ENG GEO

Search form

გიორგი ვეკუა

რას წარმოადგენს “ჭუჭყიანი ხელის პრობლემა“ ?

13.04.2021

არსებობს მრავალი განმარტება იმისა, თუ რას შეიძლება ეწოდოს „ბინძური/ჭუჭყიანი ხელის პრობლემა “(Dirty Hand Problem) .მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი არის აზრი , რომ საჯარო მორალი  უტილიტარული  ან კონსეკვენციალისტურია საკუთარი ბუნებით. ამ აზრის რაციონალურობა, ალბათ, პირველ რიგში მაგალითების განხილვითაა უპრიანი. თუ კონკრეტულ შემთხვევებს განვიხილავთ, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ საჯარო თანამდებობის პირი შესაძლოა იძულებული იყოს საკუთარი თანამდებობრიობრვი მოვალეობის შესრულების ხარჯზე ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მიუღებელია ისეთი მორალური კატეგორიებისათვის, რომლებიც ადამიანთა ყველა ფენასა თუ წრეზე და ზოგადად ადამიანზე ვრცელდება. ადამიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ არსებობს უნაკალური მორალური კატეგორიები, რომლებიც ყველა ადამიანზე ვრცელდებ , ყველა დროსა თუ სიტუაციაში, ე. წ. "ჭუჭყიანი ხელის პრობლემ" კი იმას გულისხმობს , რომ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანი უარს ამბობს, ასეთი ზოგადი მორალური  ქმედების შესრულებაზე, მისი აზრით, სწორი და გამართლებული თანამდებობრივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ხშირად კონკრეტული საჯარო მოხელეები საკუთარი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ორგანიზაციის ან ინსტიტუციის ინტერესებიდან გამოდიან და უმთავრეს მნიშვნელობას სწორედ იმას ანიჭებენ, თუ რა ქმედება იქნება ამ გარემოსათვის (Political Community) კონკრეტულ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება. მაიკლ უოლცერი წერს, რომ მმართველი პირი ხშირად ისეთი პოლიტიკურ-მორალური დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რომლის დროსაც მას ყოველი გადაწყვეტილება ამორალური ეჩვენება. ამ დროს ის აირჩევს ისეთს, რომელიც მის პოლიტიკურ ინტერესებს ნაკლებ ზარალს უქადის.ნუტალიტარისტული თვალსაზრისით შეიძლება ეს ნაბიჯი გამართლებული იყოს, მაგრამ ის შეიძლება ადამიანს შინაგანად მიუღებელი ქმედების განცდას უტოვებდეს (Walzer 1973: 161).

ცნობილი სოციოლოგი მაქს ვებერი წერს , რომ პოლიტიკოსის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება პროპორციულობის, ზომიერების აღქმაა. მისი აზრი, პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილებებით დილემებს შორის ლავირება და იმის დადგენა შორდება თუ არა მისი გადაწყვეტილება მისსავე ფასეულობათა სისტემას. ვებერი წერს, რომ ამ უნარს  ადამიანური თვისებები სიმშვიდე და გაწონასწრებულობა უდევს საფუძვლად. თუმცა, ამავდროულად, ხასიათის სიმტკიცე და უშიშარი ბუნებაც საკუთარ როლს თამაშობს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილების ცივი გონებით განსჯა, ანუ გრძნობებისგან დისტანცირება და შემდეგ პრაგმატული ანალიზი. მაგრამ რაოდენ რთულია ერთ ადამიანში გრძნობათა და ცივი გონების გადაწყვეტილების ბალანსი?! სულის და გონების კარნახის დაბალანსება კარგი პოლიტიკოსისათვის გადამწყვეტი მნიშნვნელობის ფაქტორია, ვინაიდან, ვებერის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება თავში ხდება და არა სულსა თუ გულში.

„ჭუჭყიანი ხელის პრობლემის" ასე დანახვა, ჯერალდ გაუსის თქმით  ეწინაარმდეგება და უარყოფს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება ერთადერთია და მისგან განსხვავებული ქმედება ყოველთვის უარესია , უარესი შედეგის მომტანია და მორალზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ შეიძლება მცდარი იყოს , მიუხედავად გარე ფაქტორებისა (Gaus 2003: 173).  კონსეკვენციალისტური თვალთახედვით სწორი, მომგებიანი, ეკონომიკურად ან პოლიტიკურად მიზანშეწონილი  და მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება ერთმანეთს გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია ემიჯნებოდეს.

 გიორგი ვეკუა

 

თეონა ბრეგვაძე

The Good VS The Right

13.04.2021

იტყოდით ტყუილს ვინმეს შესაძლო ზიანისგან დასაცავად? ან მოიპარავდით საჭმელს ოჯახის გამოსაკვებად? მსგავს ეთიკურ დილემებზე ზოგიერთ ფილოსოფიას ცალსახა პასუხი აქვს. ერთ-ერთი ასეთია კონსეკვენციალიზმი, რომელიც გადაწყვეტილებათა ავკარგიანობას მისი შედეგების მიხედვით აფასებს. მაგალითად, თუ გაქვთ არჩევანი ორ შესაძლო ქმედებას შორის კონსეკვენციალიზმი გეტყვით, რომ სწორი ისაა, რომელიც უკეთეს შედეგს მოიტანს. თუმცა, რას ნიშნავს „უკეთესი“ და საერთოდ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ისეთი ბუნდოვანი ცნებები როგორიცაა „უფრო კარგი“, „ნაკლებად კარგი“ და ა.შ.

„უკეთესისა“ და „უარესის“ განსაზღვრება შეიძლება ბევრი მიმართულებით განვითარდეს. ერთ-ერთი ასეთი განვითარების შედეგად მივიღეთ უტილიტარიზმი, რომელიც გვეუბნება, რომ უკეთესია ის, რასაც უფრო მეტი სარგებელი მოაქვს უმრავლესობისთვის. სწორედ ამას ამბობს ბენთემის „უდიდესი ბედნიერების პრინციპი“, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ რამდენადმე უპირისპირდება ჯონ სტუარტ მილის იდეები, მთავარი საკითხი ორივეგან პრობლემად რჩება. კერძოდ, რატომ უნდა განვსაზღვროთ ქმედების სისწორე, მისი მორალურობა და ეთიკურობა, მისი ავკარგიანობა, ამ ქმედების შედეგის მიხედვით და არა მოტივით, ან საკუთრივ ქმედებით?

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ შედეგების უპირატესად მიჩნევით, უტილიტარიზმი, გარკვეულწილად, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ჯონ სტუარტ მილისთვის უტილიტარიზმის ამოსავალი წერტილი ბედნიერების მაქსიმიზაციაა. ბედნიერებას კი ის განსაზღვრავს, როგორც სიამოვნებას და ტკივილის არარსებობას. თუმცა, აქ უნდა განვასხვავოთ ორი რამ: ტკივილი, რომელიც რაიმე ქმედების შედეგია და ასეთ შემთხვევაში, მილი გვეტყვის, რომ ეს ქმედება ცუდია, რადგან ტკივილი ცუდია. მაგრამ, ჩემი აზრით, ტკივილი თავისთავად, ასე ცალსახად ცუდი, ზიანის მომტანი რამ არ არის. პირიქით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ტკივილს დადებითი შედეგებიც ახლავს. ხშირად, მხოლოდ ტკივილს შეუძლია თვალები აგვიხილოს, რაღაცების სწორად გააზრებაში დაგვეხმაროს და მეტიც, გაგვაძლიეროს. უტილიტარიზმის მიხედვითაც კი, თუ რაღაცის შედეგად უფრო ძლიერები გავხდებით, ე.ი. ეს რაღაც კარგი ყოფილა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, ტკივილი კარგი ყოფილა, რასაც მილი ასე უარყოფდა.

მაშ, თუ ასეთი რამ შესაძლებელია, რატომ არ შეგვიძლია პირიქითაც დავუშვათ, რომ რაიმე გადაწყვეტილება ან ქმედება, რომელსაც შეიძლება „სარგებლიანი“, კარგი შედეგი ახლდეს, თავად არასწორი იყოს? ამისთვის ჯერ საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ „კარგი“ და „სწორი“. უტილიტარისტების შეხედულების მიხედვით, ეთიკურად და მორალურად სწორი არის ის, რასაც დადებითი ეფექტი - მაქსიმალური ბედნიერება მოსდევს. ისინი გვეტყვიან, რომ ქურდობა, ზოგადად, ცუდია, იმიტომ, რომ ამის შედეგად, ადამიანები საკუთრებას კარგავენ, საკუთარ უსაფრთხოებაზე ნერვიულობენ, ეშინიათ. ერთ სიტყვით, სიამოვნების სრულიად საპირისპირო რამეს იღებენ. მაგრამ, ქურდობა, როგორც აქტი ან განზრახვა, თავისთავად ცუდი არ არის, რაც ჩემი აზრით, არასწორია, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება მას, ქურდობა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება სამართლიანობას (სწორედ ამიტომ არსებობს შესაბამისი სასჯელი, როგორც ქურდობისთვის ან მკვლელობისთვის, ასევე, თითოეულის მცდელობისთვის). გარდა ამისა, არ არსებობს ისე განხორციელებული ქურდობა ან ქურდობის მცდელობა, რომელიც ვინმეს მაინც არ მოუტანს ზიანს. ამასთან, ყველა ადამიანმა, რომ ჩაიდინოს იგი პირადი სიამოვნების სახელით, საბოლოო ჯამში, დაზარალებული მეტი აღმოჩნდება, ვიდრე მოგებული. შესამისად, ეს ქმედება „უდიდესი ბედნიერების პრინციპის“ საპირისპირო შედეგს მოიტანს, რაც უტილიტარიზმის მიხედვით, არასასურველია. ამიტომ, ჩემი აზრით, ქმედება, რომელსაც სასარგებლო შედეგი მოაქვს შენთვის, ან თუნდაც ნახევარი მსოფლიოსთვის, მაგრამ თავისთავად არასწორია, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად დამაზიანებელი იქნება. შესაბამისად, ქმედების სისწორეს ვერ განვსაზღვრავთ იმით, რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში რა შედეგი მოჰყვება მას. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია განზრახვა. ეს უკანასკნელი უტილიტარიზმისთვის ბედნიერების მაქსიმიზაციაა და ვფიქრობ, სწორედ ამ მოტივით ჩადენილი ქურდობაა არა მარტო არასწორი, არამედ ცუდიც.

