაცვის ერთადერთი გზაა. ძალის გამოყენება უდანაშაულოთა დასაცავად ემყარება “კეთილდღეობის იდეას”. ეს იდეა განსხვავდება უბრალო “ქველმოქმედებისგან”, რადგან ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, პირველი ნიშნავს მორალურ აუცილებლობას/იმპერატივს - “ადამიანი ზნეობრივად ვალდებულია გადაარჩინოს საფრთხეში მყოფი ადამიანი”. როგორც ვხედავთ, საერთო მორალის კონცეფციასა და ჰუმანიტარული ინტერვენციის საკითხს შორის კავშირი აშკარაა. ძირითადი პრინციპი, რომ ადამიანები თავისუფლად უნდა იყენებდნენ თვითგამორკვევის უფლებას, წამყვან ნორმად რჩება. სიტუციებში, როდესაც ქვეყანას ან ორგანიზაციას აქვს ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება, ხალხი “ტირანიის, ეთნიკური სიძულვილის მსხვერპლია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება და სასწრაფოდ სჭირდებათ სხვა ქვეყნების დახმარება”. ამ დროს სუვერენიტეტი აღარ წარმოადგენს ბარიერს უცხო ხალხის დასახმარებლად, რადგან დამნაშავეებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი თავისუფლება და ზიანი მიაყენეს სხვებს, ამით კი დაკარგეს ის დაცვის გარანტია, რომელიც ამ პრინციპს გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად ძალის გამოყენება გავამართლეთ, ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ომი დამანგრეველი მოვლენაა - დაიღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ ვალდებულნი ვართ ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ არის გამართლებული ზოგიერთი უდანაშულო მოქალაქის სიკვდილი სხვა უდანაშაულო მოქალაქის გადარჩენის დროს? საერთო მორალის კონცეფციის თანახმად, დაუშვებელია ერთი ადამიანის სიცოცხლის გამოყენება მეორეს გადასარჩენად. ამ დილემაზე პასუხის გასაცემად უნდა მივმართოთ ორმაგი ეფექტის დოქტრინას. ამ დოქტრინის თანახმად, უდანაშაულო მოქალაქეების სიკვდილი გამართლებულია მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულების შემთხვევაში:

1. სასურველი მიზანი თავისთავად უნდა იყოს კარგი (ადამიანთა გენოციდის დასრულება)

2. ცუდი ეფექტი არ უნდა იყოს საშუალება, რომლითაც ადამიანი მიაღწევს კარგ ეფექტს. ნებისმიერი ცუდი შედეგი (მაგალითად, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი) არ არის გამიზნული და არის გვერდითი მოვლენა.

3. უნდა არსებობდეს პროპორციული მიზეზი ცუდი ეფექტის გასამართლებლად.

საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ გავამართლეთ ჰუმანიტარული ინტერვენცია, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის უალტერნატივო საშუალება, ამ საკითხის გარშემო დებატები დღემდე არ წყდება, რადგან ერთის მხრივ, არიან უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მსხვერპლნი არიან, მეორეს მხრივ კი გვყავს ასევე უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც მაღალი ალბათობით ჰუმანიტარული ინტერვენციის შედეგად დაიღუპებიან.

 

ელენე გამთენაძე

კანონი საკუთარი ფუნქციური დანიშნულების წინააღმდეგ

16.04.2021

 

კანონის დანიშნულების გარკვევა დღითიდღე იძენს აქტუალურობას სამართლებრივ სახელმწიფოებში. მისი ფუნქციური უვნებლობა ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში მტკიცდება იმით, რომ იგი დადგენილი ქცევის ზოგადი წესია, რომელიც საყოველთაო წესრიგის უზრუნველყოფასა და დაცვისკენაა მიმართული. თუმცა კანონში ჩადებული შინაარსი იმდენად შემზღუდველი ხასიათისაა, რომ მის ლეგიტიმურ ფუნქციად სამართლიანობის უზრუნველყოფა საკმაო ეჭვს ბადებს. თუ კანონს ორგანიზაციული სამართლიანობის მამოძრავებელ ძალად განვსაზღვრავთ, პირველ რიგში, ცალსახად უნდა გამოირიცხოს მისი მეშვეობით ისეთი საკითხების რეგულირება, როგორებიცაა: შრომის, განათლების, ვაჭრობისა თუ მრეწველობის ასპექტები, ვინაიდან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების ორგანიზება კანონის საფუძველზე ეჭვქვეშ აყენებს სამართლიანობის კონცეფციას. ამდენად, უდავოა, რომ კანონი არა სამართლიანობას უზრუნველყოფს, არამედ უსამართლობის გაბატონების პრევენციისკენაა მიმართული.

