ENG GEO

Search form

სოფიკო ღონღაძე

დიდთოვლობა ჩრდილოეთში

03.04.2021

თოვაზე ყოველთვის ჩემი ცხოვრების ერთი დღე მახსენდება. აი, ის მე და ორი უცნაური მამაკაცი მატარებლით რომ ვმგზავრობდით. ხომ გაგიგიათ, ჩრდილოეთში დიდი თოვლი იცის და ჩვენც არ გაგვიმართლა, დიდთოვლობის გამო მატარებელს გზის გაკვლევა გაუჭირდა და გაჩერება მოგვიხდა.

კუპეში სამნი ვისხედით. ერთ-ერთ მამაკაცს ინგლისურ ყაიდაზე ეცვა, შავი მანტოს ქვეშ ქათქათა საყელო მოუჩანდა, გამართული ბრიტანული აქცენტით საუბრობდა, მეორეს კი ერთი შეხედვითვე შეამჩნევდით, წმინდა გერმანული სისხლის წარმომადგენელი გახლდათ, გერმანულ სტილზე ეცვა და საუბარზეც ეტყობოდა. ჩვეულებრივ, საყოველთაო საკითხზე მოჰყვნენ ბაასს და მეც ყურადღებით მოვუსმინე.

- წუხელ, ღამით ერთი განსაცვიფრებელი ამბავი მოხდა ჩვენს პატარა ქალაქში, - წამოიწყო ერთ-ერთმა. - ერთ მრავალშვილიან ოჯახში ყაჩაღი შეიჭრა და ოჯახის წევრების სიცოცხლის სანაცვლოდ ქონება მოითხოვა. როდესაც ვერაფერი მიიღო რა, განრისხდა და დედას დაესხა თავს, ის იყო უნდა დაერტყა, რომ ოჯახის უფროსმა თავში რკინის, ბლაგვი იარაღი ჩასცხო და ადგილზე მოკლა. როგორ ფიქრობთ, ბატონო, რა ბედი ელის ამ მამაკაცს?

- როგორ თუ რა ბედი ელის, მეგობარო?! ის ისეთივე მკვლელია, როგორც სხვა დანარჩენები, ვინც შუღლის, შურისძიების, ანგარებისა და სხვა გაუგონარი ამორალური მიზეზებით ადამიანებს კლავენ. განა, მოტივი შეცვლის რაიმეს? ისიც ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც სხვები.

- მაგრამ მან ხომ ამით ქალის სიცოცხლე იხსნა? - შეკამათება ვცადე, რაც გერმანელს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

- გინდათ თქვათ, რომ ყაჩაღის სიცოცხლეზე მეტად ქალის სიცოცხლე ფასობს?

- არა მხოლოდ ეგ, - მიუგო თეთრსაყელოიანმა, -  სასწორზე ერთ მხარეს - ყაჩაღის, ხოლო მეორე მხარეს დედის სიცოცხლე და ბავშვების მომავალია, სხვა სიტყვებით ოთხი ადამიანის კეთილდღეობა. მნიშვნელოვანი, ჩემო მეგობარო, არის შედეგი - რის ხარჯზე, რას მივაღწევთ დიდად მნიშვნელობა არც აქვს.

- თუ მრავალი ადამიანის კეთილდღეობა, ბედნიერება იქნება მიღწევადი, თქვენთვის ჩვეულებრივ მისაღები იქნება ცალკეული ადამიანების დახოცვა?

- მთავარი რაც შეიძლება მეტი ადამიანის სარგებელია..

-  თქვენი მსჯელობიდან გამოდის ისიც, რომ - გააწყვეტინა გერმალემა, - უმრავლესობისთვის სასურველი შედეგის მისაღებად მზად ხართ მკვლელობაც კი დააკანონოთ, სხვა სიტყვებით, საყოველთაო პრინციპად აქციოთ. თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია შედეგი, რომ გავიწყდებათ მოქმედება. მოქმედება კი ის არის, რომელზეც აგებულია ჩვენი სამყარო, მეგობარო!

შევამჩნიე „კეთილდღეობასა“ და „შედეგზე“ როგორ უელვარებდა თვალები ინგლისელს. აშკარად ბევრი ეფიქრა.

- თუ სიკვდილი იქცევა კანონად, რაღა მნიშვნელობა ექნება სიცოცხლეს?! თუ ტყუილი იქცევა კანონად, რაღა მნიშვნელობა ექნება სიმართლეს?! თუ კი მორალური გულგრილობა იქცევა საყოველთაო ნორმად, რაღა მნიშვნელობა ექნება გულისხმიერებას?! მაშინ ყველამ, როგორც კი განსაცდელში დაიგულებს თავს, მოიტყუოს და დახოცოს სხვები! „დაე, ყალბი პირობა დასდოს ყველამ, თუ ისეთ გაჭირვებას განიცდის, რომ სხვა გზით თავს ვერ უშველის?“ თუკი აღარავის სჯერა ამ პირობების, რა აზრი აქვს მათ მოფიქრებას? მე შესაძლოა, „ჩაუხედავი ვიყო ქვეყნის ბრუნვაში“, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება თუ შეუძლებელია იქცეს საყოველთაო პრინციპად,“მაქსიმად“, - იგი უნდა „უკუვაგდო“. არ მოვიტყუო, არ მოვკლა, არ მოვიპარო..

- მაშ, მამა შვილების დასაცავად მკვლელს სათანადოდ ვერ გაუსწორდება? - ვკითხე.

- ვერა, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, რადგან მკვლელობა საყოველთაო პრინციპად ვერ ივარგებს. - მიპასუხა.

- მაშ, მარტოდ დარჩენილი, დაუცველი ბავშვების კარს თუ მძარცველი მიადგება, ვერ მოაჩვენებენ თავს ისე, თითქოს შინ არავინ არის? - ვკითხე.

- ვერა, ჩემო მეგობარო, ეს ხომ ტყუილია? - მიპასუხა.

- მაშ, მშიერი, უსახლკარო ბავშვიც ვერ მოიპარავს პურს მდიდარი მცხობელისგან? - ვკითხე.

- ვერა, რადგან ქურდობის დაკანონება ჩვენს საზოგადობას მიწასთან გაასწორებს, - მიპასუხა.

- მესაკუთრის საკუთრების უფლება ბევრად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე ცხოველური, შიმშილის დაოკების სურვილი, ამიტომ ამ შემთხვევაში თავადაც უნდა დაგეთანხმოთ, გეთაყვა, - დაგვიდასტურა.

- როგორც ვუკვირდები, თქვენი მსჯელობა აბსოლუტურად უარყოფს აუცილებელი მოგერიების ფენომენს.

- პირიქით, ამის ვალდებულებასაც კი გაკისრებთ! 

- გაუგებარია, - დაბნეულმა მივუგე. 

ინგლისელს ჩაეცინა.

პასუხის დაბრუნება ვეღარ მოასწრო; მატარებელი თოვლიან გზას გაუყვა და მალევე ჩასვლამაც მომიწია. უცნაური მგზავრობა კი გამოგვივიდა. მას მერე აღარც შევხვედრივარ; ისე დაემთხვა,  იმავე მატარებლითაც აღარ მიმგზავრია.

და კიდევ.

ჩრდილოეთში დიდი თოვლიც აღარ მოსულა. 

 

ინსპირაცია: იმანუელ კანტი „ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება“

 

ვახტანგ ნინიკაშვილი

Alternate history, ანუ გადავარჩინოთ თუ არა ადოლფ ჰიტლერი

03.04.2021

        

       Მორალურ ფილოსოფიაში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი კონკრეტული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს უხდებათ გარკვეული სახის მორალურ დილემებთან გამკვლავება და თეორიული ჩარჩოს ცხოვრებისეულ რეალობასთან ადაპტაციის დროს საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით, ერთ შეხედვით, პრობლემური სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავლის პოვნა.(ამ შემთხვევაში ისეთ სიტყვებს, როგორიც არის ,,ოპტიმალური”, ,,კარგი” , ,,ცუდი” , ,,რაციონალური” თუ ,,ირაციონალური” განსხვავებული შინაარსის ტარება უწევთ და ამის მიზეზებზე ტექსტის შემდგომ მონაკვეთებში უფრო დეტალურად იქნება საუბარი). Სტატიის ძირითადი თემაც, როგორც სათაურიდან ჩანს ერთ-ერთ ასეთ კონტროვერსულ შემთხვევას უკავშირდება და ბრუნავს იმ მეთოდოლოგიის გარშემო, რომლის დახმარებითაც კონსეკვენტუალისტური ფილოსოფიური მიდგომა და მისი ქვე-სწავლებები ცდილობენ საკუთარი მიდგომების მიხედვით ნახსენები დილემის გადაჭრას.