 შედეგების უპირატესად აღიარების მთავარი ნაკლი ის არის, რომ არ ითვალისწინებს უმნიშვნელოვანესს - ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სხვადასხვა ადამიანის სიამოვნების წყაროებიც სხვადასხვაა. შესაბამისად, რაღაც ქმედება, რომელსაც მე ჩავიდენ იმ მოტივით, რომ მან ბედნიერება უნდა მომიტანოს, სხვისთვის შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს. სხვა სიტყვებით, მე განვახორციელე ქმედება, რომელმაც კარგი შედეგი მოიტანა (ანუ სიამოვნება მომანიჭა) და, ამავდროულად, ცუდი შედეგიც მოჰყვა - სხვა დააზარალა. გამოდის რომ, ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იმავე ადამიანის მიერ ჩადენილი, ერთსა და იმავე დროს კარგიც არის და ცუდიც. ეს კი არ შეიძლება სწორი იყოს.

გარდა ამისა, „კარგი“ შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებათა სისწორის შეფასება უგულებელყოფს გარემოებათა არსებობასაც. წინამდებარე არგუმენტი რომ მოვიშველიოთ, სხვა ჩემნაირი და ჩემგან განსხვავებული ადამიანების არსებობა სამყაროში, რომლებიც ისევე იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც მე, ჩემთვის გარემოებებს, ჩემგან დამოუკიდებელ ფაქტორებს წარმოადგენენ. ამიტომაც, როდესაც რაიმე საქციელს ჩავდივარ, რომელმაც სიამოვნება უნდა მომიტანოს და ეს საქციელი სხვას აზარალებს, რომელსაც ასევე, საკუთარი ბედნიერების მაქსიმიზაცია სურს, დაპირისპირება და ერთ-ერთის მარცხი გარდაუვალია. ჩემი აზრით კი, არ შეიძლება სწორ საქციელად ჩაითვალოს ქმედება, რომელსაც თუ ყველა ახორციელებს, ცუდი შედეგები მოჰყვება და დამაზიანებელია.

მაშ ასე, ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების, სამყაროში არსებული რელატიურობის, ადამიანთა მრავალფეროვნების და ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი გავლენების გამო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერი „კარგი“ ქმედება, რომლის სიკარგესაც მის მიერ შედეგად მოტანილი „ბედნიერება“ განსაზღვრავს, არ შეიძლება ჩაითვალოს „სწორ“ ქმედებად და, რა თქმა უნდა, პირიქით.

 

თათია ფშავლიშვილი

თუ გაქვს შესაძლებლობა მოკლა ტერორისტი, მაგრამ არ იღებ ამ გადაწყვეტილებას, ხარ თუ არა მორალურად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ამ ტერორისტის შემდგომ ქმედებებს შეეწირნენ?

13.04.2021

ადამიანები ვემორჩილებით გარკვეულ შინაგან წესებს, რომლების მიხედვითაც განვსაზღვრავთ ჩვენს ქმედებებს, თუ როგორ მოვიქცეთ გარკვეულ სიტუაციებში- რა არის სწორი და რა არასწორი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ობიექტური შეჭმარიტების ცნება დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს- აღარ არსებობს კონკრეტული წესები, რომლებსაც ვალდებულნი ვართ მივყვეთ. შედეგად, ჩვენ, მოაზროვნე რაციონალურ არსებებს, მთელი ცხოვრება პირისპირ გვიწევს ყოფნა გადაწყვეტილებების მიღებისა და შედეგის პასუხისმგებლობასთან. და მაინც, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებით უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, როგორ უნდა განვაზღვროთ სწორი და არასწორი.

კანტიანური მორალი, როგორც მოგეხსენებათ, დაფუძნებულია კონკრეტულ წესებსა და კანონებზე. არ არსებობს არანაირი მიზეზი, გამონაკლისი, რომლებიც ამ წესების დარღვევის უფლებას მოგვცემდა. მაგალითად, განვიხილავ ბეტმენისა და ჯოკერის სიტუაციას. ამ შემთხვევაში ბეტმენი შეგვიძლია ჩავთვალოთ წმინდა კანტიანელად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკერი საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა, ბეტმენი არ ღალატობს მორალურ პრინციპებს და მართალია არაერთხელ მიეცემა შანსი მოკლას ჯოკერი და გადაარჩინოს მრავალი ადამიანის სიცოცხლე, მაინც არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან არსებობს საზღვრები, რომლებსაც მას მორალი უწესებს და რომლის გადაკვეთის უფლებასაც, კანტის მიხედვით, არანაირი გამონაკლისი არ იძლევა. ბეტმენმა იცოდა, როგორ მოიქცეოდა ჯოკერი მომავალში- შეიწირავდა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ მაინც არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. მთავარი კითხვაც სწორედ აქ ისმის. ეკისრება თუ არა ბეტმენს ამ ადამიანების სიკვდილში მორალური პასუხისმგებლობა, მას ხომ, ფაქტობრივად, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა მათი სიცოცხლის გადარჩენის ჯოკერის შეჩერებით.

იმის მაგივრად, რომ ვფოკუსირდეთ გადაწყვეტილების მოტივზე, იქნებ ჯობს მეტი ყურადღება დავუთმოთ მის შედეგებს? მორალური თეორია, რომელიც სწორედ შედეგზე ფოკუსირდება, გახლავთ უტილიტარიანიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, უტილიატიანიზმის მიხევით კარგი შედეგი=კარგ გადაწყვეტილებას. და მაინც, რა არის დადებითი შედეგი?

თანამედროვე უტილიტარიანიზმის ორ ძირითად წარმომადგენლად ითვლებიან ბრიტანელი ფილოსოფოსები ჯერემი ბენტამი და ჯონ სტუარტ მილი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ  ეპიკურე, რომელიც მათი იდეების წინაპრად შეგვიძლია ჩავთვალოთ. წინათქმული მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ მოქმედება უნდა განისაზღვრებოდეს იმ სიამოვნებისა თუ ბედნიერების მიხედვით, რომელსაც მისი შედეგი გამოიღებს, რადგან, მათი აზრით, ყველა ადამიანის მიზანი, საბოლოო ჯამში, სწორედ ბედნიერების მიღწევაა. აქვე აუცილებელია გავმიჯნოთ უტილიტარიანიზმი ეგოიზმისგან.  ეგოიზმის მიხედვით ადამიანი ფოკუსირებულია მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებაზე, ხოლო უტილიტარიანიზმი სახალხო კეთილდღეობაზე. ჩვენ გადაწყვეტილებებს უნდა მოჰქონდეთ მაქსიმალური სიკეთე, მაქსიმალური ადამიანისთვის- სწორედ ეს გახლავთ უტილიტარიანიზმის უმთავრესი პრინციპი. ეს კი შეიძლება გარკვეული პიროვნებებისთვის გულისხმობდეს არასასურველი გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი სიამოვნების მსხვერპლად შეწირვასაც კი. ხშირ შემთხვევაში არჩევანისგან თავისფლები არ ვართ.

რეალურად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც არ ვმოქმედებთ. მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში ბეტმენი იქცევა და არ კლავს ჯოკერს. ჩვენ ვირჩევთ, რომ არ მოვკლათ ტერორისტი, ესეიგი ვირჩევთ არ ვიმოქმედოთ, ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას. არ გვაქვს შესაძლებლობა, დავრჩეთ ნეიტრალურები- გადაწყვეტილების არ მიღებაც გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კანტიანური მორალი არ ამართლებს რიგ შემთხვევებში. საზოგადო სიკეთისთვის, უტილიტარიანიზმის თანახმად, ადამიანს ეკისრება გარვეული ვალდებულება ‘გაისვაროს ხელები’ და იმოქმედოს საზოგადოების სარგებელის მაქსიმალიზაციისთვის, ამ მაგალითის შემთხვევაში კი ერთი დამნაშავის სიკვდილი მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.

იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ, შესაძლოა უნდა ვფიქრობდეთ რა რჩევას მივცემდი უცხო ადამიანებს, რომლებიც ემოციურად შორს დგანან ჩვენგან, ხოლო მიზნად მათი უმრავლესობის კეთილდღეობა მივიჩნიოთ. შესაძლოა ეს ერთადერთი გამოსავალი იყოს ნათელი განსჯისთვის, რადგან ემოციები ხშირად ხელს გვიშლიან მივიღოთ ‘სწორი’ გადაწყვეტილებები.  საკუთარ ცხოვრებაში დამკვირვებლის როლის მორგება, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი გზაა ადეკვატურ გადაწყვეტილებებამამდე.

მარია ენუქიძე

უდიდესი ბედნიერების პრინციპი

13.04.2021

ადამიანთა ქცევებსა და პოზიციებს ამა თუ იმ საკითხების შესახებ, როგორც წესი, საფუძვლად უდევს სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მას შემდეგ, რაც ინდივიდი გადაარჩევს და გადაახარისხებს ამ ცნებათა განსაზღვრებებს საკუთარ თავში, ყოველი მისი ქმედება, თუ შეხედულება უკვე ამ მოცემულობას ეყრდნობა. არჩევანის გაკეთებაში ადამიანებს ეხმარება მორალი - ერთგვარი გზამკვლევი, შეფასების კრიტერიუმი და ნორმა. თუ დაკისრებულ მორალურ პასუხისმგებლობას პირნათლად აღვასრულებთ, ეს სწორად ჩაითვლება, მაგრამ მორალურად აკრძალული საქციელი საზოგადოებისთვის უკვე მცდარი და მიუღებელია. პრობლემა, რაც ამ დისკუსიისას იჩენს თავს ისაა, რომ მორალური თეორიები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, როგორც ჩარჩოს, რამდენიმე სახის არსებობს, მაგალითად: მორალური სუბიექტივიზმი, ეთიკური ეგოიზმი, და ა.შ. თითოეული სხვადასხვა პასუხს გვათავაზობს შეკითხვაზე, მაგრამ ამჯერად განვიხილოთ ეს საკითხი კონსეკვენციალიზმის პერსპექტივიდან, რაც გულისხმობს სწორისა და არასწორის გამიჯვნას იქიდან გამომდინარე, თუ როგორია ქმედების შედეგი.  მაგალითისთვის, თუ მოვიტყუებით, მაგრამ ეს ტყუილი ჩვენთვის სასარგებლო შედეგს გამოიღებს, ტყუილს არასწორ ქმედებას ვერ ვუწოდებთ. შედეგებით დეტერმინირებული ღირებულებების შესახებ ჯონ სტიუარტ მილმა ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომ ყოველი არსება მიილტვის ტკივილის შემცირებისა და სიამოვნების მაქსიმიზირებისკენ. იოზებ ბატლერის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ‘’ბედნიერებისა და უბედურების შესახებ იდეები ჩვენთვის ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანია’’და მაშასადამე, ‘’ინტერესი, ერთი ინდივიდის ბედნიერება, აშკარა ვალდებულებაა’’, ანუ, ადამიანის უმთავრესი საზრუნავი ამ ქვეყნად ბედნიერების უზრუნველყოფაა, რასაც მივყავართ კონსეკვენციალიზმის ერთ-ერთ ძირითად ფორმამდე: ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპამდე’’. ამ პრინციპის უპირატესობა ისაა, რომ ისინიც კი, ვისაც არ სწამთ კანტისეული ‘’კატეგორიული იმპერატივის’’ და წინასწარ განსაზღვრული მორალური კომპასის, ვერ უარყოფენ, რომ თითოეული ჩვენგანის საბოლოო მიზანი მაინც ბედნიერებაა და ყველა დასკვნის სათავე ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპამდე’’ დაიყვანება.