 

სამწუხაროდ, კანონი სულაც არ შემოიფარგლება თავისი ფუნქციური დატვირთვით. მეტიც, ხშირ შემთხვევაში იგი იმდენად გამოდის საკუთარი დანიშნულების  ჩარჩოებიდან, რომ თავის თავსაც კი უპირისპირდება. შედეგად, კანონი მისივე მიზნის გასანადგურებელ იარაღად იქცა - მან გათელა ის სამართლიანობა, რომლის დაცვის გარანტიც თავადვე უნდა ყოფილიყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანონის გაუკუღმართების პროცესი სწორედ იქ იწყება, სადაც ამავე კანონის მეშვეობით ძალაუფლება უსინიდსო ადამიანების ხელში ექცევა, რომელთა მოქმედებებიც მიმართულია სხვა ადამიანების თავისუფლებისა და თვითმყოფადოების ექსპლუატაციისკენ. შედეგი კი შემდეგია - კანონმა ამგვარი მოქმედებით სამართლიანობის დაცვა დანაშაულად გამოაცხადა სწორედ მისი აღკვეთის მიზნით.

 

საგანგებოდ აღსანიშნავია ის საკითხი, რომ ის, რაც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს, არის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური სიცოცხლე. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ ადამიანი მორალურად არასრულყოფილი არსებაა, სიცოცხლეს არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა. სწორედ ამ მიზნით შემოქმედმა დააკისრა ადამიანებს სიცოცხლის გაფრთხილებისა და განვითარების ვალდებულება. როგორც ფრედერიკ გარსიამ აღნიშნა, შემოქმედმა თითოეული ადამიანი არაჩვეულრბირივი ნიჭით დააჯილდობა ზემოთ ცამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, სწორედ ამ მიზნით მოგვაქცია მან ბუნებრიივი რესურსების მრავალფეროვნებაში - ინდივიდები ამ ნიჭს ბუნებრივ რესურსებზე მიმართავენ და გარდაქმნიან მას საჭირო პროდუქტებად შემდგომი გამოყენებისთვის. სწორედ ეს პროცესი განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტუალურ, მორალურ და ფიზიკურ არსებობას.

 

საინტერესოა ის, თუ როგორ მოქმედებს კანონი ადამიანის ინტელექტუალური და მორალური განვითარების ჭრილში. როდესაც კანონი გარკვეულ რეგულირებებს უდგენს ადმიანებს ნორმების საფუძველზე, დადგენილი რეგულირებები პირდაპირ ანაცვლებს ადამიანის მოქმედებსბს - დადგენილი რეგულაციების შემდგომ ინდივიდებს აღარ აქვთ კამათის, შედარებებისა და დაგეგმვის საჭიროება. ეს კი ადამიანისთვის ინტელექტის გამოყენებას უსარგებლოს ხდის, რაც, თავის მხრივ, მორალურად გაუმართლებელია, ვინაიდან ინტელექტუალური უმოქმედობა აკარგვინებს ინდივიდს საკუთარ თვითმყოფადობასა და თავისუფლებას.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ინტელექტი იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანები კანონშემოქმედებითები არიან, არამედ იმიტომ, რომ სწორედ სიცოცხლისა და ინტელექტის, თავისუფლების არსებობამ განაპირობა რომ ადამიანებმა წინ წამოწიეს თავიანთი კანონები.

 

  •   სად გადის ზღვარი კანონსა და ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნების არსებობას შორის?

 

ცალსახაა, რომ ადამიანები იმ უსამართლობის წინააღმდეგ მიდიან, რომლის მსხვერპლნიც თავადვე არიან. ამდენად, როცა კანონი ფუნქციურად თუ ადამიანის თვითმყოფადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ყველა დაზარალებული ჯგუფი თუ ცალკეული ინდივიდი ეცდება, რომ მაქისმალურად მშვიდობიანი გზით ჩაერთოს კანონის შექმნის პროცესში. ამდენად, ამ უკანასკნელებს ორი ალტერნატივა გააჩნიათ: I - ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა და II - მონაწილეობი მიღება ინდივიდის თავისუფლებისა და თვითმყოფადობის განადგურებაში.