      Ზოგადი თვალსაზრსით, კონსეკვენტუალისტური სკოლა იზიარებს თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქმდება უნდა იქნას შეფასებული მისი შედეგის ავკარგიანობის განსაზღვრით. Თუ კონკრეტული აქტის შემდგომ წარმოქმნილი სიკეთე წონის იმ ზარალს, რომელიც იმავე მოქმედების შედეგად წარმოიქმნა, მაშინ ნახსენები ქმედება შესაძლოა ჩაითვალოს რაციონალურად და ადამიანებსაც საკუთარი შემდგომი მოქმედების ჩარჩო ევალებათ ააგონ იმგვარად, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოტენციალში გაჩენილი სიკეთის მაქსიმალური დოზით აქტუალიზაციას.
           Ბუნებრივია, ზემოთ მოყვანილი კონსეკვენციალიზმის დახასაიტება ვერ ჩაითვლება სრულყოფილი ფორმის მატარებელ დებულებად. თავად ამ განსაზღვრებაში საკმაოდ ადვილად და შესამჩნევად ჩნდება შრეები, სადაც მორალურ ფილოსოფოსებს შეუძლიათ განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმ ტერმინების ინტერპრეტაცია, რომლებიც თეორიაში, ერთი შეხედვით, ფუნდამენტურ ხასაითს ატარებენ.
      Მაგალითისთვის, ჩნდება დისკუსია უშუალოდ სიკეთის გასნაზღვრის თაობაზე, იმის შესახებ თუ რა უნდა მიიჩნიოს ადამიანმა სიკეთედ, რამდენად დიდ როლს თამაშობს სიკეთის განსაზღვრაში სიამოვნების ხარისხი, ანუ, უფრო მარტივად, ჩნდება დისკურსი უშალოდ ადამიანის ბუნების თაობაზე, უტილიტარისტური მიდგომის მოწინააღმდეგები ხშრად აპელირებდნენ ფაქტზე, რომ სიკეთის რაობის სწორხაზოვნად სიმოვნების პრინციპით განსაზღრა ადამინს აახლოვებს ცხოველური სამაყროსთვის დამახასიათებელ არსებობის მოდელთან, მათი აზრით, ნახსენები მიდგომა საკუთარ თავში მოიაზრებს ადამინის მისწრაფებების, ღორის ან სხვა გარეული ცხოველის მისწრაფებებთან გაიგივებასთან. ამის საპირწონედ, სტუარტ მილი ასკვნის, რომ სიამოვნების ჩარჩო სულაც არ ნიშნავს პრიმიტიულ ცხოვრების წესისკენ სწრაფვას, განსხვავებით ცხოველებისგან, ადამინებს აქვთ ღირებულებების უფრო ფართო სივრცე, არ შეიძლება ადამინმა, მიუხედავად იმ რთული ან თუნდაც გაუსაძლისი გარემოსა, რომელშიც ის ხშირად ხვდება, უარი თქვას შესაძლებლობათა იმ რიგზე, რომელსაც მას ადამიანად დაბადება აძლევს, მისთვის გასაგებია, რომ თეორიულად შესაძლებელია პრიმიტიულმა ცხოვრებამ ადამინს უფრო ჰარმონიული მოცემულობა შეუქმნას, თუმცა რაციონალური აზროვნება მაინც არ მისცემს საშუალებს საკუთარი თავი მოაქციოს იმ საფეხურზე, სადაც იგი გაიგივებული იქნება სამყაროში არსებულ ყველაზე პრიმიტიულ არსებებთან. Აქვე საჭიროა განისაზღვროს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ მენტალურ სწრაფვას, ცხოვრების საწყის ეტაპზე ადამინები საკმაოდ ხშირად არიან მიდრეკილნი ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ და ეს საკმაოდ ბუნებრივია, ისინი დროდადრო იღებენ მათთვის ერთმნიშვნელოვნად საზინაო გადაწყვეტილებებს , შესაძლოა კონკრეტული სიტუაცია საფრთხეს უქმნიდეს მის უმაღლეს ღირებულებას, ჯანმრთელობას, მაგრამ ამ ფაქტმა მაინც არ შეცვალოს იმ მომენტისთვის დაგეგმილი ქმედება. ადამინები ხშირად მსგავს სიტუაციებში არ აქცევენ ყურადღებას ნახსენებ საფრთხეს და სამომავლო ჯანმრთელობას წირავენ ცხოველურ სწრაფვას, თუმცა დროის სვლასთან ერთად ისინი უფრო უკეთ აცნობიერებენ, როგორც სიამოვნების არსს, ისე ღირებულებათა სწორ იერარქიას, ამის შემდგომ ისინი სულ უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი მათთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღებისკენ. Ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გარემოც არანკლებ მნშვნელობას ატარებს, მცდარი გადაწყვეტილების წყარო შესაძლოა მარტივად გახდეს იმგვარი გარემო, რომლეიც ნაკლებ მნშვნელობას ანიჭებს მკვეთრად ფასეულ ღირებულებებს, თუმცა აქაც ნათელია, რომ, როგორც კი ადამინი შეძლებს ნახსენები გარემოს მიერ მასზე აკუმულირებული ზეგავლენის შემცირებას ის უმალ გააცნობიერებს როგორც ცხოვრებისეულ მიზანს, ისე ზარალს, რომელსაც ნახსენები გარემო მას აყენებს. Უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მილს დისკურსში შემოაქვს სიამოვნების იერარქიის პრინციპი, იგი მიიჩნევს, რომ ქმედებებს ერთმანეთისგან განსხვავბეული სიამოვნების მოტანის უნარი გააჩნიათ, ადამინებიც ვალდებულნი არიან იმოქმედონ მაქსიმალური სიამოვნების მომტანი ქმედების რიგზე და უარი თქვან იმგვარ მოქმედებაზე, რომლეიც მომავალში საფრთხეს შექუმნის მათი, როგორც რაციონალური არსების გააზრების საკითხს.
            Უტილიტარიზმის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად მაინც ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა უნდა ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში კვლავ ქმედების შემდეგად მოტანილი სიამოვნების რაობას ვუბრუნდებით, თუ ჰედონისტები საიმოვნების რაოდენობას და იმ ხალხის რიცხს, რომლებიც ნახსენებ სიამოვნებას საკუთარ თავზე გამოცდის ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, უტილიტარისტები პირიქით, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ნახსენები სიამოვნება რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიზიაროს და ერთი კონკრეტული ინდივიდის სიკეთე მულტიპლიკატორული მეთოდით გავრცელებული იყოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფზე მაინც, აქვე უტილიტარისტები ასკვნიან, რომ ერთი ტიპის სიკეთეს მსგავსი შედეგის მოტანა შეუძლია ნებისმიერი ადამინის ცხოვრებაში და შეუძლებელია იდენტურმა პოზიტიურმა ქმედებამ განსხვავებული რეზულტატი გამოვლინოს განსხვავბულ გარემოებებში.

     Ტექსტის წინარე ნაწილში განხილული შემთვევები უფრო უკეთ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მოკლედ აღწერილი ფილოსოფიური სკოლის ძირითადი ფუნდამენტი და ვაჩვენოთ იმ მიდგომის არსებობის მოტივი, რომელიც გამოიყენება სათაურში მოყვანილი მორალური დილემის გადასაჭრელად. Უტილიტარისტები აღნიშნულ საკითხს ორნაირად უყურებენ, ექსტრემისტული და შეზღუდული უტილიტარიზმი ერთამნეთთან წინააღმდეგობაშია მოსული ზოგადი წესების განსაზღვრის თაობაზე, ტექსტის წინა ნაწილში განხილული ავტორები ძირითადად მაინც არ ითვლებიან ამ ორი დასახებული სკოლისდან რომელიმეს წარმოამდგენლად , იგივე სტუარტ მილი, რომელიც ჰედონისტურ მიდგომებს უფრო იზიარებს, კვაზი ჰედონისტური სკოლის წარმოამდგენლად უფრო შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე რადიკალური მსოფლმხედველობის  მატარებელ ავტორად, ვინაიდან იმ საკითხების გარშემო, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი შედარებით მოზომილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. Საინტერესოა, რომ ჰიტლერის გადარჩენის თაობაზე, რომელიც პირობითად სამომავლო შედეგის განჭვრეტადობის და ,მეორე მხრივ, აწმყოში ადამიანზე მოქმედი ღირებულებების მიერ კონსტუირებული ზეგავლენის მაგალითია, ორივე სკოლა თითქმის იდენტურ დასკვნებამდე მიდის. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენს სიკვდილის პირას მყოფ ფიზიკურად მსგავს არსებას, თუმცა დებატი იბადება იმის თაობაზე თუ რა კარნახობს მას ამგვარი საქციელის ჩადენისკენ, ექსტრემისტული უტილიტარიზმი ასკვნის, რომ იმ სიტუაციებში, სადაც ადამინს ნაკლები დრო აქვს გადაწყვეტილების მისაღებისთვის და ემოციური ზეგავლენაც საკმაოდ დიდია, მასზე ,მისდადამოუკიდებად, მოქმედებს ბუნებრიბვი კანონები და წარსულში საზოგადოების მიერ დაგროვებული პრაქტიკები მსგავსი ტიპის სიტუაციებში მოქცევის შეასახებ , ანუ საუბარი ამ შემთხვევაში გადაგვაქვს Rules of thumb აქტუალობის შესახებ.  თეორია ამ შემთხვევაში უკვე ნაკლებ მნიშვნელობას იძენს, ადამიანები ბუნებრივად მოქმედებენ იმგვარად, როგორც მისგან შემთხვევა დაგროვილი გამოცდილება მოითხოვს.

      Შეზღდული უტილიტარიზმი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს უშალოდ საზოგადოებში მოქმედ წესებს, იგი მიიჩნევს, რომ სწორედ წესები უნდა იყოს დაქვემდებარებული შედეგის ავკარგიანობას, ანუ,  უშუალოდ წესი იქმნება კონსექვენციალიზმის პრინციპის შესბამისად და არა ინდივიდუალური აქტი. Როგორც ნახსენები ფილოსფიის მიმდევრები ასკვნიან ამ შემთხვევაში ინდივიდი უფრო უკეთ ახერხებს საკუთარი ქმდებების საზოგადოებასთან შესაბამისობას, ეს აძლევს მას საშუალებას წინასწარ განჭვრიტოს ქმედებები, რომლებსაც მათ გარშემო მცხოვრები სხვა ინდივიდები განახორციელებენ. შესბამისად კრიზისულ სიტუაციებში ამ მიდგომას უფრო ჰარმონიული გარემოს შექმნა ძალუწს.
       Აღნიშნული შემთხვევა საკმაოდ კარგად აქვს განხილული სტუარტ მილს Almanack of naval ravikanti-ის მაგალითზე, სადაც ნაჩვენებია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამხელა სხვაობას იძლევა სიზუსტეში ციურ სხეულებზე უშუალო დაკვირვება, ალმანაკის გამოყენება მაინც უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა, უპირველესად ისევ შედეგის კალკულაციის სირთულიდან გამომდინარე. განხილული მაგალითი გარკვწულწილად უკავშირდება ტექსტის დასაწყისში დასმულ საკითხსაც, გამოდინარე იქიდან, რომ პრობლემა ორივე მათგანში ერთი საკითხის გარშემო ტრიალებს.
       Ჰიტლერის შესახებ კი შეზღუდული უტილიტარისტული მიდგომის გამზიარებელი ადამინი იტყვის, რომ ჰიტლერის დახრჩობა ამ შემთხვევაში უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა ადამინს, რომელმაც ჰიტლერის გადარჩენის სასრგებლოდ გააკეთა არჩევანი მაინც ვერ დავადანაშაულებთ არასწორ მსჯელობაში, მას ვერ ვეტყვით, რომ ჰიტლერისთვის ხელის გაწვდენა დანაშაულია, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის დახრჩობა ყველაზე რაციონალური გადაწყვტილება უნდა ყოფილიყო, ასეთი ადამიანი საპირისპირო ქცევის შემდგომ მაინც იმსახურებს შექებას, იმსახურებს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადობაში მიღებულ წესს იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უშუალოდ ერთ სპეციფიურ სიტუაციაში სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებას, ადამინების უნდა შეთანხმდნენ რაღაც R წესზე და მომავალში მათ მიერ ჩადენილი ქმდება ზუსტ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ნახსენებ კოდთან მიმართებით.
      Საინტერესოა, რომ გარკვეული სახის პრედიქცია, ექსტრემისტული უტილიტარიზმის მოდელში არის შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება მთლიანად ამ იდეოლოგიის წარმოადგენლებით იქნება შედგენილი, რაც რეალობაში საკმაოდ რთული წარმოსადგენია.

ანნა გოგავა

პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი ღირებულების გარანტია

03.04.2021

პოლიტიკური უფლება ის სამოქალაქო უფლებაა, რომელიც დეტალურად არის აღწერილი საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციაში. დასავლური საზოგადოებისათვის, ეს უფლება მიიჩნევა ადამიანის, მოქალაქის ერთ-ერთ ჭეშმარიტ უფლებად, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას.

 აუცილებელია, რამდენიმე სიტყვა ითქვას იმის შესახებ თუ რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლება და რას მოიცავს მისი რეალური ღირებულების გარანტი.  ეს საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ როულსის და სხვათა არგუმენტები, რომლითაც მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს პოლიტიკური თავისუფლების უფლებას.