ამგვარი მოსაზრების სათავეები შეგვიძლია ჯერ კიდევ ელინიზმის პერიოდში ვეძებოთ, როდესაც ფილოსოფიის მთავარი ამოცანა იყო სწავლება იმისა, რა უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა, რომ აირიდოს უბედურება და გახდეს ბედნიერი. იმდროინდელი ფილოსოფიური სკოლებიდან  ჰედონიზმსა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა-საშუალებების შესახებ მოძღვრებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეპიკურეიზმი. ის, უპირველესად, გვასწავლიდა ტკივილისა და ტანჯვის მინიმუმამდე დაყვანას და ყოველი ქმედება, მაგალითად, შიშებისგან გათავისუფლება, მიმართული უნდა ყოფილიყო ტკბობისა და ბედნიერების გაზრდისკენ. ეს ხაზი გააგრძელა ჯერემი ბენტამმაც, რომელმაც წინა პლანზე წამოწია და საზომ სტანდარტად აქცია უდიდესი ბედნიერების საკითხი, თავის აქსიომაში მან ეს ასე ჩამოაყალიბა: ‘’რაც შეიძლება მეტი ბედნიერება, მეტი ადამიანისთვის’’.

ამგვარი ფილოსოფიური მიდგომა ეფექტურია ზოგიერთი საკამათო დილემის გადასაჭრელად, მაგალითად ავიღოთ ევთანაზიის თემა. ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელსაც სამედიცინო სფეროში მიმართავენ მაშინ, როდესაც პაციენტი უკურნებელი სენითაა დაავადებული და ტკივილისგან გასათავისუფლებლად ერთადერთი გზა სიკვდილია. ევთანაზიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათი ნაწილი რელიგიურ არგუმენტს უპირისპირებს, ზოგი მას მკვლელობად და ამორალურ, გაუმართლებელ ქმედებად მიიჩნევს, მაგრამ კონსეკვენციალიზმის თვალსაზრისით, სანამ დასკვნას გამოვიტანდეთ, დავაკვირდეთ ევთანაზიის შედეგს. წარმოიდგინეთ პაციენტები, რომელთა დიაგნოზი შეუქცევადია, დარჩენილი სიცოცხლე მათ უნდა გაატარონ საწოლს მიჯაჭვულებმა და ელოდონ ნელ და მტანჯველ სიკვდილს. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ადამიანი უდიდეს ტკივილს განიცდის, ილახება ასევე მისი ღირსებაც, იგი შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ტვირთად აწვება გარშემომყოფებს. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტს ორივე ალტერნატივა კარგად აქვს გააზრებული და ფიქრობს, რომ ნებაყოფლობით სიცოცხლის შეწყვეტა მას უფრო მეტ ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოუტანს, ვიდრე ასეთ პირობებში არსებობის გაგრძელება, ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპის’’ თანახმად, ევთანაზია სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ასევე გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბედნიერებაში იგულისხმება მთლიანი ბედნიერება და არა მხოლოდ ერთი ადამიანისა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პაციენტის ახლობლებისთვისაც ევთანაზია შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე საყვარელი ადამიანის ხანგრძლივი ტანჯვის ყურება.

მაშასადამე, ჩვენ ვისაუბრეთ კონსეკვენციალიზმის არსსა და მის ერთ-ერთ ძირითად ფორმაზე, განვიხილეთ ‘’უდიდესი ბედნიერების პრინციპის’’ პრაქტიკული გამოყენება ევთანაზიის მაგალითით, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ მიდგომის შინაარსობრივ მხარეს, რომ თუკი ქმედება ამცირებს ტკივილს საერთო ჯამში და ზრდის ბედნიერებას/სიამოვნებას, ის გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. 

ევა გრიგალაშვილი

კონსეკვენციალიზმი და საზოგადოებრივი მორალი

13.04.2021

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ეთიკური, მორალური ან, თუნდაც, ამის სრულიად საპირისპირო ქცევა. ამ თემაზე არაერთი ფილოსოფია არსებობს, რომლებიც შეიძლება სრულიადაც ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი თეორიაა კონსეკვენციალიზმი, რომელიც არის შეხედულება შეფასების შესახებ და განიხილება მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად უწყობს ხელს ღირებულებას. ვფიქრობ, კონსეკვენციალიზმის განხილვისას ძალიან საინტერესოა გავეცნოთ მის მიერ შეფასებულ მორალურობას - მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი არ მოაქვს. მისთვის ორი რაიმე ალტერნატიული ქმედებიდან მორალურად უფრო გამართლებულია ის, რომელსაც მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. მსგავსი შეხედულება შესაძლოა ეწინააღმედგებოდეს საზოგადოებაში ღრმად ჩაბეჭდილ მორალს, კანონებსა და ეთიკას.

სარგებელი ზედმეტად ინდივიდუალი ცნებაა, სწორედ ამიტომ რთულია რაიმე საქციელი სრულიად დადებითად ან სრულიად უარყოფითად შეაფასოს ადამიანმა. ამის დასადასტურებლად არსებობს ცნობილი მორალური დილემები, რომლებიც ადამიანისთვის გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. მაგალითად, ძალიან საინტერესოა მატარებლის დილემა და მისი ვარიაციები. მოცემულობა შემდეგნაირია: მატარებელი რელსებზე მთელი სიჩქარით მოდის, თქვენ შეგიძლიათ მისი მიმართულების შეცვლა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მსხვერპლი გარდაუვალია. პირველი მიმართულებით მატარებლის წასვლის შედეგად ერთი, თქვენთვის უცხო ადამიანი დაიღუპება, ხოლო მეორე მიმართულებით - ხუთი, ასევე თქვენთვის უცნობი ადამიანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან სხვა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ჩვეულებრივ პირობებში, ალბათ, ხუთი ადამიანის გადარჩენას გადაწყვეტდით, თუმცა მოცემულობის ოდნავი ცვლილება სრულიად ცვლის გადაწყვეტილებას. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი, მარტო მდგომი ადამიანი არა უცხო, არამედ ნაცნობი, მეგობარი ან, თუნდაც, ოჯახის წევრი იქნებოდა? ვფიქრობ, სიტუაცია სრულიად შეიცვლებოდა და იმაზე უფრო მეტად რთული გახდებოდა, ვიდრე მანამდე იყო. იმ ერთი ადამიანის გადარჩენა თქვენთვის სარგებლის მომტანი იქნება, რადგან სიკვდილისგან იხსნით ახლობელს, რასაც იგივეს ვერ ვიტყვით დაღუპული ხუთი ადამიანის ოჯახებზე. სწორედ  ამიტომ, ძალიან რთულია გადაჭრით ვთქვათ რაიმე ქმედებას სარგებელი მოაქვს თუ არა. შეიძლება ერთი და იგივე საქციელი კონკრეტული ადამიანისთვის სასარგებლო იყოს, ხოლო სხვისთვის - არა. ზემოთ ხსენებული დილემის განსხვავებული ვარიაციაც არსებობს. მაგალითად, თქვენ დგახართ მატარებლის ლიანდაგის ზემოთ, ხიდზე. ხედავთ, რომ ხუთი ადამიანს ეჯახება მატარებელი, ხიდიდან ერთ ადამიანს თუ გადააგდებთ, მატარებელი მას დაეჯახება და ის ხუთი ადამიანი გადარჩება. მათემატიკურად ეს ორი დილემა ერთმანეთის მსგავსია - ერთი ადამიანის სიცოცხლე ხუთის სანაცვლოდ, თუმცა მეორე ვარიანტზე დადებითი პასუხი ბევრად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებმა გასცეს. 

კონსეკვენციალიზმის თეორიის მიხედვით მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა ეს მიდგომა მორალურად და ეთიკურად შესაძლოა საზოგადოებისთვის სრულიად გაუმართლებელი იყოს. ეთიკა უნდა გავიგოთ, როგორც წმინდა ადამიანური მოვლენა, როგორც ადამიანების საჭიროებების, ინტერესებისა და დამსახურებების პროდუქტი. მსგავსი მიდგომა სწორედ თომას ჰობსმა ჩამოაყალიბა. მისი აზრით, ეთიკის გაგება შეიძლება წმინდა ადამიანური თვალსაზრისით. ჰობსი აყალიბებს საკუთარ თეორიას, რომელიც კონსეკვენციალიზმისგან განსხვავდება. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ შეუძლებელია რომელიმე საქციელი იყოს სარგებლიანი ან უსარგებლო, შეუძლებელია ადამიანმა მოძებნოს ყველასთვის კარგი ან ყველასთვის ცუდი გადაწყვეტილება. ჰობსიც სწორედ ამგვარ მსჯელობას გაყვა და მისი აზრით, “კარგი” და “ცუდი” მხოლოდ სახელებია, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები ვუწოდებთ საგნებს, ჩვენი შეხედულებების მიხედვით. ჰობსის მოსაზრებით, ყველა ადამიანი ერთმანეთს ჰგავს იმ მხრივ, რომ რომ თითოეული ცდილობს ცხოვრება გახადოს მისთვის უკეთესი. რა თქმა უნდა, უკეთესია ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელშიც ურთიერთთანამშრომლობაა. ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები თანხმდებიან ქცევის გარკვეულ წესებზე. სწორედ ესაა “სოციალური ხელშეკრულება”, რომელიც არის ზნეობის საფუძველი. ადამიანები თანხმდებიან გარკვეულ წესებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაცვით თავადვე მიიღონ სარგებელი. ვფიქრობ, ეს საქციელი ძალიან ჰგავს კონსეკვენციალიზმის მიერ მორალურობის შეფასებას. 