 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა თავადვე არ შეუწყონ ხელი საკუთარი თავისუფლებისა და თვითმყოფადობის განადგურებას. სხვა შემთხვევაში უბედურება ეწვევა იმ ერს, როცა თვითმყოფადობის განადგურებაში თავად ადამიანები ჩაერთვებიან და ისინი თავად დაეუფლებიან იმ მიზანს, რომ ისინიც კანონშემოქმედებითები გახდენენ.

 

 

მარიამ ტოგონიძე

A characteristic feature of the law is that it protects liberty

16.04.2021

ცნობილია, რომ კანონი და თავისუფლება ერთმანეთთან ასოცირდება. სიტყვა თავისუფლების ხსენებისას ყველა ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში სიტყვა კანონი, რომელიც ამ თავისუფლებას შეგიზღუდავს ან პირიქით. რადგან კანონი არამხოლოდ გზღუდავს, არამედ გაძლევს თავისუფლებასაც და უზრუნველყოფს მას. მაგრამ არსებობს დებატები ამ თემაზე, რადგან უმრავლესობის აზრით კანონის თანდაყოლილი თვისება თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მოსაზრებით კი თავისუფლება  არ იზღუდება კანონით არამედ თავისუფლება დაცულია სწორედ კანონის მეშვეობით. შესაბამისად კანონის დამახასიათებელი თვისებაა, რომ ის იცავს, ან თუნდაც შეუძლია დაიცვას თავისუფლება.

ზოგიერთ ადამიანს აქვს აზრი, რომ თავისუფლება არის შესაძლებლობა გააკეთოს ის, რაც მას სურს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ კანონი არის ის, რაც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ეს ორი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ დადგენილი კანონის შედეგად მოდის. სინამდვილეში სწორედ კანონია ის, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდების თავისუფლებას. იქ, სადაც არ არსებობს თავისუფლების დაცვისა და უზრუნველყოფის კანონები, ადგილი აქვს მათ დარღვევას. სადაც კანონი და კანონის შემქმნელები არ უჭერენ მხარს თავისუფლებას, მის არსებობასაც საფრთხე ემუქრება.

მინდა კანონსა და თავისუფლების მიმართებას შორის არსებულ დავაზე მაგალითის საფუძველზე ვისაუბრო.

თავისუფლების კანონის მიერ შეზღუდვა არ შეზღუდვის საკითხთან მიმართებით მინდა განვიხილო პორნოგრაფიაზე ცენზურის დადებასთან დაკავშირებული საკითხი. ხომ არ გვიზღუდავს ჩვენ კანონი ამ შემთხვევაში თავისუფლებას? იქნება კი სწორი ხელისუფლების მიერ მოქალაქეებისთვის პორნოგრაფიის გამოქვეყნება, ნახვის ლეგიტიმური აკრძალვა თუ იქნება ეს თავისუფლების გაუმართლებელი დარღვევა და შეზღუდვა.

თავდაპირველად განვმარტოთ რა შეიძლება ჩაითვალოს პორნოგრაფიად. მარტივი განმარტება პორნოგრაფიის, იქნება ნებისმიერი მასალა ( სურათი, სიტყვა, ხმის ჩანაწერი ), რომელიც გამოხატულია სექსუალურად. ,,სექსუალური თვალსაზრისი’’ ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი ინდექსური ტერმინი, რომელიც გამოარჩევს სხვადასხვა მახასიათებლებს იმის მიხედვით, თუ რა ეფექტი აქვს მას საზოგადოებაზე ან არღვევს თუ არა გარკვეულ ტაბუებს სხვადასხვა კონტექსტსა თუ კულტურაში. ზოგიერთ კულტურაში შეიძლება სექსუალურად გამოიხატოს ქალის ტერფის ჩვენებაც.  ზოგიერთ დასავლურ კულტურაში შეიძლება შიშველი მკერდის ჩვენება ჩაითვალოს სექსუალურ გამოხატულებად. მაგრამ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში სექსუალური შინაარსის მასალად ჩაითვალოს ანატომიის სახელმძღვანელოები? მათზე გამოსახულია სასქესო ორგანოები, მაგრამ იშვიათად განიხილება, როგორც პორნოგრაფია. შესაბამისად მასალის პორნოგრაფიად ჩასათვლელად   ხსენებული განმარტება საკმარისი არ არის. მაშინ შეიძლება პორნოგრაფიის განმარტება ასე ჩამოვაყალიბოთ, პორნოგრაფია არის სექსუალური შინაარსის მასალა, რომელიც ძირითადად შექმნილია მაყურებელში სექსუალური აღგზნების გამოსაწვევად.