პოლიტიკური თავისუფლება მოიცავს მთელ რიგ უფრო სპეციფიკურ თავისუფლებესა და უფლებეს. ის მოიცავს გამოხატვის თავისუფლებას პოლიტიკურ საკთხებთან დაკავშირებით და უფლებას გაერთიანდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებში; იგი ასევე მოიცავს ხმის მიცემისა და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას. თითოეული ზემოთჩამოთვლილი თავისუფლება უნდა დავიწროვდეს და დაზუსტდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთავარი იდეა, რომ „ თითოეულ მოქალაქეს აქვს სამართლიანი და დაახლოებით თანაბარი წვდომა პოლიტიკურ პროცესზე.“ ეს უკანასკნელი გამოხატავს რეალური ღირებულებების გარანტიას. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს? როულსი განმარტავს რეალურად ღირებულებების გარანტიას სამართლიანი შესაძლებლობების გათვალისწინებით.  ის ამბობს:

„ეს გარანტია ნიშნავს, რომ პოლიტიკური თავისუფლება ყველა მოქალაქისთივს, განურჩევლად მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს, იმ გაგებით, რომ  ყველას აქვს სამართლიანი შესაძლებლობა დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობები და გავლენა მოახდინოს პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგებზე.“

გარკვეული სიკეთის მიღწევის სამართლიანი შესაძლებლობა ხორციელდება მაშინ, როდესაც ყველა ადამიანს, რომელიც თანაბრად ნიჭიერი და მოტივირებულია, აქვს მისი შეძენის თანაბარი შანსი.

როულსი ირწმუნება, რომ პოლიტიკური თავისუფლების სამართლიანი ღირებულება "უზრუნველყოფს, რომ მსგავსი ნიჭიერი და მოტივირებული მოქალაქეები თანაბრად ახორციელებენ გავლენას მთავრობის პოლიტიკაზე".  მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი რესურსი პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად. მაგრამ პოლიტიკური გავლენის თანასწორობა აშკარად არ არის საკმარისი რეალური ღირებულების გარანტიისთვის.  ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება მოქალაქეებისათვის განსხვავებული პოლიტიკური თავისუფლებებისა და შესაძლებლობების მიცემით. ზემოთ მოცემული მონაკვეთიდან ირკვევა, რომ როულსი აღიქვამს რეალური ღირებულების გარანტიას, რომელიც გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობებს. ამრიგად, რეალური ღირებულების გარანტიით უზრუნველყოფილი სიკეთის აღწერა უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურებს, ისევე როგორც პოლიტიკურ გავლენას. მოქალაქეებს არა მხოლოდ უნდა ჰქონდეთ თანაბარი პოლიტიკური გავლენის განხორციელების სამართლიანი შესაძლებლობა, არამედ მათ უნდა ჰქონდეთ სამართლიანი შესაძლებლობა დაიკავონ პოლიტიკური უფლებამოსილების ნებისმიერი პოზიცია თავიანთ საზოგადოებაში. პოლიტიკური უფლებამოსილების პოზიციები მოიცავს როგორც ამომრჩევლის, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და ადმინისტრაციული საჯარო სამსახურების თანამდებობეს.შესაბამისად, რეალური ღირებულების გარანტია მოიცავს როგორც რესურსების თანასწორობას პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად, ასევე პოლიტიკურ ავტორიტეტად პოზიციების მოპოვების სამართლიან შესაძლებლობას.

შესაძლებლობების სამართლიანი თანასწორობის პრინციპის ეს ინტერპრეტაცია მხოლოდ სუსტ განსაზღვრებას უქმნის გამნასხვავებელი პრინციპის მოქმედებას. იგი ასევე განმარტავს, თუ რატომ არ არის გადამეტებული პოლიტიკური თავისუფლების რეალური ღირებულების გარანტია. ამ პრინციპის გათვალისწინებით, როულსი განიხილავს პოლიტიკური თავისუფლების სამართლიანი ღირებულების გარანტიას, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფების შესაძლებლობების სამართლიანი თანასწორობის უზრუნველყოფა არ არის საკმარისი პოლიტიკური გავლენის საწინააღმდეგო უთანასწორობის გამოსარიცხად. შესაბამისად, იგი გამოყოფს პოლიტიკურ თავისუფლებებს და მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანაბარი რესურსი პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლიტიკური თავისუფლებების სამართლიანი ღირებულების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიულ საზოგადოებას დასჭირდება სხვადასხვა ძირითადი თავისუფლების მოწესრიგება, როგორიცაა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული თავისუფლებები.ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შემოსავლის უთანასწორობის შეზღუდვა, რაც სხვაგვარად იქნებოდა გამართლებული განმასხვავებელი პრინციპით. ეს არის უტოლობები, რომლებიც გააუმჯობესებს ყველაზე ცუდი მდგომარეობის მატერიალურ პერსპექტივებს. ვინაიდან ეს სერიოზული მოთხოვნებია, განსაკუთრებული განსაზღვრება  რომელსაც როულსი გვაძლევს პოლიტიკური თავისუფლებების შესახებ, საჭიროებს გამართლებას.

გიორგი ქესაური

გამართლებულია, თუ არა სხვისი საკუთრების უკანონო მითვისება ?

03.04.2021

     დეონტოლოგია არის პიროვნების სავალდებულო ქცევის, ცალსახად განმსაზღვრელი, მორალური ნორმების ერთობლიობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეონტოლოგია არის მოვალეობის ეთიკა, რომელსაც აქვს იმპერატიული ხასიათი. განსხვავებით ზოგადი ეთიკის ნორმებისგან, აღნიშნული ნორმები არ იძლევა არჩევანის უფლებას და ქადაგებს, რომ წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.

   თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში სავსებით შესაძლებელია აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს არჩევანი გავაკეთოთ ორ მორალურ პრიცნიპს შორის. მაგალითისთვის, ავიღოთ შემთხვევა, როდესაც ჩვენს უახლოეს მეგობარს აქვს დიაბეტი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრეპარატი ინსულინი, თუმცა მოცემულ სიტუაციაში მას არანაირი საშუალება არ აქვს ინსულინის შოვნის და გთხოვთ დახმარებას, რომ რაც შეიძლება მალე მიუტანოთ მას ეს პრეპარატი. მას შემდეგ რაც ყველა შესაძლო კანონიერი და მორალურად გამართლებული საშუალებით სცადეთ შოვნა და ვერ იშოვეთ, გაიგეთ, რომ არსებობს საწყობი, რომელშიც ინახება დიდი რაოდენობით ინსულინი. ამ დროს ხართ დილემის წინაშე, სიკვდილისთვის გაწიროთ თქვენთვის უახლოესი მეგობარი, თუ არაკანონიერად და მორალურად გაუმართლებლად შეიპაროთ ზემოხსენებულ საწყობში და ,,მოიპაროთ“ მეგობრისთვის საჭირო დოზა ინსულინი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით ,,მოპარვა“ არის სხვისი საკუთრების უკანონო მითვისება, რაც ისჯება კანონით, ასევე ეწინააღმდეგება ათ მცნებას და ასევე არის ცალსახად მორალურად გაუმართლებელი, თქვენ მაინც იპარავთ მეგობრისთვის საჭირო პრეპარატს, მიგაქვთ მასთან და ხვდებით, რომ თქვენ იყავით უკანასკნელი იმედი მისთვის, რომ სიკვდილს გადარჩენოდა.

    ამ დროს თავში გიტრიალებს კითხვა, რამდენად სწორად მოიქეცი, უნდა დაგერღვია თუ არა კანონი, უნდა უგულებელყო თუ არა ღვთიური ნება, რაც გაცხადებულია ათ მცნებაში ,, არა იპარო “ და ზოგადად უნდა დაგეცვა თუ არა ის წესები, რომლებიც პიროვნების სავალდებულო ქცევას განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის და ჩემი აზრით, ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან, როდესაც სასწორის ერთ მხარეს დევს შენთვის უახლოესი მეგობრის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოებაში გაბატონებული კანონებისა და წესების დაცვა, ვფიქრობ, არჩევანი უნდა გააკეთო იმაზე, რომელიც უფრო ღირებულია და ასევე უნდა გაითვალისწინო ის შედეგი, რაც შენს მოქმედებას მოჰყვება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხავებული მიდგომა აქვთ დეონტოლოგიის მიმდევრებს, მათ მიაჩნიათ, რომ ქმედების სისწორე დამოკიდებულია არა შედეგზე, არამედ იმაზე, თუ ამ ქმედებით რამდენად ასრულებ შენს მოვალეობას და ასევე ამ ქმედებით ხომ არ ეწინააღმდეგები ზნეობის უმაღლეს პრინციპებს. დეონტოოლოგიის მიმდევართა ამ პოზიციის უკეთ გასაგებად, ვფიქრობ მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ემანუელ კანტს. მისი აზრით, იმის დასადგენად მორალურად რამდენად გამართლებულია ესა თუ ის ქმედება უნდა მოვახდინოთ მისი განზოგადება. თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი გამუდმებით იპარავს, რასაკვირველია, ეს გამოიწვევს ქაოსს და საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოშლას, შესაბამისად დეონტოლოგიური თვალსაზრისით მოპარვა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, მათ შორის ზემოთგანხილულ შემთვევაშიც, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მორალური ვალდებულებების შესრულება და დაცვა, ვიდრე ის თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს იგი.

    შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ კონკრეტული ქმედების შეფასება, არის თუ არა ის მორალურად გამართლებული ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის შეხედულებებსა და ფასეულობებზე, გამომდინარე აქედან ზოგისთვის შეიძლება მორალურად სწორი იყოს საზოგადოებაში გაბატონებული წესების უპირობო დაცვა, ხოლო ზოგისთვის უფრო პრიორიტეტული იყოს საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

მარიამ მესხი

უნდა დავარღვიოთ, თუ არა დანაპირები მაშინ, როცა ჩვენს წინ სხვა ადამიანს დახმარება სჭირდება?

03.04.2021

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ წამს შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციური კონფლიქტში. ამ დროს ორი მორალური პინციპის დაპირისპირება ხდება. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით, რა დროსაც გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულდება. საკითხის აღქმა გაადვილდება, თუკი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე განვაგრძობთ საუბარს. 

წარმოვიდგინოთ, ასეთი სიტუაცია: შენს მეგობარს აქვს სასკოლო პროექტი და მზსის სიტემის პლანეტების მაკეტის გაკეთებაში სჭირდება დახმარება, შენ კი დაპირდი, რომ დაეხმარებოდი. როდესაც მისი სახლისკენ მიდიოდი, გზად დაინახე მოხუცებული ქალი, რომელსაც გზა აებნა და სახლის მისამართს ვეღარ იხსენებდა. ქუჩაში არავინაა, ვინც მოხუცებულს დაეხმარება, ამიტომ მას სახლისკენ გზის გაკვლევაში შენ დაეხმარე. ამ გადაწყვეტილების გამო შენ ვეღარ შეძელი მეგობრისთვის აღთქმული პირობის დაცვა და ამით დაარღვიე მიცემული პირობა. როგორ ფიქრობ, მორალურად სწორად მოიქეცი? შენი რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა სწორი? მოხუცის დახმარებით მეგობრისთვის მიცემული პირობა დაარღვიე?