საბოლოოდ, ადამიანები თუ მივყვებით გარკვეულ წესებს, შეთანხმებებსა და მოცემულ კანონებს, მათი შესრულება ჩვენთვის გარკვეული სარგებლის მომტანი იქნება. ვფიქრობ, აუცილებელია ეთიკაზე ზრუნვაც, რადგან შევძლოთ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, საიდანაც მივიღებთ უფრო მეტ სარგებელს, ვიდრე მარტო ცხოვრების დროს შევძლებდით, რომ მიგვეღო.

 

რევაზ ხულუზაური

The Euthyphro Dilemma and Divine Command Theory

11.04.2021

ევთიფროს დილემა გვხვდება პლატონის დიალოგში „ევთიფრო“, რომელშიც სოკრატე ეკითხება ევთიფროს: „ღვთისმოსავი ღმერთებს იმიტომ უყვართ, რომ ის ღვთისმოსავია, თუ იმიტომაა ღვთისმოსავი რომ ღმერთები უყვარს“ მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად გამოიყენებოდა ძველ ბერძნებში, დილემას გავლენა მაინც აქვს თანამედროვე მონოთეისტურ რელიგიებზე. მიუხედავად იმისა, რომ თეისტები ამ დილემას „ყალბად“ თვლიან ეს დილემა მაინც ხდება თეოლოგიური და ფილოსოფიური განხილვების ობიექტი.

რელიგიური ადამიანის პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ უნდა ვიპაროთ, პასუხი არის ის, რომ ღმერთი გვიკრძალავს. ასევე თუ ვიკითხავთ რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მეზობელი, ახლობელი და თუ რატომ უნდა გავიღოთ ფული ქველმოქმედებაში ამის პასუხადაც გაისმის იგივე - „იმიტომ რომ ღემრთი გვიბრძანებს“.

ეუთიფროს დილემა პირველად წამოიჭრა პლატონის „ევთიფროში“. დილემა მდგომარეოს შემდეგში: ღმერთი უბრძნებს რაიმე სწორს ადამიანებს, რაც რეალურად სწორია, თუ სწორია რადგან ღემრთი ბრძანებს ამას. თუ ღმერთი ბრძანებს რაიმეს, რადგან ეს სწორია, მაშინ ღმერთის ბრძანებები ვერ გახდის რაიმეს სწორად, რაც ობიექტურ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს და მისი ბრძანებები მხოლოდ გვეუვნება იმას, თუ რა არის სწორი.

ღმერთი არ განსაზღვრავს კანონებს და წესებს, ის უბრალოდ გვიკითხავს ამ წესებს ჩვენ. ღმერთს არ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რომლებიც მისი კონტროლის ფარგლებს გარეთაა, რადგან მას არ შეუქმნია და ღმერთი არ არის საჭირო მორალურობისთვის. მორალურობა იარსებებს თუ ღმერთი არ იარსებებს და თუ ღმერთი შეწყვეტს არსებობას მორალი მაინც განაგრძობს არსებობას. არის კიდევ რაღაც ამის გარდა, რაც ღმერთს არ შეუქმნია რაც არის მორალი. თუ მორალის კანონები გვკარნახობს რომ ღმერთმა უნდა იმოქმედოს გარკვეულწილად ეს ღმერთს უძლურს გახდის. ასე რომ, ღმერთის ყოვლისშემძლეობა არის შეზღუდული და არ ჩანს საჭიროდ ჩვენი ცხოვრებისთვის, რადგან მორალი არსებობს ღმერთის გარეშეც.

მეორე დილემა შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცები არის კარგი რადგან ღმერთი ამბობს ამას, ეს მორალს ხდის ფარდობითს.

ამასთანავე, თუ დილემის მეორე მხარეს მივემხრობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ რაღაც რასაც ღმერთი ამბობს არის სწორი, იმ არგუმენტით რომ ღმერთი ამბობს, მაშინ ნებისმიერი შემდეგი: მაგალითად, ბავშვების დახოცვა და ტაძრებისთვის ცეცხლის მოკიდება შეიძლება მორალურად გამართლებულად ჩავთვალოთ, მაგრამ თუ ამას მორალური თეორია იტყოდა მაშინ ეს იქნებოდა მცდარი და არამორალური. თეორეტიკოსების უმრავლესობა უარყოფს პირველ ნაწილს და მხარს უჭერს მეორეს, რომელიც ამბობს, რომ ღმერთის ბრძანება ხდის ყველაფერს მართალს, მაგრამ ისინი ამ შემთხვევაშიც დგებიან, რაც ხდება იმის მიზეზი, რომ ამ თეორიაზეც ბევრმა, მათ შორის თომას აკვინელმაც უარი განაცხადეს ღვთიური ბრძანების თეორიაზე.

საინტერესოა თავად აკვინელისთვის რა როლი აქვს ღმერთს, როცა საქმე ეხება ზნეობას. თომას აკვინელის აზრით, ღმერთის ბრძანებები არსებობს იმისთვის, რომ დაგვეხმარონ გავიგოთ რა არის სწორი და რა არასწორი და არა ის, რომ დავადგინოთ თუ რა არსი სწორი და რა არასწორი. აქვინელი ირჩევს ევთიფროს დილემის პირველ ვარიანტს.

ანა ჯოხაძე

Ავეროესიდან აქვინელამდე - მუსლიმური და ქრისტიანული სქოლასტიკა

10.04.2021

Უძველესი დროიდან, საზოგადოების შექმნასთან ერთად ყალიბდება ბუნებითი სამართლის პრინციპები, რომლის ცნებაზეც მრავალი ფილოსოფოსი საუბრობს. Გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ადამიანის ცხოვრების თანამდევია, შეიძლება ითქვას, რომ მან რელიგიების განვითარებაზე მნიშვნელოვანი როლი იქონია. Თუმცა მრწამსის მიხედვით, ბუნებითი სამართალი ქრისტიანობაში და ისლამში შესაძლოა განსხვავებულად განიმარტოს.

Ბუნებითი სამართლის განმარტებას ვხვდებით, როგორც ღმერთის მიერ დადგენილი წესების განსახიერებას საზოგადოებაში. Როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბუნებითი სამართალი ანტიკური პერიოდიდან იწყებს არსებობას, მისი განვითარების შემდგომი ეტაპი კი ამ უკანასკნელის შუა საუკუნეების ქრისტიანულ იდეოლოგიაში დამკვიდრებაა. Სწორედ ამ დროის გამოჩენილ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოს თომა აქვინელს მიუძღვის უმნიშვნელოვანესი როლი ტრადიციული ბუნებითი სამართლის ფორმულირებაში, რითაც მან ქრისტიანული ჭეშმარიტება არისტოტელესეული მეთოდით განამტკიცა. აქვინელმა ჩამოაყალიბა მორალური თეორია და გამოყო ოთხგვარი კანონი- მუდმივი, ბუნებითი, ადამიანური და ღვთაებრივი. Ფილოსოფოსი ბუნებით კანონებს სწორედ მუდმივის გამოხატულებად თვლის ყველა ცოცხალს არსებაში. Მუდმივი კი თავად ღვთაებრივი გონია, რომელიც მართავს სამყაროს და გამოხატულებას პოულობს ბუნებრივ მოვლენებში, წესრიგში. Ხოლო Მასზე აგებული ბუნებითი კანონები საფუძვლად უდევს ადამიანთა მიერ შექმნილ კანონებს. Თომა აქვინელის მოძღვრებაში უპირველესი როლი, რა თქმა უნდა, რწმენას უკავია და უდავოა, რომ მისი მიხედვით გონება რწმენას უნდა ემორჩილებოდეს. Შესაბამისად, ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ღვთისნება და გონი- რაც რწმენისა და გონების ჰარმონიულ თანხვედრას განაპირობებს.

Მიუხედავად იმისა, რომ ისლამი ქრისტიანობასთან შედარებით ახალგაზრდა რელიგიაა, არაბულმა სქოლასტიკამ ქრონოლოგიურად წინ გაუსწრო ევროპულს. Სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ არაბულ-ბერძნული ფილოსოფიაა რგოლი, რომლის საშუალებითაც ევროპული ფილოსოფიის სქოლასტიკა განვითარდა. Ამ ფაქტს კიდევ ერთხელ ადასტურებს ის, რომ იბნ რუშდის (ავეროესი) იდეებმა და მისეულმა არისტოტელეს ინტერპრეტაციამ მოახდინა გავლენა თომა აქვინელზე. Ავეროესი, რომელიც არაბულენოვანი პერიპატიზმის წარმოამადგენელია, გარკვეულწილად უარყოფს ბუნების ღვთაებრივი შემქნის იდეას არაფრისგან, Მისი სწავლების თანახმად ღმერთი ბუნებასთან “თანაავტორია”. აღსანიშნავია, რომ ისლამური ბუნებითი სამართლის თანახმად, ადამიანმა უნდა განასხვაოს კეთილი ბოროტისაგან, რომლის ცოდნაც მათ თანდაყოლილად, დაბადებიდან გააჩნიათ. Შესაბამისად, ბოროტებაა მკვლელობა, ძარცვა, სიძვა... Აღნიშნული “უკანონობები” “შარიათშია” მოცემული, ისევე როგორც ქრისტიანთათვის “ათ მცნებაშია” ჩამოყალიბებული ადამიანთა მარადიული “წესები”. Მნიშვნელოვან სიკეთედ მიმაჩნია ის, რომ ორივე რელიგიის შემთხვევაში, ბუნებითი სამართლის ნორმები განმტკიცებული და აღიარებულია- “შაირათისა” და “ათი მცნების” სახით. Ვფიქრობ, რომ აღნიშნული მეტად წარმოაჩენბს მათ მნიშვნელობას.

Შეიძლება ითქვას, რომ ისლამური და ქრისტიანული ბუნებითი სამართალის კონცეფცია გარკვეულწილად მსგავსია. აქვინელის მიხედვით, ბუნებითი სამართლის სიკეთეებია სიცოცხლე, რელიგია, გამრავლება, ისევე როგორც ისლამური სქოლასტიკის. Თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ორივე მხარე სხვადასხვა სიკეთეებს ამატებს, მაგალითად, ქრსიტიანობა თავმდაბლობას, დანაშაულისგან თავის არიდებას, ხოლო ისლამი ინტელექტსა და საკუთრება/მემკვიდრეობას. Აგრეთვე განსხვავებად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ ქრისტიანული ბუნებითი სამართლის მიხედვით კარგია, როდესაც ადამიანები სრულყოფისკენ მიისწრაფვიან, ხოლო ისლამური სქოლასტიკა დადებითობას სათნოებებში ხედავს, რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება (მასში შესაძლოა მოიაზრებოდეს ჩემს მიერ ზემოთაღნიშნული სიკეთეები).