რა არგუმენტები შეიძლება დავასახელოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ლეგიტიმურად შეზღუდული გავხადოთ პორნოგრაფიის გავრცელება, ნახვა, ასევე რა არგუმენტებით შეგვიძლია დავიცვათ პორნოგრაფია ცენზურის ზომების გატარებისაგან.

ერთი მხრივ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პორნოგრაფია ეწინააღმდეგება მორალურ და რელიგიურ ფასეულობებს და უნდა აიკრძალოს, რადგან მისი სექსუალური შინაარსი არის მორალურად დამანგრეველი. რომ პორნოგრაფიის სექსუალური შინაარსი შეურაცხყოფს იმ მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც იცავენ რელიგიურ ფასეულობებს. რომ პორნოგრაფია ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას იწვევს საზოგადოების ზნეობრივი სტრუქტურისა, ამით კი საფრთხეს უქმნის ტრადიციული ოჯახისა და რელიგიურ ინსტიტუტებს, რაც მორალურად არასწორია. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხელი შეუშალოს მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებას. ამიტომ  სახელმწიფო უფლებამოსილია ხელი შეუშალოს გონებრივად კომპეტენტური ადამიანების თავისუფლებას, მათი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი სიკეთისათვის. ამრიგად ასეთი მოსაზრებით სახელმწიფოსთვის სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა მოზრდილთათვის აეკრძალა პორნოგრაფიის გამოქვეყნება ნახვა, რათა დაეცვა მთლიანად საზოგადოების მორალური ჯანმრთელობა.

განსხვავებული მოსაზრებით ნაწილი საზოგადოებისა უარყოფს ზემოთ ხსენებულს. ამასთან ბევრი აღიარებს, რომ პორნოგრაფია, რომლის ძირითადი ფუნქცია სექსუალური აღშფოთების გამოწვევაა მაყურებელში არის ,,დაბალი ღირებულების’’ მატარებელი. ამასთანავე საზოგადოების ამ ნაწილის აზრით მნიშვნელოვანია მოზრდილებს არ აეკრძალოთ საკუთარი ნების გამოხატვა. მორალურ უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს უფლება გამოიყენონ კანონი უმცირესობათა განსხვავებული მოსაზრებების ჩასახშობად. შესაბამისად ერთადერთი საფუძველი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ლეგიტიმურად სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვისათვის, არის სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება. ამრიგად, ცენზურისა და სახელმწიფო რეგულირების სხვა ფორმებზე დებატის დროს, უდა იყოს ნაჩვენები, რომ პრობლემატური საკითხი პირდაპირ იწვევს სხვაზე ძალადობას. ასე, რომ შესაძლებელია პორნოგრაფიის უფლების (ზრდასრული ადამიანებს არ აეკრძალოთ პორნოგრაფიის გადაღება, გამოქვეყნება, მოხმარება) დაცვაც.

პირველ რიგში, ეს უფლება შეგვიძლია დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საფუძველზე. რომელიც იცავს ინდივიდების თავისუფლებას გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. ამგვარი გადმოსახედიდან პორნოგრაფიის ცენზურის გამართლება მოითხოვს, რომ არსებობდეს განსაკუთრებით დიდი ზიანი, რომელსაც ის აყენებს საზოგადოებას.   ,,პორნოგრაფიის უფლება’’ შეიძლება დავიცვათ პირადი ცხოვრების უფლების საფუძველზეც, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები ფლობენ საკუთარ შეხედულებებს, თავისუფალნი არიან სახელმწიფოს და სხვა პირების მიერ იძულებითი ზეწოლისა ან ჩარევის საფრთხისგან. სიტყვის თავისუფლების უფლების მსგავსად, პირადი ცხოვრების დაცვა  არ არის აბსოლუტური. მისი უგულებელყოფა შეიძლება, თუ კერძო პირების საქმიანობა ისეთია, რომ სხვებს მნიშვნელოვანი ზიანს აყენებს. ამრიგად, თუ არსებობს  მტკიცებულებები, რომ პორნოგრაფიის ნებაყოფლობითი პირადი მოხმარება  დიდ ზიანს აყენებს სხვებს და სახელმწიფო აკრძალვები მისი თავიდან აცილების ერთადერთი ეფექტური გზაა - სახელმწიფოს აკრძალვის კანონიერი ინტერესი ექნება. მაგრამ არც პორნოგრაფიული მოსაზრებების გამოხატვა და არც პორნოგრაფიის პირადი მოხმარება  მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს სხვებს, ამრიგად, პორნოგრაფიის გამოქვეყნება და ნებაყოფლობითი პირადი მოხმარება სახელმწიფოს საქმე არ არის.