ამ შემთხვევაში, შენ სწორედაც, რომ სიტუაციურ კონფლიქტში მოხვდი. დაპირისპირებაა ორ მორალურ პრინციპს შორის, კერძოდ: პირველ შემთხვეაში - შენ უნდა შეგესრულებინა დანაპირები, ხოლო მეორე შემთხვევა შინაგანად გიბიძგებდა იმისკენ, რომ დახმარების ხელი გაგეწოდებინა იმ ადამიანსთვის, რომლისთვისაც კონკრეტულ ვითარებაში აუცილებელი იყო გვერდში დგომა.

მოხუცის დახმარებით შენ გადაწყვიტე, რომ მეორე პრინციპი უფრო მნიშვნელოვანია,  ვიდრე - პირველი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი პრინციპი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მასში არაა აუცილებლობის კომპონენტი ისე ცხადად გამოყოფილი, როგორც მეორეში. მოხუცებულის დანახვით შენ ერთგვარი შინაგანი ვალდებულება წარმოგეშვა, რომ დახმარებოდი მას.  ორივე პრინციპი ობიექტურად სარწმუნოა, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის, თუ რომელზე გააკეთებ არჩევანს. 

ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ზოგიერთი ვალდებულება მორალურად უფრო დიდი დატვირთვის მქონეა, ვიდრე სხვა. ადამიანის ინტუიციამ უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულ სიტუაციაში რა არჩევანს გააკეთებს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტუიცია ორ დონეზე ფუნქციონირებს: პირველი, თუ რომელი წესია კონკრეტულ შემთხვევაში მართებული და მეორე - როგორ გადაიჭრას არსებულ წესებს შორის კონფლიქტი. 

რეალურად, ჩვენ წავაწყდით მორალურ პრინციპებს შროს კონფლიქტს, სადაც პრინციპთა შორის გადაწონვის მექანიმზი ირთვება. ეს კონცეფცია უილიამ დევიდ როსმა შექმა. ამას ხსნის ის, რომ თავად გახლდათ ობიექტივისტური წესის ინტუიციონისტური ხედვის მიმდევარი. ბუნდოვანების გასაფანტად განვმარტოთ, თუ რა იდეოლოგიის წარმომადგენელი იყო ეს ფილოსოფოსი. მან განსაზღვა ინტუიცია, როგორც შინაგანი აღქმა და აღნიშნა, რომ ზოგი ადამიანი უკეთ ახერხებს რაღაცის აღქმას, ვიდრე სხვა. 

გამომდინარე აქედან, მორალური ინტუიცია ღრმად მოაზროვნე ადამიანს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს არსებული მორალური კონფლიქტის გადაწყვეტის დროს. მას სჯეროდა, რომ სწორედ ინტუიცია გვეხმარება სწორი მორალური პრინციპების მიგნებაში და შემდგომში მათ სწორად გამოყენებაში.

აქ კი სამი ძირითადი მახასიათებელი შეგვიძლია გამოვყოთ: პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი დამტკიცება შეუძლებელია, მიუხედავად ამისა ზნეობრივი პრინციპების ქონა აშკარად ყველა ნორმალური ადამიანის მახასიათებელია; შემდგომ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრინციპები წარმოადგენენ რაღაც სიმრავლეს, მათი ერთ ძირითად პრინციპად გაერთიანება შეუძლებელია, აუცილებელია მათი როგორც სიმრავლის აღქმა; საბოლოოდ კი უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული პრინციპები არ არის აბსოლუტური. ყველა პრინციპს აქვს განსაზღვრული ძალა, რომ დაძლიოს სხვა პრინციპი კონკრეტულ სიტუაციაში. 

მას შემდეგ, რაც ეს კონცეფცია მიმოვიხილეთ, რა აზრი გვექმნება ზემოთ განხილულ სიტუაციაზე? მოიქეცი თუ არა მორალურად გამართლებულად, როდესაც მოხუცს დაეხმარე? თუ მეგობრისთვის მიცემული პირობის შესრულება ჯობდა? - ამ კითხვებზე პასუხიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითოეული ჩვენგანის ზნეობრივი პრინციპები და შინაგანი ინტუიცია. ამ შემთხვევაში კი არჩვენის სისწორის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია. 

დავითი ესებუა

კანტის დეონტოლოგია

03.04.2021

  დეონტოლოგია ცნობისთვის, მოვალეობის ეთიკაა, მოძღვრება ქადაგებს, რომ წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გამონაკლისის გარეშე, რეალურად თითქმის ოქროს წესთან ხდება გათანაბრება. 

დეონტოლოგია საეჭვო ქცევებს ემიჯნება და მოგვიწოდებს მაღალი სტანდარტებისკენ მოვახდინოთ კონცენტრაცია.  დეონტოლოგია თავის მხრივ არ ნიშნავს მხოლოდ აუცილებელი ნორმების შესრულებას, პირიქით შეიძლება ის ხაზს უსვამდეს დოგმების შესასრულებლად აუცილებელ აკრძალვასაც. იმანუელ კანტმა, რომლის სახელიც დეონტოლოგიურ ეთიკას მჭიდროდ უკავშირდება, თვის დროზე შეეწინააღმდეგა ჯონ სტიუარტ მილს და აღნიშნა, რომ გარკვეული სახის ქმედებანიმათ შორის,( მკვლელობა, ყაჩაღობა, ტყუილი) ყოველ მიზეზგარეშე აკრძალულია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მოქმედება უფრო დიდ ბედნიერებას მოუტანს ინდივიდს ვიდრე ნებისმიერი ალტერნატივა. კანტის დეონტოლოგიის მიმდევრები ორ მთავარ შეკითხვას უსვამენ საკუთარ თავს; რაციონალურად შესაძლებელია თუ არა იმ ქმედების შესრულება, რასაც სხვებს ვთავაზობ? პატივს სცემს ჩემი ქმედება ადამიანთა და საკუთარ მიზნებს? ორივე შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითია კანტიანებმა მოქმედებისგან თავი უნდა შეიკავონ. რას გულისხმობს ზემოთთქმული- დეონტოლოგია ოქროს წესთან მაქსიმალურად მიახლოებას ცდილობს, პრიორიტეტად საზოგადოების მიზნებსა და რეალობასთან თანხვედრას ანიჭებს, მაგრამ არსებობს რისკი ეს მიდგომა ზედმეტად ტრაფარეტული აღმოჩნდეს. 

  კანტის დეონტოლოგიის თანახმად, ქმედების სისწორე დამოკიდებულია არა შდეგზე, არამედ ასრულებენ თუ არა ისინი ჩვენს მოვალეობებს. სწორედ აქ შეიძლება აცდეს დეონტოლოგიური ეთიკა და მორალი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ დეონტოლოგიის მიმდევრები არ მიიჩნევენ თავს მორალის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, როგორ უნდა მოიქცეს  კანტის მიმდევარი ხელისუფალი ახალი კორონა ვირუსის პანდემიის დროს; დავუშვათ ხელში ჩაუვარდა ვაქცინის მილიონი დოზა, თუმცა არსებობს მაღალი რისკი, რომ ვაქცინა მოსახლეობის ნაწილისთვის დამღუპველი და ჯანმრთელობის ძლიერ დამზიანებელი იქნება- კანტი კარნახობს უგულებელყავი შედეგი, კონცენტრირდი მოვალეობაზე, ხელისუფალის პოზიტიური ვალდებულება კი საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვაქცინით გადაარჩენს უმრავლესობას, მცირე ნაწილის სიცოცხლის სანაცვლოდ. შეიძლება პარალელიც კი დავინახოთ უტილიტარისტულ მიდგომასთან, სადაც ადამიანის სიცოცხლისთვის ღირებულების მინიჭებაზეა მსჯელობა ყველაზე ცნობილ მაგალითში 1 ადამიანის ორგანოები 5-ის გადასარჩენად?!

  დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ დილემას, იმანუელ კანტი თავის ნაშრომში: ,,ზნეობი სმეტაფიზიკის დაფუძნება'' ამბობს, ყველა ნება კარგია, ნებისმიერ კონტექსტში. მაშინ რატომ ჩანს დეონტოლოგიური მიდგომები, როგორც ბრძანება?!-მოვალეობა უნდა შესრულდეს, პრიორიტეტია მხოლოდ ვალდებულება.

სინამდვილეში კანტი იერარქიული კიბის სათავეში აყენებდა ზნეობის უმაღლეს პრინციპს, მას სჯეროდა, რომ ამგვარი პრინციპი ყველა საზოგადოებაში არსებობდა და მას კატეგორიულ იმპერატივად მოიხსენიებდა. ის ამ თეორიით განმარტავდა, რომ ბრძანება არის ბრძანება და ნება არის ნება. მაგალითად: გადაიხადე გადასახადები! ნუ მოკლავ ცხოველებს! ჰიპოთეტური ანუ იგივე კატეგორიული იმპერატივები კი იყო ბრძანების ის ფორმები, რომლებიც რეალურად ნებას იძლეოდა-ეს მიდგომა ეფუძნება სურვილის ქონას- გინდა ისწავლო მედიცინა? მაშინ კარგად მოემზადე ბიოლოგიაში! თუ გაქვს სურვილი მაშინ აუცილებლად შესასრულებელ მოვალეობად შეიძლება ბრძანების ფორმა მოგვევლინოს. 

ჯაბა მაჩიტიძე

კატეგორიული იმპერატივის რელატიური ხასიათი

02.04.2021

კანტის მიერ ეთიკაში შემოტანილი კატეგორიული იმპერატივის ცნება დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ დისკუსიის საგნად აკადემიურ თუ არააკადემიურ სივრცეში. ადამიანი, როგორც სოციალური არსება, საჭიროებს ეთიკურ საფუძველს, რომელსაც იგი დაეყრდნობა ცხოვრებაში და გადაწყვეტილებებს სწორედ მის მიხედვით მიიღებს. მაგრამ ეთიკური ბაზისი კანტისათვის ძალიან მყარი უნდა იყოს, შესასრულებლად აუცილებელი ანუ მას იმპერატიული ხასიათი უნდა გააჩნდეს. კატეგორიული იმპერატივი, როგორც თავად სიტყვებიდანაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ, არ სცნობს იმ ფაქტს, თუ რა რელიგიისა ან მაგალითად პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი, ყოველივე ამისგან დამოუკიდებლად, განსაზღვრეული ზნეობრივი წანამძღვრები აუცილებლად უნდა იქნეს დაცული. კანტი ცდილობს თავისი ეთიკური თეორია დააფუძნობს ადამიანის შინაგან ბუნებაზე დაყრდნობით და მისი ამოსავალ წერტილად რაიმე სხვა აბსტრაქტულს არ მოიაზრებს.

კატეგორიული იმპერატივი თავისი არსით ვალდებულებებს უყენებს ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში. ამოსავალ წერტილად მიჩნეულია ადამიანის რაციონალური ბუნება, რომელიც კარნახობს თავად ადამიანს იმპერატიულად გამყარებულ ეთიკურ ქცევას და მის სავალდებულო ხასიათსაც სწორედ ადამიანის რაციონალურობა წარმოშობს. თუმცა ვალდებულება არ არის მხოლოდ საკმარისი, რათა პრაქტიკაში მსგავსი ეთიკური ქმედება განახორციელოს ადამიანმა. თუ არ არსებობს ნება, რომელიც უბიძგებს გონიერ არსებას ვალდებულების შესრულებისაკენ, მაშინ ვალდებულების არსებობას მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატეგორიული იმპერატივის მიერ დაწესებული ვალდებულებების შესრულების უნარი ადამიანს იმიტომ შესწევს, რომ მას თანდაყოლილი ნება გააჩნია. შესაბამისად, თუ არ არსებობს ნება, მაშინ ადამიანში მსგავსი ეთიკური ბაზისი უფუნქციო იქნება. 