Ჩემი მსჯელობიდან გამოდმინარე, მიმაჩნია, რომ ბუნებითი სამართლის იდეასთან დაკავშირებით ორივე რელიგიის იდეები მსგავსია, თუმცა, არსებობს განსხვავებები, რომელსაც სწორედ მრწამსის სხვაობა განაპირობებს. Მიუხედავად ამისა, არსებობს უნივერსალური სიკეთეები, რომელიც ყველა რელიგისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ვფიქრობ, ამგვარი მარადიული ფასეულობების კონცეფცია ანტიკური ფილოსოფიიდან გვხვდება და შემდგომ კონკრეტიზაციას ჰპოვებს როგორც ისლამში, ასევე ქრსიტიანობაში.

ანი ქოჩლაძე

Positive injunction as a psychological strategy in natural law

10.04.2021

იმისათვის, რომ სწორად იქნას გააზრებული ის საკითხები, რაც ამ ბლოგში იქნება განხილული, აუცილებელია, განვმარტოთ ბუნებითი სამართლის ცნება. თომას აკვინელი გახლავთ ერთ-ერთი იმ ფილოსოფოსთაგანი, რომელიც საუბრობს ბუნებით სამართალზე და გვიზიარებს ამ თეორიის მისეულ გაგებას. უფრო კონკრეტულად, მისი აზრით,  ბუნებითი სამართალი ეს არის თეორია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს, რომ   ღმერთმა  სამყარო შექმნა  ბუნებითი კანონების მიხედვით. ეს კანონები არის წინასწარ პროგნოზირებადი და მიზანზე ორიენტირებული, რაც წარმოადგენს მთავარ საფუძველს, რომლის შედეგადაც  სიცოცხლე არის მდგრადი და ფუნქციონირებს შეუფერხებლად. როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, მთავარი როლი ბუნებითი სამართლის არსებობაში ღმერთს უჭირავს და მან მის მიერ შექმნილ თითოეულ ქმნილებას ჩაუნერგა ინტუიციური სურვილი იმისა, რაც მათთვისვე არის საუკეთესო.  ის ყველაფერი, რისი ძიებისთვისაც შეიქმნა ნებისმიერი ცოცხალი არსება ცნობილია სახელით - The basic goods.

The basic goods არის ის 7 რამ, რაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს სურს. პირველი არის სიცოცხლე და მასთან დაკავშირებული თვით გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ადამიანებსა და ღმერთის სხვა ქმნილებებს თანდაყოლილი აქვთ, რაც გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაში გამოიხატება. სიცოცხლის მნიშვნელობას უფრო და უფრო ამტკიცებს ის ფაქტი, რომ შემდეგ ყველასთვის სასურველ/საჭირო პროცესს წარმოადგენს რეპროდუქცია, რაც ისევ და ისევ ახალი სიცოცხლის შექმნას გულისხმობს. ამისგან განსხვავებით, თომას აკვინელი გამოყოფს შთამომავლებისათვის განათლების მიცემას, მათ აღზრდას და მათთვის ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაზიარებას. ეს ეხებათ როგორც ინდივიდებს, ისე ცხოველებსაც, რომლებმაც თავიანთ ნაშიერებს უნდა ასწავლონ თავდაცვა, ნადირობა და სხვა. ალბათ, ყველასგან გასაკვირად, ღმეთის ძიება ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე აკვინელის 7 Basic goods-ს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ყველაფრის საწყისი და მისი როლი ბუნებით სამართალში მთავარია. შემდეგი ეხმიანება ადამიანების, როგორც სოციალური ცხოველის იდეას და ამბობს, რომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის საზოგადოებაში/სხვებთან ერთად ცხოვრებისაკენ. საბოლოოდ, აკვინელი ამ სიას ასრულებს ძალადობისა და იგნორირებისგან  თავის არიდებაზე საუბრით.

თუმცა მთავარია ის, თუ როგორ ხდება ბუნებითი სამართლის ამ 7 Basic goods-ის წარმოჩენა საზოგადოებისათვის. ერთი შეხედვით ის საკმაოდ მარტივ “მითითებებს” იძლევა, თუმცა თუ სიღრმისეულად დავუფიქრდებით ამ მიდგომას, მივხვდებით, რომ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური სტრატეგიაა, რომელიც დღესაც საკმაოდ კარგად მოქმედებს ადამიანებზე. 

ამის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ სიცოცხლე. ბუნებით სამართალის “სლოგანი”, სიცოცხლეზე საუბრისას არ არის ისეთი ხისტი და მკაცრი, როგორიცაა ფრაზა “არ მოკლა !”. ამგვარი ამკრძალავი ხასიათის გამონათქვამები, ხშირად ადამიანებში პროტესტის გრძნობას იწვევს, რაც ხელს უშლის ამ მესიჯის დადებითი კონტექსტით გავრცელებას. ამიტომაც, ბუნებითი სამართალი, ცდილობს საზოგადოებამდე მსგავსი გზავნილი პოზიტიური აკრძალვის მეშვეობით მიიტანოს და მიუთითოს მას სიცოცხლის ხელშეწყობისკენ/წახალისებისკენ. ასეთივე მიდგომაა მაგალითად რეპროდუქციასთან დაკავშირებით: ბუნებითი სამართალი ამბობს, რომ  ხელი უნდა შევუწყოთ ახლის წარმოშობას და არ მიგვითითებს მკაცრად იმისკენ, რომ არ უნდა შევუშალოთ ხელი/დავაბრკოლოთ რეპროდუქცია.  ამდაგვარი მიდგომა საზოგადოებისგან უფრო მეტ მხარდამჭერს ითვალისწინებს, რადგან  ადამიანებისათვის და ალბათ ახლა მკითხველისთვისაც, ზემოხსენებული მითითებები, უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე ამკრძალავი, მკაცრი ფრაზები, რომელებიც რეალურად იდენტურ შინაარს ატარებს.

შესაბამისად, Basic Goods არის ის საწყისი წერტილი, რომლისგანაც წარმოიშობა და აქტიურდება ბუნებითი სამართლის თეორია. ის ქმნის ისეთ მიდგომებს, რომელიც სოციუმში აჩენს სურვილს მუდმივად მიისწრაფვოდნენ ამ 7 მნიშვნელოვანი “პრინციპისაკენ”, რომლებიც როგორც ზემოთ ვახსენე ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ ისინი მისი ქმნილებებისთვისვე არის საუკეთესო. თუმცა, მთავარი რაც თომას აკვინელის მიდგომიდან ნათლად ჩანს არის ის, რომ ნებისმიერ აკრძალვას შეგვიძლია მივცეთ იმგვარი ფორმულირება, რომელიც საზოგადოებაში არა პროტესტს და უარყოფას, არამედ მათ მხარდაჭერას და გაზიარებას გამოიწვევს და სწორედ ასე მუშაობს ბუნებითი სამართლის თეორიაც. 

 

მარიამ ზაუტაშვილი

Homo novus –Divine mind

10.04.2021

“The chief and ultimate law is the mind of god compelling or forbidding all things by reason”.

მარკუს ტულიოს ციცერონის სახელი მჭერმეტყველებასა და ნოვაციასთან ასოცირდება. ძველი რომაელი საზოგადოებისთვის უცხო იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ციცერონი თავის ნაშრომებში გადმოსცემდა. მისი მტკიცებით, სამართალი ბუნების მიერ დადგენილ უცვლელ ზნეობასა და კანონს ემყარება. მოაზროვნის ბუნებით- სამართლებრივი მოძღვრება განიცდიდა პლატონის, არისტოტელესა და ზოგიერთი სტოელის გავლენას. ეს გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა სამართლიანობის არსის დადგენისას, როდესაც ციცერონი აღნიშნავს, რომ „სამართლიანობა თითოეულს აძლევს იმას, რაც მას ეკუთვნის და ინარჩუნებს თანასწორობას ადამიანებს შორის“.
ციცერონს ეკუთვნის ნაშრომი „კანონების შესახებ“, რომელშიც იგი დიალოგის საშუალებით გვაზიარებს თავის შეხედულებას ჭეშმარიტ, ბუნებით კანონებზე. ნაშრომის მეორე წიგნში ავტორს შემოაქვს ბუნებითი სამართლის ცნება: „ჭეშმარიტი კანონი ბუნების შესაბამისი, გონიერი, მუდმივი და მყარი დებულებაა, რომელიც ვრცელდება ყველა ადამიანზე.ასეთი კანონის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა ცოდვაა. ღმერთია ამ კანონის შემოქმედი, მისი აღმსრულებელი და მოსამართლე“. დიალოგის დასაწყისში მარკუსი ძმას მიმართავს და აფრთხილებს, რომ სანამ ისინი ინდივიდუალურ კანონებს მიუახლოვდებიან, მათ უნდა იმსჯელონ ბუნებით კანონზე, რომლის შესაბამისადაც უნდა არსებობდეს ყველა სხვა ნორმა. როგორც ჩანს, ციცერონისთვის უპირობოდ ჭეშმარიტია კანონი, რომელიც ბუნებასთან ჰარმონიაშია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა დიალოგის ის ნაწილი, სადაც ავტორი ერთმანეთისგან განასხვავებს ლეგალიზმსა (ფაქტობრივ, ადამიანის მიერ დაწერილ კანონს) და ბუნებით კანონს, რომელსაც იგი მარადიულ სიბრძნეს უწოდებს. ციცერონი ამტკიცებს, რომ ბუნებით კანონს კოდიფიცირება არ სჭირდება და რომ იგი, თავისი არსით, ყველა სხვა წერილობით დოკუმენტზე მაღლა დგას. იგი ცდილობს გვიჩვენოს, რომ „კანონი ადამიანიდან არ იწყება“. სიტყვების ეს ფორმულირება უცნაურია, თუმცა ვფიქრობ, მას კონკრეტული ახსნა ნამდვილად მოეძებნება. დიალოგის ზემოთხსენებულ ნაწილში, მარკუსი ძმასთან საუბრისას გამოკვეთს, რომ უმაღლესი კანონი- ღვთიური გონებაა, რომელიც შემდგომ განსხეულდება ბრძენ ადამიანში. ადამიანი შექმნა მასზე უფრო მაღალმა ძალამ და მასში დატოვა „ნაპერწკალი“, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს და ამ კავშირის წყალობით, ადამიანის გონება ღვთიურს უნდა ემსგავსოს. გამოდის, რომ მისთვის ადამიანები უმაღლესი სიბრძნის „იარაღებს“ წარმოადგენენ, რომლებიც განაგებენ დედამიწას და ვალდებულნი არიან შესაბამისი კანონებით გაავრცელონ სიკეთე და აკრძალონ ბოროტება. მარკუსის უმცროსი ძმა, კვინტუსი, მოაზროვნის ამ იდეას პასუხობს: „ გეთანხმები, ძმაო. რაც ჭეშმარიტი და მარადიულია, ის წერილობით დოკუმენტებში არ იქმნება". "It did not begin to be a law precisely when it was written, but when it arose.“
ციცერონისთვის კანონი არაა წესდებებისა და რეგულაციების წერილობითი ნუსხა, არამედ იგი ღვთაებრივი გონისგან ბოძებული წესია, რომელიც ადამიანის გამოცდილების განუყოფელ ნაწილად იქცევა.
გამოვარჩევ დიალოგის კიდევ ერთ ნაწილს, სადაც ციცერონი წამოჭრის აზრს, რომ ქალაქი, რომელსაც კანონი არ გააჩნია, ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს. ამის საფუძველზე იგი მიდის დასკვნამდე, რომ კანონი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას- „it is necessary that law be recognized to be among the best things“. მარკუსის ამ სიტყვების საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ მისთვის კანონი სხვა ყველაფრის არსებობის საფუძველია, ქალაქის არსებობის განმაპირობებელია. მარკუსის ამ შეხედულებას, როგორც მთელი დიალოგის განმავლობაში, კვინტუსი სრულებით იზიარებს.
Საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ციცერონი სამართლის არსს ჭვრეტდა გონებაში. იგი კატეგორიულად აცხადებდა, რომ თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები ეწინააღმდეგებიან სამართლიანობას, მაშინ ისინი არ წარმოადგენენ კანონებს. Ვფიქრობ, მოცემული დიალოგის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა ის ფაქტი, რომ ციცერონი თავისი იდეებით დროს უსწრებდა. Მის ნაშრომებში გადმოცემულმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდგომ, თანამედროვე სამართლებრივი პრინციპების ჩამოყალიბებაში. გასაკვირი არაა, რომ მას სწორედ homo novus-ს, “ახალ ადამიანს” უწოდებდნენ.