ჩვენ განვიხილეთ  როდისაა საზოგადოების ნაწილის აზრით დასაშვები კანონმა შეზღუდოს თავისუფლება. ასევე მეორე გადმოსახედიდან, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების შესახებ უფლებებმა, რომლის დარღვევაც კანონშივეა გაწერილი დაუშვებლად, დაიცვა თავისუფალი ნება. შესაბამისად ვთვლი, რომ მოსაზრება რომლის თანახმადაც კანონი მუდმივად ზღუდავს თავისუფლებას არასწორია და როგორც ბლოგის დასაწყისში აღვნიშნე თავისუფლება დაცულია სწორედ კანონის მეშვეობით.

 

 

 

გიორგი ლომიძე

არსებობს თუ არა იერარქია ბუნებით უფლებებს შორის

16.04.2021

საზოგადოებრივი ერთეულების ჩამოყალიბებასთან ერთად, დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო რაიმე ისეთის შექმნა, რაც მათ მისცემდა უსაფრთხოების გარანტიას. ამის შედეგად, ნელ-ნელა დაიწყო კანონების შემუშავება, რის საფუძველზეც პარალელურად ჩამოყალიბდა სახელწმიფოებრივი წარმონაქმნები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონებმა და სახელმწიფოებმა თითქმის ერთდროულად, პარალელურად იწყეს ფორმირება. თითქოს ყველელაფერი მარტივადაა, ადამიანები შეთანხმდნენ, რომ დათმობდნენ საკუთარი თავისუფლების ნაწილს, რათა შესძლებოდათ საზოგადოების წევრობა. მოდით, განვმარტოთ თუ რას ნიშნავს თავისუფლების ნაწილის დათმობა? როგორც ვიცით, სრული თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს ჰქონდეს ნებისმიერი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული თავისთავად მოიაზრებს იმის შესაძლებლობასაც, რომ მან მოკლას თუნდაც მეორე ადამიანი, მაგრამ თუ მას სურს იყოს საზოგადოების წევრი, იგი ვალდებულია ხელი აიღოს თავისუფლების ამ ნაწილზე, რომელიც მოიაზრებს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლებას და ასე თავისუფალი მოქმედების ბევრ სხვა შესაძლებლობაზეც თქვას უარი, სამაგიეროდ მასაც ექნება იგივე გარანტიები და მიეცემა უფრო მეტი შესაძლებლობა საერთო შრომით საზოგადოებამ შექმნას იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ამას ცალკე აღებული პირი შესძლებდა.

თითქოს გავიგეთ რა ფუნქციას ასრულებს კანონი - რომ ის ხელს უწყობს საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა არსებობს კანონის ინტერპრეტაციის სხვადასხვანაირი ვერსიები, თუ რომელი უფლებების დაცვას ემსახურებიან ისინი. ჩვენს შემთხვევაში განვიხილავთ ფრედერიკ ბასტიას შეხედულებას იმის თაობაზე, თუ რა არის კანონი. მისი აზრით, ადამიანებს გააჩნიათ ღმერთის მიერ ბოძებული სამი ძირითადი, ფუნდამენტური უფლება, ესენია სიცოცხლის უფლება, პიროვნების თავისუფლების უფლება (რაშიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ თავისუფალი განვითარების უფლება დღევანდელი გადმოსახედიდან) და საკუთრების უფლება. მისი აზრით, სწორედ ზემოთჩამოთვლილი უფლებები, რომლებსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნებითი უფლებები, ბასტიას გადმოსახედიდან, მოიცავენ სიცოცხლეს და შესაბამისად აღნიშნული სამი უფლების დაცვა კანონების გზით არის ფუნდამენტური, რადგან მისი აზრით, თითოეული მათგანის არსებობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დანარჩენები უფლებების არსებობაზე და ბასტიას შეხედულებითვე თითოეული მათგანი არის ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელი. თითქოს ყველაფერი ნათელია, რომ თუ დავიცავთ ადამიანის სიცოცხლეს, მისი თავისუფალი განვითარების უფლებასა და საკუთრებას, წესით ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს. მაგრამ, აქ ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, კი მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული დილემის შემთხვევაში სასწორის ერთ პინაზე სიცოცხლის უფლება აღმოჩნდება, ხოლო მეორეზე - საკუთრების უფლება ან თავისუფალი განვითარების უფლება? სწორედ აქ ჩნდება დილება და ფრედერიკ ბასტიას შეხედულებები ერთგვარად ჩიხში შედის.