რამდენადაც კანტი სავსებით მწყობრ და თანმიმდევრულ ეთიკურ თეორიას გვთავაზობს, როგორც აღვნიშნე, იგი თვლის, რომ კატეგორიულ იმპერატივს უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მიუხედავად რელიგიისა თუ სხვა იდეოლოგიაზე მიკუთვნებულობისა. სწორედ აქ ჩანს ამ მორალური თეორიის შეცდომა. ადამიანები და საზოგადოებები ოპერირებენ სხვადასხვა კულტურებში, სოციალურ ვითარებებსა თუ ისტორიულ პერიოდებში, შესაბამისად ღირებულებათა და ეთიკურ მოძღვრებათა ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია. გარემო, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, როგორც სოციალური არსება, მასზე და მის აზროვნებასა თუ მორალური განსჯაზე ზეგავლენას ახდეს. შესაბამისად, ყველანი მოერგონ ერთ მორალურ მაქსიმას თუ ეთიკურ ბაზისს შეუძლებელი პირობაა. როდესაც ვმსჯელობთ ამათუიმ ხალხისა თუ ერების აზროვნების სტილზე ან ეთიკაზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომელშიც იქმნებოდა ეს ყოველივე და შეფასება მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. 

ამდენად, კანტის მიერ აღნიშნული კატეგორიული იმპერატივის აბსოლუტური მახასიათებლები ყოველთვის არ იქნება მსგავსი ხასიათის და გარკვეულ ვითარებაში იგი, როგორც რელატიური, ისე შეიძლება წარმოჩინდეს. შესაბამისად, კატეგორიული იმპერატივი განსჯისა და განხილვის საგნად თავად შეიძლება იქცეს. კრიტიკის ხაზი კატეგორიული იმპერატივის მიმართ მის აბსტრაქტულობაზეც შეიძლება გავიდეს, რადგან იგი ზუსტად არ გვაძლევს იმ ცოდნას, თუ კონკრეტულ სიტუაციებში როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა, ვფიქორობ, რომ ეს ამ თეორიის “სიძლიერეს” უფრო უსვამს ხაზს, რადგან იგი ყოველ კონკრეტულ სიტუაციას თვლის, როგორც რაღაც ახალს, რაც ადამიანის განსჯას უნდა დაექვემდებაროს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც პრაქტიკაში კატეგორიული იმპერატივი გაატარებს.

 

ქეთევან ღიბრაძე

ალტრუიზმის ინტუიციური პრობლემა

02.04.2021

 

ალტრუიზმის მთავარი იდეაა, რომ ადამიანი მიდრეკილია ასიამოვნოს სხვას, თუნდაც ეს მისთვის საზიანო აღმოჩნდეს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ალტრუიზმში ვგულისხმობ ადამიანის მუდმივ მზადყოფნას, რომ თავისი ქცევები შეუსაბამოს სხვების ინტერესებს. განა შესაძლებელია, მსგავსმა ქმედებებმა რაიმეს კეთების მოტივაცია მოგვცეს?!

 

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის მოტივატორი შეიძლება იყოს სიყვარული, სიმპათია, კეთილგანწყობა და ა.შ. თუმცა არსებობს ე.წ. სუფთა ალტრუიზმი, როდესაც ერთი პიროვნების ინტერესებს პირდაპირი გავლენა აქვს მეორეს ქცევებზე. ადამიანის მთავარი მახასიათებელი, რომელიც ყველა სხვა ცოცხალი არსებისგან გამოარჩევს არის გონიერება. სწორედ მისი გონიერი, იგივე რაციონალური ბუნებიდან გამომდინარეობს ის, რომ აწმყოში არსებული ჩვენი სურვილები უნდა იყოს მოტივაციის მთავარი მიზეზი. მაშინაც კი, როცა ადამიანი სხვისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს გამოდის, რომ ეს მის პირად ინტერესშიც შედის, რადგან თავისი ნებით იღებს ამ გადაწყვეტილებას და თავადაა მთავარი მოქმედი პირიც. აქედან გამოდის, რომ ადამიანი თავად აძლევს საკუთარ თავს მოტივაციას. რწმენას იმის შესახებ, რომ ჩემი საქციელი სხვას სარგებელს მოუტანს, შეუძლია ძალა მომცეს მხოლოდ იმის გამო, რომ მე მისთვის კარგი მინდა. სურვილი არ არის მოტივაციის ერთადერთი შესაძლო წყარო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ვეძებოთ სხვა შინაგანი ფაქტორები, რომლებიც ალტრუისტულ შემთხვევაში რწმენას და ქცევას ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

აქვე, თავს იჩენს შემდეგი პრობლემა - თუკი მე, აწმყოში ჩემს ყველა ქცევას სხვის ინტერესებს მოვარგებ, მაშინ გამოდის, რომ ჩემი მომავალიც სხვა ადამიანის სურვილების მიხედვით იქნება განპირობებული.

 

მიმაჩნია, რომ ამ პრობლემიდან გამოსავალი ეგოიზმია. რაც გულისხმობს იმას, რომ ინდივიდის მოტივაცია მოქმედებისთვის უნდა მომდინარეობდეს მისივე სურვილებიდან. თუმცა, ერთი ადამიანის ინტერესები შესაძლოა მოტივაციას აძლევდეს სხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი განიცდიან მსგავს გრძნობას, მაგალითად სიმპათიას, კეთილშობილებას და სხვა. ამ ფილოსოფიური პოზიციის მომხრეს შეიძლება ეგოისტი ვუწოდოთ. ეგოისტმა, რომელსაც დახმარება სჭირდება, სანამ დაასკვნის, რომ სხვებსაც შეიძლება ჰქონდეთ მისი დახმარების მიზეზი, უნდა უპასუხოს შეკითხვას „რა ინტერესი აქვს მას (სხვას)?“. იგი მოშორებულია წინააღმდეგობის შეგრძნებას, რომელიც ასახავს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სხვა ვერ მოქმედებს იმ მიზეზებით, რომელთა საფუძველზეც საკუთარი საჭიროებები უზრუნველოფს მას. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია მისი საზრუნავი, ეგოისტი მაინც ვერ იგრძნობს რომ ის თავისთავად სხვისი ინტერესის საგანიც იქნება.

 

მთავარი საკითხი ისაა, რომ მიზნებსა ან მიზეზებზე თანხმობის განცხადებით ადამიანი თავს უკავშირებს ობიექტურ ღირებულებას ზოგიერთი მოცემულობისთვის და არა მარტო ღირებულებას საკუთარი თავისთვის. მსგავსად, როდესაც ის აღიარებს, რომ სხვებს აქვთ მიზეზები, რათა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ, ეს საბოლოოდ უნდა იყოს მიზეზები არა მხოლოდ მათთვის, არამედ ეს იქნება ობიექტური მიზეზები მათი მიზნებისთვისა და ქმედებებისთვის, რომელთაც ისინი ესწრაფვიან ან/და სჩადიან.

 

გ.ი. მურის პოზიციის მიხედვით, ეგოიზმი მოიცავს პირდაპირ წინააღმდეგობას, რადგან ის ირწმუნება, რომ „თითოეული ადამიანის ბედნიერება არის ერთადერთი სარგებელი - რომ სხვადასხვა რამეები, თითოეული არის ერთადერთი სარგებელი - აბსოლუტური წინააღმდეგობაა.“ უფრო მარტივად, რომ ვთქვა თუ ადამიანის ბედნიერება არის ერთადერთი სარგებელი, მაშინ გამოდის, რომ სხვა სარგებელი ვერ იარსებებს. ეგოისტი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმას, რომ მისი აზრი მხოლოდ ის არის, რომ თითოეული ადამიანის ბედნიერება ან ინტერესი მხოლოდ ერთია, მაგრამ მურმა უკვე უარყო ეს ნაბიჯი.

 

როცა ვსაუბრობთ „საკუთარ სარგებელზე“, ვგულისხმობთ, რომ ეს მხოლოდ ექსკლუზიურად ჩვენი სარგებელია, როემლიც ამავდროულად აბსოლუტური სარგებელიცაა. ამ შემთხვევაში სარგებელი ვერ იქნება „კერძო“ გაგების ან ადამიანის საკუთრება; ისევე როგორც ნივთი არ შეიძლება არსებობდეს კერძოდ, ან მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. ერთადერთი მიზეზი, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს „საკუთარი სარგებლის“ მიმართ არის აბსოლუტური სარგებელი, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს მას - ანუ თუ ეს მის საკუთრებაში იქნება, სხვები მის ქონას ვეღარ შეძლებენ. თუმცა თუკი ეს აბსოლუტური სარგებელია, მაშინ მე იგი უნდა მქონდეს, შემდეგ კი ყველა სხვასაც ექნება იგივე მიზეზი მსგავსი მიზნის მისაღწევად. საბოლოოდ, იმისთვის, რომ რაღაც საკუთარ მიზნად მივიღოთ, უნდა შეგვეძლოს, რომ შედეგი აღვიქვათ, როგორც ობიექტური სარგებელი.

 

 

 

 