შიო ბერიძე

პრაქტიკული სიბრძნე სიქველის ეთიკაში

10.04.2021

განსხვავებით სხვა ეთიკური თეორიებისა, როგორებიცაა, მაგალითად, დეონტოლოგია და კონსეკვენციალიზმი, რომლებიც მნიშვნელობას ქმედებასა და შედეგს ანიჭებს, სიქველის ეთიკა მთავარ აქცენტს ინდივიდის შინაგან ასპექტსა და ხასიათზე აკეთებს, კერძოდ, მორალურ ღირებულებებსა და სიქველეზე. იმ შემთხვევაში, თუ დეონტოლოგია ქმედებას მორალური წესების მიხედვით აფასებს, ხოლო კონსეკვენციალიზმის შემადგენელი უტილიტარიზმი შედეგის სიკეთისმომტანობაზე, სიქველის ეთიკის მიმდევარი კარგ ქმედებად სხვა ადამიანის დახმარებას, სიკეთის, გულწრფელობისა და სიქველის გამოჩენას მოიაზრებს.

სიქველის ეთიკა შედგება ორი კონცეფციისგან, კერძოდ, სიქველისა და პრაქტიკული სიბრძნისგან.

თვითონ სიქველე არის ის, რაც ადამიანს კარგი თვისებების მქონედ წარმოაჩენს. ასეთი ადამიანი მორალთან ჰარმონიაშია. სიქველის ეთიკის ღირებულებებად შეგვიძლია სხვადასხვა რამ დავასახელოთ, მაგალითად: ემპათია, სითამამე, გულუხვობა, გულწრფელობა და ა. შ.

თუმცა შესაძლებელია, რომ სწორედ აღნიშნული ღირებულებების გამალებულმა დაცვამ გამოიწვიოს არასწორი მორალური გადაწყვეტილების მიღება სიქველის ეთიკასთან მიმართებით და ადამიანმა სიქველის მაქსიმალურ პოტენციალს ვერ მიაღწიოს იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება მორალური, პრაქტიკული სიბრძნე, რომელსაც მეორენაირად მოიხსენიებენ, როგორც “phronesis”. ეს ნათლად გამოიხატება ტყუილის მაგალითზე. როგორც უკვე ვახსენეთ, დეონტოლოგია სიქველის ეთიკისგან განსხვავდება, იგი ორიენტირებულია მხოლოდ ქმედებაზე, შესაბამისად, თვითონ ტყუილს, როგორც ქმედებას, განურჩევლად მიზნისა და კონტექსტისა აღიქვამს გაუმართლებლად, ხოლო სიქველის ეთიკა, მართალია, ადამიანს, ერთი მხრივ, მოუწოდებს, რომ იყოს გულწრფელი, თუმცა ამის დაცვამ შესაძლოა ხელყოს სხვა სიქველიდან გამომდინარე ღირებულება, კერძოდ, ისეთი ტყუილის თქმისას, როდესაც მიზანი წარმოადგენს უსიამოვნო სიმართლის დამალვით სხვისი ტკივილის მიყენებისგან დაცვას. ამ შემთხვევაში სიქველის ეთიკა მიზანშეწონილად მიიჩნევს ტყუილის თქმას კეთილმოსურნეობის გათვალისწინებით, რათა აცილებული იყოს სხვა ადამიანის ემოციური გრძნობების ხელყოფა. ამის გარდა, სიქველის ეთიკის ერთ-ერთი გავრცელებული ღირებულება - სითამამე ასევე შესაძლებელია გახდეს მორალურად გაუმართლებელი შედეგის გამომწვევი მიზეზი, თუ აღნიშნული გადამეტებით იარსებებს, მაგალითად, კრიმინალური ბუნების ადამიანში, რომლისთვისაც სამომავლო დანაშაულებისთვის ხელშემწყობი თვისება გახდება იგი. სწორედ ამიტომ სიქველის ეთიკაში არსებობს პრაქტიკული სიბრძნის კონცეფცია, რომლის თანახმადაც ადამიანს ცხოვრებაში, დროის მსვლელობასთან ერთად და გამოცდილებებისა და ცოდნის დაგროვების პარალელურად უჩნდება უნარი, რომ უფრო ეფექტურად, სწორად შეაფასოს სიტუაციები და მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება მიიღოს. აქედან გამომდინარე, ბავშვი, რა თქმა უნდა, გამოცდილების ნაკლებობის გამო მოსალოდნელია, რომ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი, რომელიც პრაქტიკული სიბრძნის საშუალებით შეძლებს, ყურადღება გაამახვილოს სიტუაციის შედარებით რელევანტურ და მნიშვნელოვან დეტალებზე, გადაახარისხოს ღირებულებები და შეუსაბამოს ისინი სპეციფიკურ და ინდივიდუალურ შემთხვევებს იმდაგვარად, რომ საბოლოოდ მიიღოს მორალურად და სიქველის ეთიკურად სწორი არჩევანი.

აქედან გამომდინარე, სიქველის ეთიკა არის მთლიანად სიქველეზე დაფუძნებული ეთიკა, რომელიც ხასიათდება მაღალი მორალური სტანდარტებით. მის მიერ მოცული ისეთი ღირებულებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უვნებელი და მორალურად კარგი ხასიათის მატარებლად შეიძლება მოგვეჩვენოს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება რეალურად წარმოადგენდეს არასწორი გადაწყვეტილებისა თუ ცუდი, მოცემული ეთიკისთვის შეუსაბამო, შედეგის გამომწვევი მიზეზები, რომლის მაგალითებიც ზემოთ უკვე მოვიყვანე.

ელენე მახარაძე

ტელოსის ტელოსი - “შესაფერისი რეაგირება”

10.04.2021

კაცობრიობის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში ყველაფერი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, ამავე მცდელობით არისტოტელეც ტელეოლოგიური მოძღვრებით თანმიმდევრული მსჯელობით მიზნად ისახავს ახსნას ადამიანური ბუნების საზრისი და შესაბამსიად, ეს უკანაკსნელი დაუქვემდებაროს გარკვეულ კანონზომიერებებს, რაც ინდივიდს მორალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში და ჭეშმარიტების ზიარებაში დაეხამრება. ტელეოლოგიური მოძღვრების თანახმად, ყველა ობიექტს აქვს თავისი დანიშულება - “ტელოსი” რომლის სწორედ, მიზანმიმართულად სისრულეშიც მოყვანა განსაზღვრავს მის სიკარგეს. აქედან კი თავისთავად გამომდინარეობს ის, რომ თუ რაიმე ემსახურება საკუთარ დანიშნულებას ის შეგვიძლია მივიჩნიოთ “კარგად”. ამ კანონზომიერებას თავის მხრივ, რაციონალური ადამიანიც ექვემდებარება, რამდენადაც, მასაც გააჩნია საზრისი. სწორედ ამგვარად მჯელობისას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ  გონიერმა ადამიანმაც ამქვეყნიურ ყოფაში საკუთარი ქმედება უნდა შეუთანხმოს მორალს და ამ გზით ამოიცნოს საკუთარი "ტელოსი", რომელიც მას სრულყოფის გზაზე დააყენებს. საინტერესოა, სწორედ ინდივიდის თვითგამორკვევის გზა რას გულისხმობს, რამდენადაც არისტოტელეც არ გვთავაზობს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კოდიფიცირებულ მორალურ კოდექს ან რაიმე კონკრეტულ ფორმულირება, როგორ შეიძლება პიროვნებამ შეიცნოს საკუთარი საზრისი და შესაბამიასად, მიიღოს ეთიკური გადაწყვეტილება... 

როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, მისი პოტენციალის განსაზღვრისას აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ გონიერება, რამდენადაც სწორედ ეს ნიშან-თვისება გამოარჩევს მას გარე სამყაროსგან. თუმცა ამ მსჯელობის ფარგლებში, ერთი შეხედვით ყოველივე ეს დამაბეველადაც შეიძლება ჟღერდეს, რამდენადაც რაციონალურობა ადამიანის საზრისს მეტად კომპლექსურს ხდის. ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი განუსაზღვრელ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა ამავდროულად მკვეთრადაც ზღუდავს და მეტ საზრუნავს აძლევს, რამეთუ აკისრებს მორალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობას და რა გასაკვირია, რომ თვითშემეცნების გზაზე მდგარ ინდივიდს განსაკუთრებული გამოწვევბის წინაშე აყენებს. 

გასათვალისწინებელია, რომ რაციონალური ადამიანი მკვეთრად შეზღუდულია და მეტიც, ის, თუ როგორ გამოავლენს ინდივიდი საკუთარ პოტენციალს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, სოციუმსა და იმ ყოფაზე, რომელშიც იგი თავისდაუნებურად დაბადებიდანვე ხვდება. აქედან გამომდნარე, ინდივიდი უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკე მდგომი, არამედ როგორც საზოგადოების წევრი, სოციალური ცხოველი. სამყაროს მრავალფეროვნებისა და უნიკალურობისგან გამომდინარე კი, ცხადია, რომ ეთიკური იდეალის მიღწევაც ყველასთვის განსხვავებული გზის გავლას მოითხოვს. შესაბამისად, იმისათვის, რომ კარგი ცხოვრებით იცხოვრო ითვლება, რომ გჭირდება შესაბამისი საარსებო გარემო. ამ გარემოში რეალიზებისთვის, რომელიც აბსოლუტურად განსხვადება თითოეული ინდივიდისთვის, შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს მორალურ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომელიც ყველას მოერგება, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის, რომ “გაამართლოს” საკუთარი დანიშნულება. ამდენად, იდეოლოგია გვთავაზობს არა რაიმე ერთმნიშვნელოვან გამოსავალს, არამედ ის გადაწყვეტილების მიღებას ცალკეულ შემთხვევაში ადამიანის გონიერებას - კრიტიკულ განსჯას მიანდობს. 

მაშინ ჩნდება კითხვა, მაინც რითი უნდა იხელმძღვანელოს მაძიებელმა გონებამ, რომ ცალკეულ შემთხვევბში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. სწორედ აქ შემოდის ფუნდამენტი იმისა, თუ რასაც ეფუძნება არისტოტელეს ფილოსოფია. ამოსავალი წერტილი კი ის არის, რომ თითოეული ქმედებისას ინდივიდმა უნდა გამოიჩინოს სიქველე და სათნოება. სიქველე და სათნოება, არა როგორც ღირებულება, გრძნობა, ემოცია და სხვ. არამედ როგორც შესაბამისი რეაგირება ზემოჩამოთვლითან. ეს “მიდრეკილება” კი ყოველ ადამიანშია ბუნებრივად, განურჩევლად იმისა, თუ რა სოციუმშია. შესაბამისად, კი შეიძლება სიკარგე იყოს ფარდობითი, რამდენადაც ყველა საკუთარ პოტენციალს მხოლოდ იმის მიხედვით ავლენს თუ რა გარემოშია დააქედან გამომდინარე რეალიზდდება სხვადასხვაგვარად, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არ აბრკოლებს მას საკუთარი საზრისი ამოიცნოს, რადგან ის რითიც მან უნდა იხელმძღვანელოს, სათნოება და სიქველე აბსოლუტურია და ამდენად, ზოგადსაკაცობრიო. რაციონალური ადამიანი კი სიკეთისა და სათნოების პირობებში  მიიჩნევა, რომ შეძლებს მორალურ-ეთიკურად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უკანაკსნელი კი, რა თქმა უნდა, თავისი არსით მოიაზრებს იმას, რომ ადამიანი დაადგება სრულყოფის გზას და შესაბამისად, გამოიმუშავებს ერთგვარ “ტაკტიკას”, ჩვევას, შესაფერისი რეაგირება მოახხდინოს. ამრიგად, ტელოსი ყველა ადამიანისთვის საერთო არ არის, თითოეული ადამიანი განსხვავებული გამოწვევის წინაშე დგას, საერთოა მორალური სახელმძღვანელო, ერთგვარი კომპასი, რომელიც რაციონალური და კოგნიტური უნარების გამოყენებისას, სიქველისა და სათნოების პირობებში საკუთარ ტელოს ამოიცნობს და ამ უკანასკნელს სწორ, მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ დანიშნულებას მოუძებნის, ამ გზით კი ის სრულყოფის გზას დაადგება.

რატი აბუსერიძე

პირველადი და მეორეული მცნებები

10.04.2021

 Თომას აკვინელი არის შუა საუკუნეების ერთერთი გამოჩენილი ფილოსოფოსი და ბუნებითი სამართლის თეორიის ავტორი. Აკვინელის თქმით ყველაფერი შექმნილია ღმერთის მიერ, მათ შორიც წესრიგიც. Ღმერთმა ყველაფერი ამ ქვეყნად “დააპროგრამა” გარკვეული მიზნისკენ სწრაფვის სურვილით, რომელიც არსებობს არა მარტო ადამიანში არამედ ყველა სხვა ცოცხალ თუ არაცოცხალ ქმნილებაში. Ბუნებითი კანონების თეორიის მიხედვით არსებობს 2 სახის მცნება, პირველადი და მეორეული. Პირველადი მცნებები არის ზოგადი სახის სახელმძღვანელო პრინციპი, რომელის ყველასთვის აუცილებელი და აბსოლუტურია, მაგალითად: შეეცადეთ აკეთოთ კარგი საქმეები და აირიდოთ თავიდან ბოროტება, დავიცვათ და შევინარჩუნოთ ადამიანის სიცოცხლე, გავაჩინოთ და განათლება მივცეთ მომავალ თაობას, თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს და უნდა ვიყოთ საზოგადოების ნაწილი. Ეს არის იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომელსაც აკვინელი პირველად მცნებებს უწოდებს, რომელიც არის სხვა კანონებთან შედარებით უზენაესი და რომელსაც უნდა დაექვემდებაროს სხვა კანონები, რომელსაც აკვინელი მეორეულ მცნებებს უწოდებს. Მეორეული მცნებები შეიძლება იყოს როგორც, პირველადი მცნებებიდან გამომდინარე მორალური კანონები, როგორიცაა მაგალითად მკვლელობის აკრძალვა, რაც პირდაპირ გამომიდნარეობს პირველადი მცნებიდან, რომელიც მოგვიწოდებს სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნებისაკენ, ასევე ისეთი მოწესრიგებები, რაც უმნიშვნელოვანესია ადამიანთა ყოველდღიური თანაცხოვრებისთვის. Მაგალითისთვის ავტობანზე მანქანების მიერ მაქსიმალურად განვითარებული სიჩქარის რეგულირება და სხვა მსგავსი მოწესრიგებები, რომლებიც არ მომდინარეობს ჩვენი როგორც ინდივიდების რაციონალიდან, არამედ აწესებს სხვა ადამიანთა მიერ შექმნილი ორგანოები, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო. Აკვინელი ამბობს, რომ ადამიანი ან შესაბამისი ავტორიტეტი შეიძლება შეცდეს მეორეული მცნების სისწორეში, რაც მისი აზრით სრულიად მოსალოდნელი რამაა, შესაბამისად ყოველთვის არ არის მორალური ამ მეორეულ მცნებებს დავემორჩილოთ, კერძოდ კი იმ შემთხვევებში როდესაც ის ეწინააღმდეგება რაციონალურობას ან ეწინააღმდეგება რომელიმე პირველად მცნებას. Თუ სახელმწიფოს მოუნდება შექმნას ისეთი კანონი, რომელიც ადამიანებს კონკრეტულ ქმედებებს შეუზღუდავს რაიმე სუბიექტური მოსაზრების გამო, მაშინ ეს კანონი იქნება ირაციონალური და ადამიანს არ ექნება ვალდებულება, რომ ამ კანონს დაემორჩილოს. Ეს პრინციპი უფრო ადვილი გასაგები რომ გავხადოთ, უმჯებოსია მოვიყვანოთ რაიმე სახის მაგალითი. Თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია, რომ გამოსცეს კანონები გადაწყვეტს, რომ სათვალიანმა ხალხმა ვეღარ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ეს ბუნებითი სამართლის თეორიისთვის მიუღებელი იქნება ვინაიდან ეს განსხვავება არის ირაციონალური. Ის არ არის გამოყვანილი რაიმე ობიექტური მოცემულობიდან და არის დამყარებული თვითნებურად შექმნილ განსხვავებაზე. Აკვინელი ასეთ შეცდომას მიაწერს აშკარა სიკეთესა და რეალურ სიკეთს შორის განსხვავების კონკრეტულ შემთვევაში ვერ დანახვას. Აშკარა სიკეთე არის ცნება, როდესც რაღაც ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს მორალური და სიკეთის მომტანი, თუმცა რეალურად არ არის .  აკვინელი ფიქრობს, რომ პირველადი მცნებებისგან განსხვავებით, რომელიც არის ობიექტური მოცემულობა და ყველა ადამიანისთვის არის საერთო, მეორეული მცნებები შეიძლება კონკრეტულ საზოგადოებებზე იყოს მორგებული და შესაბამისად სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მეორეული მცნებები გვქონდეს.  Აკვინელი ამბობს, რომ ჩვენი ქმედებები არის შინაგანი შესაბამისად, მნიშვნელობას ანიჭებს განზრახვის ელემენტს. Ადამიანს ქმედებასთან ერთად ამ ქმედების განხორციელების განზრახვაც უნდა ჰქონდეს, რომ ეს ქმედება მორალურად ჩაითვალოს. Თუ მაგალითად ადამიანი მეორე ადამიანს ეხმარება ოღონდ არა იმ განზრახვით, რომ ჭეშმარიტად მისი დახმარება სურს, არამედ იმიტომ, რომ აქვს რაიმე სხვა ფარული მოტივი, რომელიც ამ ადამიანის დახმარებას არ მოიაზრებს, მაშინ ეს დახმარება სიკეთედ და შესაბამისად მორალურ საქციელად ვერ ჩაითვლება. 

       Საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით არსებობს პირვლადი ობიექტური მცნებები და მასზე დამოკიდებული მეორეული მცნებები, რომელიც პირველადისგან გამომდინარეობს და მხოლოდ მაშინ აქვს ძალა თუ რომელიმე პირველად მცნებას არ ეწინააღმდეგება.