ავიღოთ ასეთი შემთხვევა, რომ პიროვნებას შეეზღუდოს სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო მიმართვისას, რათა არ წარმოიქმნას სხვა პირთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის შელახვის საშიშროება. ამ შემთხვევაში ერთი მხრივ ვერევით პიროვნების თავისუფლებაში, რათა მან არ გამოიყენოს აგრესსისაკენ მოწოდებები, ხოლო მერე მხრივ ამით ვიცავთ სხვა ადამიანთა სიცოცხლეს. თუ ჩვენ ვენდობით ბასტიას შეხედულებებს, მაშინ ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს ლაპარაკის უფლება, თუნდაც არა მთლიანად, მაგრამ მეორეს მხრივ გვეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, რასაც ვერ შევძლებთ თუ კონკრეტულ შემთხვევებში არ შევზღუდავთ აგრესიისაკენ მოწოდებებს. ამ დროს კი იგივე ავტორი გვეუბნება, რომ ორივე უფლება არის თანაბარმნიშვნელოვანიო (თავისუფლებისაც და სიცოცხლისაც), რა შემთხვევაშიც ჩვენ ვერ ვცემთ პასუხს კითხვაზე, როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში. შესაბამისად, სადავოა, რამდენად სწორად ჩამოაყალიბა უფლებების კანონით დაცვის პრინციპები და იერარქია ფრედერიკ ბასტიამ ან რამდენად შესაძლებელია მათი თანასწორობა. ჩნდება კითხვა, იქნებ ამ პრიორიტეტებს შორისაც არის რაიმე სახის იერარქია და რომელი მათგანის ღირებულება უნდა მივიჩნიოთ უპირატესად და უზრუნველვყოთ მისი პრიორიტეტულად დაცვა კანონის მიერ?

ვფიქრობ, რომ ზემოაღნიშნული მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად, უნდა განვსაზღვროთ რომელი ბუნებითი უფლება უფრო პრიეორიტეტულია, რათა გადავჭრათ აღნიშნული დილემა. სავარაუდოა, რომ ასეთი უფლება სიცოცხლის უფლებაა, რადგან თუ პირველ ადგილზე დავაყენებთ ვთქვათ საკუთრების უფლებას ან პიროვნების თავისუფალი ქცევის უფლებას, რის საფუძველზეც, თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავს შემთხვევებში, შევზღუდავთ სიცოცხლის უფლებას, ცხადი გახდება, რომ ეს ორი უკანასკნელი უფლება აზრს დაკარგავს, რადგან თუ არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს არ იარსებებს მისი საკუთრების უფლება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასტიას შეხედულებები ბუნებითი უფლებების თანასწორობის თაობაზე მცდარია.

მარიამ ბერძენაშვილი

წესების დარღვევა ისჯება კეთილდღეობით

14.04.2021

საზოგადოების შექმნისთანავე მასში იწყება დაუსრულებელი პროცესი წესებისა და კანონების ფორმირებისა. ადამიანებს შორის თანაცხოვრობა გულისხმობს წესრიგსა და ორგანიზებულობას, რომელიც სწორედ წესებისა და სოციალური ნორმების მეშვეობით ხორციელდება. ერთი შეხედვით ობიექტურ ჭეშმარიტებას კონსეკვენციალისტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ამბობს რომ წესების დარღვევა საჭიროა.

კონსეკვენციალიზმი არის თეორია შეფასების შესახებ, რომელიც ორიენტირებულია საბოლოო შედეგზე. ამ თეორიის მიხედვით, გამართლებულია ნებისმიერი საშუალება (ისინიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით საზოგადოებისთვის ამორალურად ითვლება) თუკი საბოლოოდ მიიღწევა ბედნიერება/კეთილდღეობა, რადგან ერთადერთი ღირებულება ბედნიერებაა.