მარიამ ალასანია

ორგანოთა გადანერგვა- ადამიანის ობიექტივიზაციის დაუშვებლობა

02.04.2021

იმანუელ კანტი აყალიბებს კატეგორიულ იმპერატივს, რომლის თანახმად, ადამიანები არ შეიძლება მიზნის მისაღწევ საშუალებებად განვიხილოთ. ადამიანი არის რაციონალური არსება, რომელსაც აქვს თავისი ავტონომია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავისახოთ მიზნები და ვისწრაფვოდეთ მათ მისაღწევად. კანტის მიხედვით, ადამიანი არის აბსოლუტური მორალური ღირებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ჩვენით მანიპულირება და ასევე ჩვენ მიერ სხვათა გამოყენება მხოლოდ სარგებლის მისაღებად. შესაბამისად, თითოეული ადამიანი თავად არის საბოლოო მიზანი და არა მისი მისაღწევი საშუალება.
ორგანოთა გადანერგვა არის ის თემა, რომლის გარშემოც არსებობს მნიშვნელოვანი მორალური დებატი. პირველ რიგში, ისეთი ორგანოების გადანერგვა, რომელიც დონორს სიცოცხლეს ართმევს, დეონტოლოგიური თვალთახედვიდან ჩაითვლება, როგორც მკვლელობა ან თვითმკვლელობა. ორივე მათგანი, კანტის მორალური იმპერატივის თანახმად, დაგმობილია. ამ დროს ადამიანის რაციონალურობის უგულებელყოფა ხდება.
მეორე შემთხვევა ეხება ორგანოებს, რომელთა გადანერგვის შედეგად დონორი არ გარდაიცვლება, თუმცა თავად სხეულს არ აქვს შესაძლებლობა მათი რეგენერაცია მოახდინოს. აუცილებელი არ არის, რომ ეს ორგანო ასრულებდეს გადამწყვეტ და მნიშვნელოვან როლს ადამიანის რაციონალური ბუნების ჩამოყალიბებაში. კანტს თავად ამ შემთხვევის საილუსტრაციოდ კბილის მაგალითი მოჰყავს. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ორგანოს დონაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას არ ასრულებს, ადამიანს ნაკლებად რაციონალურ არსებად ვერ გახდის. თუმცა ყოველი არარეგენირებადი ორგანოს გაცემით ადამიანი იზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. მაგალითად, კბილის დონაციის შემთხვევაში ადამიანს აქვს ნაკლები არჩევანი: არ შეუძლია იმღეროს, ისაუბროს ან ჭამოს ისევე კარგად, როგორც ამას ყველა კბილის ქონის დროს შეძლებდა. დეონტოლოგიური მიდგომის თანახმად, ადამიანს აქვს შესაძლებლობა არ ისარგებლოს უფლებით, მაგალითად, ყველა კბილის ქონის შემთხვევაში საერთოდ არ იმღეროს, თუმცა მას არ შეუძლია თავად შეიზღუდოს არჩევანის თავისუფლება.
სხეულის იმგვარი ნაწილების დონაცია, რომლებსაც აქვთ ახლიდან გაზრდის უნარი, დასაშვებია. ამ დროს არჩევანის თავისუფლება დროებით იზღუდება და არა მუდმივად, მაგალითად თმის გაცემის შემთხვევაში. თანამედროვე მედიცინის განვითარებასთან ერთად, მოცემული შემთხვევა შეიძლება გავრცელდეს სისხლის, კანისა და ძვლის ტვინის დონაციაზეც. დღეს უკვე შესაძლებელია მათი მიღება ორგანიზმიდან, ისე რომ მას ზიანი არ მიადგეს და გარკვეული დროის შემდეგ აღდგეს.
ყოველთვის დაუშვებელია ორგანოს გაყიდვა. არ აქვს მნიშვნელობა მოცემულ ორგანოს შეუძლია თუ არა რეგენერირება. შეუძლებელია ადამიანის ორგანოს დაედოს ფასი, შესაბამისად, ისინი უნდა გაიცნენ მხოლოდ ალტრუისტული მიზნით, რათა სხვების კეთილდღეობა გარანტირებული იყოს. კანტის მიხედვით, არსებას შეიძლება ჰქონდეს ან ფასი, ან ღირსება. ადამიანის ღირებულება კი ყოველგვარ ფასზე მაღლა დგას. მას აქვს ღირსება, მხოლოდ იმიტომ რომ ის არის ადამიანი.
ორგანოების შეზღუდული რაოდენობის არსებობა ქმნის პრობლემას იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მათი მიღებისას. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქმედებით თავს რისკის ქვეშ იგდებენ, ნაკლები პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ორგანოთა განაწილებისას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ საზოგადოებაში მავნე ქცევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და ა.შ., უნდა დაიგმოს. დეონტოლოგიური გადმოსახედიდან, მოცემული არგუმენტით ორგანოთა განაწილებისას ამ ადამიანებისთვის ნაკლები პრიორიტეტულობის მინიჭება დაუშვებელია. არ შეიძლება ადამიანებს უარი ეთქვათ ორგანოების მიღებაზე იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში მავნე ჩვევების მქონე პირთა რაოდენობა შემცირდეს. ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რომელთა ცხოვრების წესის პოპულარიზაციაც წარმოადგენს მიზანს. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავად განაცხადეს სიცოცხლის განმავლობაში ორგანოთა დონაციაზე თანხმობა, უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი განაწილებისას, რათა წახალისდეს ორგანოთა დონაცია. ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული მიზნის მისაღწევად ადამიანების გამოყენება დაუშვებელი იქნება.
ჟან-კრისტოფ მერლის აზრით, კანტის მორალური იმპერატივი გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების დონაციას არ ეწინააღმდეგება, თუ გარდაცვლილ ადამიანს წინასწარ ჰქონდა თანხმობა გაცხადებული, რომ სიკვდილის შემთხვევაში მისი ორგანოების გამოყენება დასაშვები იყო. ამ ქმედებით შესაძლებელია სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ისე, რომ დონორის არც სიცოცხლე და არც მისი არჩევანი არ იზღუდება. ამ შემთხვევაში დგება დილემა, თუ ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი: ბავშვებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მოცემული ორგანოთი ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებენ, იმათ, ვინც ყველაზე ავად არიან, თუ ვინც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ორგანოთა მიღებას. მოცემულ დილემაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. დეონტოლოგიის იდეის თანახმად, ქმედება არის სწორი ან არასწორი კონკრეტულ მორალურ ვალდებულებებზე დაფუძნებით და არა მისი შედეგით. მშობელს შესაძლოა შვილის მიმართ ჰქონდეს უფრო დიდი ვალდებულება, ვიდრე საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაში შეუძლია სწორედ მას მისცეს საკუთარი ორგანოები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი კატეგორიული იმპერატივი იქნება, რომელიც ქმედების მართებულობას ვალდებულებაზე დაფუძნებით აფასებს და არა მისი შედეგით.

გიორგი გუდაძე

კოლბერგი დეონტოლოგიის წინააღმდეგ

02.04.2021

დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს. ზემოთ აღნიშნული ეთიკა მიიჩნევს, რომ კონკრეტული ქმედება მორალურად სავალდებულია, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მან ადამიანის კეთილდღეობას, კანტის დეონტოლოგიური ეთიკა არ არის ამ თეორიის ერთადერთი და უნივერსალური მაგალითი, ნებისმიერი სისტემა, რომელიც არის მკაცრად გაწერილი და მოცავს ქმედების მკაფიო წესებს წარმოადგენს დეონტოლოგიურ ფორმას. დეონტოლოგიური ეთიკა ცნობილია როგორც წესებზე დაფუძნებული ეთიკა, ათი მცნებაც დეონტოლოგიური ეთიკის მკაფიო მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან იგი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რაც დეონტოლოგიურ თეორიას ახასიათებს, რომელიც წარმოადგენს ქმედების მკაფიოდ დადგენილ წესებს, იმ ღვთიური ბრძანების თეორიის მოსაზრებას, რომ ზნეობა არის ღმერთის ბრძანებების შესრულება, რომელიც მორალურად გამართლებულია.  ჩვენი ყველა ქმედება მოტივირებული უნდა იყოს არა ჩვენი მყისიერი ან სამომავლო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, არამდედ ჩვენი მამოტივირებელი უნდა იყოს მორალური კანონებისა და წესების პატივისცემა და დაცვა.

აღნიშვნის ღირსია ასევე მიდგომა, რომელიც დეონტოლოგიას კონსეკვენციალიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს, რადგან დეონტოლოგია არის თეორია, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქმედებების რეზულტატის ეთიკურ მნიშნველობას, მთავარია ჩვენ დავიცვათ ის მორალური ქცევის წესები რაც ჩვენთვის სავალდებულოა, რადგან იმის პროგნოზირება თუ რა შეიძლება მოყვეს ჩვენს ქმედებას ყოველთვის ვერ განისაზღვრება, მთავარია ჩვენი ზრახვები იყოს მორალურად გაამრთლებული, რადგან თუ ვერ ხდება პროგნოზირება რეზულტატის ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევები და ზრახვები.

დეონტოლოგიას, ამ მორალურად სავალდებულო ქცევის წესს უპირისპირდება ასევე კოლბერგის მორალური განვითარების თეორია, რომელიც სტადიებად არის დაყოფილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეხუთე სტადია, ამ სტადიაზე ადამიანები ემორჩილებიან კანონებს სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად, ადამიანი, რომელიც იმყოფება ამ სტადიაზე დეონტოლოგიის თეორიისაგან განსხვავებით ამართლებს ისეთ საქციელს როგორიც მოტივშივე არ არის მორალურად სწორი კერძოდ წამლის ქურდობას, რომელსაც შეუძლია დაიცვას მისი ახლობლის სიცოცხლე, ერთი შეხედვით დეონტოლოგები ჩათვლიდნენ, რომ მორალურად სწორი საქციელი უნდა ჩაედინა ადამიანს, მაგრამ რეზულტატი რაც მორალურად სწორ საქციელს მოყვებოდა იქნებოდა საზღაური ადამაინის სიცოცხლისა. კოლბერგისეული თეორიის მიხედვით მორალურად სწორი არ შეიძლება განისაზღვრებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებული კანონებითა და წესებით, მორალურად სწორი გადაწყვეტილება ადამაინმა უნდა მიიღოს სინდისის კარნახით, რომელიც შესაძლებელია იყოს დასჯადი, მაგრამ ეს მან აუცილებლად  უნდა გააკეთოს, რადგან ამის რეზულტატი იქნება იმ ყველა კანონზე და ქცევის წესზე მაღლა მდგომი, რასაც დამკვიდრებული ქცევის წესი განსაზღვრავს.

ამრიგად მორალურ თეორიებს ყავს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე, ზოგს არ მოსწონს კონკრეტული ქცევის მორალური ხასიათი ამა თუ იმ მოძღვრებაში, ზოგიც კონკრეტული მორალური თეორიის საწინააღმდეგო თეორიას აყალიბებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ განვითარებულ, მოაზროვნე საზოგადოებას არასდროს უმოქმედია ერთი რაღაც ღვთიური და უნივერსალური მორალური ქცევის წესით, ქცევის წესი ყველა საზოგადოებაში განსხვავებულია და ის მიემართება და არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ შეუძლებელია სხვადასხვა კულტურის საზოგადოებას მოვთხოვოთ ერთი და იგივე დამოკიდებულების გამოჩენა, ერთი კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად, ეს თვითონ დეონტოლოგიის მთავარ მოძღვრებას, მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მნიშვნელობა არ აქვს რეზულტატს.

ელენე გამთენაძე

ადამიანი, როგორც თავისთავადი მიზანი

02.04.2021

იმანუელ კანტის მოძღვრების თანახმად, ადამიანს, როგორც რაციონალურ არსებას, გონიერება გამორჩეულ თვისებად დაჰყვა. სწორეს ეს რაციონალურობა განაპირობებს ადამიანის უმაღლეს საფეხურზე დგომას უსულო მატერიასა და ცხოველებთან მიმართებით. გერმანელი ფილოსოფოსის ზნეობის მეტაფიზიკის თანახმად, გონიერი არსება - ადამიანი საკუთარი თავის თავისთავადი მიზანია. „მოექცე ადამიანს, როგორც მიზანს“ - არსებულ დათქმაში კანტი მოიაზრებდა, რომ ინდივიდი მიზანმიმართული უნდა იყოს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალური სრულყოფისა და თვითგანვითარებისკენ.  კანტის ხედვის თანახმად, ყოველი ადამიანი ღირსეული და პატივსადებია, რომლის საფუძველზეც თითოეული იმსახურებს სამართლიან და პატიოსან მოპყრობას. ეს უკანასკნელი კი პირველ რიგში რაციონალური „მე“-დან უნდა მომდინარეობდეს. ეს ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონია, რომლისაც საღად აზროვნების დროს რეალურად გვჯერა.