 

ვახტანგი ფაცაცია

ბუნებითი სამართალი და ღმერთი

10.04.2021

საზოგადოების თითოეული წევრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს წესებით. მოცემული წესები არ არის აუცილებელი, რომ იყოს კოდიფიცირებული და ვინმეს მიერ დაწერილი. არც ის არის აუცილებელი, რომ ეს წესი უნივერსალური იყოს, რადგან ინდვიდები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და გვაქვს სხვადასხვა შინაარსის ღირებულება. სწორედ აქედან გამომდინარე საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი და თავდაპირველად აბსოლუტური უმრავლესობა, როდესაც ვერ ხსნიდა კონკრეტულ მოვლენებს, მას მიაწერდა გარკვეულ ზებუნებრივ ძალებს. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე შეიქმნა ღმერთის იდეა და მისი ყოვლის შემძლეობის. მოცემული იდეა კავშირშია ბუნებით სამართალთან, რადგან ბუნებითი სამართლის ფუძემდებლური პრინციპი არის ის, რომ ღმერთმა თანდაყოლილად მისცა ადამიანს უნარი გაარჩიოს კარგი და ცუდი.

მოცემული იდეა ერთი შეხედვით ძალიან კარგია და უპრობლემოა, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც საქმე საკითხის მიმართ კრიტიკულ აღქმას ეხება. ფილოსოფიის ძირითადი აზრი არის ის, რომ გაჩნდეს რაც შეიძლება ბევრი კითხვისნიშანი და ამ კითხვებზე გაეცეს ლოგიკური და თანმიმდევრული პასუხები. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ სჯერა ღმერთის. რატომ უნდა დაიჯეროს მან ის, რომ ღმერთმა განსაზღვრა თუ რა არის კარგი და მან სწორედ იმას უწოდა კარგი, რაც რეალურადაც ასეა. ადამიანისთვის, რომელსაც მსგავსი სახის რწმენა აქვს, ადვილია მისდიოს ბუნებითი სამართლის წესებს, მაგრამ რთულია, როდესაც საქმე ეხება ღმერთის არსებობაში დაეჭვებულ ადამიანს. მოცემული საკითხი არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც კონკრეტული პასუხები არ არსებობს არც ბუნებითი სამართლის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ უფრო კონკრეტული და არაბუნდოვანი ცნებების ფარგლებში უკეთესად შეიძლება აიხსნას ის, რასაც ბუნებითი სამართალი მიაწერს ზებუნებრივ ძალას. თუ ზებუნებრივმა ძალამ შექმნა ის, რაც ობიექტურად ჭეშმარიტია, თავად ამ ძალას საიდან გააჩნია ის უნარი, რომ შექმნას მსგავსი ობიექტური ჭეშმარიტებები.

მოცემული იდეოლოგიის ფარგლებში არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რასაც იგი უშუალოდ ეფუძნება. ეს პრინციპებია: 1. სიცოცხლე 2. გამრავლება 3. განათლება 4. ღმერთის ძიება 5. საზოგადოებაში ცხოვრება. მოცემული პრინციპები ერთი შეხედვით ის პრინციპებია, რომლებსაც ყველა ვთვლით, რომ უნდა იყოს ცხოვრებაში დაფუძნებული. მაგალითად, სიცოცხლის იდეიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ჩვენ ადამიანები ვგავართ ერთმანეთს და შესაბამისად სხვა ადამიანების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ სხვა ადამიანის მოკვლა აკრძალულია. Მსგავსადაა შესაძლებელი ნებისმიერი პრინციპიდან გამოვიდეთ და დავადგინოთ წესები, რომლებიც ბუნებითი სამართლის წესებადაა აღქმული. აქ ერთი პრობლემა არის ის, რომ თუ ადამიანს ღმერთის არსებობის არ წამს, შესაბამისად იგი არც ამ პრინციპებს არ იზიარებს. სწორედ მსგავს კრიტიკას ემსახურება დევიდ ჰიუმის მოსაზრება, რომ სიცოცხლისაკენ მისწრაფება შეიძლება იყოს ასევე ცუდი შედეგების გამომწვევი. მაგალითად მოკლა სხვა ადამიანი იმისათვის რომ გადაირჩინო თავი. ან თუნდაც რეპროდუქციისაკენ მისწრაფება შეიძლება ცუდ შედეგებსაც გვაძლევდეს, რადგან ადამიანები ამას იყენებენ ცუდად და ახორციელებენ სხვადასხვა ამორალურ ქმედებას, როგორიცაა სექსუალური ძალადობა.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ბუნებითი სამართლის დადებითი მხარეც, რომელიც თავისი შინაარსით ნებისმიერი სახის უმართლობას ეწინააღმდეგება. მაგალითად პრინციპი, რომ მნიშვნელოვანია განათლება უკავშირდება პროგრესს და მისი ინტერპრეტირება ვერ მოხერხდება უარყოფით კონტექსტში. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, სიცოცხლის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მივდივართ იმ წესამდე, რომ აკრძალულია ადამიანის მოკლვა. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებითი სამართალი თავისი შინაარსით გარკვეულ ობიექტურ ჭეშმარიტებებს აღწერს, მაგრამ პრობლემებს აქაც ვაწყდებით.

ზურაბ გადელია

ბუნებითი სამართალი და სიკვდილით დასჯა

10.04.2021

       ბუნებითი სამარათალი არის ძალიან  მნიშვნელოვანი სახე სამართლებრივი ფილოსოფიის.   მის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად , არისტოტელესა და პლატონთან ერთად , ითვლება შუა საუკუნეების კათოლიკე ფილოსოფოსი - თომა აკვინელი. მან განავითარა ეს მოძღვრება და განავრცო მისი არსი.  მისი აზრით რაღაც არის კარგ თუ იგი ასრულებს საკუთარ ფუნქციას.   აღნიშნულ სამართალში მორალი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.  სწორედ, ამიტომ მორალი და სამართლიანობა ამ მოძღვრებაში  თითქმის გაიგივებულია ერთმანეთთან.  თომა აკვინელის აზრით, მორალურად შეიძლება მივიჩნიოთ ის ქცევა , რაც  იცავს უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ,  რაც  იცავს ღმერთის მოძღვრებას , იცავს საზოგადოებას და საფრთხეს არ უქმნის შთამომავლობის გავრცელებას.  ასევე შეფასების კრიტერიუმად გამოდგება ქცევა , რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტებას - იქნება მორალური და სწორი.   მორალი არის მთავარი გზამკვლევი სამართლიანი და სწორი ქმედებისკენ .  სწორედ , ამიტომ ბუნებითი ქმედება იქნება მხოლოს კეთილი ქცევა და არა ბოროტი.

    ბუნებით სამართალში გვხდება ასეთი დილემა - თუ როდის არის მკვლელობა მორალურად გამართლებული  და თუ რა შემთხვევაში არის ასევე ეს ქმედება არაკეთილსინდისიერი.  ამისთვის შეგვიძლია განვიხილოთ სიკვდილით დასჯა. არის თუ არა ეს მორალური ქმედება ?

   თუ თომა აკვინელის მსჯელობას გავყვებით , მორალური ქმედება არის უდანაშაულო ადამიანის დაცვა.   რა თქმა უნდა ,  უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ამორალურობა. თუმცა , რა ხდება მაშინ თუ საზოგადოება სჯის დამნაშავე ადამიანს , რომელმაც მაგალითად მოკლა სხვა უდანაშაულო ადამიანი და ამ ქმედებით დაარღვია ბუნებითი სამართლის პრინციპი .  თუ ამ ფრაზას - უდანაშაულო ადამიანის დაცვას, გავყვებით  ლოგიკური იქნება , რომ დამნაშავე ადამიანის დაუცველობა ვერ იქნება ამორალური ქმედება.  აკვინელის ფილოსოფიით მკვლელის სიკვდილით დასჯა იქნება მორალური ქმედება , რადგან ამ ქმედებით ხდება საზოგადოების დაცვა და ბოროტებასთან ბრძოლა. ბუნებითი სამართლის ყველა შემფასებელი ინსტრუმენტით ეს ქმედება მორალურია.

  თუმცა არსებობს ამავე იდეოლოგიაში დილემა თუ მონეტას სხვა მხრიდან შევხედავთ. ადამიანის სიკვდილით დასჯა , მიუხედავად იმ ფაქტისა , რომ იგი დამნაშავეა,  არღევს აკვინელის ზოგიერთ სხვა მცნებასაც.  როგორც უკვე ვახსენეთ , ამორალურია ქმედება , რომელიც ხელს უშლის შთამომავლობის გამრავლებას და კაცობრიობის გაგრძელებას. ასევე სიკვდილით დასჯა არ ემსახურება ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას და მკვლელის მოკვლით საზოგადოება იღებს სწორედ მკვლელის სახეს. ამასთან , არსებობს აზრი  რომ ადამიანის სიკვდილით დასჯა არის ერთგვარი შურისძიება და ანგარიშსწორება პირისთვის  ჩადენილი დანაშაულის გამო. თუ ისევ შესაფასებლად თომა აკვინელის ფილოსოფიას გამოვიყენებთ , შურისძიება ვერ იქნება მორალური აქტი ვერც ერთ გარემოებაში ,  რადგან შურისძიება არის ბოროტი ქმედება და შესაბამისად იგი ვერ იქნება ბუნებრივი ქმედება.

  გარდა ამისა , არსებობს არგუმენტი იმისა , რომ სიკვდილით დასჯა არის დანაშაულის ერთგვარი შემაკავებელი ფაქტი ,  რითაც ხდება ადამიანის წინასწარი დაშინება . თუმცა აქაც თუ ჩავუღრმავდებით ,  ადამიანის , როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება,   რამდენად მორალურია  ძალიან სადავოა.

 

   იმისთვის  რომ შევაჯამოთ , შეგვიძლია ვთქვათ , რომ დასჯის სისწორეზე ან სიმცდარეზე ,  ბუნებით სამართალში არ არის პირდაპირი პასუხი.  ბუნებით სამართალში მოყვანილი დებულებებით შესაძლებელია , როგორც ერთი პოზიციის არგუმენტებით გამყარება , ასევე საპირისპირო მხარისაც. თუ მაინც გადავწყვეტთ  პასუხის ძებნას მაშინ ,   აღნიშნული დილემის მხოლოდ ბუნებითი სამართლით გადაჭრა შეუძლებელი იქნება  და ამისთვის გარდამტეხი  სუბიექტური აზრია , თუ ბუნებითი სამართლის რომელ პრინციპს მივიჩნევთ სუბიექტურად  უფრო მნიშვნელოვნად.

გვერდები

 

ბლოგის ავტორები