მაგალითების საფუძველზე განვიხილოთ კონსეკვენციალისტური წესების უარყოფის მიზეზები. სტუარტ ჰემპშირი ვიეტნამის ომის შესახებ წერდა, რომ უტილიტარული მორალის ზოგადად მიღებამ ხელი შეუწყო სოციალურ პროგრესს, თუმცა ის გახდა დაბრკოლება. ხალხის ხოცვა-ჟლეტამ და ომებმა დროის დიდ მონაკვეთზე გაამართლა სარგებელი კაცობრიობისთვის, თუმცა დამყარდა თუარა საბოლოო სიკეთე? კონსეკვენციალიზმში 1 ადამიანის სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც 10-ის. უტილიტარიზმისგან განსხვავებით, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს ის 1 და ეს იქნება საბოლოო შედეგი, რომლისკენაც იღწვის. ომის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, მარტივად გავიაზრებთ თუ რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა, თუკი ეს ომი საერთოდ არ მოხდებოდა. საკითხავია, რა იგულისხმება „კაცობრიობის სარგებელში“ და რატომ გადაწონა მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ვიეტნამის ომის პერიოდში ადამიანებს, რომ დაეწყოთ ინდივიდუალურად აზროვნება, დაფიქრებულიყვნენ თუ რა შედეგებამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი, ისინი აუცილებლად მივიდოდნენ დასკვნამდე, რომ დაერღვიათ წესები. გენერალი არავინაა, თუკი ომში არ არის ჯარისკაცი, რომელიც იბრძოლებს. ჯარისკაცების მიერ წესების დარღვევა გამოიღებდა სასიკეთო შედეგს და კონსეკვენციალიზმის პრინციპებს დაიცავდა. იმის დასასაბუთებლად, რომ ეს შედეგი მიღწევადია მახსენდება პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ „Christmas truce”. საპირისპირო ბანაკებმა დაყარეს იარაღი და იგრძნეს ბედნიერება.  ამ ყველაფერზე კანტი ალბათ იტყოდა, რომ გონების კერძო გამოყენება ამგვარი საქმეებისთვის მართებული არ იქნებოდა. ყველა ჯარისკაცს რომ ფიქრი დაეწყო ვინღა იომებდა?!  სწორედ ესაა აქ მთავარი, რომ თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს განსჯა იმისა თუ რა შედეგს მოიტანს მისი გადაწყვეტილება და კანტის საპირისპიროდ  ჯარისკაცს მოვალეობის შესრულებისასაც მოეთხოვება ფიქრი.

ისევ იმავე სფეროში რომ გავაგრძელო საუბარი, ომში არსებობს მომენტები, როდესაც არ იქნება ის ვინც გასცემს ბრძანებას. სიტუაციის შუაგულში მოხვედრილს კი უნდა შეგეძლოს როგორც წესების მიყოლა, ისე მისი დარღვევა. ვთქვათ ვარ ისეთი რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც ეკრძალება კაცის მკვლელობა და მაინც წავედი ომში ჯარისკაცად, იმ მიზნით რომ დავეხმარო რაც შეიძლება მეტ დაჭრილს. ამით მე ვარღვევ ყველა იმ წესს, რომლის დაცვაც მომეთხოვება, თუმცა ჩემმა ქმედებამ შეიძლება გადაარჩინოს მრავალი ადამიანი. მორალური ვალდებულებები ხშირად ეწინააღმდეგება შემუშავებულ წესებს და მათზე მორალი იმარჯვებს.

დავფიქრდეთ, დღეს არ იქნებოდა არაფერი თუკი ვიღაც არ გადაწყვეტდა, რომ წესები დაერღვია. ისინი მუდმივად იცვლება და მოდიფიცირდება დროის მსვლელობასთან ერთად, იმ ადამიანების მიერ ვინც არღვევს წესებს. განვიხილოთ შავკანიანი ხალხის მაგალითი. ისინი იყვნენ ე.წ „დაბალი ფენა“, რომელთაც ტრამვაიში დაჯდომის უფლებაც კი არ ჰქონდათ თეთრკანიანებთან ერთად. წესების არ დამორჩილება იწვევს პროგრესს, რომელსაც მოაქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, თანასწორობა.

 

 

 

გვერდები

 

ბლოგის ავტორები