თუმცა, მეტად სათუოა ის საკითხი, რომ რაციონალური „მე“ ხშირ შემთხვევაში ადამიანს მოუწოდებს შინაგანი სანქციებით ტანჯვისკენ. მაგალითად, სასოწარკვეთილებისკენ, ნიჰილიზმისა და სინანულისაკენ. ასეთ დროს ადამიანი ისევ მიჰყვება თავისი გონის მიერ დადგენილ კანონს და ურყევად სჯერა მისი. მართალია ამ შემთხვევაშიც გონიერი ბუნება არსებობს როგორც თავისთავადი მიზანი, თუმცა ცალსახა წინააღმდეგობაში მოდის ამგვარი იმედგაცრუებისკენ სწრაფვა სრულყოფილების მაქსიმიზაციასთან.

„მოიქეცი ისე, რომ ადამიანობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანიც და არასოდეს - მხოლოდ საშუალება“. ზემოთ ხსენებული „შინაგანი სანქციები“ გარდამტეხი ასპექტი ხდება საკუთარი თავის თავისთავად მიზნად განსაზღვრასა და მიზნის მიღწევის საშუალებას შორის. საკუთარი თავის მიმართ აუცილებელი მოვალეობის ცნებიდან გამომდინარე, ის, ვინც შეეწირება შინაგან სანქციებს, საკუთარ თავს ეკითხება: შეთავსებადია თუ არა მისი ქმედება ადამიანობის, როგორც თავისთავადი მიზნის იდეასთან?! თუკი ადამიანი მძიმე მდგომარეობის გამოისობით, თუნდაც თვითმკვლელობის საშუალებით მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობს, ის ხომ ერთ-ერთ პიროვნებას (თავის თავს) მხოლოდ და მხოლოდ საშუალებად იყენებს იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს ყოფის აუტანლობა სიცოცხლის ბოლომდე. საგანგებოდ აღსანიშნავი აქ ისაა, რომ ადამიანი უსულო მატერია, ნივთი არ არის. ამდენად, არ არის ისეთი რამ, რაც გამოყენებული იქნება, როგორც მხოლოდ საშუალება.

ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი თავისი ქმედების ყველა ასპექტში უნდა განვიხილოთ როგორც თავისთავადი მიზანი. ადამიანის სრულყოფილება გააზრებულია ევდემონიზმის რეალიზაციით. ევდემონიზმიც მორალური ფილოსოფიის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს სწორ მოქმედებად იმას, რაც იწვევს ადამიანის "კეთილდღეობას". ამ შემთხვევაშიც ადამიანის კეთილდღეობა არსებითი მნიშვნელობისაა. დაუშვებელია საკუთარ თავს მოქეცე ისე, როგორც მოგესურვება (დაასახიჩრო, მოკლა), მითუმეტეს, შინაგანი სანქციების გამოისობით.

ამდენად, აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, რომ ყოველი გონიერი არსება თავისთავადი მიზანია, უარიყოფა ნების ყველა ასპექტში გამოვლენის შესაძლებლობა.  მართალია, ცხოვრება გაუთავებელი ბრძოლაა ჩვენს საუკეთესო ზნეობრივ მხარესა და ლტოლვებს,   ვალდებულებებსა და სიამოვნებებს შორის, თუმცა  ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონის საფუძველზე ჩვენივე საქციელი ზღვარდადებულია იმ პრინციპით, რომელიც საკუთარი თავის ინსტრუმენტად გამოყენებას კრძალავს და მიმართულია რაციონალური „მე“-ს თავისთავად მიზნად ჩამოყალიბებისაკენ.

 

ნინო კინტრაია

გონება არაა განკუთვნილი ბედნიერებისთვის

02.04.2021

არის თუ არა ადამიანი რაციონალური არსება - საკითხი საკამათოა, თუმცა კანტის აზრით ადამიანს გააჩნია რაციონალური მსჯელობის უნარი და საკუთარი ნების რაციონალური დეტერმინაცია. ამ რწმენის შედეგად კანტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის გონების მიზანი საერთოდაც არაა ბედნიერება.

ის, რომ ადამიანი არის გონებითა და ნებით აღჭურვილი, კანტის აზრით, გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რადგან როდესაც საუბარია რაღაც მიზნისთვის შექმნილ არსებაზე, შეუძლებელია მასში ისეთი რამე არსებობდეს, რომელიც ამ მიზანს არ ემსახურება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ გვიჭირს სწრაფად წერა, ამიტომ შევქმენით რობოტი იმ მიზნით, რომ ჩვენს მაგივრად დაწეროს. ამ რობოტს შესაძლოა ისეთი ფუნქციები დავაკისროთ როგორიცაა ხელის სწრაფი მოძრაობა, მოსმენა, სიტყვების სწორად წერა და ა.შ. თუმცა მას არც ერთ შემთხვევაში არ შევძენთ ისეთ ფუნქციას, როგორიცაა მაგ. ცეკვა, რადგან ჩვენს მიზანს საერთოდ არ შეესაბამება. შევხედოთ ევოლუციის მხრიდან, კრიტერიუმი ბუნებრივი გადარჩევისა არის გარემოსთან უკეთ შეგუება და არა გონიერება. შესაბამისად, ბუნებრივი გადარჩევა გადაარჩენს ბუნებასთან უკეთ მისადაგებულს და არა რაციონალურს. აღსანიშნავია ისიც, რომ არასაჭირო თვისებებს ცოცხალი არსებები ევოლუციის ფარგლებში „კარგავენ“, ხოლო  ადამიანმა და მისმა გონებამ ბუნებრივ გადარჩენას გაუძლო. გამომდინარე აქედან, როდესაც ადამიანს ვაწერთ ისეთ თვისებას, როგორიცაა რაციონალურობა, ლოგიკურია ის დაშვება, რომ ის რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი აღჭურვილია გონებით და ნებით. დავუშვათ, რომ მიზანი და საბოლოო შედეგი არის ბედნიერება, როგორც ამას უტლიტარიანიზმი გვიხატავს - რაც შეიძლება მაღალი იყოს ბედნიერების მაჩვენებელი საზოგადოებაში. კანტი ამტკიცებს, რომ ბუნების გადაწყვეტილება მოცემული მიზნის მიღწევა დაეკისრებინა გონებისთვის ფუჭი იქნებოდა, რადგან ამ მიზნის მისაღწევად უკეთესი და ბევრად საიმედო საშუალებაა ინსტინქტი. გონება საერთოდ არაა საკმარისი ყველა ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მიზანს ინსტინქტებით უკეთ მივაღწევთ.

დავუშვათ, რომ მიზანი მართლაც არის ბედნიერება - როგორ მოხდება გონების გამოყენება? კანტი ამბობს, რომ ადამიანი გონებას გამოიყენებდა მხოლოდ ბუნების ტკბობისთვის, მისგან აღტაცებაში მოსვლისთვის და არა იმისთვის, რომ ნდომის უნარი გონებისთვის დაემორჩილებინა და ბუნების გეგმები აერია. ლოგიკა ასეთია - ბუნება თავადვე იკისრებდა არა მარტო მიზნის, არამედ საშუალების შერჩევას და ამ ორივე ამოცანას მიანდობდა ინსტიქტს. ლოგიკურია, რომ ბუნება არ მისცემდა ადამიანს საშუალებას გონების პრაქტიკული გამოყენებისთვის გადაეხვია. შესაბამისად, მოცემული მიზნის ფარგლებში ადამიანს რაციონალურად განსჯის უნარი საერთოდ არ სჭირდება. ამასთან, კანტი ამბობს, რომ რაც უფრო მეტად ხდება გონების გამოყენება, მით უფრო შორდება ადამიანი ჭეშმარიტ კმაყოფილებას. მსგავსი დაშვება ლოგიკურად გვეჩვენება იმ სამყაროში, სადაც ფრიდრიხ ნიცშე, ვირჯინია ვულფი, ერნესტ ბერგმანი და სხვანი სუიციდით ასრულებენ სიცოცხლეს. გამომდინარე აქედან, კანტი ამბობს, რომ გონება საერთოდაც არაა განკუთვნილი ბედნიერებისთვის, არამედ მისი მიზანი ბევრად ღირსეულია და ეს მიზანი არის უმაღლესი პირობა, რომელიც  ადამიანის კერძო მიზნებთან შედარებით უპირატესია.

რა შეიძლება იყოს გონების მიზანი? კანტი აღნიშნავს, რომ გონებას ადამიანს ეძლევა ისეთი უნარის სახით, რომელმაც უნდა მოახდინოს გავლენა ნებაზე. გამომდინარე აქედან, კანტი მიდის დასკვნამდე, რომ გონების ჭეშმარიტი დანიშნულებაა წარმოშვას ნება არა როგორც სხვა მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ როგორც თავისთავად კეთილი და როგორც კანტი აღნიშნავს, რადგან ბუნება უნარებს მიზანშეწონილად ანაწილებს, ამ მიზნის წარმოშობას გონება აუცილებლად სჭირდება. ამ ნებას კანტი ახასიათებს როგორც უმაღლეს სიკეთეს და დანარჩენი სიკეთეების პირობას (თვით ბედნიერებისკენ მისწრაფების ჩათვლით).

 აღსანიშნავია ისიც, რომ გონება ზღუდავს (ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საერთოდაც გააქროს) ბედნიერების მიღწევას, თუმცა კანტი ამბობს, რომ გონებას ზემოთ აღნიშნული მიზნის განხორციელებისას შეუძლია თავისებური კმაყოფილება მიიღოს - მიზნის მიღწევით განხორციელებული კმაყოფილება.

საბოლოოდ, ადამიანის რაციონალურობას, როგორც ნებისმიერი არსების ყველა თვისებას, გარვეული მიზანი გააჩნია. ეს მიზანი, კანტის აზრით, არაა ბედნიერება - პირიქით, გონება შესაძლოა მას ზღუდავდეს კიდეც. ადამიანის გონების მიზანი არის ნების წარმოშობა, რომელიც თავისთავად არის კეთილი.

 

ნინო ლევერაშვილი

I'm free

02.04.2021

  “I am free, no matter what rules surround me. If I find them tolerable, I tolerate them; if I find them too obnoxious, I break them. I am free because I know that I alone am morally responsible for everything I do.”

-Robert A. Heinlein

რა მოხდება თუ სამყაროში ყველას და ყველაფერს თავისი წესი ექნება? წამიერად აღმოვჩნდებით ისეთ ადგილსაც სადაც ყველაფერი იდეალურია? იქნება კი ეს უტოპია? ჩვენს წარმოსახვას ვაძლევთ გასაქანს, რომ დახატოს სამყარო პრობლემების გარეშე.ხშირად გვიჩნდება ასეთი კითხვები, რომელსაც პასუხებს ვერ ვცემთ.

წარმოვიდგინოთ, ისეი ადგილი სადაც ყველაფერი წესებს ექვემდებარება. ერთი შეხედვით ალბათ ულამაზესი იქნება ასეთი სამყარო და სასიამოვნოც იდეალურ ადგილას ცხოვრება. მაგრამ მართლა გვჭირდება ასეთი კონტროლიერბული სილამაზე? მგონია რომ ასეთ დროს ადამიანის მთავარი უფლება, არჩევანის თავისუფლება ქრება.

მთავარი რამ, რაც ყველას ერთმანეთისგან განგვასხვავებს და ინდივიდუალურებად გვაყალიბებს, სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებებია. შეიძლება მეორე წამსვე ვნანობდეთ, ქმედებას რომელსაც ჩავდივართ, მაგრამ ეს შეცდომები გვაყალიბებს იმად რაც ვართ. ნებისმიერი წაბორძიკება გადადგმული ნაბიჯის წინაპირობაა. რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია, როდესაც ცხოვრების გზას თავად იკვალავ.

დენტოლოგია არის ისეთი ეთიკის ფორმა, რომელიც გვაიძულებს მივყვეთ რაღაც წესებს, რომელიც მორალურად სწორია. მაგრამ ვის შეუძლია თქვას რა არის სწორი და რა არა? კერძო სტერეოტიპების ჩამოყალიბება საკმარიასია? შემზარავად მიმაჩნია ისეთი სამყარო სადაც ყველა, თითოეული ინდივიდი ერთმანეთს ემსგავსება. წარმოიდგინეთ ტყე, რომელიც უკვე გაჩეხეს და დარჩენილი ყველა კუნძი თააბარი და ამავდროულად ერთნაირად შეუხედავია. პარალელურად კი, ვთვლი, რომ ტყე ულამაზესია, თავისი არათანაბარი ხეებით, ზოგი მაღალი, ზოგიც კი ჩია. ნაწილი ამწვანებული, ხშირი ფოთლებით, ნაწილი კი თითოოროლა ფოთლით. ყველა განსხავებულია, რაც სიმრავლის სახით ულამაზეს ტყედ წარმოგვიდგება. 

ჩემი აზრით, ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა. ყველა ერთნაირი, რომ ვიყოთ ალბათ ნაცრიფერი იქნებოდა სამყარო. ერთფეროვანი, რუტინული, არანაირი სიახლე, არანაირი თავგადასავალი. წლების, საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში უცვლელი დინება. რატომღაც არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი სამყარო „იდეალურის“ შესატყვისი იყოს. გაჩნდება კითხვა, რით ვიქნებით განსხვავებულები? არაფრით. ეს „დიადი“ არსება ადამიანი რა იქნება თუ არა სრული უსუსურობა. ყველა დანარჩენი არსება უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე ჩვენ, რადგან მათ ექნებათ იმის ფუფუნება,რომ იმოქმედონ თავისი ნებით. არ იქნებიან იძულებულები მოიქცნენ ისე, რაც ბედნიერებას არ მოტანთ. იგივეა ლომს უთხრა, არ შეჭამო ზებრაო, ეს მორალურად არასწორიაო. კარგი ვთქვათ დაგემორჩილა ლომი, მაგრამ რა მოხდება შემდეგ? მართალია, გადაშენდება, აღარ იარსებებს. მგონია, რომ სწორედ ასეთი დასასრული ექნება ადამიანსაც, თუ ვაიძულებთ მხოლოდ ერთი მიმართულებით იაროს. Როდესაც ადამიანი იმპერატივებს ემორჩილება ეს ნიშნავს, რომ მას სხვა გზა აღარ აქვს. Ყველა გზა მოჭრილი აქვს. Განსხვავებაც აღარ იქნება ჩვენს შორის. Ყველა ერთნაირი ვიქნებით, რაც არ მოგვანდომებს ერთმანეთის გაცნობას. Ეული ადამიანი კი რას წარმოადგენს?შესაძლოა ვთქვათ, რომ არაფერს. Ადამიანები ერთმანეთის დახმარებით ვითარდებიან, სხვადასხვა რაღაცებს სწავლობენ ერთმანეთისგან, როდესაც ყველა ერთნაირი იქნება Პიროვნულ განვითარებასაც კი შეუძლებელი გახდება. 

დიდი დრო დასჭირდათ ადამიანებს შეეცნოთ რა არის თავისუფლება. ხანდახან მგონია, რომ დღესაც სრულად არ გვესმის ამ ცნების მნიშვნელობა, მაგრამ მაინც ვცდილობთ მის გაგებას. რა მოხდება თუ ჩვენი თავისუფლება დაიკარგება და ყველაფერს წესები შეზღუდავს, ისე ჩავიკეტებით, გასაქანის საშუალება არ მოგვეცემა, როგორც ჩიტს, რომელიც გალიაშია.სწორედ ამ ჩიტიტივით ვერ შევძლებთ შევიცნოთ რას ნიშნას ღია სივრცეში ფრენა და ჩვენი ცხოვრება მხოლოდ მზა საკენკის მიღება და უმიზნოდ სიცოცხლე იქნება.  რატომრაც ვფიქრობ, რომ ჩემს თავისუფლებას, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი შეცდომები და ჩემი წარმატებები ქმნიან.

ვხდებით, რომ დენტოლოგიის მიზანი მხოლოდ საუკეთესოსკენ სრაფვაა, მაგრამ შეუძლებელია დედამიწაზე სამოთხის შექმნა, თუნდაც წესების დაცვის იძულებით. წინსვლის ნაცვლად მხოლოდ უკან დავიხევთ.

 

ნანუკა სიმონიშვილი

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მორალური გამართლება

02.04.2021

დეონტოლოგია კონცენტრირებულია ეთიკურ ვალდებულებებზე და კონკრეტული ქმედების ბუნებაზე. ქემდება შეიძლება იყოს ან სწორი ან არასწორი. თუ რამდენდად სარგებლიანი ან საზიანო შედეგი მოჰყვება მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის იყოს მორალურად გამართლებული. ამასთან მიმართებით საინტერესოა, მიიჩნევა თუ არა აბორტი მორალურად გამართლებულ ქმედებად. 

დეონტოლოგიის გადმოსახედიდან აბორტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია დავადგინოთ, თუ ზოგადად რა შეიძლება ჩაითვალოს მორალურად გამართლებულ ქმედებად. ამისათვის შეგვიძლია იმანუელ კანტის კატეგორიული იმპერატივები განვიხილოთ. კატეგორიული იმპერატივი გვიდგენს მორალურ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი სურვილების და მოთხოვნილებების მიუხედავად უნდა ვემორჩილებოდეთ. კანტის თანახმად, ქმედება შეგვიძლია ჩავთვალოთ მორალურად გამართლებულად, თუ მისი მამოძრავებელი პრინციპი შესაძლოა იყოს უნივერსალური და გარდა ამისა უნდა გვინდოდეს, რომ ის იყოს უნივერსალური. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ქმედება, რომელიც წარმოუდგენელია რომ ყველაზე გავრცელდეს და მხოლოდ ჩვენ სასარგებლოდ გვინდა მისი გამოყენება ვერ იქნება მორალურად გამართლებული. ასევე დაუშვებელია, რომ ადამიანის გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალებად, ის უნდა წარმოადგენდეს თავისთავად და ძირითად ღრებულებას. თუ კი ჩვენ ადამიანს არა მთავარ მიზნად, არამდე სხვა მიზნის მიღწევის საშუალებად გამოვიყენებთ, ამით ჩვენ უარვყოფთ მის რაციონალურობას და ვლახავთ მის ღირსებას, რაც მორალურად გაუმართლებელია. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე აბორტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ფეტუსის მორალური სტატუსის განსაზღვრა. 

ფეტუსი ბიოლოგიურად ადამიანს წარმოადგენს, შესაბამისად ისიც ისეთივე თავისთავადი ღირებულებაა, როგორც ზრდასრული ადამიანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი არ უნდა გამოვიყენოთ როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, რადგან ასეთი ქმედება მორალურად გაუმართლებელი იქნება. გამოდის, რომ როგორც ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს, ფეტუსსაც აქვს უფლებები, მათ შორის სიცოცხლისა და ღირსების უფლება. შესაბამისად, ისევე როგორც ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანის, ფეტუსის მოკვლაც არასწორია. გარდა ამისა, რადგან ფეტუსის, ანუ ადამიანის სიცოცხლეს ვიყენებთ დედის ავტონომიურობის უზრუნველსაყოფის საშუალებად, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მორალურად გაუმართლებელი ქმედებაა. 

მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისები, როდესაც შესაძლოა ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა, მაგალითად თავდასხმის შემთხვევა. სწორედ ამიტომ, აბორტი გამართლებულად ჩაითვლება, თავდაცვის მიზნით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აუცილებლობისას. თუ ფეტუსი დედის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, მაშინ დასაშვებია მისი მოკვლა, ისევე როგორც იმ ადამიანს მკვლელობა, რომელიც თავს გესხმის. ამრიგად, მხოლოდ იშვიათ შემთვევბში იქნება აბორტი მორალურად გამართლებული, თუ კი აბორტის მოწინააღმდეგეთა პოზიას გავითავლისწინებთ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ სხვების მიმართ არამედ საკუთარი თავის მიმართაც ამ წესის დაცვას. დაუშვებელია ადამიანმა ისეთი ქმედება განახორციელოს, რომლითაც საკუთარ ღირსებას შელახავს და უარყოფს თავის რაციონალურობას. ამ მიდგომიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ ქალს ექნება ისეთი წინააღმდეგობა ორსულობის მიმართ, რომელიც გამოიწვევს მისი ღირსებისა და რაციონალურობის შელახვას, მაშინ ის იქნება ვალდებულო საკუთარი თავის მიმართ, რომ ხელოვნურად შეწყვიტოს ორსულობა. ეს გამორიცხავს აბორტის აკრძალვის უნივერსალურ პრინციპად ჩამოყალიბებასაც, რადგან დაუშვებელია უნივერსალური პრინციპი ვინმეს ღირსებასა და რაციონალურობას უარყოფდეს. შესაბამისად, აბორტის აკრძალვა შეუძლებელია მორალურად გამართლებული იყოს. მართალია, მორალურად პრობლემატური საკითხია ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, თუმცა, მიუხედავად ამისა ის მორალურად გამართლებული და სავალდებულოც არის იმ შემთხვევაში თუ ქალი საკუთარი თავის მიმართ იმ  ვალდებულებას იცავს, რომლებიც მის ღირსებასა და რაციონალურობას შეეხება.

ამრიგად, არ არის გასაკვირი, რომ აბორტის გარშემო ორად არის გაყოფილი მოსაზრებები. ამ უთანხმოებას იწვევს ის, რომ ორივე პოზიციის მტკიცებაა შესაძლებელი სხვადასხვა გადმოსახედიდან. თუნდაც დეონტოლოგიის შემთხვევაში და კანტის კატეგორიული იმპერატივების გაზიარებისას გვიყალიბდება არა ცალსახა მოსაზრება აბორტის მორალურ გამართლებასთან დაკავშირებით, არამედ განსხვავებული პოზიციის სამტკიცებლად საჭირო არგუმენტები გვიყალიბდება. შეგვიძლია ვამტკიცოთ როგოც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მორალური გამართლება ქალის მიერ თავისი თავის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენების დაუშვებლობის გამო, ასევე აბორტის დაუშვებლობის მორალური გამართლებაც ანალოგიურ საფუძველზე.



გვერდები

 

ბლოგის ავტორები